forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> „მანდარინები" პირველი ქართულ-ესტონური ფილმი, ზაზა ურუშაძის ახალი ფილმი
JORAMAN
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2338
წევრი No.: 162601
რეგისტრ.: 27-February 13

გამოგზავნილია: 9 Oct 2013, 14:47  #38319321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კინოს სახლმა ამ ზაფხულს კინომანებს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა. თბილისში დარჩენილებს ლარად შეეძლოთ საყვარელი კინოკლასიკის ნახვა (ბუნებრივია, ადაპტირების გარეშე). ზაფხულის მიუხედავად, კინოს სახლის მცირე დარბაზი ყოველდღიურად ივსებოდა. სახლმა ამერიკული, ევროპული, იაპონური ფილმები და ანიმაცია, სხვადასხვა რეჟისორის რეტროსპექტივა წარმოადგინა.

ივლისში კინოს სახლისგან "ფეისბუქზე" მეგობრებში დამატება მივიღე. „დავმეგობრდით“ და აღმოვაჩინე, რომ ეს საზაფხულო სიახლე საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ახალი თავმჯდომარის ინიციატივა ყოფილა. სამი თვეა რეჟისორი ზაზა ურუშაძე ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მისი წინამორბედები იყვნენ სიკო დოლიძე და ელდარ შენგელაია. ამბობს, რომ არ სურს ამ ახალმა თანამდებობამ კინოს გადაღებაში ხელი შეუშალოს. ორი კვირის წინ ახალი ნამუშევრის - "მანდარინების" პოსტპროდუქციული სამუშაო ტალინში დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. ბოლო ორი წლის მანძილზე სამი ფილმი ერთმანეთს გადააბა. "დარჩი ჩემთან" დაასრულა თუ არა, "ბოლო გასეირნებაზე" დაიწყო მუშაობა. შემდეგ მას მიაყოლა "მანდარინები".

"მანდარინები" - პირველი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია

ეს ფილმი პირველი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა. ფილმი დაფინანსებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კულტურის სამინისტროს და "ევრიმაჟის" მიერ, ასევე ესტონეთის ორი კინოფონდის და კულტურის სამინისტროს მიერ. შარშან "ევრიმაჟის" ფონდის მიერ დაფინანსებული 18 ფილმიდან "მანდარინები" პირველ ადგილას გავიდა. ფილმი დიდ წილად ესტონეთის მხარემ დააფინანსა.

სცენარის ავტორი და რეჟისორი ზაზა ურუშაძეა. ფილმის პრეისტორია ასეთი გახლავთ: რამდენიმე წლის წინ ტალინში "სამი სახლის" ჩვენებით გაიხსნა ქართული კინოს დღეები. მაშინ ზაზას უთხრეს, ხომ არ დაინტერესდებით საქართველოში მცხოვრები ესტონელების თემითო. 2010 წელს ასე დაიწერა სცენარი. სცენარმა ესტონეთის კინოცენტრში და კულტურის სამინისტროში გაიმარჯვა.

ანოტაცია

ფილმში მოქმედება აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. აფხაზეთში, ას წელზე მეტია, სამი ესტონური სოფელი არსებობდა. ომი რომ დაიწყო, ესტონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ამ სოფლების მოსახლეობა ესტონეთში გადაასახლა. აფხაზეთში რამდენიმე ესტონელი დარჩა. ქართველი მოხალისე მეომარი და ჩეჩენი ბოევიკი შეტაკების დროს დაიჭრებიან. ორივე მოხუცი ესტონელის სახლში აღმოჩნდებიან, რომელიც მათ შეიფარებს. დაჭრილები სხვადასხვა ოთახში წვანან, მაგრამ სულ ერთმანეთის დახოცვის ჟინი აქვთ.

სპეციალურად გაშენებული სოფელი

ფილმისთვის, შეკვეთილში, (გურია) რეჟისორმა ორი წლის წინ ესტონური სოფელი გააშენა. დაუფინანსებლობის გამო ფილმის გადაღება შეფერხდა. მანამდე სოფელს, რომელიც მანდარინების პლანტაციების ირგვლივ იყო გაშენებული, დარაჯები უვლიდნენ. სოფელში ურუშაძემ გზები გაიყვანა, ჭაობი დააშრო, ბალახები დააგო, პალმები და ხეები დარგო, სახლები ააშენა, კომუნიკაციები გაიყვანა.

