“ლელომ” ჩემპიონის ოცნება ბოლო წამზე დაალელოვა ფრანგი რეფერის მიერ დამატებული წუთები მიდიოდა, როდესაც ქვეყნის ჩემპიონ “ვისოლი-ყოჩების” დაცვის მარცხენა ფლანგზე გოდერძი ჯოგლიძემ გაინავრდა, ბურთი გიორგი ლომინაძეს მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაყოლა და “ლელომ” ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე “ლოკომოტივი” იქნება.
როგორც მოსალოდნელი იყო, მცირე ფინალი დაძაბული, ლამაზი საყურებელი გამოდგა. განსაკუთრებით დრამატული ბოლო 10-15 წუთი იყო, როდესაც თითქოსდა უიმედოდ დარჩენილმა “ყოჩებმა”, სიტუაცია ჯერ სათავისოდ შემოატრილა, მერე კი მაინც “ლელომ” იმარჯვა და გადამწყვეტი ლელოს გატანით, “ლოკომოტივთან” თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრას 1000-მდე რაგბის თავგადაკლული ქომაგი დაესწრო, რომლებიც თავიდანვე ორ ბანაკად დაიყვნენ და თავიანთი საყვარელი გუნდის მორაგბეებს მთელი შეხვედრის განმავლობაში ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ. თამაში რომ თანაბარი გამოდგებოდა, ამაზე ისიც მეტყველებდა, რომ რეგულარული პირველობის პირველ წრეში, “ლელომ” “ყოჩები” სულ რაღაც 4 ქულის სხვაობით დაამარცხა (15:11), მეორე წრეში კი უკვე მნიშვნელოვნად მოძლავრებულმა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, სრულფასოვანი რევანში აიღო და “ლელო” 22:14 დასცა, რითაც საკუთარი საჩემპიონო ამბიცია წინა პლანზე წამოსწია.
საფელიოფო შეხვედრებისა არ იყოს, დამრტყმელებმა ამჯერადაც ბევრი ჯარიმა თუ გარდასახვა გააცუდეს. პირველი შესაძლებლობა “ლელოს” მიეცა, ჯოგლიძეს ჯარიმით ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. მალევე მოლში თამაშგარედან თამაშისთვის ლელოელები დაჯარიმდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვისოლი-ყოჩების” 10-მა ნომერმა ლაშა მალაღურაძემ, თავისი გუნდი დააწინაურა - 3:0.
ამიშ შემდეგ, მალაღურაძემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რითაც “ლელომ” მყისიერად ისარგებლა. არადა, თავიდან ყველაფერი იმით დაიწყო, რომ “ლელომ” საკუთარი აუტი წააგო (მცირე ფინალში “ლელომ” მსგავსი შეცდომა არაერთხელ დაუშვა) და მალაღურაძემ ბურთის ფეხით გადაკიდება სცადა, მაგრამ მას ლაშა ხმალაძემ დაუფარა, ბურთი თავადვე მოიხელთა და ძელებს შორის შეარბენინა, ჯოგლიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და “ლელო” 7:3 დაწინაურდა.
როგორც ჩანს, ამ მომენტმა მალაღურაძეზე ცუდად იმოქმედა და ერთი ხანობა, მას თამაში არ წაუვიდა. შედეგად, უპირატესობა “ლელომ” მოიპოვა და ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო, მაგრამ ჯოგლიძის დარტყმულმა ძელებამდე საერთოდ ვერ მიაღწია, მერე კი “ყოჩები” გახელდა და თამაში მეტოქის 22-ში გადაიყვანა. მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობით ვერ ისარგებლა და ნელ-ნელა თამაში “ლელომაც” დაალაგა. “ყოჩებმა” მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერება მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე მოახერხადა ჯოგლიძემ ჯარიმით იხეირა, პირველი ტაიმის ბოლომდე კი, მანვე ერთი ზუსტი ჯარიმაც დაჰკრა და ანგარიში 13:3 გახადა.
ჩემპიონებმა გაიბრძოლეს, მათ შესვენებაზე 10-ქულიანი ჩამორჩენით გასვლა ნამდვილად არ სურდათ და ბოლოსკენ ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცაღა მალაღურაძემ ცუდად დაარტყა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიწვია.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, “ლელოს” ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა მიეცა, “ყოჩები” ზედ კარის გასწვრივ, ძელებიდან დაახლოებით 45 მეტრში დაჯარიმდა, თუმცა, ჯოგლიძეს დარტყმულს ამჯერადაც ძალა დააკლდა.
გარკვეულწილად, ეს მომენტი გარდამტეხი ამოჩნდა. “ყოჩებმა” იყნოსა, რომ თამაშის გადარჩენა შეიძლებოდა და მეტოქის ნახევარზე დასახლდა. მათ “ლელოს” 22-ში გვარიანი დრო გაატარეს და ბლომად იჭიდავეს, ბურთის გაშლა და ფლანგების ცვლით მეტოქის დაცვის ზღუდის გარღვევაც სცადეს, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს და ზედ 22-ის ხაზიდან, მალაღურაძემ ანგარიშის შემცირება ერთ გარდასახულ ლელომდე სცადა, თუმცა, ისეთი ჯარიმა გააფუჭა, სხვა დროს 10-დან 10-ს რომ გაიტანდა.
