forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (9) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საინგილო. ჰერეთი
Tsira
კოლხი ამორძალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3706
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03

გამოგზავნილია: 13 Apr 2007, 18:27  #5318407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
მოდით ვისაუბროთ საქართველოს ისტორიულ ნაწილზე - ჰერეთზე - იგივე საინგილოზე, და ჩვენს სისხლხორც ჰერებზე, რომელთაც დღეს ძალიან უჭირთ პოლიტიკური თვალსაზრისით.


http://saingilo.iatp.ge/zogadi%20daxasiateba.htm

ეს ერთ-ერთი ჰერი (ინგილო) ახალგაზრდის მიერ შექმნილი ვებ-გვერდია საინგილოს შესახებ smile.gif


* * *
ივანე ჯავახიშვილი ,,საქართველოს საზღვრები" http://www.amsi.ge/istoria/ij/javaxiSvili_s.html

II თავი. აღმოსავლეთის სამზღვარი.

§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.


საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს კუთხეს მტკვრამდის ძველ დროს ჰერეთი ეწოდებოდა. ჯერ ამ კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სამზღვრად ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანის მთები იყო, სახელდობრ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ალაზნის შემდინარეების გამყოფელი ქედი. ჩრდილოეთით მას არიშის წყალი, სამხრეთით-კი ჯერ ალაზნისა და იორის შესართავი ჰსაზღვრავდა, ხოლო შემდეგ საზღვარი ალაზნის პირას ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა იმ ადგილამდის, საცა გიშის წყალი ალაზანს ერთვის. მერმე მოსამზღვრე ხაზი ამ გიშის წყალს სამხრეთით მდინარის გასწვრივ მისდევდა მის სათავემდე, რომელიც კავკასიონის უღელტეხილში იყო (ქართველი ერის ისტ. II, 309 და ვახუშტი. გეოგრაფია 304). რომ სამზღვარი გიშის წყლის სამხრეთით იყო, ეს ბურნაშევის 1784 წ. რუკითაც მტკიცდება (იხ. რუკა).

მაგრამ სამხრეთის ამ ხაზის მდებარეობა ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი, თუ-კი გიშის წყლის მდებარეობა გამორკვეული გვექმნება. თანამედროვე რუსულ რუკებზე ამგვარი მდინარე და ციხე არსად არის აღნიშნული, მაგრამ ძველ ქართულს გიშს 5-ვერსიან რუკის მდ. კიში (р. Кишъ) უდრის, ხოლო გიშის ციხე დაახლოვებით იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ეხლა კიშ-კიშლაღი (Кишъ-кишлахъ) არის აღნიშნული (ჟ 9,64ø 30-4.1). ამ ჟამად რუკებზე სახელები ისე სწერია, რომ გიშის წყალი არსად ერთვის ალაზანს, არამედ იგი ე. წ. აგრი-ჩაის შემდინარეა. ცხადია, რომ ძველ დროს თვით ეხლანდელს აკრი-ჩაისაც იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც ეხლანდელი გიში (Кишъ) ერთვის, გიშის წყალი რქმევია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ გიშის წყალი მართლაც ალაზნის შემდინარედ გამოვა და ამ ადგილას საქართველოს განმსაზღვრელი ხაზის მდებარეობა სრულებით ნათლად წარმოგვიდგება.

საქართველოს ამ ნაწილს დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. აქეთგან ავრცელებდა ქართველობა თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე. მაშინაც-კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველ ერს იმოდენი კულტურული ძალა შესწევდა, რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და დადესტანში ქრისტიანობა გაუვრცელებია. ის ტორიას შენახული აქვს ცნობა, რომ მე-XIII-ე ს-ის დასასრულს გამოჩენილმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ბელაქნითგან თავისი ქადაგება ლეკეთშიც-კი გადაიტანა, "ნათესავი ლეკთა წარმათობისაგან მოაქცივნა" და გააქრისტიანა (ჟამთააღ. 89, გვ. 731). წერილობითი მოწმობის გარდა ქართველთა დაღესტანში განმანათლებელ მოღვაწეობის ძეგლებიც, ეკლესიის ნანგრევების სახით არის შენახული და თვით ხუნზახშიაც-კი იყო შერჩენილი იქაურ ეკლესიის ნანგრევის ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით შემკული (იხ. ე. თაყაიშვილი Арх. экскурсія II, 63).

ვითარცა მოსამზღვრე კუთხეს საქართველოს ამ ნაწილსაც ბედმა მრავალჯერ მიაყენა ზიანი და არა ერთხელ გაანადგურა. პირველად ჯერ კიდევ მე- X111-ე ს.-ში მონღოლთა ბატონობის წყალობით სხვათა შორის ჰრეთიც ძალზე დაზიანდა (ჟამთააღ. * 875, გვ. 719).

