Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პარამეცნიერებები > ტოტემი


Posted by: მიქაელ 2 Apr 2024, 23:51

ტოტემი არის ადამიანის არაცნობიერში აკუმულირებული ენერგია, რომელიც ვიზუალიზაციას განიცდის და იღებს ტოტემური არსების სახეს. ტოტემური არსება შეიძლება იყოს ცხოველი, ფრინველი, მცენარე, მითიური არსება.

ტოტემიზმი რელიგიურობის ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა, შამანიზმთან და ანიმიზმთან ერთად. სათავეს იღებს უხსოვარი დროიდან, როდესაც ადამიანი ბუნებასთან მჭიდრო კავშირში იყო. ტოტემის გადმონაშთები და ნიშნებია თუნდაც სახელმწიფოების გერბებზე გამოსახული ცხოველები და სხვა არსებები, როგორც ერის იდენტიფიკატორი სიმბოლოები. ცხოველის მნიშვნელობის მქონე სახელები და გვარები. ტოტემიზმი აქტიურად არის შემორჩენილი იმ რეგიონებსა და ხალხებში, სადაც შამანური და მარტივი რელიგიური ცნობიერება დღემდე არის შემონახული: ამერიკის ინდიელთა ტომები, ციმბირის რეგიონი, ავსტრალია, აფრიკული ტომები...

ძველ დროში ტოტემურ არსებებს ცნობდა მთელი საგვარეულო, მოდგმა, ტომი. ეს იყო მათი შეკავშირებისა და იდენტიფიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. დღეს, როდესაც ძველი პატრიარქალური წყობილება დასუსტებულია და ადამიანთა შორის კავშირები იცვლება, საგვარეულო და ტომობრივი ტოტემები ჩრდილში წავიდა, თუმცა ზოგი სახელმწიფოს წარმოდგენა სიმბოლური ცხოველით ასევე ტოტემიზმს უკავშირდება. დღეს ფოკუსირებულები ვართ უფრო ინდივიდუალურ, პირად ტოტემებზე.

არის ხატოვანი გამოთქმა: ადამიანი კი არ ირჩევს თავის ტოტემს, არამედ ტოტემი ირჩევს ადამიანს. ტოტემის მიზანია არსებობის პირველადი მიზნის მიღწევა: გადარჩენა. როდესაც ადამიანი გაცნობიერებულად უერთდება და შეიცნობს თავის ტოტემს, იგი გააზრებულად იქცევა ამ ტოტემური არსების მსგავსად. მასთან პოულობს საერთოს, გრძნობს მასთან სიახლოვეს. ძველ დროში ტომები კონკრეტულ ტოტემში თავიანთ ნათესავს ხედავდნენ, იმდენად ძვირფასი იყო მათთვის კონკრეტული ცხოველი/ფრინველი. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ინდიელთა ომაჰას ტომში მომაკვდავ ადამიანს ბიზონის (თავიანთი ტომის ტოტემური ცხოველის) ტყავში გაახვევდნენ, სახეს ტოტემის ფერებში შეუღებავდნენ და ასე მიმართავდნენ: "შენ ბიზონებთან მიდიხარ! შენს წინაპრებთან მიდიხარ! გამაგრდი!"

ტოტემი არის საკუთარი ცხოველური ბუნების გააზრება, მასთან დაახლოვება და მისი ალგორითმებით მოქცევა მიზნის მისაღწევად. ეს არის ძალა, რომელსაც ადამიანი იაზრებს საკუთარ თავში, ბუნებასთან უშუალო კავშირით. ტოტემის ძიების სხვადასხვა გზა არსებობს. როდესაც ადამიანი იპოვის მას, სულიერი თვალსაზრისით იგი უერთდება იმ ტოტემური არსების მთელ სახეობასა და მათ ენერგიას, შეიძენს მათ ბუნებრივ სიფხიზლეს. ტოტემი არის კარგი ფილტრი, რათა ადამიანმა ზედმეტი მოიშოროს, პირველყოფილი ალგორითმები გაიხსენოს და ცნობიერება გაიჯანსაღოს.

