forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> “ქართლის ცხოვრება”
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1319
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09

გამოგზავნილია: 17 May 2009, 08:20  #13875870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საბა სალუაშვილის

ესე:

“ქართლის ცხოვრება”
და მისი
კულტურულ _ ისტორიული
მნიშვნელობა

"ქართლის ცხოვრება~ ქართველი ხალხის მიერ შექმნილი ის საგანძურია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. ქართველი ერის ისტორიის გადმომცემი ეს კრებული, ოდიდგანვე დიდ როლს თამაშობს ქართული საზოგადოების თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.
ქრისტიანული სამყაროს წიგნთა-წიგნი ბიბლია _ ზოგად-საკაცობრიო მნიშვნელობის კრებულია, რომელშიც ასახულია _ მსოფლიო ისტორიის სულიერი და ფიზიკური მხარეები.
"ქართლის ცხოვრება~ ქართველებისთვის ბიბლიის მინამგვანი წიგნია, რომელშიც, ძირითადად, ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ისტორიაა გადმოცემული, თუმცა მასში საკმაოდაა _ სულიერი ისტორიის შემცველი ელემენტებიც.
ყოველი ერის მომავალს _ აწმყოში ეყრება საფუძველი, რომელიც თავის მხრივ _ წარსულისგან მომდინარეობს. ამგვარი "აწმყოს~ შედეგი _ "ბიბლია~ და "ქართლის ცხოვრება~, თავისი მნიშვნელობით, ქართველი კაცის ის ორი საყრდენია, რომელმაც ჩვენი ერი დღევანდელობამდე მოიყვანა. ამიტომ, მოდით ბიბლიიდან მომზირალი თვალით გადავხედოთ _ "ქართლის ცხოვრებას~, რათა მისი ზოგადსტრუქტურული სურათის შესწავლით, მასში მისტერიულად გადმოცემული მინიშნებების აღქმა შევძლოთ.


"ქართლის ცხოვრების~ ხელნაწერები
წიგნთა-წიგნი _ "ბიბლია (ბერძნ. Bიბლია. სიტყვასიტყვით _ წიგნები), იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების "საღვთო~ წიგნების კრებულია, შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან... ბიბლიის პირველი ქართული თარგმანები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე უნდა იყოს შესრულებული. ქართული ბიბლიის თარგმნის ისტორია ჯერჯერობით დაწვრილებით შესწავლილი არ არის. ზოგიერთი ადრეული თარგმანი შესაძლოა უკვალოდ იყოს დაკარგული, ზოგი კი დაცულია უფრო გვიანდელი დროის ხელნაწერებში. ბიბლიის ფრაგმენტები გვხვდება V-VII ს.ს. ხანმეტ ტექსტებში. ქართული ბიბლიის უძველესი ხელნაწერია _ ოშკის ბიბლია (978). XI ს-ში ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა ხელახლა თარგმნეს ბიბლიის ზოგიერთი წიგნი..~ (1,გვ.355-356).
ბიბლიის შედგენის თარიღი _ დაუზუსტებელია. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს _ "ქართლის ცხოვრება~-სთან მიმართებაშიც. თავისთავად _ "ქართლის ცხოვრება, ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყაროა. შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან...
კრებულის დანიშნულების, მისი იდეური და პოლიტიკური მიმართულების, აგებულებისა და შედგენილობის შესწავლა, აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი მოწმობს, რომ "ქართლის ცხოვრება~ შედგენილი უნდა იყოს _ XII ს. I მეოთხედში, ქვეყანაში ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არსებობის დროს (სხვა მოსაზრებით "ქართლის ცხოვრება~ შედგენილია VII-VIII, VIII-IX, X, XI ს-ის მიწურულს, XI-XII ს. მიჯნაზე, XII ს-ის II ნახევარში) (2, გვ.469).
ამ უძველესი საისტორიო ძეგლის შესწავლა იმ ხელნაწერების საფუძველზე ხერხდება, რომლებიც დღეისთვის მოგვეპოვება. მოდით თვალი გადავავლოთ ამ ხელნაწერების ნუსხებს:
_ "ანასეული ქართლის ცხოვრება~, "ქართლის ცხოვრების~ ნუსხა, გადაწერილი დაახლოებით 1479-95 წ. კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის მეუღლის ანა დედოფლის ბრძანებით, რის გამოც მას ანასეული ეწოდა. გადამწერის ვინაობა უცნობია. ანასეული "ქართლის ცხოვრება~ უძველესია დღემდე ცნობილი ქართლის ცხოვრების ნუსხთა შორის, აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილმა 1913 წ. სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების საგვარეულო წიგნსაცავში. მასვე ეკუთვნის ამ ძეგლის პირველი აღწერილობა და ზოგადი ანალიზი... ანასეული "ქართლის ცხოვრება~ გადაწერილია მხედრულით, XIII ს. I მეოთხედში შედგენილი დედნიდან... 1942 წელს ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით გამოვიდა ანასეული "ქართლის ცხოვრების~ სრული ტექსტი...~ (3, გვ. 430);
_ 1923 წელს, საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკაში ბატონმა ი. ვაჯახიშვილმა აღმოაჩინა "ქართლის ცხოვრების~ ახალი, ე. წ. "ჭალაშვილისეული~, ნუსხა, რომელიც ქრონოლოგიურად მოსდევს "ანასეულ" ნუსხას.
ბატონი ს. ყაუხჩიშვილი ამ ნუსხის თაობაზე ბრძანებს _ ".. ეს ნუსხა ორი ნაწილისგან შედგება: ძველი, XVI საუკუნისა და ახალი _XVIII საუკუნისა. ვინმე _ ერაჯ ჭალაშვილს, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ხელში ჩავარდნია ერთი ძველი ნუსხა, რომელსაც თავიც ჰკლებია და ბოლოც. ბოლოში ხელნაწერი წყდებოდა თამარ მეფის ეპოქის იმ ამბებზე, რომლებიც რუკნადინს უკავშირდება. ერაჯ ჭალაშვილს მოუსურვებია ამ ხელნაწერების შევსება, უპოვია რომელიღაც ახალი ხელნაწერი და თავისი ძველი ხელნაწერი შეუვსია ამ ხელნაწერიდან გადმონაწერით. ამგვარად, ჭალაშვილისეულ ნუსხაში ორი ფენა არის ძველი, რომელიც პალეოგრაფიული და სხვა ნიშნებით XVI საუკუნისა იქნება, და _ ახალი, რომელიც 1731 წელს გადაუწერიათ...~ (4, გვ. 015-016);
_ ქრონოლოგიურად, დღეს არსებულ ხელნაწერებს შორის, ერთ-ერთი უძველესია _ "მარიამისეული ქართლის ცხოვრება~, "ქართლის ცხოვრების~ ნუსხა, გადაწერილია 1633-46 წ. ქართლის მეფის როსტომის (1632-1658) მეუღლის მარიამის ბრძანებით, რომლის გამოც მას მარიამისეული ეწოდა. მარიამისეული "ქართლის ცხოვრება~ დღემდე მოღწეულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი უძვირფასესია. შეიცავს 932 გვერდს, დაწერილია მოსქო თეთრ ქაღალდზე ლამაზი მხედრული ხელით და ჩასმულია ტყავგადაკრულის მაგარ ყდაში. აღმოაჩინა დ. ბაქრაძემ 1884 წელს..~ (5, გვ.439);
_ ბატონი ს. ყაუხჩიშვილი გვამცნობს _ "... ზემოთ მოხსენებული სამი ნუსხა (ანასეული, მარიამისეული, ჭალაშვილისეული _ ძველი) არკვევს ძველი ციკლის "ქართლის ცხოვრების~ შედგენილობის ზოგიერთ საკითხებს XIV საუკუნემდე, ხოლო სხვა ნუსხები, რომლებიც აღმოჩენილ იქმნა ამ ბოლო წლებში, შუქს ჰფენენ "ქართლის ცხოვრების~, XIV-XVII საუკუნეების შემცველი, ძეგლების საკითხებს...~-ო (4, გვ.016).
აღნიშნული ნუსხებიდან უძველესია ე.წ. "რუმიანცევისეული~ ნუსხა, რომელიც 1703 წლამდე უნდა იყოს შესრულებული; მე-18 ს-ნის I ნახევარითაა დათარიღებული ე.წ. "თეიმურაზისეული~ ნუსხა; შემდეგი ხელნაწერი დათარიღებულია 1736 წლით, რომელიც მოსკოვში გადაუწერია გიორგი მაჩაბელს. _ "... მაჩაბლისეული ნუსხის გადამწერის ანდერძიდან ჩანს, რომ მას დედნად ჰქონია "ქართლის ცხოვრების~ ძველი ნუსხა არჩილ მეფის ნაქონი...~ (4,გვ.054);
1748 წელსაა შესრულებული ე.წ. "საეკლესიო მუზეუმის~ ნუსხა, ხოლო მე-18 ს-ის შუა წლებით თარიღდება ე.წ. "ჯანაშვილისეული~ ნუსხა;
_ "... XIV-XVII საუკუნეთა ისტორიის შემცველი "ორი გაგრძელება~, რომლებიც, როგორც გამოირკვა, ბატონიშვილი ვახუშტის მიერ ჩატარებულ კრიტიკას ითვალისწინებენ, მოსალოდნელია მხოლოდ 1745 წლის შემდეგდროინდელ ნუსხებში, ე.ი. მის შემდეგ რაც ვახუშტის "საქართველოს ცხოვრება~ დაიწერა. მართლაც, იმ სამი ნუსხიდან, რომლებიც "ორ გაგრძელებას~ შეიცავენ _ ბარათაშვილისეული ნუსხა 1761 წელსაა გადაწერილი, ფალავანდიშვილისეულიც იმავე 1761 წლით თარიღდება, ხოლო დადიანისეული XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედშია გადაწერილი...~ (4,გვ.021).
დღეისათვის ცნობილი ხელნაწერებს შორისაა, აგრეთვე ე.წ. "სხვიტორული~ ნუსხა, რომელიც მე-18-ს-ის მეორე ნახევრითაა დათარიღებული (6,გვ.147-155).

