THH
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3763
წევრი No.: 151080
რეგისტრ.: 18-June 12
|
#39689095 · 2 Feb 2014, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
melodyman/
QUOTE | ახლა ინგლისურად ვკითხულობ Pan-ს ცოტა კი მიჭირს,მაგრამ არაა რთული წასაკითხი საინტერესო ჩანს |
პანი მართლაც საოცარია.... აი ნაწყვეტები ქართული თარგმანიდან, რომელიც ვიღაცას ედო ურაკპარაკზე:
თავი პირველი
ეს რამდენიმე დღეა, გამუდმებით ნორდლანდის ზაფხულზე და იქაურ მარად დღეებზე ვფიქრობ. თითქოს აქ ვზივარ, ფიქრით კი იქ ვარ. თვალწინ ქოხი მიდგას, სადაც ვცხოვრობდი და ტყე რომელიც ამ ქოხს გარს ერტყა. ფიქრები ქაღალდზე კი იმიტომ გადამაქვს, დრო რომ გავიყვანო და ცოტა გავერთო, სხვა რა უნდა მქონდეს მიზნად? დრო კი მიზოზინობს და ამაოა მცდელობა ჩემი, ავაჩქარო მდინარება მისი. სადარდებელიც არაფერი მაქვს, გარნა საამო არაა აქაური ცხოვრება? სიამის გრძნობითა ვარ აღვსილი და არც ჩემი ოცდაათი წელია დიდად სადარდო.
რამდენიმე დღის წინ კი ერთმა პიროვნებამ, ორი ფრთა გამომიგზავნა, ფრინველთა ორი საწერი ფრთა, ბეჭედდასმულ გერბიან ქაღალდთან ერთად. შორზე შორი მანძილიდან გამომიგზავნა, თუმც არანაირად არ გახლდათ ვალდებული დაებრუნებინა ისინი ჩემთვის. ისე, კი გამართო ამ ჯოჯოხეთურად მწვანე ფერის ფრთების დანახვამ.
არც არაფერი მაწუხებს. ეგაა მარცხენა ფეხი თუ მტეხს ხანდახან, ტყვიით ნაჭრილობევი, უკვე დიდი ხნის შეხორცებული.
მახსოვს, რა თაბრუდამხვევი სისწრაფით მიჰქროდა დრო ამ ორი წლის წინათ, არაფრით შეედრებოდა ახლანდელ დღეთა მდინარებას. მაშინ, 1855 წელს, შეუმჩნევლად გამეპარა ზაფხული. ახლა კი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ, რაც გადამხდა თუ მეზმანა მაშინ. იმჟამინდლიდან უმრავლესობა დავიწყების ბინდმა დაჰფარა, მათზე ხომ თითქმის აღარ ვფიქრობდი. თუმც კარგად მახსოვს, მეტად ნათელი ღამეები იდგა, რის გამოც, ბევრი რამ მაოცებდა და მეჩვენებოდა არაბუნებრივადაც. მართალია, იმ წელსაც თორმეტი თვე ჰქონდა, მაგრამ ღამეები ჰგავდნენ დღეებს და არც ცაზე შემინიშნავს ვარსკვლავნი არსად. ხალხიც, ვინც კი შემომხვდა, მეუცნაურნენ ძლიერ. ოჰ, რარიგად არ ჰგავდნენ ისინი ჩემს ადრინდელ ნაცნობებს. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ღამეც კმაროდა, ბავშვი ზრდასრულად ქცეულიყო, გონიერ და მომწიფებულ პიროვნებად, ყოველგვარი გრძნეულობის გარეშე. არასდროს მენახა მსგავსიც კი .... არასდროს.
ქვევით, ზღვის პირას მიმდებარე თეთრ, დიდ სახლში შევხდი ადამიანს, რომელმაც სულ ცოტა ხნით მიიპყრო ჩემს აზრთა მდინარება. ახლა კი მავან ბანოვანზე, განუწყვეტლივ სულაც არ ვფიქრობ. არა, ნამდვილად არა. ის დავივიწყე და მის მაგივრად ახლა მახსენდება სრულიად სხვა რამ: ხმიანობა ზღვისა და ფრინველთა, ნადირობა ტყეში, ზაფხულის ამო და თბილი ჟამი, მე და ღამეები. ის შეხვედრა გარემოებათა დამთხვევა გახლდათ. ბრმა შემთხვევითობა რომ არა, მასზე არასდროს დავინაღვლებდი.