მაგრამ ამ ქვეყანას განსაკუთრებით შაჰაბაზმა მიაქცია თავისი მსახვრელი ყურადღება და ჯერ ისე ააოხრა და გააუკაცრიელა, რომ მცხოვრებნი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა, ხოლო შემდეგ მათ მაგიერ თავის ერთგულ მაჰმადიან ტომს მისცა. მეტადრე მე-XVI1-ე ს-ითგან მოყოლებული სპარსეთის შაჰების წყალობით და დაღესტანელთა შემოსევის და დაშენების გამო, მაჰმადიანობამ ჰერეთში ქრისტიანობას დაძლევა დაუწყო და ქართველი მოსახლეობაც შემცირდა. ძველი საგეოგრაფო სახელების მაგიერ ახალი გაჩნდა. გარეშე ძალის გავლენით ეს კუთხე სამ ერთეულად გაიყო. ერთს დაერქვა "ალის-სასულთნო", მეორეს "ელისენი", მესამეს "ჭარი".

უკანასკნელი სახელი ფიფინეთის ხეობას დაერქვა. ვახუშტის ცნობით ეს ხეობა არჩილ მეფის "შემდგომად იწოდა ჭარი". (გეოგრაფია 306).

რუსულ 5-ვერსიან რუკაზე ფიფინეთის მაგიერ მთა ფიფანი (დიდი და პატარა — Пипанъ, Б- Пипанъ) არის აღნიშნული, ჭარის მაგიერ-კი "ჯარი"-ა (Джары) დაბეჭდილი. მეფე ლევანმა ვახუშტის სიტყვით აქ თურმე ლეკები დაასახლა და ყოველწლიურად გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა დააკისრა, "რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული" (იქვე 306). მაშასადამე ფიფინეთის ხეობა ანუ ჭარი დაღესტნის მოსამზღვრე ნაწილია ელისენად იწოდებოდა ქვეყანა ბელაქნის "წყალსა და გიშის წყალს შორისი ალაზნამდე და კავკასამდე. (ვახუშტი. გეოგრაფია 306) მაგრამ ნამდვილად-კი ელისენსა და კავკასიონის ქედსშუა, შუაგულში მაინც, ჭარი იდვა. ამიტომ ცხადია, რომ ამ ადგილას ელისენი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს ვერ აღწევდა.

ალისულთნის სამფლობელოს სამზხღვრები ვახუშტს გარკვევით არა აქვს აღნიშნული (გეოგრაფია გვ. 304, შეად. 306). ანტონ კათალიკოზს თავის 1757 წ, დაწერილს თხზულებაში ნათქვამი აქვს ალისულტანი თაედაპირველად "კახის სულტნად სახელდებული" ყოფილა (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო. ძველი საქართველო. II, 14). მაგრამ სამზღვრები არც მას, აქვს დასახელებული.

ე. წ. თათრებისა და დაღესტნითგან ლეკების ჩამოსახლებამ საქართველოს მტრებს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრითგან შემოსევა გაუადვილა, რათგან სარწმუნოებრივი ერთობის წყალობით სპარსეთის შაჰის ჯარს ადვილად ემხრობოდენ ხოლმე. საქართველოს მეფეებსა და იმ დროინდელს მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ამ კუთხის უაღრესი მნიშვნელობა, რომ რაკი "არს ქვეყანა ეს. ძნელად შესასვლელი, ტყიანი, მრავალ-წყლიანი და მაგარი" (კათალიკოხ ანტონი, იხ. მ. ჯანაშვილის საინგილოში, გვ. 15), ამიტომ საქართველოსთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საუცხოვო საფარს წარმოადგენდა. თუმცა ლეკები, რომელნიც ჭარში იყვნენ ჩასახლებულნი დრო-გამოშვებით არამც თუ ურჩობდნენ. არამედ ცარცვაგლეჯასაც-კი მისდევდნენ კახეთში, მაგრამ მაინც ერეკლე მეფის დროს, რუსეთთან 1783 წ. ხელშეკრულობის დადების დროსაც ეს კუთხე, როგორც საქართველოში მყოფ რუსეთის იმდროინდელ ელჩის ბურნაშევის რუკაზეც აღნიშნულია, საქართველოს სამზღვრებში შედიოდა და კახეთის ნაწილად ითვლებოდა.