სახელდება _ "ქართლის ცხოვრება~
ქრისტიანული ბიბლია _ ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, სხვადასხვა წიგნთა კრებულია. სწორედ მათ ერთობას, მთლიანობაში _ ბიბლია ეწოდება.
ქართველთა ისტორიის უმთავრეს კრებულთან მიმართებაში _ "... უპირველესად ამ ძეგლის სახელწოდებაა გამოსაკვლევი...’ (7,გვ.420).
ბატონი ი. ჯავახიშვილი აღნიშნავს _ "... დამახასიათებელია, რომ ჩვენს მწერლობაში ახლაც წყაროების დასახელების დროს, წინანდებურად მარტივად "ქართლის ცხოვრებას~ იხსენებენ. ეს მავნე და შეუწყნარებელი ჩვეულება უნდა მოისპოს _ "ქართლის ცხოვრება~ სხვადასხვა დროისა და ღირსებისა, სხვადასხვა ავტორის საისტორიო თხზულებათა კრებულია და მკითხველმაც უნდა იცოდეს, რომელს მემატიანეს აქვს სახელდობრ ესა-თუ-ის ცნობა მოყვანილი...~-ო(7,გვ.26).
როგორც ცნობილია _ "... ცხორებაი ("ცხორება~ და "ცხოვრება~) ძველ ქართულ მწერლობაში საისტორიო თხზულებათა საზოგადო სახელად იქცა... სიტყვა _ "ცხორება~, ანუ _ "ცხოვრება~, რომ ქართულში ერთ დროს საისტორიო თხზულებათა საზოგადო სახელი იყო და ისტორიასა ჰნიშნავდა იქიდგანაცა ჩანს, რომ ბერძნული საისტორიო წყარო ჩვეულებრივ მარტივად იწოდება "ცხოვრება ბერძენთა~ (ლ. მროველი, სწავლულნი კაცნი), სომხური საისტორიო წყარო _ "ცხოვრება სომხეთისა~-დ (ლ. მროველი, ქართლის ცხოვრების გადაკეთებული გაგრძელება), ხოლო სპარსულ საისტორიო წყაროებს ეძახდნენ _ "ცხოვრებათა სპარსთა~-ს (ლ. მროველი, ჯუანშერი, სწავლულნი კაცნი)...~ (7, გვ. 28).
აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ სინამდვილეში ისტორიის აღმნიშვნელ სიტყვად _ "ცხოვრების~ გარდა, გამოყენებულია აგრეთვე ტერმინები _ მატიანე, ჟამთააღწერილობა, ამბავი, "შესხმა-მოთხრობა~, ქორონიკონი და სხვა.
ამასთანავე ვახუშტი ბატონიშვილს _" .. მოეპოვება გარკვეული აზრი საისტორიო მწერლობის მთავარი დარგების შესახებ, რომ საისტორიო მწერლობა ჯერ ეს ერთი _ "განიყოფების ორად: საეკლესიოდ და სამოქალაქოდა~, ხოლო ამასთანავე _ "განიყოფების ოთხ ნაწილად: ადგილის აღწერად, ნათესავთა მეტყველებად, წლის მრიცხველებად და მოქმედების აღწერად~ (7, გვ.30).
"ქართლის ცხოვრებაში~ შემავალი _ "მატიანე ქართლისაის~ კომენტირებისას, ბატონი ი. ჯავახიშვილი ბრძანებს _" ... წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისადმდე აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისაგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან~-ო. ამგვარად იმ დროს, როცა კრებულში მხოლოდ _ ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებები იყო შეტანილი და ვახტანგ გორგასლის მეფობითა თავდებოდა, მას სახელად _ "ქართლის ცხოვრება ~კი არა რქმევია, არამედ _ "ქართველთა ცხოვრება~, ესე იგი ლეონტი მროველის თხზულების სათაურის "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა~-ს პირველი ორი სიტყვა. იმ თხზულებას, რომელსაც შეეძლო მიენიჭებინა კრებულისათვის სახელი _ "ქართლის ცხოვრება~, უნდა რქმეოდა _ "ცხორება ქართლისა~, ამგვარ ნაწარმოებად შეიძლება ეს ჩვენი ახლა უსათაურო ისტორია ყოფილიყო. იქნებ იმიტომაც დაეკარგა მას საკუთარი სათაური, რომ თავისი _ მთელს კრებულს მიანიჭა და ამ თხზულების სახელი მთელი კრებულის სახელად გადაიქცა. შინაარსის მხრივ, როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, ჩვენს ისტორიას სწორედ შეეფერება "ცხორება ქართლისა~-ს სახელი, იმიტომ რომ აქ მოთხრობილში _ ქართლს _ მართლაც მთავარი ალაგი უკავია~ (7,გვ.201).


