http://shokoladi.ge/node/4958„ნეგატიურ გუნება-განწყობამდე დაუსრულებელ, მარადიულ შინაგან ომს მივყავართ“ - ასე ჩამოაყალიბა ავადმყოფობის რაობა ბრიტანელმა ექიმმა, ედვარდ ბახმა. მკურნალობის ახალი მიმდინარეობის ფუძემდებელმა, მედიცინაში სრულიად უცნობი სიღრმეები წარმოაჩინა.
ბახი მიიჩნევდა, რომ ავადმყოფობა არ არის სხეულებრივი წარმოშობის, შესაბამისად, მისი აღმოფხვრაც მატერიალური მეთოდებით ვერ მოხერხდება. დოქტორ ბახის აზრით სულსა და გონებას შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენა მხოლოდ სულიერი და მენტალური მცდელობით მიიღწევა.
ედვარდ ბახი 1886 წლის 24 სექტემბერს ბირმინგემში დაიბადა. სამედიცინო განათლება ლონდონში მიიღო. ქირურგადაც იქვე მუშაობდა. როგორც ბაქტეოროლოგი და პათოლოგი, ვაქცინებს საკუთარ კვლევით ლაბორატორიაში სწავლობდა. დოქტორმა ბახმა გამოკვლეულ ვაქცინებსა და ჰომეოპათიის პრინციპებს შორის პარალელები აღმოაჩინა. მან ადაპტირება გაუკეთა ვაქცინებს და შვიდი სხვადასხვა ბაქტერიული ჰომეოპათიური საშუალება დაამზადა. ამ ფაქტმა ჰომეოპათთა წრეებში აღიარება მოუტანა. მას მეორე ჰანემანსაც კი უწოდებდნენ. თუმცა მისი ინტერესი მედიცინაში უფრო კომპლექსური იყო. ალბათ ამიტომაც არ დათანხმდა ლონდონის სამეფო ჰომეოპათიურ საავადმყოფოში ჰომეოპათად მუშაობას. ბახს არ მოსწონდა დაავადების გამომწვევებით მკურნალობის იდეა. (როგორც ცნობილია, ჰომეოპათიაში ხშირად დაავადების გამომწვევი, ჰომეოპათიური საშუალების მისაღებად გამოიყენება.) ბახმა საკუთარ ლაბორატორიაში კვლევა გააგრძელა, ის ცდილობდა ეპოვნა ესენცია, რომელიც მარტივი და უბრალო იქნებოდა. სწორედ მაშინ დაიწყო ბრიტანელმა ექიმმა მცენარეების, უფრო ზუსტად კი ყვავილების შეგროვება. შეეცადა მისთვის მისაღები სამედიცინო სისტემა შეექმნა. ის, რაც ბახს ზოგადად ექიმებში აღიზიანებდა, იყო მათი დაავადებაზე კონცენტრირება და პიროვნების სრული უგულებელყოფა. 1930 წელს ბახმა ლონდონი იმ იმედით დატოვა, რომ საიდუმლოს ბუნებაში მიაგნებდა. გადასახლდა ინგლისის სამხრეთით-აღმოსავლეთით, ოქსფორდშირის საგრაფოს ერთ-ერთ სოფელში, რომელიც დღეს ბრაითველქომ-სოთველის (Brightwell-cum-Sotwell) სახელითაა ცნობილი. სახლს, სადაც ბახი ბოლო წლებში მოღვაწეობდა და გარდაიცვალა, მაუნტ ვერნონი ჰქვია. დღეს იქ დოქტორ ედვარდ ბახის ცენტრი ფუნქციონირებს.
ბახი წლების განმავლობაში იკვლევდა ათასობით მცენარეს, რომელთაგან 38 ესენცია შეარჩია. აქედან 37 მცენარის ყვავილებისაგან მიღებული ხსნარია, ერთიც წყაროს წყლის ესენციაა.
