ვგონებ, საინტერესოა. ჩვენი ბიჭების გმირობის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირში მოსული წერილები

ამის წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია არ იამაყო, რომ ქართველი ხარ

გენაცვალეთ, ბიჭებო!!!
16 სექტემბერი, 2007 წ.
როგორც სამხრეთაფრიკელმა და ზოგადად რაგბის გულშემატკივარმა, მინდა გითხრათ, რომ საოცრად თამაშობთ. წუხელ ტელევიზორში გიყურეთ და თავი ვერ შევიკავე ხმამაღლა რომ არ მეყვირა. გმადლობთ, მსოფლიო თასი რომ გამოაცოცხლეთ. თუ იქ, ზედა ეშელონებში, რაგბის განვითარება ნამდვილად უნდათ, სწორედ თქვენნაირ ნაკრებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. მე არც კი ვიცი ვის დავუკავშირდე – იქნებ თქვენვე მიახვედროთ IRB-ს, რომ მომდევნო მსოფლიო თასზე უფრო მეტმა ახალგაზრდა სარაგბო ქვეყანამ იასპარეზოს, ან რომ "ექვსი ერის" შემადგენლობა გაიზარდოს, ან იქნებ მის პარალელურად მოეწყოს ე.წ. "პატარა ექვსი ერი" "დიდ ექვს ერში" გადასვლის/ჩამოქვეითების შესაძლებლობით? რა თქმა უნდა, მეტოქეთა შორის ძალები ზოგჯერ არათანასწორად გადანაწილდება, მაგრამ გამოცდილება ხომ გჭირდებათ… გუშინდელი დღე რომ ავიღოთ მაგალითად, პორტუგალიის ლელო ახალ ზელანდიასთან თამაშში უდიდესი მიღწევა იყო.
კიდევ ერთხელ გმადლობთ წუხანდელი სანახაობისთვის და აბა თქვენ იცით, ნამიბიასთან როგორ ითამაშებთ. საქართველო აწი ჩემი მეორე გუნდია!
ენდრიუ ლენგდონი
სამხრეთ აფრიკა
16 სექტემბერი, 2007 წ.
საქართველოს ნაკრებს ვულოცავ ირლანდიის წინააღმდეგ გულიან და ვაჟკაცურ თამაშს.
თქვენმა თავდადებამ გამაოცა.
წარმატებას გისურვებთ მომდევნო მატჩებში.
კენ ბაუელი
ახალი ზელანდიის ფანი!!
11 სექტემბერი, 2007 წ.
ბიჭებო, მაგრები ხართ!
რა განწყობით, რა თავდადებით და ძლევამოსილებით წარმართეთ გუშინდელი თამაში! არაჩვეულებრივი იყო! როგორც იქნა, გამოჩნდა გუნდი, რომელიც ძალისმიერ რაგბის თამაშობს და მოწინააღმდეგეს ცოცხალს ტოვებს (რა იქნება, სამოელებსაც ასწავლოთ ასეთი თამაში?).
აბა თქვენ იცით!
ტიმოთი კუტი
ტე აროჰა, ვაიკატო, ახალი ზელანდია
16 სექტემბერი, 2007 წ.
სალამი.
დღეს დილას ვუყურე თქვენს თამაშს ტელევიზორში (ახალ ზელანდიაში ვცხოვრობ). ძალიან მინდა მოგილოცოთ გუშინდელი დღე. ქედს ვიხრი თქვენი შესანიშნავი, თავდადებული თამაშის, ვაჟკაცობისა და ძალის წინაშე; დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება.
გისურვებთ შემდგომ ზრდას და წარმატებას მომდევნო თამაშებში.
ნეტა მოვესწრო იმ დღესაც, როცა საქართველო ახალ ზელანდიას ეთამაშება.
გმადლობთ.
პოლ კოუპლენდი
ახალი ზელანდია
16 სექტემბერი, 2007 წ.
საქართველოს რაგბის კავშირს
გუშინ ვნახე თქვენი ნაკრების თამაში ირლანდიის წინააღმდეგ.
საქართველომ შესანიშნავად იასპარეზა და გამარჯვებას იმსახურებდა.
რა გუნდი გყოლიათ!
საიმონ დიუერსონი
ინგლისი
16 სექტემბერი, 2007 წ.
დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს.
ეს არ იყო წაგება. დღეს ძალიან გამახარეთ… მინეაპოლისში, ბრიტანულ ბარში ვიყავი მარტო ქართველი, მაგრამ ჩემი ქომაგობა და ყვირილი ყველაზე მეტი იყო; თამაშის დროს დამავიწყდა, რომ "მტრის" ბანაკში ვიყავი, თამაშის მერე კი ისინი მოდიოდნენ ჩემთან დ ახელს მართმევდნენ, ეს რა ფანტასტიური გუნდი გყოლიათო…
დიდი მადლობა ამ უზარმაზარი სიხარულისთვის.
ნამიბიასთან და საფრანგეთთან გამარჯვებას გისურვებთ!
გოდერძი ხობელია
მინეაპოლისი, აშშ
ჯიგრები ხართ, ძმებო!
მიყვარხართ!
ირლანდიური პრესა გლოვობს გუშინდელ შედეგს.