"ქართლის ცხოვრების~ შედგენილობა
ბიბლია სხვადასხვა ავტორების მიერ, სხვადასხვა წლებში შესრულებული წიგნებისგან შედგება. სწორედ ასევე _ ".. "ქართლის ცხოვრების~ კრებული თანდათან დგებოდა. პირევლად ეს კრებული შეადგინეს მე-12 ს-ში და იქ შეიტანეს ის თხზულებები, რომლებიც მოგვითხრობენ ქართველი ერის ისტორიას უძველესი დროიდან VIII ს-მდე. შემდეგ საუკუნეებში იმ კრებულს დაუმატეს მე-8 მე-12 საუკუნეთა ისტორიის შემცველი თხზულებები, ხოლო უფრო გვიან შეავსეს მე-12 მე-14 საუკუნეთა ისტორიით...
მე-14 მე-17 საუკუნეებში აღარ უმუშავით "ქართლის ცხოვრების~ შედგენილობის გაზრდაზე... ვახტანგ VI-ის ბრძანებით შედგა კომისია, რომელმაც... დაწერა მე-14 მე-17 საუკუნეთა ისტორია და შეიტანა "ქართლის ცხოვრების~ კრებულში. დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ კომისიის ამ ნამუშევარმა განიცადა ახალი რედაქციული გადამუშავება და ისე შევიდა "ქართლის ცხოვრებაში~... (4,გვ.08).
მოდით თვალი გადავავლოთ "ქართლის ცხოვრებაში~ შემავალ ძეგლებს. მთლიანობაში, "ქართლის ცხოვრებაში~ 11 ავტორის 12 ძეგლია შესული._ "ქართლის ცხოვრების~ თითქმის ყველა ხელნაწერი_ლეონტი მროველის თხზულებით იწყება. XI ს-ში მოღვაწე, რუისის ეპისკოპოსის _ "... ყველაზე მნიშვნელოვანი შრომა არის "მეფეთა ცხოვრება~ ან "ამბავი მეფეთა~, რომლის სრული სახელწოდებაა _"ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა~. ეს არის საკმაოდ ვრცელი ნაწარმოები, რომელშიაც წარმოდგენილია ქართველების ისტორია... წარღვნის შემდეგ კაცობრიობის მომრავლებიდან ქრისტეს მოსვლამდე და ქრისტედან VI ს-ის 30-იან წლებამდე, როდესაც ჩვენში სპარსელებმა გააუქმეს მეფობის ("პირველთა მეფეთა~) ინსტიტუტი...
ლეონტის შრომის მთავარი მიზანი ყოფილა _ "პირველთა მამათა და მეფეთა~ ცხოვრების დასურათება, ე.ი. საქართველოს ისტორიის წარმოდგენა იმ ხანაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას განაგებდნენ ჯერ _ მამანი (მამასახლისები), შემდეგ კი მეფენი...
მეორე მიზანი ლეონტის საისტორიო შრომისა არის მოძებნა ქართველებისათვის გარკვეული ადგილისა კაცობრიობის ოჯახში... მას ქართველები გამოჰყავს ნოეს შვილის იაფეტისაგან...
მესამე მიზანი ლეონტისა არის გარკვევა იმისა თუ რა ურთიერთობა არსებობს კავკასიაში მობინადრე ხალხთა შორის... ამ ხალხებს ის აღიარებს არა მარტო ერთი წინაპრის _ იაფეტისაგან, არამედ ერთი მამის _ თარგმოსისაგან წარმოშობილად _ "ამათ ყოველთა ერთი იყო მამა სახელით თარგამოსი~-ო...~ (8, გვ.252-254).
"ქართლის ცხოვრებაში~ შემავალი ლეონტი მროველის ძეგლის თაობაზე ბატონი ს. ყაუხჩიშვილი ბრძანებს _ "ქართლის ცხოვრებაში~ შეტანილია ლეონტი მროველის ორი თხზულება: 1) "ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა~ და 2) "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა~, XII საუკუნის რედაქტორს მეორე თხზულება ჩაურთავს პირველში, სიტყვების შემდეგ _ "იწყო ქებად სჯულსა ჭეშმარიტისა~..., სიტყვების შემდეგ _ "დაფლეს მუნ~ (გვ. 128,6) უნდა გრძელდებოდეს "მეფეთა ცხოვრება~... “(4, გვ.09).
ზემოთაღნიშნულის პარალელურად _ "... იმავე "ქართლის ცხოვრების~ სხვა მინაწერის მიხედვით... ბევრი მკვლევარი შეუძლებელად თვლის მის ავტორად XI ს. მოღვაწის მიჩნევას _ "ნინოს მიერ ქართლის მოქცევა~ _ "ქართლის ცხოვრებაში~ თითქმის სიტყვასიტყვით გადაწერილია, კრებული "მოქცევაი ქართლისაში~ დამოწმებული ტექსტიდან; "მეფეთა ცხოვრება~, თვით, "ქართლის ცხოვრებაში~ დაცულ ერთ-ერთ მინაწერის თანახმად "ჟამითი-ჟამად~ (ე.ი. დროდადრო) იწერებოდა, ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI ს-ში მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულებების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია... მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII ს-ით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII-სში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს (პ. ინგოროყვა)...~ (5,გვ.194);
_ ლეონტი მროველის ნაშრომს, "ქართლის ცხოვრებაში~ მოსდევს _ ჯუანშერ ჯუანშერიანის ავტორობით ცნობილი თხზულება. ბატონი ი. ჯავახიშვილი აღნიშნას _ "... ანა დედოფლისეულ და მარიამ დედოფლისეულ "ქართლის ცხოვრებაში~ ერთი მინაწერი მოიპოვება, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში~ შეტანილ თხზულებათა შესახებ ცნობებს შეიცავს. იქ ნათქვამია: "წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისაგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმის წულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან~-ო...( 7, გვ.189).
ამ ნაშრომში მოცემულია: საქართველოს ისტორია _ მეფობის გაუქმებისა და ბაგრატიონების ჩვენში დამკვიდრების შემდეგ, ანუ VI ს-დან _ "ვახტანგ გორგასლის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით...~ (9, გვ.578).
ბატონი კ. კეკელიძის მიხედვით, ის თუ _ "... ვინ არს ჯუანშერ, არ ვიცით, ბიოგრაფიული ცნობები არ შენახულა.. იგი VIII-ს-ის მოღვაწე ვერ იქნებოდა, ვინაიდან... ჯუანშერის შრომა დამთავრებული ჩანს არა უადრეს 1072 წლისა, როდესაც ბაგრატ IV გარდაიცვალა, და არა უგვიანეს ანაკოფიის ბერძენთაგან დაბრუნებისა 1074 წელს... (8, გვ.260). თუმცა _ ".. არის სხვა შეხედულებაც, რომ ჯუანშერის სახელით ცნობილი საისტორიო თხზულება მთლიანად უნდა ეკუთვნოდეს XI ს-ის ისტორიკოს ლეონტი მროველს...~ (9. გვ.578);.
_ "ქართლის ცხოვრებაში~ ლეონტი მროველის ავტორობით შესრულებული კიდევ ერთი ნაშრომია შესული. მისი სახელწოდებაა _ "წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი რომელი იყო მეფე ქართლისა~ (VIII ს.);
_ საქართველოს ისტორიის კრებულის შემდეგი წიგნია _ "... მატიანე ქართლისა~, XI-ს. ქართველი ანონიმური ავტორის თხზულება, რომელშიც გადმოცემულია VIII-XI ს.ს. საქართველოს ისტორია... თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1072-1073 წ.წ. შედგება ორი მთავარი ნაწილისაგან (საქართველოს ისტორია VIII ს. დასასრულიდან Xს. დასასრულამდე, ბაგრატ III-ის გამეფებამდე, და ერთიანი საქართველოს ისტორია გიორგი II-ის მეფობის პირველი წლების ჩათვლით, 1072 წლამდე). პირველი ნაწილი ძალიან მოკლეა, მეორე _ შედარებით ვრცელი, ავტორის კონცეფციის თანახმად, VIII ს. საქართველო _ ერთიანი ქვეყანა იყო.მას სათავეში ედგა მეფე არჩილი, რომლის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა და ქვეყანა დაიშალა...~ (5. გვ.494);