არ არსებობს წერილობითი სახით შემორჩენილი ბახის გამოკვლევები, ის, თუ როგორ მივიდა ბრიტანელი ექიმი თავისი მოღვაწეობის კულმინაციამდე. ედვარდ ბახმა თითქმის ყველა საკუთარი ნაშრომი გაანადგურა. შემორჩა მხოლოდ „12 მკურნალი“ და „განკურნე საკუთარი თავი“. „12 მკურნალი“ ბახმა ყვავილებიდან მიღებულ ესენციებს უწოდა და თავად გამოყო 38 ესენციიდან. მათი საშუალებით ავადმყოფობა ჩასახვის სტადიაშივე იკურნება. წიგნში ისინი სათითაოდაა დახასიათებული. ზოგადად ავადმყოფობები ბახს შვიდ სულიერ მდგომარეობად აქვს დაყოფილი. წიგნში „განკურნე საკუთარი თავი“ კი ბახი აყალიბებს თავის შეხედულებას ადამიანისა და ავადმყოფობის რაობაზე.
ეს ერთგვარად საკუთარი თავის ძიებაა, საკუთარი თავის შეცნობა და სასურველი მიმართულებით მისი განვითარება. თუმცა ცნობიერების ეს ფორმა თავისუფალია ყოველგვარი ინტელექტუალიზმისა და პოზიორობისგან. ბახის წიგნებიდან ყველაზე მოკლედ ეს ხედვა ასე შეიძლება გადმოვცეთ:
„ავადმყოფობის არსი რომ გავიგოთ, საჭიროა ჭეშმარიტებათა საფუძველს ჩავწვდეთ. პირველი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანს აქვს სული, რომელიც მის ნამდვილ სახეს წარმოადგენს. ჩვენი სხეული ამ სულის მიწიერი ტაძარია და ეს მთლიანობა, რამდენადაც ჩვენ ამას დავუშვებთ, ღვთაებრივი თანხმიერებით ცხოვრობს. მეორე პრინციპი - ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას ემსახურება, სათნოების განვითარებას და ნაკლის ძლევას. ხოლო მესამე ჭეშმარიტება გვამცნობს, რომ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება კაცობრიობის განვითარების ისტორიაში თვალის ერთი დახამხამებაა, როგორც ერთი სასკოლო დღე. მაგრამ ამას მეოთხე, ძირითადი პრინციპიც მოყვება: სანამ ჩვენი სული და პიროვნება წონასწორობაშია, ჩვენს ცხოვრებაშიც სილაღე, ხალისი, ბედნიერება და ჯანმრთელობა ჭარბობს.
თუ საკმარისი სიყვარული გაგვაჩნია, მაშინ ვერ შევძლებთ ადამიანებს ზიანი მივაყენოთ. მაგრამ სრულყოფილების ასეთი მდგომარეობისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ყოფნას ამ ქვეყანაზე აზრი არ ექნებოდა.
ადამიანის საწყისი დაავადებები ისეთი ნაკლოვანებებია, როგორიცაა: ამპარტავნება, სისასტიკე, სიძულვილი, ეგოიზმი, უვიცობა, მერყეობა და სიხარბე.
სიამაყე და ამპარტავნება სიბრმავის შედეგია, როცა პიროვნულ წარმატებებს საკუთარ დამსახურებად მივიჩნევთ. ამავე დროს, ვერ ვამჩნევთ საკუთარ მორიდებულ ადგილს დიდ სამყაროში, რაც თავმდაბლობას გამორიცხავს და ღვთაებრივ ნებას ეწინააღმდეგება.
სისასტიკე უშუალოდ სიყვარულის უარყოფის შედეგია. სხვაგვარად ასეთი საქციელი - ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული, შეუძლებელი იქნებოდა.
სიძულვილი სიყვარულის საპირისპირო გრძნობაა. იგი ანგრევს ყველაფერს, რასაც სიყვარული ქმნის.