"კადრებს რომ უყურებთ, გეგონებათ, რომ მართლა აფხაზეთშია გადაღებული. პალმები, ზღვა... ახლა, უკვე არ ვიცი იქ რა ხდება. აღარავინ არ მიხედავდა და დანგრეული იქნება", - აცხადებს ზაზა.

მიწისძვრით შეშინებული ესტონელები

ფილმის გადაღების დროს, 2012 წლის დეკემბერ-იანვარში ორჯერ მიწისძვრა იყო საქართველოში, ეპიცენტრი კი მაინცდამაინც შეკვეთილის ჭაობიან ადგილას დაფიქსირდა. შედეგად მიწა გაიპო. ესტონელებს ძალიან შეშინებიათ.

ზაზა ურუშაძე: "რამდენიმე დღეში მიწისძვრა ღამით მეორეჯერაც განმეორდა, დაახლოებით 5 ბალი იყო და ძალიან ვყანყალებდით. მაშინ თქვეს ესტონელებმა, რომ მათთან არასდროს ყოფილა მიწისძვრა და ჩვენთან პირველად განიცადეს ეს შიში. მერე ესტონელმა ოპერატორმა მკითხა, ალბათ, სკოლაში გასწავლიან, არა, როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროსო? ეგონათ, რომ ჩვენთან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იაპონია კი არ არის, საქართველოა-მეთქი, ვუთხარი.

კარგი საურთიერთობო ხალხია. თავშეკავებულები არიან. ჩვენსავით ემოციურები არ არიან. შეიძლება რაღაც ძალიან მოსწონდეს, მაგრამ მაშინვე არ თქვას და ერთი წლის მერე გითხრას. ჩუმები არიან, ჩვენი ხმაურის ატანა გაუჭიდათ. ვატყობდი, სერიოზულ დისკომფორტში იყვნენ. მერე, ესტონეთში რომ ჩასულან, ჩვენსავით იმხელა ხმაზე დაუწყიათ ლაპარაკი, სხვებმა თქვეს, ამათთან გაჩერება არ შეიძლებოდაო. ჩვენგან განსხვავებით, მოწესრიგებული, მშვიდი და კანონმორჩილი ხალხია. კარგია, რომ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი შედგა".

ფილმი ქალის გარეშე

ფილმში ქართველი და ესტონელი მსახიობები თამაშობენ. მთავარ როლებში არიან - მიშა მესხი (ქართველი მოხალისის როლში), გიორგი ნაკაშიძე (ჩეჩენი ბოევიკი), ულფსაკ ლემბიტი და ელმო იუგანენი. ფილმში ქალი არ თამაშობს. ესტონელი მოხუცის სახლში გოგოს ფოტო ჩნდება, ამ მოხუცის შვილიშვილის, რომელიც მიშას გმირს - ნიკას უყვარდება. "ქალის ფოტოს მომენტი - შარჟია, ომში სიყვარულის დრო არ არის".

"მსახიობები ავტომატიდან ძალიან ბევრს ისროდნენ. მართალია ტყვიას არ ისროდნენ, მაგრამ ცეცხლი, გასროლის ხმა იგივეა, რაც ტყვიის გასროლისას. ჩავამთავრეთ ეს დაძაბული გადასაღები დღე და გახარებულმა მიშა მესხმა ავტომატის ლულას აკოცა. არ იცოდა, რომ სროლისას ავტომატის ლულა ძალიან ცხელდება და კოცნის დროს ლულაზე ტუჩი მიეწება. ძლივს მოვაგლიჯეთ, საწყალი, კინაღამ უტუჩოდ დარჩა. მე, მესხს, უტუჩოდ მაინც გადავიღებდი, მაგრამ გადარჩა".

ფილმისთვის მუსიკა ნიაზ დიასამიძემ დაწერა. მასთან ზაზამ მეორედ იმუშავა. პირველად "ბოლო გასეირნებაზე" ითანამშრომლეს.
"ვფიქრობ, ფილმი საფესტივალოც არის და სამაყურებლოც. ყურების დროს დაძაბული ხარ, მოსაწყენი არ არის. ასე მგონია, საინტერესო ფილმია".