_ "ქართლის ცხოვრების~ პირველ ხუთწიგნეულს ამთავრებს უცნობი ავტორის მიერ შესრულებული _ "... ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი~. ამ შრომის უშუალო მიზანია დავითის მეფობის გადმოცემა, მაგრამ იმის გასათვალისწინებლად, თუ რა ძნელ პირობებში მოუხდა დავითს გამეფება, ავტორს დავითის "ცხოვრებისათვის~, შესავლის სახით წაუმძღვარებია მისი მამის, გიორგის, მეფობის ამბებიც.
ავტორი ამ თხზულებისა, მისი შინაარსის მიხედვით, არის თანამედროვე დავითისა, მასთან და მის კართან ძალიან დაახლოვებული პირი, მისი "მოძღუარი~, ეს უნდა იყოს _ არსენ ბერი საღირისძე. თხზულება დაწერილია 1123-1126 წლებში...~ (8, გვ. 262).
"... თხზულებაში ასასხულია 1080-1125 წლების პერიოდი, როცა საქართველო წინა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ობიექტურადაა აღწერილი დავითის პროგრესული სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებანი; ნაჩვენებია მის მიერ ელესიის დემოკრატიზაციისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო ძლიერების აღმაღლებისათვის გადადგმული, კონკრეტული ნაბიჯები. საქართველოში ყივჩაღთა გადმოსახლების საკმაოდ რთული, გონივრულად განხორციელებული, მრავალი ასპექტის მქონე პროცესი...
აქ პირველად არის აღიარებული მეფის ღვთისწორობის იდეა (იზოთეოსი) _ დავითი "მესიის ხმალია~, მისი სახით თვით ღმერთი მოქმედებს...~ (9, გვ.256);
_ მარიამ დედოფლისეულ "ქართლის ცხოვრებაში~, შესულია XI ს. პირველი ნახევრის ისტორიკოსის ქრონიკა _ "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, ჩვენ ქართველთა, მეფეთასა თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ ძემან დავითისამან~.
"... როგორც თვით თხზულების სათაურითგანა ჩანს, სუმბატი ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ისტორიკოსი არის. ამ ნაწარმოების მოთხრობა ადამით იწყება და მოულოდნელად ბაგრატ IV-ის მეფობის ამბავზე ზედ შუაზე სწყდება...~ (7, გვ.195).
როგორც ნაწარმოებიდან ჩანს _ ".. ავტორის მიზანი იყო ეჩვენებინა ბაგრატიონთა წარმომავლობა, მათი საქართველოში მოსლვა, გამეფება და მეფეთა ისტორია, ნაშრომის დასაწყისი ნაწილი ემყარება _ ბიბლიას. სუმბატ დავითის ძეს ბაგრატიონები ებრაელთა მეფისა და წინასწარმეტყველის დავითის შთამომავლებად გამოყავს. მისი აზრით, ისინი პალესტინიდან საქართველოში VI-სში მოვიდნენ და ერთი მათგანი _ გვარამი _ ქართლის ერისმთავარი გახდა...~ (10, გვ.604);
_ ანა დედოფლისეულ ნუსხაში_ "... იქ, სადაც დავით აღმაშენებლის ისტორია მთავრდება, დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარისა და ლაშა-გიორგის მეფობათა ერთი მატიანისებური აღწერილობა მოიპოვება. ეს აღწერილობა მატიანეა და ოთხ მთავარ ნაწილად იყოფოდა. თვითოეულ ნაწილს წითურად თავისი სათაური აქვს. პირველი ნაწილი არის _ "ცხოვრება დემეტრე მეფისა~, მეორე _ "ცხოვრება (გიორგი) მეფისა~, მესამე _ "ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი~ და მეოთხე _ "ცხოვრება გიორგი მეფისა თამარის ძისა~. რუსუდანის მეფობის ამბავიც იწყება, მაგრამ დასაწყისშივე სწყდება იმიტომ კი არა, რომ მატიანეს რაიმე აკლდეს, ან გადაწერის დროს დაზიანებული იყოს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თვით მემატიანესაც ამაზე მეტი არა დაუწერია რა...~ (7,გვ.244).
აღნიშნული წიგნი 1222-1223 წლებში უნდა იყოს შესრულებული _ "... მატიანე იწყება 1125 წ. და მთავრდება 1222-1223 წლების ამბებით... ეს მცირე მოცულობის თხზულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში დაცული უხვი და ზუსტი ქრონოლოგიური ცნობებით...~ (5, გვ.127);
_ "ქართლის ცხოვრებაში~ თამარ მეფის ისტორიის აღმწერი ორი თხზულებაა დაცული _ "... "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი~ საქართველოს მეფის _ თამარის ე.წ. პირველი ისტორიკოსის თხზულებაა (XIIIს), რომელშიც აღწერილია თამარისა და მისი მამის გიორგი III-ის ისტორია. თხზულების სრული ტექსტი შემონახულია "ქართლის ცხოვრების~ _ მარიამისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში და მცხეთური ნუსხის პირში....
ძეგლის ავტორი უცნობია, სხვადასხვა დროს მის ავტორად ვარაუდობდნენ _ ანტონ გლონისთავისძეს, სარგის I თმოგველს, მანდატურთუხუცეს ჭიაბერს, არსენ იშხნელს, შოთა რუსთაველს...
აზრთა სხვადასხვაობაა თხზულების შედგენილობასა და დაწერის კონკრეტული თარიღის თაობაზე. ზოგიერთი მკვლევარის აზრით (პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე), აქ ორი ავტორის სხვადასხვა ნაწარმოებია გაერთიანებული, დაწერილი _ პ. ინგოროყვას შეხედულებით: 1195 წ. და XIII ს. I მეოთხედში, კაკაბაძის აზრით კი 1195 და 1270-95 წლებს შორის.
თ. ჟორდანიას და ი. ჯავახიშვილს მიაჩნდათ, რომ ძეგლი ორი ნაწილისაგან შედგება და დაწერილია ერთი პირის მიერ სხვადასხვა დროს (1195 ან 1196 წ.წ. და თამარის გარდაცვალებისთანავე). ერთ მთლიან ნაწარმოებად მიაჩნიათ კ.კეკელიძეს, ს.ყაუხჩიშვილს, ი.ლოლაშვილს. კეკელიძის აზრით, ის დაწერილია 1222 წ. ახლო ხანებში...~ (11, გვ., 241);
_ თამარ მეფის ისტორიის გადმომცემი მეორე ისტორიკოსის თხზულების _ "ცხოვრება მეფეთ-მეფის თამარისა~ _ ... ტექსტი არასრული სახით (ბასიანის ბრძოლის (1203 წ.) დაწყებამდე) შემონახულია "ქართლის ცხოვრების~ ჭალაშვილისეული ნუსხის ძველ ნაწილში, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XVI ს-ით თარიღდება... ძეგლის ავტორის ვინაობა უცნობია. ავტორად ვარაუდობენ თხზულების ტექსტში მოხსენიებულ ბასილი ეზოსმოძღვარს და შოთა რუსთაველს. ასევე უცნობია თხზულების დაწერისა და "ქართლის ცხოვრების~ კრებულში შეტანის თარიღი. გამოთქმულია მოსაზრებები, რომ იგი დაწერილი უნდა იყოს 1210-1213 (ი. ჯავახიშვილი, კ. გრიგოლია), 1222-1223 ან 1218-20 (ს. კაკაბაძე), წლებში, XIII ს I მეოთხედში (პ. ინგოროყვა), 1236 წლის შემდეგ (კ. კეკელიძე),, 1236-45 (ი. ლოლაშვილი) წლებში...~ (9, გვ. 256-257).