როდესაც რუსეთის მთავრობამ აღმ. საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და შეიერთა, ჭარი და ბელაქნის ოლქი, როგორც მას რუსები უწოდებდენ, ანუ საინგილო, როგორც ქართველები ეძახიან, ამ დროს არ დაუპყრიათ, არამედ მხოლოდ 1803 წ. დაიდო საინგილომ ხარკი და მორჩილება განაცხადა, საბოლოვოდ-კი 1830 წ. იყო შემოერთებული.

1886 წელს ზაქათალის ოლქში სულ 74449 მცხოვრები ითვლებოდა, აქეთგან 40225 ლეკი იყო, 21090 მუდანლო და 12430 ქართველი, 521 სომეხი (მ. ჯანაშვილი საინგილო 6).

1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76000 იყო. აქეთგან 19000 ქართველი და 45000 ლეკი, ხოლო თურქები, სპარსელები და ქურთები 12000 ითვლებოდა.



III თავი. სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი.

§ 1. ჰერეთი: ქიზიყი, ყარაია.


ზაქათალის ოლქის შემდგომ საქართველოს უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი ეწყობა. ძველ დროს მთელი ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიც მტკვრამდე და დებედას წყალთ-გამყოფელ მთებამდე ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი კუთხე, რომელიც ზაქათალის ოლქს ზედ ეკერის კამბეჩოანის ანუ ქიზიყის სახელით არის ცნობილი. ძველი ქიზიყის, რომელიც ეხლა სიღნაღის მაზრად იწოდება, სამზღვრად იყო "სამხრით უფადარი და წინამინდორ ხორანთამდე... (ვახუშტი. გეოგრაფია 310). წინამინდორად იწოდებოდა ის ველი, რომელიც სამხრეთით იორისა და ალაზნის შესართავთან თავდებოდა (იხ. ვახუშტის რუკა . - 4).

იგი დაახლოვებით ეხლანდელს ელდარის მინდორს უდრის, უფადარად-კი, დაახლოვებით ის სამხრეთით მდებარე ადგილი იყო, რომელსაც ეხლა ჯეირან-ჩელი ეწოდება. მაშასადამე სამზღვარი იწყობა ჯერ იქ, სადაც გიში ალაზანს ერთვის, შემდეგ სამხეთისაკენ მიდის ალაზნის გასწვრივ მისი და იორის შესართავამდე. აქეთგან დაწყობილი სამზღვარი პირდაპირ მტკვარზე გადადიოდა (ვახუშტი გეოგრ. 310-312 და ბურნაშევის 1784 წ. რუკა) და მერმე საქართველოს სამხრეთის სამზღვარი ამ მდინარის პირს დასავლეთ-ჩრდილოეთით მიმართულებით მისდევდა დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც მდ. აღსტაფურა მტკვარს ერთვის. ძველად საქართველოს ეს სამხრეთის კუთხე, როგორც აღნიშნული იყო, ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა.

საქართველოს სამხრეთის მოსამზღვრე ქვეყნის აღმოსავლეთს კიდეს იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც სამზხღვრის ხაზი იორ-ალაზნის შესართავითგან მტკვარზე გადმოდიოდა ყარაიამდე ჯეირან-უდურეთის ველის სახელი ერქვა. შედეგ-კი ყარაია იწყობოდა. ამ ყარაიას ველის მდებარეობის შესახებ ვახუშტს ნათქვამი აქვს, რომ მთა "იალღუჯის აღმოსავლით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ ნაგები"-ო. ამ ნაგებისა და მაშასადამე იალღუჯის "აღმოსავლით და სამხრით არის ველი დიდი ყარაიისა. (ვახუშტი. გეოგრ. 180). აი სწორედ ეს ველიც ძველად ჰერეთს ეკუთვნოდა, და შემდეგში-კი, და უკვე ვახუშტის დროს, მას თურმე "ყარაიას" უწოდებდენ (იქვე 182). ეს სახელი მას ეხლაც შერჩენილი აქვს.

ჰერეთის ამ ნაწილს სამზღვრად ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთით მთა გარეჯისა მწარე-წყლამდე, ხოლო სამხრეთით მწარე წყალი (იქვე 180), ე. ი. დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც აღსტაფურას წყლის შესართავია.

ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო (იქვე 182). საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განმაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოში შენახული არიან და რვა საუკუნის განმავლობაში ყოველგვარ მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადურჩენ. რომ ნათლად წარმოიდგინოს ადამიანმა რამდენად დაწინაურებული ქართული კულტურული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე.

სამხედრო ბედის ულმობელმა ტრიალმა მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით ეს ქვეყანაც გააუკაცრიელა და უდაბნოდ აქცია. შემდეგში სპარსთა შაჰების გეგმისაებრ აქ უბინადრო ელი დემურჩიასანლუ შემოვიდა, რომელიც თარაქამათა ტომს ეკუთვნოდა და მესაქონლეობას მისდევდა (ვახუშტი. გეოგრ. 182).