ეგოიზმი შესაქმის ერთობის უარყოფაა, რის გამოც საკუთარ თავს სხვებზე მაღლა ვაყენებთ და სხვა ადამიანების ხარჯზე საკუთარ ინტერესებს ვიკმაყოფილებთ.
უვიცობა სწავლის უარყოფაა, რაც ჭეწმარიტების შეცნობის უნარს გვაკარგვინებს, ეს კი საბოლოო ჯამში, მცდარი მოქმედებისკენ გვიბიძგებს და სინათლეს გვაშორებს.
მერყეობა და სისუსტე გადაწყვეტილების მიღებისას თავს იჩენს, როცა უარს ვამბობთ ამაღლებული იდეალების მსახურებაში ჩავდგეთ. იგივე სისუსტეები სხვების ღალატისკენ გვიბიძგებს, რითაც საბოლოო ჯამში საკუთარ თავს ვღალატობთ.
სიხარბე ყველაზე ხშირად ძალაუფლების წყურვილით გამოიხატება. ეს კი თავისუფლების უარყოფაა. იმის ნაცვლად, რომ თითოულ ადამიანში თავისუფალი, ღვთაებრივი სული დავინახოთ, სიხარბე მათ დამორჩილებასა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას გვაიძულებს.
ყოველივე ეს თავის გამოხატულებას ჰპოვებს სხეულში ავადმყოფობების სახით. ასე მაგალითად, ამპარტავნება და ცნობიერების გახევება, სხეულის გაშეშებას იწვევს.
ტკივილი სისასტიკის შედეგია.
სიძულვილის ნაყოფი სიმარტოვეა, უკონტროლო სიბრაზის ამოფრქვევები, უკიდურესი ნევროზული და ისტერიული მდგომარეობები.
ეგოიზმი ხშირად ნევროზულ, ნევრასთენულ და მსგავს დაავადებებს იწვევს, რომლებიც ცხოვრებას სიხალისესა და სილაღეს ართმევს.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ავადმყოფობები, რაოდენ სასტიკადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ჩვენს ნაკლოვანებებზე მიგვითითებენ. სწორი მკურნალობისას არა მხოლოდ სხეულებრივი ტკივილებისგან ვთავისუფლდებით, არამედ ამ ავადმყოფობების გამომწვევ სისუსტეებსაც ვაქცევთ ყურადღებას და ამით შანსი გვეძლევა, გამოჯანმრთელებულები უკეთეს ადამიანებად ვიქცეთ.
ნაკლოვანების შემჩნევისას მკურნალობის აზრი მისი საპირისპირო სათნოების განვითარებაზე ზრუნვაა. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი საშუალება დაავადების ძლევისა და განვითარების, რაც ნებისმიერი დაავადებისადმი იმუნურს გაგვხდის.“ ( ედვარდ ბახი „განკურნე საკუთარი თავი“)
„12 მკურნალი“ კი თითოეული ნაყენის ბახისეულ აღწერას გვთავაზობს. ექიმის სურვილი იყო, თავისი აღმოჩენა ადამიანებამდე დამღლელი თეორიების გარეშე მიეწოდებინა. ეს არის წიგნი თავისუფალი მეცნიერული ახსნა-განმარტებებისგან. მარტივი და ყველასთვის გასაგები ენით აღწერს ბახი საკუთარ აღმოჩენას. მკითხველს შეუძლია ინსტრუქცია თავად გამოიყენოს და გაერკვეს, ყვავილების დახმარებით როგორ დაძლიოს შიშები, ეჭვები, სიბრაზე, მწუხარება, დეპრესია.