კორნელი კეკელიძე აღნიშნავს _ "... მეორე ისტორია თამარისა, რომელიც 1923 წელს იქნა აღმოჩენილი, შედარებით პირველთან, მოკლედ გადმოგვცემს თამარის მეფობის ამბავს, თავისი ხასიათით არსებითად განსხვავდება პირველისაგან... მას აინტერესებს ისეთი დეტალები თამარის ცხოვრებისა, თუ სად და როგორ ლოცულობდა, როცა ჯარს საომრად ისტუმრებდა ხოლმე; ვის ეჭირა ჯვარი, როდესაც მას მეომარნი ემთხვეოდნენ; საგანგებოდ აქებს სასულიერო პირებს; ძალიან უხვად სარგებლობს საღვთო წერილის ციტატებით... ის უმთავრესად საღვთო წერილისა და ბერძნული ჟამთააღმწერლობის ძეგლებში ნაკითხ ადამიანად გვევლინება... მეტი ყურადღება აქვს მიქცეული თამარის აღზრდა-ცხოვრებას და ღვთისნიერებას, მის დროს ჩვენი ქვეყნის სარწმუნოებრივ-ეკლესიურ მდგომარეობას და ზნეობრივ დონეს...
ავტორს დაუხატავს თამარის არა მარტო სულიერი, არამედ ხორციელი სურათიც. თამარს ამკობდაო,ამბობს ის,_"ტანი ზომიერი, გრემანობა თვალთა და ღაწვთა, სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხუივ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი და ულიზღო სიტყვის სინარნარე~...~ (8, გვ.276-77);
_ თამარ მეფის ისტორიის აღწერის შემდეგ “ქართლის ცხოვრებაში” წარმოდგენილია საქართველოს ისტორიის ასწლიანი მონაკვეთის გადმომცემი თხზულება, პირობითი სახელწოდებით _ "ჟამთააღმწერელი~.
"... XIV ს-ის ანონიმი ქართველი ისტორიკოსი... წარმოშობით მესხი უნდ იყოს. თ. ჟორდანიას აზრით, ის იყო ვარძიელი ბერი, რომელმაც გააერთიანა და გადაამუშავა ბექა ჯაყელების მიერ დაწერილი მატიანეები. კ. გრიგოლია ფიქრობს, რომ ის მაწყვერელი იყო... ჟამთააღმწერელი კარგად იცნობს და ვრცლად ახასიათებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მდგომარეობას მონღოლთა დამპყრობლების ეპოქაში...~ (12, გვ.239).
თხრობაში წარმოდგენილია ისტორია _ "... ლაშა-გიორგის მეფობითგან მოკიდებული შეუწყვეტლივ... გიორგი ბრწყინვალის ტახტზე ასვლამდე... ჩვენს ავტორს, როგორც ეტყობა, აზრადაც ჰქონია თავის დროზე შესაფერ ალაგას გიორგი ბრწყინვალის დიდებული მეფობაც აღეწერა... საყურადღებოა, რომ მარიამ დედოფლისეულ "ქართლის ცხოვრებაში~ მართლაც გიორგის ბრწყინვალის ისტორია არ არის, მაგრამ ესეც კია, რომ შეიძლება ეს ნაწილი შემდეგ დაკარგულიყოს...
დაკარგულია ამ ნაწარმოების სათაურიც. ყურადღების ღირსია, რომ ჩვენი ავტორი ისტორიას და ისტორიის წერას "ჟამთააღმწერლობას~ ეძახის, ხოლო ისტორიკოსს "ჟამთააღმწერელი~-ს სახელს უწოდებს... ქართულს მწერლობაში ჩვეულებრივ საისტორიო ნაწარმოებს "ცხოვრებაი~ ეწოდებოდა. თამარ მეფის ისტორიკოსმა შემოიღო სიტყვა "ისტორია~, ჩვენი ავტორი კი "ჟამთააღმწერელობა~-ს არქმევს. ამის გამო ჩვენ უფლება გვაქვს თვით მასაც "ჟამთააღმწერელი~ ვუწოდოთ...~ (7, გვ.246-249);
_ "ქართლის ცხოვრების~ დღეს არსებული ხელნაწერებიდან _ "... სამი ნუსხა (ანასეული, მარიამისეული ჭალაშვილისეული-ძველ) არკვევს ძველი ციკლის "ქართლის ცხოვრების~ შედგენილობის ზოგიერთ საკითხებს XIV ს-მდე, ხოლო სხვა ნუსხები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ამ ბოლო წლებში, შუქს ჰფენენ "ქართლის ცხოვრების~ XIV-XVII სს-ის შემცველი ძეგლების საკითხებს~.... (4,გვ.016).
ვახტანგ VI-ის თაოსნობით შედგენილმა _ ".. კომისიამ დაამუშავა XIV-XVII ს.ს. საქართველოს ისტორია და შეიტანა "ქართლის ცხოვრებაში~, ამიტომ XVIII ს. ავტორებმა ვახტანგისეულ რედაქციას, ანუ ე.წ. შევსებულ "ქართლის ცხოვრებას~ _ "ახალი ქართლის ცხოვრება~ უწოდეს, საპირისპიროდ იმ "ქართლის ცხოვრებისა,~ რომელიც ვახტანგ VI-ის წინა ხანაში იყო შემზადებული-გადანუსხული...~ (1, გვ.93).
ი. ჯავახიშვილი აღნიშნავს _ "... ვახტანგის მიერ შეყრილი "სწავლულნი კაცნი~ თავიანთ შრომას ოთხ ნაწილად, ანუ _ ხანად ჰყოფენ:
1) პირველი ხანა ეხება იმ დროს, როცა "ცხორებანი ქართველთანი არღარა წერებულიყო~, ანუ "ძისა მეფისა გიორგისა, მეფის ბაგრატისა, ვიდრე მეფისა გიორგისა ძისა ბაგრატისამდე~-ო. ამ დროის განმავლობაში ესე "ამბავნი... გუჯართა და სპარსთა და სომეხთა ცხოვრებისაგან გამოვიღეთ და აღვწერეთ~-ო ("ნაშრომი~, 18).
2) მეორე ნაწილად უნდა ჩაითვალოს ცხოვრებანი "ბაგრატისი და ძისა მისისა კონსტანტინესი~. ეს თხზულებები "დაუწერიათ და ეპოვათ ძველთა წიგნთა შინა და ქვემორე რიგსა მის(სა) ზედა დაგვიწერია~-ო (იქვე, 18).
3) მესამე ნაწილს შეადგენს ცხორებანი _ "მეფისა ალექსანდრესი და ძისა მისისა მეფისა კონსტანტინესი და შემდგომი... ვიდრე მეფისა როსტომისამდე~.მთელი ეს ხანა "ძველთა კაცთა და სპარსთა ცხოვრებისა და ქორონიკონთა და გუჯართაგან აღგვიწერია~-ო (იქვე, 18).
4) მეოთხე ნაწილს შეადგენს ამბავი "მეფისა როსტომის აქათი~, რომელიც "თუით თვალითა მნახველთა და მისთა ომებთა შინა მყოფთა კაცთაგან აღგვიწერია~-ო (იქვე, 18)...~ (7, გვ. 318).
ახალი "ქართლის ცხოვრების~ ავტორობას მიაწერენ ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი კომისიის ერთ-ერთ მონაწილეს, XVIII ს 60-იანი წლების ქართველ ისტორიკოსს _ ბერ ეგნატაშვილს (13, გვ.23);
_ "საქართველოს ისტორიის ამსახველი კრებული მთავრდება "ქართლის ცხოვრების~ ე.წ. ორი გადამუშავებული გაგრძელებით _ "... პირველი გაგრძელება _ "დაჯდა მეფე ადარნასე~ _ 1453 წლამდე; მეორე გაგრძელება _ "ცხოვრება ბაგრატიონთა მეფობისა~, _ "დაჯდა მეფეთ ძე გიორგისა ბაგრატ~ _ 1452-1605 წ.წ....~ (4. გვ.09)
აღნიშნული _ "... ქართლის ცხოვრების~ გადაკეთებული გაგრძელება შედგენილია უცნობი პირის მიერ XVIII ს. 30-იან წლებში (სხვა მოსაზრებით, 60-იან წლებში, ვახუშტის კრიტიკის შემდეგ), და შეიცავს XIII-XVIII ს.ს. დამდეგის საქართველოს იტორიას (ზოგჯერ თხზულების მეორე ნაწილს, ისტორიას _ 454 წლიდან, ცალკე ნაწარმოებად მიიჩნევენ). ავტორმა საფუძვლად აიღო "სწავლულ კაცთა~ თხზულება, გადააკეთა და შეავსო ის ქართული, სპარსული და სომხური წყაროების ცნობით. ტექსტი შემონახულია "ქართლის ცხოვრების~ ბარათაშვილისეული, დადიანისეული, სხვიტორული და ფალავანდიშვილისეულ ნუსხებში...~ (2, გვ.470).