ჰერეთის იმ ნაწილს, რომელი ბოლოს დროს ყარაიად იწოდა, დასავლეთ-სამხრეთით უკვე ქვემო-ქართლი ეკვროდა და ამ ადგილითგან მოყოლებული სწორედ ეს ქვეყანა იყო იმავე დროს საქართველოს აღმოსავლეთ-სამხრეთის სამზღვარი და მონაპირე კუთხე.



--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....

Isn't a delicate man out there for me? ....
Tsira
კოლხი ამორძალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3706
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03

გამოგზავნილია: 17 Apr 2007, 15:17  #5351356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
პოლიტიკა და საზოგადოება

http://www.kvirispalitra.ge/archive/2007/1...frp_palitra.htm

ბავშვს ქართულ სახელს თუ დავარქმევთ, დაბადების მოწმობას არ მოგვცემენ

“ნავთობისა და გაზის მაგისტრალებმა არ უნდა დაგვავიწყოს ჰერების პრობლემები”

ჩვენ არაერთხელ გავაცანით ქართველ საზოგადოებას ჰერების, ე.წ. ინგილოების პრობლემები, მათი სატკივარი არაერთხელ შევჩივლეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი დროდადრო სტუმრობს კიდეც მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეულ საქართველოს უძველეს მხარეს; ჩვენს თანამემამულე ჰერებსაც შეხვედრიან, სხვადასხვა სახის დახმარებაც გაუწევიათ. ბავშვებს სასკოლო სახელმძღვანელოებიც ჩაუტანეს, რასაც ინციდენტებიც მოჰყვა. ჩვენი დელეგაციები საქართველოს საზღვარზეც არ იქნებოდნენ გადმოსული, საინგილოს აზერბაიჯანელმა ჩინოსნებმა ქართული წიგნების განადგურება რომ დაიწყეს. სულ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის სტუმრობისას განმეორებულა იგივე...

ჰერებს უფრო და უფრო უჭირთ მათი საწინააღმდეგო აზერბაიჯანული პოლიტიკის ატანა, რომელიც თურმე დღითი დღე მკაცრდება. არასამთავრობო ორგანიზაციის “ინტეგრაციის ცენტრი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ქართველებისთვის” წარმომადგენელმა დალი მხეიძემ “კვირის პალიტრას” ჰერების წერილი გადმოსცა. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათი უფლებების დასაცავად უფრო რადიკალური ზომები უნდა მიიღოს (სტილი დაცულია):

“ჰერეთის ისტორიულად მკვიდრი ქართველი მოსახლეობა სავალალო მდგომარეობაშია. ოცდამეერთე საუკუნეში, რომელიც დემოკრატიის და ადამიანთა უფლებების დაცვის საუკუნედ არის გამოცხადებული, სასტიკად ირღვევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველთა უფლებები. ჰერეთის რიგ რაიონებში ჩვენს ხალხს იძულებით შეაცვლევინეს ქართული გვარები, არა აქვთ უფლება, შვილს დაარქვან ქართული სახელი, ეკრძალებათ წინაპართა რელიგიის მიღება. ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში იკეტება ქართული სკოლები, მაშინ, როდესაც საქართველოში საუკეთესო მიწებზე მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ყველანაირი საყოფაცხოვრებო და საგანმანათლებლო პირობა აქვთ შექმნილი. შვილებს აზერბაიჯანულ სკოლებში ასწავლიან, ინარჩუნებენ აზერბაიჯანულ გვარ-სახელებს და არავინ სთხოვთ მათ ქართულად გადაკეთებას. ყოველგვარი აკრძალვის გარეშე აღიარებენ ისლამს. სწორედ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების თხოვნით აშენდა 220 ახალი მეჩეთი. საინგილოში კი ახალ ეკლესიას ვინ აგვაშენებინებს, მაშინ, როდესაც ძველი ქართული ეკლესიები სარესტავრაციოა და მათი გადარჩენის უფლებასაც კი არ გვაძლევენ. მეტიც, ყალბდება საქართველოს ისტორია. აზერბაიჯანელი ისტორიკოსების აზრით, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია თურმე ალბანური წარმოშობისაა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებმა გადაწყვიტეს, ქართული ეკლესიებისა და კულტურული ძეგლების მითვისებაში ტოლი არ დაუდონ სომხებს. სომხები ხომ დიდი ხანია ცდილობენ სადახლოსა და მესხეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიების მითვისებას. ჰერეთის ტერიტორიაზე არ იყიდება ქართული ჟურნალ-გაზეთები. ჰერები საქართველოში სტუმრობის დროს ყიდულობენ ქართულ პრესას და თითქმის კონსპირაციულად გადააქვთ საზღვარზე, ვითომ სხვადასხვა ნივთის შესახვევი ქაღალდი. სოფლებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ, არ ფუნქციონირებს კინო, თეატრი, არ არსებობს მუსიკალური და ქორეოგრაფიული სასწავლებლები. თითზე ჩამოსათვლელი ბიბლიოთეკები არ მარაგდება ახალი ქართული წიგნებით. ჰერ მოსახლეობას არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში და თანამდებობებზე დასაქმების შანსი. Fყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ მოხდეს ქართველი მოსახლეობის გონებრივი დეგრადაცია და შედეგად მათი მენტალიტეტის შეცვლაც, როცა უკვე იოლი გახდება ჰერს უარი ათქმევინონ ქართველობაზე. საუკუნეების განმავლობაში ამ მოვლენას ქართველები “გათათრებას” ვუწოდებდით. ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში იმავე პრობლემის წინაშე დავდგებოდით. გამუდმებით გვაწუხებს კითხვა, იციან თუ არა ჰერეთის პრობლემები ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში, თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ რეგიონში დატრიალებული განუკითხაობაა? იცის თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომ თუ ჰერი მშობლები ახალდაბადებულ ბავშვს დაარქმევენ ქართულ სახელს, სახელმწიფო ჩინოვნიკები ჩვილს დაბადების მოწმობას არ მისცემენ.