„მხსნელი წვეთები“ (Rescue) თავად დოქტორი ბახის მიერ შედგენილი კომბინაციაა, რომელიც შოკური მდგომარეობისას ყველა ადამიანისთვის თანაბრად მარგებელია. ეს კომბინაცია დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. იგი ხუთ სხვადასხვა ესენციას შეიცავს. მისი მიღება სხეულის დაზიანებით გამოწვეული ტკივილისას, თუ ნებისმიერი ცხოვრებისეული ტრავმისას არის მიზანშეწონილი. ეს ელექსირი ადამიანს სულიერი წონასწორობის დაბრუნებასა და ფსიქიური დათრგუნულობის გადალახვაში ეხმარება.
„მხსნელი წვეთები“ -დან პირველი ესენცია ბეთლემის ვარსკვლავია (Star of Bethlehem, Ornithogalum umbellatum). მის მოქმედებას ბახი ასე ახასიათებს: „ადამიანებისთვის, რომლებიც დიდ ტანჯვაში იმყოფებიან და გარკვეული დროით თავს ძალიან უბედურად თვლიან. ასევე, ცუდი ამბის შეტყობისას, საყვარელი ადამიანის დაკარგვისას, ან ძლიერი დაზიანებისას. ამ ყვავილს ნუგეში მოაქვს თვით უკიდურესი სასოწარკვეთისას.“
მეორე მზეყვავილაა (Rock Rose, Helianthemum nummularium). ბახი მას ასე აფასებს: „გამოიყენება სასწრაფო დახმარების სახით. იმ შემთხვევებში, როცა სიტუაცია უიმედო ჩანს. უბედური შემთხვევებისა და ავადმყოფობებისას. მაშინაც, როცა პაციენტს ძალიან ეშინია, ან პანიკაში ვარდება.“
ჰიმალაის ბალზამი (Impatiens glandulifera) მესამე ესენციაა, რომელიც ბახის მიხედვით განკუთვნილია „ადამიანებისთვის, რომლებიც სწრაფად აზროვნებენ და ყოველგვარი შეყოვნების გარეშე მოქმედებენ. ასევე, მათთვის, ვისაც ავადმყოფობისას მხოლოდ გამოჯანმრთელების სურვილი აწუხებთ. უჭირთ მოთმინება გამოიჩინონ განსაკუთრებით დინჯი ადამიანების მიმართ, რამეთუ ყალბ და დროის მფლანგველებად მიიჩნევენ და მათ დაჩქარებას ცდილობენ.“
ალუჩა (Cherry plum, Prunus cerasifera) „მხსნელი წვეთების“ მეოთხე ესენციაა. ბახი მას ასე ახასიათებს: „შიშის საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებული უძლურებისას. საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიშისას. არასწორი ქმედებისკენ ლტოლვისას.“
კატაბარდა (Clematis vitalba) მეხუთე და ბოლო კომპონენტია. ნაზი და სურნელოვანი ყვავილები ბახმა დაახასიათა „მათთვის, ვინც მეოცნებეა, ნახევრად ფხიზელი ადევნებს თვალს ცხოვრებას და დიდ ინტერესსაც ვერ პოულობს მასში. ეს მშვიდი ადამიანებისთვისაა, რომელთაც არ აბედნიერებთ აწმყო და უფრო მეტად ილუზორული მომავალი ხიბლავთ. ცხოვრობენ საკუთარი ოცნებების ასრულების იმედით. ავადმყოფობისას უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ცდილობენ გამოჯანმრთელებას. გარკვეულ შემთხვევაში მოუთმენლად ელოდებიან სიკვდილს, უკეთესი მომავლის, ან ოდესღაც დაკარგულ, საყვარელ არსებასთან შეხვედრის იმედით.“