* * *


This post has been edited by monte cristo2009 on 17 May 2009, 08:26


--------------------
თუ ჩვენში რაიმე არის კარგი და გამორჩეული - ეს ეროვნულია!!!

სოჭი, საინგილო-ჰერეთი, ლორე, ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, აფხაზეთი, შიდა ქართლი ქართული მიწებია და ოკუპირებულია მტრის მიერ!

XXI საუკუნეში ეს მიწები დედა სამშობლოს უნდა დავუბრუნოთ!!!!!!
ეგრი
bizwebmaster


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27274
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06

გამოგზავნილია: 18 May 2009, 00:28  #13885278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
monte cristo2009
აზრი ?


--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება
==========================================
საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა.
უფასო დომენი და ჰოსტინგი.
monte cristo2009
ენა, მამული, სარწმუნოება!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1319
წევრი No.: 91377
რეგისტრ.: 14-May 09

გამოგზავნილია: 18 May 2009, 08:35  #13887890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
"წმინდა ესე წიგნი~
აგერ უკვე მრავალი საუკუნეა, რაც ჭეშმარიტი ღმერთის არსის გადმომცემი ქრისტიანული ბიბლია წარმოადგენს წმიდათა-წმიდა წიგნს. ბიბლიასთან ერთად ქართველებისთვის ასევე, წმინდა წიგნად ითვლება, ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადმომცემი "ქართლის ცხოვრება~.ამის თაობაზე თვით ამ თხზულების ტექსტში არსებული ჩანაწერიც მიგვანიშნებს.
ბატონი ს. ყაუხჩიშვილი ბრძანებს _ "... "ქართლის ცხოვრების~ კრებული ქართველი საზოგადოების უპირველეს საზრუნავ წიგნს წარმოადგენს. მასში კითხულობდა იგი თავის დიდ წარსულს, იქ პოულობდა ის საჭირო მასალას აწმყოს განსამტკიცებლად და უკეთესი მომავლის მოსამზადებლად. ამიტომ, "ქართლის ცხოვრება~ ქართველი საზოგადოებისათვის წმიდათაწმიდა იყო. ერთი ნუსხის გადამწერი მას _ "პატიოსან~ წიგნს უწოდებს, ხოლო მეორისა _ "წმიდას~:
_ "განმმარჯუებულ ექმენით.. დედოფალთა დედოფალსა ნესტან-დარეჯანს... მეფესა ალექსანდრეს და დედოფალსა ანას, რომლისა მიერ გუებრძანა პატიოსანთა ამათ წიგნთა აღწერა...~
_ "დაიცევ... დედოფალთა დედოფალი მარიამ და ძე მისი პირმშო ოტია, რომლისა ბრძანებითა იწერება წმიდა ესე წიგნი~ (მარიამ დედოფლისეული ნუსხა, გვ.804; იხ. ე. თაყაიშვილის გამოცემა, გვ. 645).
ასეთი "პატიოსანი~ და "წმიდა~ წიგნის შედგენის ისტორიით ყოველთვის იყო დაინტერესებული ქართველი საზოგადოება. ამ ინტერესის კვალი მოჩანს იმ თითო-ოროლა შენიშვნებში, რომლებიც დაურთავთ "ქართლის ცხოვრების~ რედაქტორებს ძველ ხანებში...~ (4,გვ.08).
ასეთი "ინტერესი~ ბუნებრივია ამჟამადაც არსებობს. ამიტომ, მოდით, შევეცადოთ გავერკვეთ, თუ _ რატომ უწოდა "ქართლის ცხოვრების~ შემდგენელმა ამ კრებულს _ "წმიდა ესე წიგნი~? და რა კავშირი უნდა ჰქონდეს _ "პატიოსანთა ამათ წიგნთა~ ქრისტიანულ წმიდათა-წმიდა წიგნ _ ბიბლიასთან.
"პირველი~ და "მეორე~ ციკლი,
ანუ _ "ძველი~ და "ახალი~
ბიბლია, მრავალ სხვადასხვა წიგნთა გაერთიანებაა, რომლებიც მთლიანობაში ორ ნაწილად _ ძველი და ახალი აღთქმის სახითაა წარმოდგენილი. მოდით ვნახოთ, თუ როგორი სტრუქტურული შედგენილობით ხასიათდება _ "ქართლის ცხოვრება~.
დღეს არსებული ხელნაწერების თანახმად _ "ქართლის ცხოვრებაში~ 11 ავტორის 12 თხზულებაა გაერთიანებული _ "... ამ 12 ძეგლიდან პირველი 10 მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას დასაბამიდან XIV საუკუნემდე, გიორგი ბრწყინვალის მეფობამდე, ხოლო დანარჩენი ორი ეხება XIV-XVIII საუკუნეების ისტორიას. პირობითად პირველი 10 ძეგლის შედგენილობის კრებულს ვუწოდებთ _ ძველი ციკლის "ქართლის ცხოვრებას~, ხოლო XIV-XVII საუკუნეების შემცველ კრებულს _ ახალი ციკლის "ქართლის ცხოვრებას~...~ (4, გვ.09).
ბიბლიასთან პირველი პარალელი სახეზეა. რადგანაც _ ბიბლიის მსგავსად, თურმე _ "ქართლის ცხოვრებაც~, ორი პირობითი _ "ძველი~ და "ახალი~, ნაწილებისგან შედგება.
ბატონი ი. ჯავახიშვილი ამასთან დაკავშირებით ასე ბრძანებს _ "... ამ ძეგლში ბაგრატის მეფობის ამბავს წინ "სწავლულ კაცთა~ შემდეგი განცხადება უძღვის: "თუ რაც იქმნა ჟამსა მასა, ანუ რა ქმნა მეფემ ბაგრატ, ანუ რაცა იქმნა, ყოველივე ძველის ქართლის ცხოვრებამდე აღგვიწერია...~-ო. ავტორთა ზემომოყვანილი ცნობიდან ჩანს, რომ ქართლის ცხოვრების კრებულის იმ პირველ ნაწილს, რომელიც ანა და მარიამ დედოფლებისეულსა და ჭალაშვილისეულს ხელნაწერებში გვაქვს დაცული, ისინი "ძველ ქართლის ცხოვრებას~ უწოდებენ. ეს გარემოება და ასეთი სახელი ცხად-ჰყოფს, რომ "სწავლულნი კაცნი~ თავიანთ შედგენილ ნაშრომს _ "ახალ ქართლის ცხოვრებად~ გულისხმობდნენ.
ვახუშტი ბატონიშვილს კი თვით ეს სახელი _ "ახალი ქართლის ცხოვრება~, ნახმარი აქვს თავის წყაროების სიაში. იმ წიგნებს შორის, რომელთაგან თავისი "ქრონიკები~ ჰქონდა ამოკრებილი, ის ასახელებს და ამბობს _ ამოვიღე "ქართლის ცხოვრებასთაგან ძველთა და ახალთა~-ო...~ (7, შვ.420-421).
ამდენად, ქრისტიანული ბიბლია _ "ძველი~ და "ახალი~ აღთქმისაგან შემდგარი ერთი მთლიანი კრებულია. ანალოგიურად, "ქართლის ცხოვრებაც~ პირობითი _ ორი ნაწილის გაერთიანებას წარმოადგენს _ ".. რადგან ჩვენ მოგვეპოვება ორგვარი "ქართლის ცხოვრება~ _ ძველი და ახალი; მოგვეპოვება ის "ქართლის ცხოვრება~, რომელიც განმართეს და აღწერეს _ ვახტანგის მეცნიერმა კაცებმა (ეს არის "ახალი ქართლის ცხოვრება~), ჩვენ ხელთაა ის "ქართლის ცხოვრებაც~, რომელიც ვახტანგამდე არსებობდა (ეს არის "ძველი ქართლის ცხოვრება~)...~ (4, გვ.025).
"ძველისა~ და "ახალის~ ერთგვარი გამოვლენა უნდა იყოს _ "ქართლის ცხოვრების~ ტექსტთა ენობრივი ფორმებიც. მიუხედავად იმისა, რომ _ "ქართლის ცხოვრება~, ძველი ქართულითაა დაწერილი _ "... ქართლის ცხოვრების~ ძეგლებში უხვად არის შეჭრილი ახალი ქართული ენობრივი ფორმები... ახალი, სალაპარაკო ენიდან შემოსული ფორმები, რასაკვირველია იმას არ მოასწავებენ, რომ ენა უკვე გამოვიდა ძველი ქართულის ფარგლებიდან. "ქართლის ცხოვრების~ ენა ჯერ კიდევ ძველი ქართულია...~ (4. გვ. 046).
მაშასადამე, ბიბლიისეული "ძველი~ და "ახალი~ ნაწილების მსგავსად, "ქართლის ცხოვრებაშიც~ არა მარტო ორი _ ძველი და ახალი ნაწილებია, არამედ იგი "ძველი~ და "ახალი~ ქართული ენობრივი ფორმების შემცველი ძეგლიცაა.

