პიკასოს ნაირები ყოფილან, ამის მსგავსი არა, ეს არის განუმეორებლი მოვლენა მხატვრობაში.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/18298-rus...yvo-prozaq.htmlრუსუდან ფეტვიაშვილის "უსიტყვო პროზა"
წლისა და 10 თვის იყო, ხატვა რომ დაიწყო. 6 წლისას თბილისში მოუწყვეს პირველი პერსონალური გამოფენა, სადაც 100-მდე გრაფიკული და ფერადი ნახატი - ურთულესი კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.
8 წლისას მოსკოვში ორჯერ ჰქონდა გამოფენა, 13 წლისამ გამოფენით საფრანგეთი მოიარა. მერე ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიცნეს და მასზე მსოფლიო ალაპარაკდა. მის ილუსტრირებულ "ვეფხისტყაოსანს" "უსიტყვო პროზაც" კი უწოდეს. წმინდა სამების დიდ საკათედრო ტაძარში დაბრძანებული მსოფლიოში უდიდესი წმინდა ოთხთავის უნიკალური ხელნაწერი ეგზემპლარის მინიატიურების ნაწილი მისი შექმნილია.
შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში - "XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი". სულ მალე საფრანგეთში საკუთარ გალერეას თავისი ნამუშევრებით გახსნის. დღეს პირისპირ უნიჭიერესი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი გვესაუბრება.
- იმხანად, 6-8 წლისა, როდესაც ასე გასაოცრად და უჩვეულოდ, არაბავშვურად ხატავდით, საკუთარ თავსაც უჩვეულოდ აღიქვამდით?
- უჩვეულობის განცდა არ მქონია, რადგან ჩემი მშობლები მკაცრად მადევნებდნენ თვალყურს, - როდესაც ბავშვი გადაჭარბებული ყურადღების ცენტრში ექცევა, წუხდება და შეიძლება რაღაც შეეშალოს, სათანადოდ ვერ განვითარდეს ან გადაიწვას. მაგალითად, პირველი გამოფენა ბავშვთა სურათების გალერეაში, ფილარმონიის ერთ-ერთ სართულზე მქონდა. ყველგან აფიშები იყო გაკრული დიდი ასოებით დაწერილი ჩემი სახელითა და გვარით. გალერეისკენ დედას ყოველთვის სხვა გზით მივყავდი, ეს რომ არ დამენახა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შემქმნოდა (იღიმის).
- თქვენი გართობა იმჟამინდელ ნახატებში აისახებოდა?
- ორი ტიპის ნამუშევრები მქონდა: "ისე მხატვრობა" და "სერიოზული მხატვრობა". პირველს საკუთარი სიამოვნებისთვის, გასართობად ვაკეთებდი, მეორეს - მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდებოდა და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. თუმცა წლების შემდეგ ამის დაცალკევება ვეღარ შევძელი და "ისე მხატვრობა", რომელიც ძალიან რეალისტური, პირდაპირი იყო, ამასთანავე, - მეორეხარისხოვანიც, თავისთავად ამოვარდა ჩემი შემოქმედებიდან. საკუთარ ნამუშევრებზე ლაპარაკი არასდროს მიყვარდა.
რასაკვირველია, შემეძლო თითოეული ნახატის ახსნა, მაგრამ არ მსურდა. საზღვარგარეთ დღესაც ბევრი მთხოვს ჩემი ნახატების თუნდაც მცირეოდენ განმარტებას, ამიტომ ძალიან მოკლე მინიშნებას ვიძლევი, რომ, ვთქვათ, ჩიტი, რომელსაც ნისკარტით თევზი უჭირავს, სიუხვესა და ბარაქას გამოხატავს; რომელიც ადამიანის თავზეა - მის შინაგან ბუნებას და, თუკი ამ ჩიტს ნისკარტით თევზი უჭირავს, ესე იგი, ის ადამიანი სულიერად მდიდარი და წინმსწრაფია...
- საკუთარი პორტრეტის თავზე როგორ ჩიტს დახატავდით?
- ავტოპორტრეტი დამიხატავს, მაგრამ მის თავზე ჩიტი - არასოდეს. ალბათ, მაინც დავხატავდი აღმოსავლეთისკენ მიბრუნებულ ჩიტს, რომელსაც ოპტიმიზმი, იმედი აქვს, მაღალკისრიანს პატარა თავითა და დიდი ნისკარტით... და აუცილებლად თევზით (იცინის)... ბევრი ნამუშევარი შევქმენი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, თითქმის გარდატეხის ტოლფასი ჩემთვის წმინდა სახარების მინიატიურებზე მუშაობა იყო. ომების შემდეგ უმძიმესი, დეპრესიის პერიოდი მქონდა. ქვეყანა ვერ დავტოვეთ და საზღვარგარეთ არ წავედით, რადგან ახლობლებს ვერ შეველიეთ.
დაახლოებით წელიწად-ნახევრით ადრე, ვიდრე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს მომანდობდა, ჩემში რაღაც მოხდა და გადავწყვიტე, არასოდეს მეთქვა თუნდაც უმტკივნეულო და უმნიშვნელო ტყუილი. მერე სახარების კითხვამ ისე გამიტაცა, სხვა აღარაფერი მაინტერესებდა.
