nutsiko
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6067
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04
|
#43329837 · 2 Jan 2015, 18:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გასრულდა ესე 2014 წელი და მეც მომეცა საშუალება, გონების თვალი მომევლო ამ წლისთვის, ერთგვარად შემეჯამებინა ამ წლის ავ-კარგი. მინდა ჩემს ერთგულ მკითხველსაც გავუზიარო ჩემი გულისნადები. სულ წვრილად მოგახსენებთ ყველაფერს:
- განგებამ დიდი განსაცდელი მომივლინა ფულადი სიდუხჭირის სახით და შეიძლება ითქვას, კარგად დავიწყებული გაჭირვება შემახსენა. ბედის უკუღმართობამ დამაფიქრა ახალი შესაძლებლობების ძებნაზე, მათ შორის: ახალი უნარების შეძენის, ახალი საქმის დაწყების, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის და მეც, ეგზომ მონდომებითა და შემართებით, დავიწყე ბრძოლა გადარჩენისათვის, რათა ,,პური ჩვენი არსობისა” მომეპოვებინა საკუთარი თავისა და ჩემი ,,შოშიასავით პირდაღებული” ოჯახის წევრებისთვის. ამან ახალი გამოწვევების წინაშე დამაყენა და ჩემი გულმოდგინე მეცადინეობის წყალობით, შევძელი გაჭირვებისთვის თავის დაღწევა. სრულიად ახალი ,,მწვერვალები დავიპყრე”, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და გულწრფელი მადლობა მათ იმ ნდობისთვის, რაც საქმესა და პირად ურთიერთობებში გამომიცხადეს. მეც ცდას არ დავაკელი, მოვინდომე და მათი იმედი გავამართლე. მადლობა ამისთვის. ქარიშხალი ჩადგა ჩემკენ, აღელვებული ზღვაც მიწყნარდა, ფინანსური მდგომარეობაც დასტაბილურდა და უკეთ ვარ, მშვიდად ვცურავ ცხოვრებისეულ ოკეანეში, აწ უკვე ახალი უნარებითა და ცოდნით გამდიდრებული, რომელიც სამაშველო რგოლივით გარს შემომხვევია და მუდამ მზად ვარ ახალი გამოწვევების საპასუხოდ.
- მივხვდი, რომ პირადი ცხოვრება შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი და არა საჯარო და ყველა საკუთარი საზომით ზომავს, ყველა ცდილობს თავს მოგახვიოს თავისი სუბიექტური აზრი და გაიძულოს თავისი ბრძნული რჩევა-დარიგებებით, იმოქმედო ისე, როგორც თავად იმოქმედებდნენ შენს ადგილას. მივხვდი, რომ მიუხედავად დიდი მეგობრობისა, დიდი გულშემატკივრობისა, დიდი განცდისა, ყოველთვის არსებობს ჩემს ცხოვრებაში რაღაც ან რაღაცეები, რაც, უბრალოდ, არ შეიძლება ჩვენ ორის გარდა სხვას ეკუთვნოდეს. არ შეიძლება ნათქვამი სიტყვები, დამოკიდებულება, გამოხედვა, ხელის ჩაჭიდება, სითბო, ჩახუტება, უთქმელად ნათქვამი წინადადებები და უბრალოდ საყვარელ ადამიანთან გატარებული თუნდაც ორიოდე წუთიც კი ეკუთვნოდეს ორი მონათესავე სულის გარდა სხვას, თუნდაც იმ ადამიან(ებ)ს, ვისაც შენზე ძალიან შესტკივა გული. ძალიან ვწუხვარ ჩემი გამოუცდელობისა და ბოთეობის გამო, რამაც მნიშვნელოვნად შემაფერხა და არასწორი შეფასება გამაკეთებინა რიგ ადამიანებთან და პირობას ვდებ, რომ აღარასოდეს ჩემი პირადი განცდა და პირადი ურთიერთობა აღარ გაცდება ორ ადამიანს, ჩემს და ჩემს საყვარელ ადამიანს და ეს იქნება ურთიერთობა მართლაც პირადი, სადაც ყოველი მესამე, უკვე ზედმეტია.