ქოხიდან, სადაც ვცხოვრობდი, ნათლად შეიძლებოდა დანახვა კლდეთა, შხერთა თუ კუნძულთა ნაირგვარობის, ასევე ნაწილი ზღვისა და მთათა ლურჯ მწვერვალთა. ქოხს უკან ტყე ერტყა, უკიდეგანო. უზომოდ ბედნიერს, ფესვთა და ფოთოლთა სურნელი მადლიერებით მავსებდა. როგორ მიყვარდა ის მძაფრი სუნი, რასაც დაკოჟრილი ნაძვები გამოსცემდნენ. მარტო ტყეში შემეძლო დამშვიდება. გამჭრიახი და ნათელი გონება მქონდა. ყოველდღე ტყიან მთებში ავდიოდი ეზოპესთან ერთად. სხვა სურვილი, გარნა იქ ხეტიალისა, არა მქონია, თუმც მიწა ჯერ ისევ თოვლითა და ჭყაპით იყო დაფარული. მთებში ეზოპე იყო ერთადერთი თანმხლები ჩემი. ახლა კორა მყავს, მაშინ ეზოპე, ძაღლი, რომელსაც შემდეგ თოფი დავეცი.
ხშირად საღამოობით, მთელი დღის ნადირობის შემდეგ ქოხში მობრუნებულს, თბილი, მშობლიური სამყოფლის განცდა მეუფლებოდა, თავით-ფეხამდე სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა ტანში და არ შემეძლო ეზოპესთვის არ მეთქვა, რაოდენ კმაყოფილი ვიყავი იმ წამს: ''ახლა ჩვენ ცეცხლსაც ავანთებთ და ფრინველსაც შევწვავთ, რას იტყვი ამაზედ?'' და როცა აღვასრულებდით ამა საქმესა, დანაყრებულნი, ეზოპე კერიის უკან გაწვებოდა დასაძინებლად, მე კი ჩიბუხს გავაჩაღებდი და სკამზე გადაწოლილი ერთხანს ვუსმენდი ტყიდან გამოღწეულ ხმებს. ქოხისკენ ნიავს მოჰქონდა აფორიაქებული კრიახი როჭოსი. ამ ხმას თუ არ ჩავთვლით, ირგვლივ სრული სიმშვიდე მეფობდა. ხშირად ჩამძინებია ასე გადაწოლილს, მთლიანად ჩაცმულს და არ გამღვიძებია, სანამ ზღვის ფრინველთ არ დაუწყიათ შორით ძახილი. გამოღვიძებულს სარკმლიდან შემეძლო დამენახა გირლუნდის სავაჭრო ცენტრის დიდი, თეთრი შენობა, საიდანაც ჩვეულებრივ პური მომქონდა. წამოდგომას არა ვჩქარობდი და ვკვირობდი, რა მანქანებით აღმოვჩნდი აქ ქოხში, ტყისპირას, შორეულ ნორდლანდში.
მალევე ამის შემდგომა, ეზოპე კერიასთან გასჭიმავდა გრძელსა და ღონიერ ტანსა, ააჟღარუნებდა საყელურსა, აყეფდებოდა, ააქიცინებდა კუდსა და მეც, სამ-ოთხ საათიანი ძილით დასვენებული და უზომოდ კმაყოფილი, ფეხზე ვდგებოდი.
აჰ, რამდენი ღამე მქონია ამისა მსგავსი.
თავი მეორე
ვინ მოთვლის რამდენი წვიმა და ქარიშხალი დამტეხია თავსა. წვიმიან დღესაც კი, პატარ-პატარა, სამხიარულო განწყობილობა შეიძლება რამდენჯერმე ეწვიოს კაცსა და ისიც განმარტოვდეს თავის ბედნიერ წუთებთან, შეჩერდეს სადღაც, მიაპყროს მზერა ერთ წერტილს, მერე ჩაიცინოს წყნარად, ისევ და ისევ. აბა რა არის აქ გასაკვირი? გარნა სიხარულისთვის არაა საკმარისი შეამჩნიო ფანჯრის მინა? გინდა მასზედ არეკლილი სხივი მზისა? ანდა სულაც შემხვედრი ნაკადული, თუ ღრუბელთშორისი ნაწილი ლურჯი ცისა? მეტი არც არაფერი.
არადა, ისეც შეიძლება მოხდეს, არაჩვეულებრივი მხიარულობა სუფევდეს ირგვლივ, მაგრამ უხასიათობასა და მოწყენილობას კაცისას, არა ეშველოს რა. საცეკვაო დარბაზში მყოფმაც კი, სხვათა ლხენა შეიძლება სულაც არ გაიზიარო, რამეთუ წყარო წყენისაც და სიხარულისაც ჩვენშია მხოლოდ.