ახალი აღთქმისეული პარალელები
განკაცებული ღმერთის, უფალი იესუ ქრისტეს, მიერ ნაქადაგები და სულიწმინდის მოფენის შემდეგ, მისი მოწაფეების მიერ დაწერილ წიგნთა ერთობას _" ახალი აღთქმა~ ეწოდება.
როგორც ცნობილია "ახალი აღთქმა~ ბერძნულ ენაზე იქნა დაწერილი. _ "... როგორც ერთ-ერთ უძველეს ქრისტიან ერს, ქართველებსაც ძველადვე უთარგმნიათ სახვთო წერილი, ანუ ბიბლია. ფრაგმენტული სახით იგი დოკუმენტურად დადასტურებულია V ს-დან მაგრამ სავარაუდებელია, რომ სახარება და ფსალმუნი საქართველოში ქრისტიანობის შემოღებისთანავე (337 წ.) ეთარგმნათ... Vს-ის მწერალს, იაკობ ხუცესს,"შუშანიკის წამებაში~ სახარება-სამოციქულოდან ციტატები მოჰყავს, ხოლო თავად შუშანიკს ხელთ ჰქონია "ევანგელე~ და "წიგნნი იგი წმიდათა მოწამეთანი~, ციხეში კი ფსალმუნებსაც იზეპირებდა...~-ო (14, გვ.7-74).
და მართლაც, ოდიდგანვე, ცალკე გამოცემული "ახალი აღთქმის~ კრებული, თითქმის ყოველთვის ძველ აღთქმაში შემავალ ფსალმუნებთან ერთად იბეჭდებოდა. ყოველივე თქმულის გათვალისწინებით _ "ახალი აღთქმა და ფსალმუნები~ შემდეგი 12 პირობითი "ნაწილისაგან~ შედგება _ 1. მათეს სახარება; 2. მარკოზის სახარება; 3. ლუკას სახარება; 4. იოანეს სახარება; 5. მოციქულთა საქმე; ეპისტოლენნი: 6. იაკობისა; 7. პეტრესი; 8. იოანესი; 9. იუდასი (თადეოზი); 10. პავლესი; 11. იოანეს გამოცხადება და 12. ფსალმუნები.
მოდით ვნახოთ როგორ ურთიერთკავშირშია "ქართლის ცხოვრება~ _ "ახალი აღთქმა და ფსალმუნები~-ს მიმართებაში. ბატონი ს.ყაუხჩიშვილი აღნიშნავს _"...ქართლის ცხოვრების მოცულობა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო. ზოგს ეპოქაში მასში შედიოდა გარკვეული საისტორიო ძეგლები, სხვა ეპოქაში კიდევ _ სხვა შედგენილობის ძეგლები. მაგრამ, რომ მივიღოთ მხედველობაში ყველა, დღემდე არსებული ნუსხა, "ქართლის ცხოვრებაში~ ჩვენ მოგვეპოვება 12 საისტორიო ძეგლი, რომლებიც, ზოგიერთის მეტნაკლებლობით, თანმიმდევრობით მიგვითხრობენ საქართველოს ისტორიას _ დასაბამიდან XVII საუკუნემდე.

ეს ძეგლები შემდეგია:
1. ლეონტი მროველის: "ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა~ უძველესი დროიდან V საუკუნემდე.
"ქართლის ცხოვრებაში~ შეტანილია ლეონტი მროველის ორი თხზულება: 1) "ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა~, და _ 2) "ნინოს მიერ ქართველთა მოქცევა~. XII საუკუნის რედაქტორს მეორე თხზულება ჩაურთავს პირველში. სიტყვების შემდეგ _ "იწყო ქებად სჯულისა ჭეშმარიტისა...~, სიტყვების შემდეგ _ "დაფლეს მუნ~, უნდა გრძელდებოდეს _ "მეფეთა ცხოვრება~.

2. ჯუანშერის: "ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასალისა. V-VII ს.ს;

3. ლეონტი მროველის: "წამება წ-ისა და დიდებულ მოწამისა არჩილისი”. VIII საუკუნე;

4. უცნობი ავტორის: "მატიანე ქართლისა~. VIII-XI ს.ს;

5. უცნობი ავტორის: _"ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი~. XI-XII ს.ს;

6. სუმბატ დავითის ძის: "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა~. VI-XIს.ს;

7. უცნობი ავტორის: "ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე~ (ცხოვრება დემეტრე მეფისა, ცხოვრება გიორგი მეფისა, ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი, ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა);

8. უცნობი ავტორის: "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი~ (თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი). XII-XIII ს.ს;

9. ბასილი ეზოსმოძღვრის: "ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი~ (თამარ მეფის მეორე ისტორიკოსი). XII-XIII ს.ს;

10. "მონღოლთა დროინდელი ისტორია~ (ჟამთააღმწერელი). XIII-XIV ს.ს;

11. ბერი ეგნატაშვილის: "ახალი ქართლის ცხოვრება~. XIV-XVII ს.ს;

12. უცნობი ავტორის "ქართლის ცხოვრების~ ორი გადამუშავებული გაგრძელება: პირველი გაგრძელება _ "დაჯდა მეფე ადარნასე~ _ 1453 წლამდე; მეორე გაგრძელება_ "ცხოვრება ბაგრატიონთა მეფობისა~ "დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ~ _ 1452-1605 წ.წ.~ (4, გვ. 08-09).

ამდენად, "ქართლის ცხოვრება~, ზუსტად იმდენივე წიგნისაგან შედგება, რამდენი პირობითი ნაწილებისაგანაცაა შემდგარი _ "ახალი აღთქმა და ფსალმუნები~.
და ბოლოს. ალბათ, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ _“ქართლის ცხოვრების” დღემდე ცნობილი ხელნაწერების რაოდენობა ასევე _ 12-ია. კერძოდ _ 1. ანასეული (XV ს.), 2. ჭალაშვილისეული (ძველი _ XVI ს., ახალი _ 1731 წ.), 3. მარიამისეული (1633-1646 წ.წ.), 4. რუმიანცევისეული (1703 წ.), 5. თეიმურაზისეული (XVIII ს. 1 ნახევრისა), 6. მაჩაბლისეული (1736 წ.), 7. საეკლესიო მუზეუმისა (1748 წ.), 8. ჯანაშვილისეული (XVIII ს. შუაწლებისა), 9. ბარათაშვილისეული (1761 წ.), 10. ფალავანდიშვილისეული (1761 წ.), 11. დადიანისა (XVIII ს. უკანასკნელი მეოთხედისა) და 12. სხვიტორული (XVIII ს. მეორე ნახევრისა) (იხ. 4, გვ. 014).

