საინტერესო და დაძაბული ოლიმპიადა გველის.
მედლის აღების ამდენი რეალური შანსი (66,73,81,90,100კგ) ძიუდოს არ ჰქონია არასდროს.
დასანანი იქნება, თუ ამ გუნდით სამ მედალზე ნაკლები ავიღეთ.
იმედს ვიტოვებ, რომ მოსამზადებელი პერიოდი მიზანმიმართულად მიდის და ოლიმპიადას ყველა ფორმის პიკში შეხვდება.
60კგ. - განთესვის მიუხედავად, ამ წონაში სასწაულს არ ველი.
პაპინა ძველებურად იმედის მომცემად ვეღარ გამოიყურება.
ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს, რომ დაბლა იწყებს სვლას.
იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადამდე მოუმატებს და მაქსიმალურ შედეგს დადებს.
ამ წონაში მესამე ადგილი გმირობის ტოლფასი იქნება.
66კგ. - დავიწყებ იმით, რომ ამ წონაში არ იჭიდავებს მსოფლიოს რეალურად პირველი ნომერი - აბე.
დასანანია, რომ ოლიმპიადაზე კვარცხლბეკი მის გარეშე შეივსება.
აქედან გამომდინარე, წარმატების კარგი შანსი მიეცა მარგველაშვილს.
სხვა მხრივაც მეიმედება მარგველა.
მთელი შეხვედრა აქტიურ ჭიდაობაშია, ძალიან სახიფათო სტილი აქვს და ვფიქრობ, რომ ყველას დაიპონება შეუძლია.
ევროპის ჩემპიონობაც საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებდა.
ერთი, რაც მინდა ავღნიშნო, რომ კისრულიდან თავის დაცვა უჭირს და აზიელებთან ჭიდაობის დროს მეტი ყურადღება მართებს.
73კგ. - ლაშა თავისი ბრძოლის ჟინითა და თავგანწირვით, გამორჩეულ პატივისცემას იმსახურებს.
დიდი პაუზის შემდეგ, მოკლე დროში საგრძნობი პროგრესი განიცადა.
ჩემი აზრით, დღევანდელი შავდათუაშვილი ოთხი წლის წინანდელზე უფრო დახვეწილი და გაზრდილია და მისი მეორედ გაჩემპიონება ნამდვილად არ გამიკვირდება.
აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მის წონაში იქნება ყველაზე ძლიერი იაპონელი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი უცხოელი ძიუდოისტი - ონო.
ონო საოცარ რეაქციებს ავლენს ჭიდაობის დროს და მე ვიტყოდი, რომ ნადირის ყნოსვა აქვს ამ კაცს, მაგრამ მეტ-ნაკლებად შეცდომას ყველა ძიუდოისტი უშვებს.
რა თქმა უნდა, პროცენტული უპირატესობა ონოს მხარეს იქნება, თუმცა ჭიდაობაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
ონოს გარდა, კიდევ ბევრი ანგარიშგასაწევი ძიუდოისტია 73 კილოში და იოლი გასავლელი გზა არ ექნება.
81კგ. - სხვა წონებისგან განსხვავებით ამ წონას ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს - ჭრიკიშვილი და ნაგასე.
ვფიქრობ, რომ ორივეს ფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.
რაც შეეხება მათ დაპირისპირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ნაგასე ფეხს წკეპლასავით ხმარობს, ავთო მას კლასით თუ არ აღემატება, ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
უკვე აღნიშნეს მეგობრებმა, რომ ორივე მხარეს ერთნაირად ჭიდაობს, რაც ძალიან იშვიათობაა და ილეთების არსენალიც ნაგასეზე მეტი აქვს.
ავთო თუ ჯანმრთელი და კარგად მომზადებული შეხვდა ოლიმპიადას, მოგება არ უნდა გაუჭირდეს.
თუ ოლიმპიადაზე ის ჭრიკიშვილი ვნახეთ, რაც ევროპაზე იყო, შეიძლება მესამე ადგილიც სანატრელი გაგვიხდეს.
90კგ. - მიუხედავად იმისა, რომ ვარლამს წონის ზოგიერთ ლიდერთან უარყოფითი ბალანსი აქვს, ვფიქრობ, რომ ყველასთან ექნება მოგების შანსი.
მე მგონი, მის შემთხვევაში მართლა ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, თორე მისი შესაძლებლობების პატრონი, ერთხელ მაინც უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონი.
კარგია, თუ ფსიქოლოგიც ეხმარება.
კარგი იქნებოდა, რომ მაგაზე უფრო ადრე ეზრუნათ, რამდენიმე ტურნირზე რომ მოეხდინათ დაკვირვება.
ლიპარტელიანის სპორტული კარიერა ოლიმპიურ მედალს ნამდვილად იმსახურებს.
100კგ. - ღვინიაშვილი ჩემი ფავორიტია და ჩემი ხმაც მის ანგარიშზეა.
როგორც უკვე ითქვა, ოლიმპიადა ძლიერი ნერვებისა და ნებისყოფის ადამიანებს წყალობს.
მე ვფიქრობ, რომ ბექაზე ბევრი ფაქტორი იმოქმედებს დადებითად.
ჯერ ერთი, ვიტყვი, რომ მყარი ნერვების პატრონია.
მერე ის, რომ მაღალ წონაში ჭიდაობს, ჯვარი სწერია და კიდევაც პირველი შეხვედრა რომ წააგოს, მაგისთვის არავინ ''გაასამართლებს''.
ეს ყველაფერი კი გარკვეულ კომპლექსს და სიმძიმეს უხსნის მას.
თან, ბოლო შეჯიბრზე წონის არაერთი ლიდერი აფრიალა და ამან საკუთარი თავის რწმენაც განუმტკიცა.
მოკლედ, ამ კაცისგან ველოდები ოქროს!
+100კგ. - არც ამ წონაში ველოდები სასწაულს.
მესამე ადგილი აქაც გმირობის ტოლფასი იქნება.
მედლით დაბრუნებას ვუსურვებ ყველა ოლიმპიელს!