ამ თემაში ვისაუბროთ ამ სულიერ პრაქტიკაზე. იცი რა არის შენი ტოტემი? რას იღებ მისგან? როგორ განიცდი მასთან სიახლოვეს?

user posted image

Posted by: მიქაელ 9 Apr 2024, 11:53
გველის ტოტემი


გველი მიწის ენერგიას განასახიერებს, რადგან იგი უმეტესად მიწაზე გხვდება. ეს ტოტემი ადამიანს ერთგვარ დამიწების შეგრძნებას აძლევს.

გველი წარმოადგენს სასიცოცხლო ძალის პირველყოფილ ფორმას, საბაზისო ინსტინქტებს. ადამიანი, რომელიც ამ ცხოველს საკუთარ ტოტემად შეიგრძნობს, ამ პირველყოფილებას გამძაფრებულად აღიქვამს.

პირველყოფილი ენერგია
ინდურ კულტურაში გველი არის "კუნდალინის" ენერგიის აღმნიშვნელი, სიმბოლურად ეს ენერგია ადამიანის წიაღში დახვეულია გველივით. ადამიანი მოწოდებულია ეს საბაზისო ენერგია გააღვიძოს და აიტანოს გააზრების სიმაღლეზე, შეძლოს მისი რეალიზება.

აღორძინება
გველის მიერ ტყავის ცვლა ხაზს უსვამს ამ ტოტემური ცხოველის უნარს, რომ ადამიანს მისგან ეძლეოდეს განახლების უნარი. ცნობიერება იცვლის თავის "ტყავს" და ამით მოიპოვებს საშუალებას, რათა განვითარდეს, ავიდეს სხვა საფეხურზე.

მკურნალობა
გველი მკურნალობას უკავშირდება. მისი შხამი ოდითგანვე გამოიყენებოდა ამ მიზნისთვის. ამ ტოტემის წარმომადგენელ ადამიანს აქვს სულიერი თუ ფიზიკური აღდგენისა და მკურნალობის ნიჭი.

ცვლილება
გველის ტოტემის გაცნობიერება ადამიანისთვის დიდ და საფუძვლიან ცვლილებებს უკავშირდება. ეს ცხოველი საბაზისო ინსტინქტებს აღნიშნავს და შესაბამისად მისი გააზრება ცნობიერებას ძირფესვიანად უნდა ცვლიდეს.

სიბრძნე
გველი სინამდვილეში არ გამოირჩევა ცხოველებს შორის მაღალი ინტელექტით. გაცილებით უფრო მარტივი არსებაა, ვიდრე გვგონია ხოლმე. მისი სიბრძნე სხვა რამეში მოიაზრება. ეს არის ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც ძალიან ძველი დროიდან მოდის, ამ ცხოველს პრეისტორიული პერიოდიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია, ანუ როგორც არსება და სახეობა ახერხებს გადარჩენას სხვა სახეობებზე უფრო ეფექტურად. გველის ტოტემი ადამიანს ეხმარება, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის ძალა, ქცევის ალგორითმები, რომელიც მის თვითგადარჩენის ინსტინქტს გააძლიერებს.

დაცვა
გველის ტოტემი მოწოდებულია ძლიერი დაცვისთვის. ის ცნობიერებაში აამოქმედებს იმ ალგორითმებს, რომლებიც პიროვნებაში დაცვით მექანიზმებს ააქტიურებს.