- მიყვარს ადამიანები, მაგრამ არ მიყვარს ცოდვა, ვარ ცოდვილების და დავრდომილების გვერდით და მათთან ერთად მეც ცოდვილი და სამგზის საწყალობელი ვცდილობ, გავხდე უკეთესი. მათი საშუალებით ვსწავლობ ცხოვრებას და ვხდები უკეთესი, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც პატარა ბავშვივით ყველაფერს ვსწავლობ ცხოვრებისგან, ვისრუტავ მშრალი ღრუბელივით და მუდამ მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. ვმეგობრობ მეძავებთან, ნარკომანებთან, მძიმე ავადმყოფებთან, ოღრაშებთან, ჩათლახებთან, ქურდებთან, გაიძვერებთან, მატყუარებთან, წყალწაღებულებთან, მრავალ ჭირნახულ ყოვლად გათახსირებულ ადამიანებთან, რადგან დავეხმარო მათ, ვისაც სჭირდება დახმარება და საკუთარ თავსაც, ვისწავლო ცხოვრება ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება სწავლობდა ჯერ სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, სწავლობდა წიგნებიდან და წიგნებით, მაგრამ ცხოვრება არასოდეს უსწავლია. ეს მე ვარ, დიახ, მე, რომელსაც ყოველთვის იმაზე მაღალი წარმოდგენა მქონდა ადამიანებზე, ვიდრე სინამდვილეში წარმოადგენდნენ და უზარმაზარი ვარდისფერჩარჩოიანი ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა ამ დედამოხნულ ცხოვრებას. ზიუსკინდის ,,პარფიუმერის” სცენარივით გადავწყვიტე, გამეგო, პოტენციურად რას შეიძლება ფიქრობდეს ესა თუ ის პროფესიისა და საქმიანობის ადამიანი და სად რა ხდებოდა ჩემს საყვარელ ქალაქში იმისთვის, რომ ცხოვრება მთელი სისავსით შემეგრძნო. ამისთვის კი მომიწია დამწყები ფსიქოლოგობა, გამომძიებლობა, ჟურნალისტობა, უბრალოდ, ჩემი ქალაქის აქტიური მოქალაქეობა იმისთვის, რომ დამენახა მრავალი ფერი მრავალფეროვან ქალაქში, სადაც ვცხოვრობ. მადლობა ამ წელს უმდიდრესი გამოცდილებისა და ჩემი ,,ცხოვრებისეული სათვალეების” ფერის შეცვლისკენ, რომელიც უფრო დაბინდდა და დაიწმინდა, რეალური სურათი მომცა მდგომარეობის შესაფასებლად.
- წლის ბოლოს გავთავისუფლდი ყველა იმ ნივთისა და ადამიანისგან, რომლებიც ჟამთა სვლამ გამოსცადა, საკუთარი მისია შეასრულებინა ჩემს დასაბრძენებლად და პიროვნულად გასაზრდელად. გავეცი ყოველი, რაც გამაჩნდა და დავიტოვე მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამეები, ძირითადად, პროფესიული საქმიანობის და პირადი ნივთები, რაც ყოველ ადამიანს ესაჭიროება ამ ცხოვრებაში. მადლობა სამყაროს ამისთვის და ამ წელიწადს, რომ მომცა საშუალება საჭირო და ზედმეტი ერთმანეთისგან გამერჩია, დამეთმო, რაც უნდა დამეთმო და ჩავბღაუჭებოდი მათ, რაც ჩემი განუყოფელი ნაწილია, დამეფასებინა, რაც მაქვს და განმესაზღვრა, რა არის საჭირო ჩემთვის. ჩამოვყალიბებულიყავი სამომავლო გეგმებთან მიმართებით და დამეგეგმა ჩემი ცხოვრების დანარჩენი ნაწილი. მადლობა ამისთვის.
მადლობა ყველა ადამიანს, ყველა მოვლენას, ყველა ცუდსა და კარგს, რაც კი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ამ წელიწადს, მადლობა ყველა ცრემლისა და გაღიმებისთვის, მადლობა ყველა სიმწრისა და გაჭირვებისთვის, მადლობა ყველა ბოროტებისა და სიკეთისთვის ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მადლობა უფალს და განგებას ჩემი დაბრძენებისთვის, მადლობა, რომ ვიყავი კარგი საშენი მასალა, მადლობა რომ ვიყავი ფოლადი გამოსაწრთობი, მადლობა ყველა განვლილი წამისთვის, მადლობა ჩემი გულწრფელი გულისა და ყოველი ბოროტების ღირსეული დათმენისათვის, რამაც გამაძლიერა და უფრო ბრძენი გამხადა.
მშვიდობა მე და სამყაროს, წინ ახალი პიროვნული და პროფესიული ,,მწვერვალების” დასაპყრობად!
რაც არ მკლავს, მაძლიერებს,
|