პრემიერა 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ესტონეთიდან 70 კაციან დელეგციას ელოდებიან, მათ შორის კულტურის მინისტრსაც. ტალინში კი "მანდარინებს" 31 ოქტომბერს ნახავენ.

კაბინეტი

ზაზას, მაისის შემდეგ, კინოს სახლში, როგორც საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს, თავისი კაბინეტი აქვს. ელდარ შეენგელაიამ უზარმაზარი კაბინეტი დაახვედრა.

"ვცდილობ, კაბინეტის ტიპი არ ვიყო. ეს შენზეა დამოკიდებული, შენშია საქმე და არა კაბინეტზე. კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეობა საპატიო ადგილი უფროა, ვიდრე ჩინოვნიკური. კინოს ისტორიაში მესამე თავმჯდომარე ვარ. სიკო დოლიძე 11 წელი იყო თავმჯდომარე, ელდარ შენგელაია - 36 წელი. მიყვარს ელდარი, დიდი რეჟისორია და მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ სასიამოვნო იყო ჩემთვის. გულწრფელად გაუხარდა, რომ მე გავიმარჯვე. შენობა რომ კინემატოგრაფისთა კავშირს შერჩა და მისი საკუთრებაა, ეს ელდარის დამსახურებაა. ძალიან დიდი ოთახი დამხვდა. თავიდან ვერ შევეგუე. მერე ცოტა გადავაკეთე. ინტერნეტი შევიყვანე. რემონტს რომ დავიწყებ, მერე შეიცვლება. უკვე გვაქვს საიტიც".

"მე მინდა ეს ადგილი გავაცოცხლო"

ზაზას კინოს სახლთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს. სურს კინოდარბაზის გაკეთება, სადაც მხატვრული ღირებულების მქონე ფილმებს ნახავს მაყურებელი, სადაც იქნება კაფე და ხელოვნებაზე სასაუბროდ თავშეყრილი ადამიანები.

"460 კაციანი დარბაზი დანგრეულია, არ არსებობს. ეს დარბაზი აღსადგენია, კინემატოგრაფისტთა კავშირმა ფუნქციები უნდა დაიბრუნოს. ისეთი ატმოსფერო მინდა შეიქმნას, როგორიც ადრე იყო. კინემატოგრაფისტთა კავშირი კომუნისტების დროს სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა. თავშეყრის ადგილი დავკარგეთ. როგორც ფიროსმანი ამბობდა - ჩაიზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზეო - აი, ეს ადგილი დაიკარგა. მე მინდა ეს ადგილი გავაცოცხლო. აქ სემინარები, ჩვენებები, ლექციები უნდა ჩატარდეს, სიცოცხლე გაჩნდეს.

საზაფხულო კინოჩვენებაზე კინოს სახლის მცირე დარბაზში ათჯერ მოიმატა მაყურებელმა. თან ბილეთის ფასი ერთი ლარია, სავსე იყო დარბაზები. ვფიქრობ, სექტემბრიდან ეს მცირე დარბაზი ისევ გაივსება. კარგი, მყუდრო სიტუაციაა და მიხარია, რომ მაყურებელმა მოიმატა. აქცენტი არ გვაქვს ფულზე, მთავარია, კინოში მაყურებელი მოვიზიდოთ. დიდ დარბაზს რომ აღვადგენთ, პრემიერები ჩატარდება. ფილმებს მხატვრული ღირებულების მიხევდით ავარჩევთ და არა კომერციული თვალსაზრისით. ბილეთის ფასიც სხვა კინოთეატრებთან შედარებით იაფი ეღირება. მაყურებელი აქ რომ მოვა, იმის გარანტია ექნება, რომ მდარე ხარისხის ფილმს არ ნახავს. დიდი დარბაზი მზად გაისად იქნება. სერიოზული სამუშაო გველის. მინდა გამოფენა მოვაწყო და ამით ვაღიარო, რომ სიკომაც და ელდარმაც თავისი დიდი წვლილი შეიტანეს კინემატოგრაფისტთა კავშირის განვითარებაში".


http://primetimenews.ge/mobile/?page=10&news_id=19886


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.4224 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]