გიორგი ქავთარაძე
საქართველო
16 სექტემბერი, 2007 წ.
ასეთი სასწაული ცხოვრებაში არ მინახავს! თამაშს პრაღის ერთ ირლანდიურ პაბში ვუყურეთ მე და ჩემმა თანამშრომლებმა (შვილებითურთ). რა ირლანდიელები, რის ირლანდიელები - პაბი ქართველებმა ავიღეთ!!! ხალხი გაოგნებული უყურებდა ხან ეკრანს, ხან ჩვენ... ქართველების წაგებას მიჩვეული ჩემი შვილებიც წელში გაიმართნენ. მოკლედ, დიდი ზეიმი იყო!
25-ში მივფრინავ პარიზში და ბოლო ორ თამაშს "ცოცხლად" ვნახავ. ძალიან მიხარია!
გეხვევით ყველას!
თქვენი დათო
დავით კაკაბაძე
პოლონეთი
11 სექტემბერი, 2007 წ.
ქართველებო, გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ მატჩს არგენტინასთან.
თქვენი მოთამაშეების ძალა და ვაჟკაცობა ხომ სამშობლოს სიყვარულში იღებს დასაბამს. თამაში საოცარი საყურებელი იყო, და მისი ანგარიში არანაირად არ ასახავს თქვენს თავდადებას. ჩემთვის მეტად საამაყო იყო ასეთი რაგბის ყურება.
ნამიბიასთან გამარჯვებას გისურვებთ.
ასე თუ გააგრძელეთ, მე ვთვლი, რომ ექვსი ერის ტურნირსაც სულ მალე შეუერთდებით.
ჯეიმს ო’რეილი
კორკი, ირლანდია
16 სექტემბერი, 2007 წ.
ვსარგებლობ შემთხვევით და წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით კი კლუბ "ტულონის" კაპიტანს გია ლაბაძეს. გია, ჩვენი კლუბის ყველა წევრის გულით შენთან და შენს ნაკრებთანაა – აბა თქვენ იცით! იმედია, მალე დაგვიბრუნდები.
ბიჭებო, კარგი თამაში და გამარჯვების სურვილი არ მოგიშალოთ ღმერთმა. მოედანზე თქვენი ყოველი გამოსვლა სერიოზული განაცხადია იმისა, რომ საქართველო დიდი სარაგბო ერი გახდება.
ლეფონდერი
კლუბ "ტულონის" სეკრეტარიატის სახელით
16 სექტემბერი, 2007 წ.
მოგესალმებით.
მე ერთი რიგითი ქართული რაგბის გულშემატკივარი გახლავართ.
ჭკუიდან გადავედი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენი თამაშის მნახველი, განსაკუთრებით ირლანდიის წინააღმდეგ. IRB-ს საიტზე წერენ ირლანდიელები ქართველების გასანადგურებლად გამოვიდნენ და თვითონ კინაღამ წააგესო – ასეა, ჩვენი ბიჭები მაგრები არიან, ძალიან მაგრები!!!
წარმატებას გისურვებთ.
ალექსი ვაჩაძე
საქართველო
16 სექტემბერი, 2007 წ.
ბიჭებო, გილოცავთ!
ფანტასტიურად ითამაშეთ; ორივე მატჩში გამარჯვება გეკუთვნოდათ. საქართველოს ნაკრები ყოველთვის გამოირჩეოდა თავდადებით და ძალით, მაგრამ ასეთი თამაში ჯერ არ გვინახავს!
ვამაყობთ თქვენით. წარმოგვიდგენია, თქვენი თანამემამულეები და გულშემატკივრები როგორ გრძნობენ ახლა თავს.
წარმატებას გისურვებთ!
საუკეთესო სურვილებით,
ალან სოლომონსი (IRB-ს განვითარების განყოფილება)
ჯონ ბარნსი (კლუბ "ბრისტოლის" მწვრთნელი)
17 სექტემბერი, 2007 წ.
სალამი!
მართალი გითხრათ, ირლანდიის ნაკრებს ვუჭერ მხარს და ირლანდიაში ვცხოვრობ, მაგრამ მაინც მომინდა თქვენთან გამოხმაურება.
გილოცავთ, ბიჭებო, საოცრად ითამაშეთ. გულწრფელად ვფიქრობ, რომ გამარჯვებას იმსახურებდით; სიტყვები არ მყოფნის თქვენი თამაშის აღსანიშნავად.
საუკეთესო სურვილებით,
სტივენ მაკკორმაკი
ირლანდია
17 სექტემბერი, 2007 წ.
სამხრეთ აფრიკიდან გწერთ. ამ შაბათს რა მატჩებსაც ვუყურე, სამხრეთაფრიკელებზე უფრო ლამაზად ერთადერთმა ნაკრებმა ითამაშა და ეს სწორედ თქვენ იყავით.
ძალიან მომწონს თქვენი სტილი. ჯიგრები ხართ. აწი საქართველოს არცერთ მატჩს არ გამოვტოვებ, ყველას უნდა ვუყურო.
წარმატებებს გისურვებთ და გეხვეწებით, იქნებ როგორმე მოახერხოთ და ფრანგებს მოუგოთ.
ჯონ დე ლანჟი
სამხრეთ აფრიკა