იქნებ ამ წერილით საქართველოდან მაინც მივაწვდინოთ ხმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. რა ხანია ვითხოვთ, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან გაკეთდეს დაფა, რომელზეც აღნიშნული იქნება, რომ ეს არის უძველესი ჰერების მიერ აშენებული ეკლესია და სალოცავი.

ამას წინათ ბაქოში სტუმრობდა საქართველოს პირველი ქალბატონი სანდრა რულოვსი. მან ჰერ ბავშვებს ქართული წიგნები ჩაუტანა. ჰერეთში არის რამდენიმე ქართული სკოლა. რაიონში, ძირითადად, ეგრეთ წოდებული ორგანყოფილებიანი სკოლებია (ქართულ-აზერბაიჯანული), სადაც ჰერი ბავშვები სწავლობენ. ორგანყოფილებიან სკოლებში ქართული წიგნები არ დარიგებულა - რატომღაც წიგნების ჩამოტანა მავანთათვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მხოლოდ წიგნების დაურიგებლობას ვინ ჩივის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში, სოფელ მოსულში, ალიაბადსა და იქითალაში ორგანყოფილებიან სკოლებში ქართველების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართული განყოფილებები იკეტება.

ჰერეთში მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ. შესაძლოა, ქართველების მიმართ ასეთი დამოკიდებულება იმის გამოძახილია, რომ აზერბაიჯანელები შიშობენ, იგივე პრობლემები არ შეექმნათ ჰერეთში. არადა, ამ ორი რეგიონის შედარება უაზრობაა. ჰერი თავის ისტორიულ ტერიტორიაზე იმყოფება, აქაურობის მკვიდრი მოსახლეები არიან. იქნებ იმიტომაც მიმართავენ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები ანტიდემოკრატიულ, თუ კომუნისტურ პოლიტიკას, რომ სისასტიკით აიძულონ ჰერებს ისტორიული სამშობლოდან გადასახლება.

ცოტა ხნის წინ ალიევის სახელობის სკვერი გაიხსნა თბილისში. საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს აზერბაიჯანთან. როდემდე შეიძლება ამ ორი ერის მეგობრობა მხოლოდ ქართველების ხარჯზე? ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ჯვარი უკვე მერამდენედ ჩამოხსნეს აზერბაიჯანელებმა, რითაც შეურაცხყვეს არა მარტო ჰერები, ყველა ქართველი მართლმადიდებელი. იქნებ ბაქოდანაც შეგნებულად არ პასუხობენ სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და ქართული სამთავრობო სტრუქტურების კითხვებსაც ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ორივე სახელმწიფოსთვის მომგებიანია ნავთობის, გაზის, მაგისტრალებისა და გზების მშენებლობისა და სხვა ეკონომიკური გარიგებების შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულებები, მაგრამ ამან არ უნდა დაგვავიწყოს ჰერების პრობლემები. მოვითხოვთ შეწყდეს განუკითხაობა, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური საქციელი ჰერების მიმართ. უსამშობლო კომუნისტებმა ლაზიკა, სოჭი, ჰერეთი, სადახლო კომუნისტურ აფერაში, ე.წ. საბჭოეთის აღმშენებლობაში გაცვალეს. ჩვენ, ქართველებს, ზნეობრივი და მორალური უფლება არ გვაქვს, რომ საქართველოს ნატანჯი და მრავალგზის აოხრებული კუთხე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების ანტიდემოკრატიული ქმედებისგან არ დავიცვათ. შეაჩერეთ ჰერეთის გათათრება! დღეს 21-ე საუკუნეა, დემოკრატიული საუკუნე.