ბახს სურდა, მისი ესენციები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. გერმანიაში მაგალითად „მხსნელი წვეთები“ ძალიან პოპულარულია და 10 მილილიტრიანი ბოთლის საშუალო ღირებულება 7-დან 8 ევრომდე მერყეობს. თბილისში, ერთ-ერთ აფთიაქში იგივე ნაწარმი, სახელით „გადარჩენის საშუალება“, 28 ლარი ღირს. დღევანდელი რეალობა არ შეესაბამება ბახის სურვილს. ესეც ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელზეც სტეფან ბოლმა, (Stefan Ball) დოქტორ ედვარდ ბახის ცენტრის ხელმძღვანელმა გვიპასუხა. მისი განმარტებით ბახის ესენციებს ბევრი კომპანია აწარმოებს, რაც ბუნებრივია ბაზარზე პროდუქტს დაბალ ფასს უნარჩუნებს. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში იმპორტირებული ესენციები ძალიან ძვირად ფასობს. სტეფან ბოლი ამ რთული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებას ისევ და ისევ ბახისავე სურვილში ხედავს: „ბახის თერაპიის ძირითადი პრინციპი მის უბრალოებაშია. ნებისმიერ ადამიანს თავადაც შეუძლია დაამზადოს ბახის ესენციები და ამისთვის არანაირი ნებართვა არ სჭირდება ბახის ცენტრისგან. ბახმა შეგნებულად არ დააპატენტა თავისი მეთოდი.“ თუმცა ბაზარზე მწარმოებლებს მაინც აქვთ დარეგისტრირებული თავიანთი პროდუქცია. ბატონი ბოლის რჩევით, ქვეყნებში, სადაც ფასისა თუ სხვა მიზეზის გამო ბახის წვეთები დღემდე მიუწვდომელია, ადამიანებს ურჩევს გამოიყენონ აღწერილი მეთოდები და თავად დაამზადონ ბახის ყვავილების ესენციები.
ბახმა ესენციების დამზადება თავდაპირველად ყვავილებიდან ნამის შეგროვებით დაიწყო, მაგრამ ეს მეთოდი არაეფექტური აღმოჩნდა. შემდგომში განავითარა მზის და დუღილის მეთოდი. ყვავილები დილის 8-9 საათს შორის იკრიფება, უშუალოდ მზის ყველაზე ინტენსიური დასხივების შემდეგ. მომდევნო 4 საათის განმავლობაში ისინი მინის ჭურჭელში ინახება. ცუდი ამინდის შემთხვევაში, ყვავილებს 20 წუთის განმავლობაში ხარშავენ. შემდეგ იფილტრება, მას ალკოჰოლი ემატება და ბოთლებში თავსდება. მიღებულ ნაყენს კი მომხმარებელი წყალში ანზავებს. რეკომენდირებულია 2-3 წვეთის მიღება დღეში 4 ჯერ. რაც შეეხება შედეგს, რაც უფრო ღრმაა პრობლემა, მით უფრო მეტ დროს მოითხოვს მკურნალობა.
ბახის მიერ შემოთავაზებული მკურნალობის მეთოდი ვერ ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ სამედიცნო მკურნალობას. თუმცა ბახის ყვავილების ელექსირი ადამიანის სულის უზენაეს შრეს ეხმიანება და სალბუნობს. და მაინც, ყველაფრის ეჭვის თვალით მჩხრეკელთათვის ბახის ყვავილების ნაყენს მხოლოდ პლაცებო ეფექტი მიეწერება. რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას, მაშინ როცა მუქ ყავისფერ პატარა ქილაში მოთავსებული წვეთები ასეთ ჯადოსნურ გავლენას ახდენს? უბრუნებს ადამიანს საკუთარი თავის რწმენას და ამ რეალობაში ცხოვრების სურვილს.
ბახის წვეთები ერთ-ერთი ლამაზი საიდუმლოა ძალიან დიდ, იდუმალ სამყაროში.
გადახედეთ.. მე ეხლაც მიგდია ჯიბეში მიუხედავად იმისა რომ სამთვიანი კურსი გავიარე და დავძლიე ეგ პრობლემა.. ეხლა საერთოდ აღარ ვიყენებ, არ მახსენებს თავს საერთოდ... არადა ურთულეს ფორმებში გავიარე ეგ საშინელება...
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."