მოქნილობა
გველი საოცრად მოქნილი სხეულის მქონე არსებაა და ეს აისახება იმ ადამიანზეც, ვინც ამ ცხოველს თავის ტოტემად იღებს. ცნობიერება შეიძენს იმ საოცარ მოქნილობას, რაც გველის გამორჩეული თვისებაა. ცნობიერება შეიძენს მოქნილობასა და ტევადობას ინფორმაციის ათვისებისას იმის გამო, რომ გველი საკვებს (სიმბოლურად ინფორმაციას) ჭამის დროს კი არ ანაწევრებს, არამედ ერთიანად შთანთქავს. ამ ტოტემს ახასიათებს ინფორმაციის დიდი მოცულობის ერთიანად შთანთქმა და მონელება.

საფრთხის დადგენა
გველზე მომართული ადამიანი ამ ცხოველივით ადვილად და სწრაფად ადგენს საფრთხეს. გველის სენსორული უნარები საკმაოდ განვითარებულია საამისოდ, განსაკუთრებით ძლიერია მისი ყნოსვა, ამისთვის იგი ენას გამოყოფს ხოლმე და ჰაერში იჭერს სუნს. გველის ტოტემის მქონე ადამიანსაც, შესაბამისად, ცხოვრებაში ძლიერი "ყნოსვა" აქვს.

გველის ტოტემის თანმდევი უარყოფითი ნიშნები შეიძლება იყოს: 1) ცუდი მხედველობა; 2) ემოციებზე კონტროლის დაკარგვა; 3) შეგრძნება, რომ მას ვერ უგებენ; 4) ინტუიციის მოჩლუნგება.

გველის ტოტემს იყენებ, როდესაც:

1) განიცდი კონფლიქტს, ეჭვს, იმედგაცრუებას, გჭირდება იმედი, რათა წინ წახვიდე.
2) გჭირდება დაცვა მენტალურ და ფიზიკურ დონეზე.
3) დიდ ცხოვრებისეულ საკითხებზე პასუხი გჭირდება.
4) საკუთარ თავში ჩახედვა და მეტის გაგება გჭირდება.
5) გსურს წარსულის გაშვება და ცხოვრებისეულ ცვლილებებთან შეწყობა.
6) სულიერ და ფიზიკურ აღდგენა-განკურნებას ეძებ.
7) განიცდი სტრესსა და შიშებს, გჭირდება ძალა და გამხნევება.
8) შენს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები იწყება.
9) დამიწება გჭირდება.
10) სიბრძნესა და შინაგან სიმშვიდეს ეძებ.


user posted image

Posted by: მიქაელ 11 Apr 2024, 22:46
მგლის ტოტემი

ძლიერი ინტუიცია: თუ სიზმარში მგელს ხედავ, ეს იმის ნიშანია, რომ ინსტინქტები გიმძაფრდება. გზის გაკვალვისას გარეშე პირთა მსჯელობები ან რჩევები აღარ გჭირდება. გონება ეჭვებისგან თავისუფლდება და შინაგანი კომპასი სწორ მიმართულებას გიჩვენებს.

მაღალი ინტელექტი: მცდარია შეხედულება, რომ მგლები გარემოებებზე წმინდად იმპულსიურად მოქმედებენ. ისინი ფრთხილად გათვლიან თავიანთ ქმედებებს და პასუხს თავიანთი გამოცდილებითა და სიბრძნით იძლევიან. შესაბამისად მგლის ტოტემი აფრთხილებს გაუაზრებელ ქმედებებზე. იძლევა რჩევას, რომ მიენდო შენს უნარებს და დადგე ოპონენტების თამაშზე მაღლა.

ერთგულება და კომუნიკაცია: მგელი ძალზე ერთგულია თავის ხროვის. აქვთ კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები, რომლითაც ოჯახის წევრებთან სიახლოვეს ინარჩუნებენ. მგელი მოდის შენთან, რათა შენი გზა გიჩვენოს და უბედურებასა და მარტოობაში შენი ოჯახი გაგრძნობინოს. საკუთარ შინაურობასთან კავშირის აღდგენის გზას იპოვი.

თავისუფლების დიდი მოთხოვნილება: მგელი ვერ იტანს სხვის ზეწოლას. თავისუფალი არსებაა და თავის ჭკუაზე დადის.