ტერმინი ინგილო აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ დაერქვათ ჰერებს და ნიშნავს გადარჯულებულს, ანუ რჯულშეცვლილს, დაპყრობილს, დამონებულს. ეს სახელწოდება ჰერებისათვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რაც უნდა გაითვალისწინონ აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა და საგაზეთო პუბლიკაციებში დამამცირებელი სახელი “ინგილო” შეცვალონ ნამდვილი სახელით - “ჰერი”, ისტორიული ჰერეთის შესასვლელს კი უნდა ამშვენებდეს წარწერა - ჰერეთი.”

P.S.. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.

ეკა ლომიძე


Kniazna
dance machine


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3542
წევრი No.: 11798
რეგისტრ.: 27-July 05

გამოგზავნილია: 19 Apr 2007, 13:03  #5368505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე თემა მაქონდა ჰერეთზე, და ვიყავი საინგილოში ... გამომდინარე იქედან რომ მე ისტორიული წყაროების გამოყენების გარეშე დავწერე ჩემი თემა, ამიტომ უნიკალურად ჩათვალეს და პირველი ხარისხი მიანიჭეს tongue.gif

თემა ემყარებოდა მოსახლეობის მონათხრობს, შემორჩენილი ტრადიციებიდან გამომდინარე ფაქტებს და ასე შემდეგ.


--------------------
Mind the gap please
didou nana
ორუსე აკოცენს


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16779
წევრი No.: 27471
რეგისტრ.: 26-December 06

გამოგზავნილია: 19 Apr 2007, 13:45  #5368854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ცირა გაიხარე. გმადლობ ამ თემის გახსნისათვის.

ვფიქრობ, რომ ჰერეთს საერთოდ ნაკლები ყურადღება ექცევა დღეს. ყველანი რაღაცნაირად თურქეთის ქართველობაზის პრობლემებზე გადავერთეთ, არადა ჰერეთში პრობლემები არანაკლებია. რაღაცნაირად ამ მიმართულებითაც უნდა გააქტიურდეს მუშაობა. საერთოდ ვთვლი, რომ ჰერეთი საქართველოს ხელში კოზირი უნდა იყოს, ისეთივე კოზირი, როგორიც აზერბაიჯანისთვის ქვემო ქართლში ,ცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობაა. მართალია, ჰერების და ჩვენი აზერების რაოდენობის შედარება სასაცილოა, თუმცა სახელმწიფომ მაინც უნდა იმუშაოს, ამ მხრივ, რასაც რაღაც ვერ ვამჩნევ ჩვენს ხელისუფლებას.


--------------------
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი....
- აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu
- მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6873
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 19 Apr 2007, 14:03  #5368980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინგიოების რუსულენოვანი საიტი. კარგადაა აღწერილი ყველა მათი პრობლემა და სატკივარი user.gif
http://ingilosebi.narod.ru/print.html
didou nana
ორუსე აკოცენს


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16779
წევრი No.: 27471
რეგისტრ.: 26-December 06

გამოგზავნილია: 19 Apr 2007, 14:33  #5369247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Dehumanizer

გაიხარე ძმაო! ამ საიტზე დადებული მასალები ცალკე წიგნადაცაა გამოცემული. მე მაქვს. საკმაოდ მწვავედ და ობიექტურადაა აღწერილი მწარე რეალობა. ახლა ამას ვწერ და ერთი საინგილოელი ბიჭი მიზის გვერდზე, რომელიც თავს იკლავ აზერბაიჯანელი ვარო, მაგრამ რომ ჩავეძიე, აღმოჩნდა, რომ წახური ძირი ჰქონია და თქვა, მგონი ჩემს წინაპრებში ქართველებიც ბლომად ერივნენო. დღეს კი აზერბაიჯანელია, ქართველი ხარო რომ უთხრა, შეიძლება ქვეყანა თავზე დაგამხოს yes.gif
* * *
აი, კიდევ ერთი საიტი საინგილოზე, გაკეთებული სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტის სტუდენტის, ბელაქნელი(ფიფინეთი) ზაურ რამაზანოვის მიერ.