მოციქულთა საქმე ლამის დავიზეპირე. ამას უწმინდესის საჩუქარი - "დავითნი" მოჰყვა, ასომთავრულიცა და ნუსხა-ხუცურიც ვიცოდი და გულმოდგინედ წავიკითხე. მერე კი პატრიარქმა მაკურთხა და 4 წლის განმავლობაში მათეს სახარებაზე ვიმუშავე. მუშაობის დასასრულს ჩავწვდი თავმდაბლობის არსს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ძალას ანიჭებს ადამიანს და არა - პირიქით.
შეიძლება ეს აღმოჩენა სრულად ვერ გამოვიყენე, მაგრამ ვიცი მაინც, რას ნიშნავს. ამ სამუშაომ თითქოს ახალი სუნთქვა გამიხსნა, რადგან მანამდე დეპრესიამ ისე დამამძიმა, ომისადმი, არეულობისადმი, უსამართლობისადმი პროტესტის ნიშნად თავიც კი გადავიხოტრე (იღიმის)...
- ოდესმე უსამართლოდ მოგქცევიან, გული უტკენიათ?
- კი, ბევრჯერ. ვთქვათ, ხელშეკრულებების გაფორმებისას, გამოფენებთან დაკავშირებით მოვუტყუებივარ კიდეც, ნახატებიც მოუპარავთ, მიუთვისებიათ, სხვათა შორის, უცხოელებს. 1990-იან წლებში, ომების დროს ბევრმა ისარგებლა არეულობით. თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა მაინც ქართველისგან მივიღე და ძლივს გადავიტანე. ასაკოვანი კაცი იყო, წიგნისთვის 200-მდე ილუსტრაცია გამაკეთებინა, მერე კი იმ ნამუშევრებიანად გაქრა და თანხაც არ გადაუხდია.
მოგვიანებით ამბობდა, ნამუშევრები დაიწვაო, თუმცა მერე ის ნამუშევრები სხვასთან ვნახე. ის კაცი დღესაც ცოცხალია, მაგრამ გვარს არ დავასახელებ - მაინც მოვერიდები, შვილები ჰყავს და... არავისთვის მიჩივლია, არ მიღირდა. ყველაფერს თუ ებრძოლე, საქმეს ვეღარ გააკეთებ ადამიანი... საერთოდ, უარყოფითი ემოციები ჩემს შემოქმედებაზე არასდროს აისახება.
მუშაობისას აუცილებლად მშვიდი, კონცენტრირებული, გაწონასწორებული და კეთილგანწყობილი ვარ, სხვაგვარად ვერ დავხატავ. ჩემი მუზა ბუნებაა - ბუნებაში გასვლა, ჩიტების ჭიკჭიკი საოცრად მამშვიდებს. დედამიწა ჩიტების გარეშე საშინელი იქნებოდა. შაშვის ხმა მაინც სასწაულია. შაშვი, თურმე, გულის რომელიღაც დაავადებასაც კურნავს.
- თქვენ, მგონი, ჩიტების ენაც იცით?
- ენა - არა, მაგრამ ჩიტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის (იცინის). მაგალითად, გალიის ჩიტს საერთოდ ვერ აღვიქვამ, მე თავისუფალ ჩიტებზე ვლაპარაკობ.
- ოჯახზეც გვიამბეთ. რამდენი წლისა გათხოვდით?
- 20-ის დავქორწინდი, თორემ მე და ჩემს მეუღლეს 18 წლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. მიმაჩნია, რომ ადამიანი ადამიანს შემთხვევით არ ირჩევს და შემთხვევით არ ქორწინდება. ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ ვინმეს შევიყვარებდი, სამუდამოდ მეყვარებოდა, მუდამ ჩემიანი იქნებოდა. როგორც და-ძმას ან დედ-მამას ვერ შეცვლი, ისეთივე ახლობელია თემური (თემურ ბადრიაშვილი - ი.ხ.) ჩემთვის.
უსიამოვნება ყველგან ხდება, მაგრამ ის ყოველთვის ჩემიანი იქნება და დასაკარგავად ვერასდროს გავიმეტებ. ძალიან განათლებული, კეთილშობილი და ჩემი გემოვნების ადამიანია. მუდამ თან მახლავს, ნებისმიერ ქვეყანაში, გამოფენებზე, რადგან ამდენ ნამუშევარს მარტო ვერაფრით წავიღებ. თავისი საქმე აქვს, რეჟისორია, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იცლის. მეც ყოველთვის ვიცლი მისთვის, რადგან მისთვის დახმარება იგივეა, თითქოს საკუთარ თავს დავხმარებივარ (იღიმის).
- შეგიქმნიათ დღემდე ნახატი, რომლისთვისაც ერთ მშვენიერ დღეს სულს მოგთხოვენ?
- დადებითი უნდა იყოს ნახატი, რაც ადამიანზე აუცილებლად კარგად იმოქმედებს. თუ ადამიანზე კარგად იმოქმედებს, ცუდს არავის მოუტანს. ღვთისთვის სათნო უნდა იყოს თითოეული ნამუშევარი და, აქედან გამომდინარე, სულსაც არავინ მომთხოვს. მახსოვს, მათეს სახარებაზე საპატრიარქოში შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი. ერთ-ერთი მოძღვარი ამით ძალიან შეწუხებულა და უწმინდესისთვის უთქვამს. უწმინდესს კი უპასუხია: რუსუდანისთვის ეს შვება არის და თავი დაანებეო (იღიმის).
* * *
nakash