ამასობაში, შეხვედრის დასრულებმდე 15-ოდე წუთიღა დარჩა და რეფერიმ “ლელოელი” თოდუა გაასინბინა, რითაც “ყოჩებმა” რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა და ერთ წუთში საპასუხო ლელოც გაიტანა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან სანდრო ნიჟარაძე გაიქცა და მცველებთან ჯაჯგურში, ლელო “ლელოს” ჩათვლის მოედანში ზედ გვერდით ალამთან შეიტანა, მაგრამ მალაღურაძეს გარდასახვა გაუფუჭდა და ანგარიში მხოლოდ 5 ქულამდე შემცირდა.
სანამ “ლელო” კაცნაკლული იყო, “ვისოლი-ყოჩებს” ლელოს გატანის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა მიეცა. ვიდრე დამხვდურები ხაზს დაალაგებდნენ, სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ, მათ დაახლოებით 50 მეტრით წინ წაიწიეს, თუმცა შეტევა სწორად ვერ განავითარეს და მეტოქეს მიძალების შეჩერების საშუალება მისცეს. “ყოჩებს” შეხვედრის გადასარჩენად და ტიტულის დაცვის უფლების მოსაპოვებლად, სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა, თამაშის ტემპმა საგრძნობლად იმატა. ჩემპიონები ხელდახელ თამაშობდნენ და ძირითადი დროის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, როდესაც ლელო გაიტანეს. “ლელოელთა” მიერ ფეხით უხეიროდ გადაკიდებული ბურთი ირაკლი გეგენავამ მოიხელთა, თავად მოწინააღმდეგეზე უკეთ გადაკიდა, ბურთს ბოლომდე მიჰყვა, მცველი შებოჭა, მას თანაგუნდელები წამოეშველენ და მალაღურაძემ ნიჟარაძეს შეხვედრის მეორე ლელო გაატანინა, თუმცა, თავად მას გარდასახვა გაუფუჭდა და ანგარიში საყაიმო გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 13:13 იყო, შეხვედრის ასე დასრულების შემთხვევაში, ფინალის საგზურს “ვისოლი-ყოჩები” იღებდა. საქმე ისაა, რომ დებულების თანახმად, ფლეი-ოფში მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, პირველ რიგში, უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელსაც მეტოქეზე მეტი ლელო აქვს გატანილი, იმ მომენტისთვის კი, “ყოჩები” “ლელოს” ლელოებით 2:1 უგებდა.
მაგრამ “ლელო” არ დანებდა. ბოლოსკენ გაიბრძოლა და შედეგმაც არ დააყოვნა - ჯოგლიძემ ბურთი შეტევის მარჯვენა ფლანგზე, ცენტრალურ ხაზთან მოიხელთა, ფინტებით “ყოჩების” დაცვის ხაზი გაარღვია, ის ბოლო მომენტში, უკნიდან კი შებოჭეს, მაგრამ წამოწეული გიორგი ლომინაძის მისამართით, ზუსტი პასის გაკეთება მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ მის შეჩერებას ერთდროულად რამდენიმე მცველი ცდილობდა, ლომინაძემ ინერციით “ყოჩების” ჩათვლის მოედნის გადაკვეთა და ბურთის დამიწება მოახერხა.
ჯოგლიძემ გარდასახვა გააფუჭა, მაგრამ ეს არაფერს წყვეტდა, რადგანაც მატჩის დრო უკვე ამოწურული იყო და “ლელომაც” 18:13 იმარჯვა, რითაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მაშ ასე, 9 ნოემბერს, საქართველოს პირველობის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც “მიხეილ მესხზე” 16.00 საათზე დაიწყება, ერთმანეთის პირისპირ “ლოკომოტივი” და “ლელო” წარსდგება. მიმდინარე სეზონში, ეს ამ გუნდების რიგით მე-4 შეხვედრა იქნება. რეგულარული პირველობის პირველ წრეში, “ლოკომოტივმა” “ლელო” 31:5 დაამარცხა, მე-2 წრეში კი “ლელომ” ჯავრი იყარა და 14:9 იმარჯვა. ამ გუნდების საფლეიოფო შეხვედრა, “ლოკომოტივმა” 17:13 მოიგო და თავად ფინალში თამაშის უფლება პირდაპირ მოიპოვა, “ლელო” კი მცირე ფინალში “ვისოლი-ყოჩებთან” სათამაშოდ გაისტუმრა.
“ლელოელთა” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ფლეი-ოფში “ლოკომოტივთან” დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებს და რევანშის აღებას გადამწყვეტ შეხვედრაში ეცდება.
4 ნოემბერი. მცირე ფინალი
ლელო - ვისოლი-ყოჩები 18:13
9 ნოემბერი. ფინალი
ლოკომოტივი - ლელო (16.00)
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14070