http://saingilo.iatp.ge/istoria.htm
* * *
უი, ბოდიში. ცირას უკვე დაუდვია ეს საიტი. cry.gif
Tsira
კოლხი ამორძალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3706
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03

გამოგზავნილია: 20 Apr 2007, 13:05  #5378580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · msn
didou nana
დიდი მადლობა, ჩემო კარგო, რომ ამ თემას გამოეხმაურე. თორემ უკვე გული მეთანღრებოდა ამ თემის პასიურობის გამო.
იქნებ ჩაკრულოც შემოვიდეს და თავისის სათქმელი თქვას smile.gif

Kniazna
QUOTE
მე თემა მაქონდა ჰერეთზე, და ვიყავი საინგილოში ... გამომდინარე იქედან რომ მე ისტორიული წყაროების გამოყენების გარეშე დავწერე ჩემი თემა, ამიტომ უნიკალურად ჩათვალეს და პირველი ხარისხი მიანიჭეს 

თემა ემყარებოდა მოსახლეობის მონათხრობს, შემორჩენილი ტრადიციებიდან გამომდინარე ფაქტებს და ასე შემდეგ.


ჩემო ლამაზო, იქნება ცოტა რამ შენი თემიდან ჩვენთვისაც გაგეზიარებინა smile.gif დიდად მადლობელი დაგრჩებით.
Kniazna
dance machine


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3542
წევრი No.: 11798
რეგისტრ.: 27-July 05

გამოგზავნილია: 20 Apr 2007, 13:29  #5378818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძირითადათ თემა იყო პირადი საუბრების მიხედვით გაკეთებული ჩანაწერების კომბინაცია. მე უბრალოდ შევეცადე გავრკვეულიყავი ჰერეთის ისტორიაში, და შემდეგ ისტორიული ადგილები და ამ ადგილებზე მცხოვრები ხალხი მოვინახულე ... გავესაუბრე, ვის რა ახსოვდა წინაპრებისგან, ვის რა ფოტო ჰქონდა ... როგორ აცხობენ პურს, რატომ უვლიან ასე სათუთად ვენახს ... როგორ ზრდიან შვილებს, რა სახელებია ყველაზე გავრცელებული და ასე შემდეგ. მაგალითად პურის ცხობის დროს ცომს ჯვრის ფორმის ნიშანს უკეთებენ, გიორგის არქმევენ შვილებს ხშირად და ასშ.

მთავარი ისაა რომ ვნახე ეკლესიები, გალავნის ნანგრევები ... და ხალხის მონათხრობი და ლეგენდები ჩავიწერე ამ ყველაფრის შესახებ. ყველაფერი ბებიაჩემს აქვს შენახული, როცა ვესტუმრები რაღაცეებს დავასკანერებ. უამრავი ფოტო მაქვს.

ვიყავი რამდენჯერმე მაჭის ციხეზე, სოფელ მაწიმის მოსახლეობას რამდენჯერმე გავესაუბრე. ვნახე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხვედრილი უძველესი ხილის ბაღების ნაღჩენები. განსაკუთრებულად ბევრი დრო დავუთმე მაჭის ციხის ისტორიას და მაწიმელების მონათხრობებს, მაინტერესებდა ეს ერთ დროს საერთო ინტერესების მქონე ხალხი ეხლა რას ფიქრობს და რა ფაქტებს იხსენებს ერთმანეთის შესახებ უახლოესი წარსულიდან.

ბაბუაჩემის მამა იყო მაწიმის მამასახლისი, შესაბამისად ბაბუაჩემი დამეხმარა თემის წერაში, რადგან მამამისის მონათხრობები საზღვარს იქეთ დარჩენილ ქართველებზე მრავლად ახსოვს.

მოკლედ საინტერესო იყო ამ თემაზე მუშაობა smile.gif
Opizar
Κωνσταντίνος


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8868
წევრი No.: 5219
რეგისტრ.: 23-May 04

გამოგზავნილია: 21 Apr 2007, 00:05  #5385277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
სოფელი - ვაშლოვანი...
ჩემი ტკივილია!



