მორიგი მხარდამჭერი გამოხმაურება
http://www.therugbypaper.co.uk/featured-po...ias-tour-glory/ესეც თარგმანი
„საქართველოს ნაკრები წყნარი ოკეანის ტურნედან თბილისში ორი მოგებით და ერთი ფრით დაბრუნდა. ამ შედეგის გამო მან დამსახურებული შექება დაიმსახურა და პირველად ისტორიაში, მსოფლიოს რეიტინგში მე-11 პოზიციამდე დაწინაურდა.
მსოფლიო თასზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, სახლისგან შორს მიღწეული შედეგი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიო რაგბიზე ზეწოლის კუთხით, რათა მოხდეს მათი ჩართვა კომერციულ ტურნირ ექვს ერში. მსოფლიო რაგბის მმართველები ვალდებულნი არიან რაგბის ზრდას ხელი შეუწყონ. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი სამართლიანად კითხულობს, რატომ არ არსებობს ამდენ ხანს ექვს ერში გავარდნა-ასვლის სისტემა. ევროპის უძლიერეს ტურნირში კონკურენციის საფუძველზე საუკეთესონი უნდა თამაშობდნენ და არა თვითდაჯერებული ელიტის წარმომადგენლები.
ეს პოლიტიკა გაგრძელდება, პარალელურად კი, საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, 2011 წლიდან გუნდში წარმატებული მოღვაწეობის გამო საქართველოს სპორტის რაინდის მედლით დააჯილდოვეს. ცნობისათვის, მსგავსი ჯილდო ისეთ სპორტსმენებს აქვთ მიღებული, როგორიც ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი, მსროლელი ნინო სალუქვაძე არიან.
„ეს უდიდესი პატივია, უმაღლესი სინჯის ჯილდო, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, რომლებმაც უკანასკნელ წლებში ქართული რაგბის განვითარებისთვის ყველაფერი გაიღეს. აქ მორაგბეები თუ რაგბიში ჩართული ადამიანები, თავ-თავიანთი მიმართულებით ენერგიას არ ზოგავენ, რაგბიზე დამოკიდებულები არიან და რაც მთავარია, ყველა სწორი მიმართულებით ვითარდება. ვიცით, რომ ყოველი ნაბიჯის შემდეგ, გზა კიდევ უფრო გართულდება, თუმცა ამისათვის მზად ვართ“ - ამბობს ჰეიგი.
იმის გათვალიწინებით, რომ წყნარი ოკეანის ტურნეზე საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად წამყვანი მორაგბეების გარეშე იმყოფებოდა, ეს წარმატებული ტური კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება. ყველაზე ცნობილი ქართველი მორაგბეები ამ პერიოდში საფრანგეთში, ტოპ 14-ის პლეი ოფში თამაშობდნენ: დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი „კლერმონისთვის“ ირჯებოდნენ, დავით ქუბრიაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი, რომელიც ტოპ 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯად დაასახელეს, „მონპელიეს“ ეხმარებოდნენ. ნაკრებში არ იყვნენ დავით ხინჩაგიშვილი „რასინგიდან“ და ვასილ კაკოვინი „ტულუზიდან“, ხოლო „ტულონის“ ფორვარდებმა - ლევან ჩილაჩავამ, კონსტანტინე მიქაუტაძემ და რაღა თქმა უნდა მამუკა გორგოძემ, ფინალური შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს.
ბევრი გუნდი ვერ შეძლებდა განსაკუთრებით პირველ ხაზში ასეთი დანაკლისი შევსებას, თუმცა საქართველომ ასეთ სიტუაციაშიც შეძლო ნაკლებადცნობილი გვარებით არა მხოლოდ ლიდერების ღირსეულად ჩანაცვლება, არამედ როტაციასაც მიმართა და თუ სამოასთან და ფიჯისთან შეხვედრა ირაკლი მირცხულავამ და კარლენ ასიეშვილმა დაიწყეს, ტონგასთან სასტარტოში ანტონ ფეიქრიშვილი და ზურაბ ჟვანია იყვნენ.
საქართველოს ნაკრების უპირატესობაა ის, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს დაცვაში თამაში და ეს სამივე შეხვედრაში გამოჩნდა. სამოას საპასუხო დარტყმა 9:16 ჩამორჩენის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელოთი მიაყენეს და საბოლოოდ მატჩი 19:19 დაასრულეს, ტონგასთან ფიზმომზადების საუცხოო მაგალითი ვაჩვენეს და გაწითლებულ დროზე დავით კაჭარავას ლელო ვიხილეთ, მეორე ამ შეხვედრაში და გუნდი, რომელსაც მსოფლიო თასზეც სძლიეს, ამჯერად 23:20 დაამარცხეს. და ბოლოს, ძლიერად შეთამაშებულმა დაცვამ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოუპოვა ფიჯისთან - 14:3, არამედ საქართველო გახდა პირველი გუნდი უკანასკნელ ხუთ წელიწადში, რომელმაც ფიჯელებისგან ლელო არ გაუშვა. მსგავსი რამ ბოლოს 2011 წელს უელსთან შეხვედრაში დაფიქსირდა.
„წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოგზაურობა რაღაც განსაკუთრებულს გვიქადდა, რადგან მსგავსი ტურნე საქართველოს ნაკრებს მანამდე არასდროს ჰქონია. მსოფლიო თასის შემდეგ ვიცოდით, რომ ივნისში რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს მოვისაკლისებდით, მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდით. მნიშვნელოვანი იყო უმოკლეს დროში მიგვეღწია იმ ინტენსივობისთვის, რაც მსოფლიო თასზე გვქონდა, რადგან ვიცოდით რაოდენ რთული თამაშები გველოდა. ვიცოდით ისიც, რომ პრობლემებს კლიმატური პრობლემებიც შეგვიქმნიდა და აპიამდე ხანგრძლივი მოგზაურობაც, თუმცა აკლიმატიზაცია სწრაფად გავიარეთ და პირველი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. ტურმა რეალური იმპულსი ამის შემდეგ შეიძინა და უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ“ - ყვება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ჰეიგი ნამდვილად კმაყოფილი იქნება, როდესაც ნახავს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თამაშებს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. მანჩესტერში საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა და გაისად ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც მას მასპინძლის სტატუსით ისედაც ერგებოდა. ახალგაზრდა ქართველებმა ახალ ზელანდიასთან კრახის შემდეგ ირლანდიასთან ძალიან კარგად იმუშავეს, ექვსი ერის დიდი სლემით მომგებ უელსთან ტოლსწორად ითამაშეს და მხოლოდ 9:10 დამარცხდნენ, იტალიის ძლევის შემდეგ კი, საფრანგეთთან შეხვედრა მცირედით, 24:27 დათმეს.
ყოველგვარი ჭოჭმანის და ადმინისტრაციული თავსატეხების გარეშე, ახლავე შეიძლება 20-წლამდელთა ექვს ერში საქართველოს ჩართვა. „მსოფლიო რაგბიმ“ უნდა მოახდინოს მოვლენების ფორსირება და თუ ექვსი ერსაც სურს საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესება, ქართული რაგბის წარმატება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“.