როდესაც მგელი გხვდება სიზმრებში, ეს გაფრთხილებაა, რომ მეტი ყურადღება გმართებს, დამოუკიდებლობას კარგავ. ნიშანია, რომ შენი თავისუფლება უნდა დაიცვა და ტერიტორიისთვის უნდა იბრძოლო.

მგელის ტოტემის მატარებელი ადამიანი მძაფრად იაზრებს საკუთარ ინსტინქტებს და იღებს მათ. ხდება დამოუკიდებელი, მამაცი და უშიშარი. სხვას არ გამოაყენებინებს თავს, იძენს პიროვნულ ქარიზმას, რის გამოც მის მიმართ პატივისცემით განეწყობიან.

მგლის ტოტემი ნიშნავს დიდ გამოცდილებას, რომლითაც მრავალი დაბრკოლება გადაილახება, მატებს შეუპოვრობას. მგელი ხროვის ცხოველია და ის გასწავლის, თუ როგორ იცხოვრო ჯგუფში. მარტო ცხოვრებისა და მოქმედების შემდეგ იგი იძლევა ჯგუფში მოქმედების ცოდნას.

მგლის ტოტემი იძლევა ასევე მომეტებულ აგრესიას, ვერაგობას და საკმაო ძალას, რათა გახდე გაცილებით საშიში და ეს მეტ პასუხისმგებლობასაც ითხოვს, რათა ამ ყველაფრის კონტროლი შეძლო.

user posted image

Posted by: მიქაელ 22 Apr 2024, 14:43
დათვის ტოტემი

დათვი როგორც ტოტემური ცხოველი იძლევა ძალასა და თავდაჯერებას. როდესაც ძალა გამოგეცლება, დათვი გეხმარება, რათა საკუთარ თავში ძალა და სიმამაცე გამონახო. მძიმე წუთებში იგი საკუთარი ინსტინქტების მოსმენას გასწავლის.

დათვი აღძრავს ადამიანს ლიდერობისკენ, რათა გააუმჯობესოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი მდგომარეობაც. იგი სხვებში იწვევს პატივისცემის გრძნობას.

დათვი ავითარებს ისეთ თვისებებს, როგორიც არის: მეგობრულობა, ემპათიურობა, მოთამაშის ბუნება, ზოგადად ალტრუისტული თვისებები, რომლებიც დათვის ტოტემს ახასიათებს.

იგი ავითარებს იმ ძალას, რომელიც ადამიანს პასუხისმგებლობას აგრძნობინებს, რათა სხვები უმიზეზოდ არ დააზიანოს, როდესაც ამის საჭიროება არ არის. ამ ტოტემის მქონე ადამიანს უყვარს თავისი ოჯახის წევრები და აქვს იუმორის შესანიშნავი გრძნობა.

დათვის ტოტემს ახასიათებს:

ძალა
მიუხედავად დიდი ზომისა, დათვი ძალიან მოქნილია. ძალიან ღონიერია. ბევრი უნარი აქვთ საკვების მოსაპოვებლად, როდესაც საკვებს მოიპოვებენ მიწაზე, წყალში თევზაობისას, ხეზე ცოცვისას. მისი ძალა უბრალოდ უხეში არ არის, იგი ასწავლის დიპლომატიასაც.

დაცვის უნარი და სიმამაცე
დათვი ერთგულად იცავს თავის ნაშიერებს და ოჯახის წევრებს. მისი ტოტემი ადამიანს აღძრავს თავისი საყვარელი ადამიანების, ტერიტორიისა და საკუთრების დასაცავად.

მოთმინება
დათვი, როგორც მომთმენი მონადირე, ადამიანს უვითარებს უნარს, რათა თავის მიზანზე მოთმინებით ინადიროს.

სიფიცხე

კეთილშობილება

მოთმინება

ცნობისმოყვარეობა

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)