--------------------
Sic semper tyrannis

«Когда у общества нет цветовой дифференциации штанов — то нет цели! А когда нет цели, то общество обречено на вымирание»
didou nana
ორუსე აკოცენს


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16779
წევრი No.: 27471
რეგისტრ.: 26-December 06

გამოგზავნილია: 22 Apr 2007, 13:40  #5397260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მახსოვს ბავშვობაში მქონდა ერი გაზეთი, რომლის სახელიც არ მახსოვს. იქ იყო ერთი გოგოს სტატია საინგილოზე. მახსოვს რომ სტატიის ავტორი ორბელიანის ინსტიტუტთან იყო კავშირში - ან მეცნიერ-თანამშრომელი იყო, ან ასპირანტი, ან სტუდენტი. ერთი სიტყვით სტატიაში საინგილოს ქართული ტოპონიმიკა იყო სრულად წარმოდგენილი. იქიდან კი ერთი დამამახსოვრდა მხოლოდ: ფიფინეთი. ახლა ვეძებ ამ გაზეთს ან სტატიას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. იქნებ ვინმემ შეძლოს ტოპონიმებზე ინფორმაციის დადება? ძალვან დამავალებთ.
Kniazna
dance machine


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3542
წევრი No.: 11798
რეგისტრ.: 27-July 05

გამოგზავნილია: 23 Apr 2007, 11:28  #5405773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Opizar
QUOTE
სოფელი - ვაშლოვანი...
ჩემი ტკივილია!
- სოფელი აღარაა, ეს ლაგოდეხის ერთ ერთი უბანია smile.gif
domnul
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 469
წევრი No.: 28803
რეგისტრ.: 23-January 07

გამოგზავნილია: 29 Apr 2007, 13:13  #5459538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (didou nana @ 19 Apr 2007, 13:45 )
ჰერეთი საქართველოს ხელში კოზირი უნდა იყოს, ისეთივე კოზირი, როგორიც აზერბაიჯანისთვის ქვემო ქართლში ,ცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობაა.

არანაირი კოზირი არ არსებობს. ყველა კოზირი, 300,000ზე მეტი, აზერბაიჯანლებს აქვთ.

არსებობს მხოლოდ ერთი გონივრული გამოსავალი: ინგილოების ის ნაწილი რომელიც უკმაყოფილოა ეთნიკური შევიწროებით უნდა გაეცალოს შემვიწროებლებს, იქნებ ათიოდე კილომეტრის გავლით და საქართველოში გადმოსვლით,

basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26693
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 29 Apr 2007, 19:41  #5462597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
არსებობს მხოლოდ ერთი გონივრული გამოსავალი: ინგილოების ის ნაწილი რომელიც უკმაყოფილოა ეთნიკური შევიწროებით უნდა გაეცალოს შემვიწროებლებს, იქნებ ათიოდე კილომეტრის გავლით და საქართველოში გადმოსვლით,

ისევ დათმობა....
აზერბაიჯანელები თუ წავლენ აბა აქედან...



--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
[IMG]http://a.pix.ge/l/p0tzt.jpg[/IMG]
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22599
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 29 Apr 2007, 21:06  #5463243      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
domnul
QUOTE
არსებობს მხოლოდ ერთი გონივრული გამოსავალი: ინგილოების ის ნაწილი რომელიც უკმაყოფილოა ეთნიკური შევიწროებით უნდა გაეცალოს შემვიწროებლებს, იქნებ ათიოდე კილომეტრის გავლით და საქართველოში გადმოსვლით,

სორი, მაგრამ მაგ გამოსავალს გონივრულს ვერაფრით დავარქმევ. პირიქით, ეგ უგუნური ნაბიჯი მგონია. დღეს და ხვალ თუ არა, ზეგ მაინც მაგ ათი კილომეტრით აქეთ გადმონაცვლებულ ჰერებს (და არა ინგილოებს) სახელმწიფო საზღვარიც ზუსტად მაგდენივეთი გადმოჰყვებათ და სასაზღვრო ხაზის ცოცვა საქართველოს სიღრმეში ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ეგრე დათმობების ხასიათზე ვიქნებით.


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
kamala
The Ugandan Giant


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1229
წევრი No.: 32064
რეგისტრ.: 27-March 07

გამოგზავნილია: 30 Apr 2007, 12:13  #5468131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (tavadze @ 29 Apr 2007, 21:06 )
ჰერებს (და არა ინგილოებს) სახელმწიფო საზღვარიც ზუსტად მაგდენივეთი გადმოჰყვებათ

ჰერები? ინგილოები? 'ქართველი' გამოდგება?

რატომ უნდა გამოყვეს საზღვარი ამ ხალხს? ამის ვერანაირ მიზეზს ვერ ხვედავ. ეს ერთი. მეორეც, რამდენადაც ვიცი, გადმოცემით, არც ისე ბევრია საქართველოში გადმოსვლის მსურველი { აზერბაიჯანის ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაშია თურმე). თანაც, ამასწინად რომ იყო ამბავი გაუქმებულ ხიდზე მაშინ უკმაყოფილო ქართველემა დაიქადნეს, აზერბაიჯანის მოქალაქეობას მოვითხოვთ თუ არ გაგვიადვილეს აზერბაიჯანში ნათესავებთან გადასვლაო.


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0449 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]