აპოკრიფული წიგნები
ქრისტიანული ბიბლია, როგორც ცნობილია, შედგება კანონიკური და არაკანონიკური წიგნებისაგან. არაკანონიკური წიგნები _ აპოკრიფული წიგნების ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
ცნობილია რომ _"... აპოკრიფი (დაფარული, საიდუმლო), იუდაისტური და ადრინდელი ქრისტიანული ლიტერატურის ზოგი ძეგლი(ა), რომელიც საეკლესიო კანონში არ შესულა... თავის მხრივ ძველი აღთქმის აპოკრიფების ორი რიგი გამოიყოფა... პირველი რიგის აპოკრიფები, რომელთაც აღმოსავლური ეკლესია დასავლურისაგან განსხვავებით და მეორე რიგის აპოკრიფებისაგან გამოსარჩევად _ არაკანონიკურ წიგნებს უწოდებს, შეიქმნა ძვ.წ. VI-I ს.ს.-ში. ქრისტიანული ეკლესიის კანონს საფუძვლად დაედო ბიბლიის სეპტანტისეული თარგმანი. ქრისტიანობამ ძველი აღთქმა სრულად (როგორც კანონიკური, ისე არაკანონიკური წიგნებით) მიიღო...~ (3, გვ.512).
თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა "ქართლის ცხოვრება”-სთან მიმართებაშიც. როგორც ვნახეთ "ქართლის ცხოვრების~ თითქმის ყველა ნუსხა _ "... იწყება ლეონტი მროველის თხზულებით, რომლებიც შეიცავს საქართველოს ისტორიის ამბებს უძველესი დროიდან V საუკუნემდე, მირდატ IV მეფობამდე. ერთადერთი ნუსხა, რომელიც ამ მხრივ გამონაკლის წარმოადგენდა, მარიამისეული ნუსხა იყო. ამ ნუსხაში "ქართლის ცხოვრება~ ხელნაწერის 95 გვერდიდან იწყება; მხოლოდ ამ გვერდზე იწყება ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა~. პირველი 94 გვერდი კი უჭირავს სულ სხვა თხზულებას, რომელშიც მოთხრობილია ამბები ქვეყნის გაჩენიდან (ადამიდან) ქრისტემდე...
ასეთი თხზულების არსებობა "ქართლის ცხოვრების~ ხელნაწერში, იმ პირობებში, როდესაც არც ერთი სხვა ნუსხა "ქართლის ცხოვრებისა~ მას არ შეიცავდა, რასაკვირველია, მიჩნეული იქმნა შემთხვევით მოვლენად და მარიამისეული ნუსხის გამომცემელმა აკად. ე. თაყაიშვილმა ეს ტექსტი გამოთიშა "ქართლის ცხოვრებას~ და დაბეჭდა დამატების სახით, გამოცემის ბოლოში სათაურით _ "აპოკრიფული მოთხრობანი, რომელნიც წინ მიუძღვიან მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრების ხელნაწერს...~
"ქართლის ცხოვრების~ ნუსხების შესწავლა გვარწმუნებს იმაში, რომ "ქარლთის ცხოვრების~ წინ აპოკრიფული თხზულების წარმძღვანება მხოლოდ მარიამისეულ ნუსხას არ ახასიათებს: ამგვარადვე თქმულების წარმძღვარება ახასიათებდა, როგორც ჩანს, სხვა ნუსხებსაც...~ (4, გვ. 010-011).
აპოკრიფული ხასიათის ნაშრომთა რიგს უნდა მივაკუთნოთ აგრეთვე, "ქართლის ცხოვრებაში~, მოგვიანებით გაკეთებული ე.წ. ჩანართები _ "... ჩანართთა ძირითადი ნაწილი წარმოადგენს იმ ქართველთა "ცხოვრებებს~, რომლებიც გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ.. მეცნიერ კაცთა მიერ "ქართლის ცხოვრებაში~ ჩართულია შემდეგი დამატებანი:

1. ვრცელი ისტორია ქრისტეს კვართის მცხეთაში მოტანისა;

2. ანდრია მოციქულის ქადაგება საქართველოში;

3. პეტრე იბერიელის ცხოვრება და მოღვაწეობა;

4. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრება და მოღვაწეობა;

5. მოკლე შენიშვნა დავით და კონსტანტინეზე...~ (4, გვ.030).

ზემოთაღნიშნულის გარდა "ქართლის ცხოვრების~ პირველ ხუთ წიგნში 55-მდე მოკლე, თუ დიდი ჩანართია მოთავსებული (კერძოდ: ლეონტი მროველის თხზულებაში _ 3, ჯუანშერისაში _ 22, "მატიანე ქართლისაში~ _ 27, "ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისა~-ში _ 3), რომლებიც ასევე შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. აპოკრიფულ ნაწილებად.
ამდენად, როგორც _ ბიბლია, ასევე _ "ქართლის ცხოვრებაც~ თავის თავში მოიცავენ _ აპოკრიფული ნაშრომების გარკვეულ რაოდენობას.

"პირველი ხუთი~ საისტორიო თხზულება

როგორც ვიცით, ბიბლიაში შემავალი ძველი აღთქმის _ პირველ ხუთ წიგნს, მეორენაირად _ "მოსეს ხუთწიგნეულსაც~ უწოდებენ. აღნიშნულის მსგავსად "ახალ აღთქმაშიც~ ფიქსირდება _ "პირველი ხუთი წიგნის~ განსაკუთრებული როლი. ესენია _ მათე, მარკოზი, ლუკა და იოანეს სახარებები, და _ მოციქულთა საქმე. ამასთან ლუკა მახარებელი არის მოციქულთა საქმის ავტორიც.
რაღაც ამდაგვარი სურათია "ქართლის ცხოვრებაშიც~. დღემდე არსებული ხელნაწერები, მართალია განსხვავებულ წიგნთა რაოდენობას მოიცავენ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ხელნაწერში დაცულია _".. პირველი ხუთი საისტორიო თხზულება _

"ლეონტი მროველის: "მეფეთა ცხოვრება~

; ჯუანშერის: "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა~;

ლეონტი მროველის: "არჩილის წამება~;

"მატიანე ქართლისა~და"

ცხოვრება მეფეთ-მეფისდავითისი~...~(4,გვ.06).

ახალ აღთქმისეული _ "პირველი ხუთი წიგნის~ მსგავსად, "ქართლის ცხოვრების~ _ "პირველი ხუთი წიგნიდან,~ ლეონტი მროველი _ ასევე ორი თხზულების ავტორია, რაც სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი.

დასკვნა

საქართველოს ისტორიის გადმომცემი კრებული _ "ქართლის ცხოვრება~, არა მარტო თავისი შინაარსითაა _ ბიბლიურ ხედვაზე დაფუძნებული, არამედ უდიდეს სტრუქტურულ კავშირშია ქრისტიანული სამყაროს ამ წმიდათა-წმიდა წიგნთან,კერძოდ:
ბიბლიის მსგავსად, ხელნაწერებში იგი იწოდება _ “პატიოსანთა ამათ წიგნთა”, ანდა _ “წმიდა ესე წიგნი”;
ბიბლიის მსგავსად, იგი შესდგება ე.წ. “პირველი” და “მეორე”, ანუ _ “ძველი” და “ახალი” ნაწილებისგან;
“ახალი აღთქმა და ფსალმუნები” მსგავსად, იგი არა მარტო 12 თხზულებას აერთიანებს _ არამედ ამდენივეა მისი, დღემდე მოძიებულ ხელნაწერთა რაოდენობაც;
ბიბლიის მსგავსად, იგი _ აპოკრიფული (და ჩანართის) ხასიათის ნაწილებსაც მოიცავს;
და ბოლოს - ბიბლიის მსგავსად, მასში, ასევე შესამჩნევია, მისი _ “პირველი ხუთი წიგნის” განსაკუთრებული როლი...
თითოეული ის ნიშანი, რომლითაც "ქართლის ცხოვრება~ ემსგავსება ბიბლიას, ვფიქრობთ მისტერიული Eხასიათის მატარებელი უნდა იყოს, რომლის გამომზეურება-გაანალიზების შემდეგაც, შესაძლებელი ხდება უფრო სრულყოფილად გავიაზროთ, ქართველი კაცისთვის, ეს მართლაც _ "წმიდა~ და "პატიოსანი~ კრებული.

* * *
აზრი ბატონო ეგრი-co-Moderator-ო ის არის, რომ თითოეული ქართული უძველესი ძეგლი მრავალმხრივ კვლევის საგანს წარმოადგენს.
მივესამები საბა სალუაშვილს ამ პატარა ნაშრომს რომელმაც ,,ქართლის ცხოვრებში,, უამრავი საინტერესო დეტალი და პარალელები აღმოაჩინა!


This post has been edited by monte cristo2009 on 18 May 2009, 08:55
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0411 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]