მახსენდება ახლა დღე ერთი. სანაპიროსთან ვიყავ ჩასული, უცბად გაწვიმდა და მივაშურე თავშესაფარად ნავების სადგომსა. მივღიღინებდი, არა იმიტომ რომ მსიამოვნებდა, არამედ ისე, უბრალოდ, დრო რომ გამეყვანა. ეზოპე ჩემთან იყო, ამოგორდა და ისე მისმენდა. უცებ ღიღინი შევწყვიტე და სმენად ვიქეცი. ხმები შემომესმა გარედან. ხალხი გვიახლოვდებოდა. გარნა არ იყო ეს გარემოებათა დამთხვევა? ბრმა შემთხვევითობა და მეტი არაფერი? ნავთთა სადგომში, სადაც მარტო ვიჯექი, მოულოდნელად ორი მამაკაცი და გოგონა შემოვიდნენ, ერთმანეთში მხიარული გადაძახილით:
''სწრაფად! სანამ გადაიღებს აქ შევეფაროთ!''
წამოვდექი. მამაკაცთაგან ერთ-ერთს თეთრი პერანგი ეცვა, რაც მთლიანად გასაწური გამხდარიყო, ყველა ნაკეციც ჩამოშლილიყო. სველი პერანგის წინა მხარეს კი ბრილიანტის სამაგრი მოუჩანდა. არც გრძელი ფეხსაცმელი ჰქონდა უკეთეს დღეში. მშვიდობის დღე ვუსურვე მას. ის იყო ჰერ მაკი, ვაჭარი, მაღაზიის მფლობელი, საიდანაც პური მომქონდა. ვიცნობდი უკვე. ერთხელ შემომთავაზა სახლში ვწვეოდი, ჩემთვის ხელსაყრელ დროსა, თუმც მისი სტუმართმოყვარეობით ჯერ არ მესარგებლა.
''აჰ, ეს თქვენ ბრძანდებით,'' წარმოსთქვა ჰერ მაკმა და შემომხედა. ''წისქვილში მივდიოდით, მაგრამ იძულებულნი გავხდით აქ შეგვეფარებინა თავი. გინახავთ როდისმე მსგავსი ამინდი? ლეიტენანანტო, როდის ინებებთ სირლუნდს გვესტუმროთ?''
ჰერ მაკმა წარმომიდგინა მასთან მყოფი, დაბალი, მუქწვერიანი მამაკაცი. ექიმი ყოფილა და ეკლესიის ახლოს უცხოვრია.
გოგონამ პირბადე ცხვირამდე აიწია და ეზოპესთან გააბა ბაასი ჩუმი. გოგონას ჟაკეტს, სარჩულზე და ღილის შესაკრავებზედ ემჩნეოდა, რომ ხელახლა შეეღებათ. ჰერ მაკმა ქალიშვილიც გამაცნო, ედვარდა ერქვა.
ედვარდამ სწრაფი მზერა მსტყორცნა პირბადედან და ძაღლთან განაგრძო ჩურჩული, თან კითხულობდა საყელურზე წარწერასა.
''აჰ, ეზოპეს გეძახიან, არა? ექიმო ვინ იყო ეზოპე? მახსენდება, იგავებს სწერდა. ის კი აღარ მახსოვს ზუსტად, ფრიგიიდან იყო თუ არა.''
ბავშვი სრულიად, ნორჩი გოგონა! მაღალი კი გახლდათ შესახედავადა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ტანითა. თხუთმეტის ან თექვსმეტის თუ იქნებოდა, გრძელი, მუქი ხელები ჰქონდა. ეზოპეს ამბავი, ეტყობოდა, ლექსიკონში თუ ამოეკითხა ნაშუადღევს, საჭირო საუბრისას სიტყვისმიგებად.
ჰერ მაკი დაინტერესდა თუ რაზედ ვნადირობდი მეტწილად. შემომთავაზა, მისი ნავებიდან ერთ-ერთი, ოღონდაც წინასწარ უნდა მეცნობებინა მისთვის. აი, ექიმი კი სდუმდა მუდმივად და როცა დასტოვეს სამყოფელი, შევამჩნიე, ოდნავ კოჭლობდა თურმე და ჯოხსაც ხმარობდა სიარულისას.
მეც გავეშურე ქოხისაკენ, ისეთივე უზრუნველი როგორც მანამდე და მივღიღინებდი გულგრილადა. ნავთა სადგომში შეხვედრამ არანაირი გავლენა არ მოახდინა ჩემზედა. მარტო ერთი რამ დამამახსოვრდა მკაფიოდ: ჰერ მაკი, გალუმპულ პერანგში და ბრილიანტის სამაგრითა. ეგაა, ბრილიანტებიც დასველებულიყვნენ და დაჰკარგოდათ ბრწყინვალება წინანდებური.
|