რა გატირებს?
რაღაც გამახსენდა.
მაინც?
აი ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესრაც ზუსტად ასე ჩამოიარეს.
მერე რა გატირებს?
ხშირად მემართება ასეთი რაღაცეები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ როდესღაც ეს უკვე იყო.
ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი.
რა და მეშინია, როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
არ მინდა.
რატომ?
შენს მოთხრობაში ყოველთვის კვდებიან.
მერე შენ ამისა გეშინია?!
შენ არ გეშინია?!
რისი უნდა მეშინოდეს?
დასასრულის.
დასასრული არ არსებობს.
როგორ თუ არ არსებობს?!
ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.
მაშ, რატომ ხარ ნაღვლიანი, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?
რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.
თუ გეცოდებიან, მაშინ რატომღა ჰკლავ?
კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.
რატომ?
იმიტომ , რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს დასასრულს, ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარ, დასასრული არ არსებობს-მეთქი.
მაშ რატომ ტირიან ადამიანები?
ეშინიათ და იმიტომ.
რისი ეშინიათ?
დასაწყისის. ვისაც არ ეშინია , ის არც ტირის.
მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის, იმიტომ, რომ ს ი კ ვ დ ი ლ ი უკვე დ ა ს ა წ ყ ი ს ი ა.
იქნებ მაგიტომ არ ტირიან?
მაშ, რატომ?
შეიძლება სხვა მხრიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით, აქ უნდა დავიმარხოთ იმიტომ ვტირით.
მოსული?
ჰო, შეიძლება ციდან მოვფრინდით, აქ რაკეტა მოგვეშალა და ვეღარ წავედით. ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.
ეგ რამ გაფიქრებინა?
ე კ ლ ე ს ი ე ბ მ ა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული, ცაში გასაფრენად გამზადებულ რაკეტს ჰგავს, ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და, რომ არაფერი გამოდის და მიწას ვაბარებთ ერთიმეორეს, ვტირით.
მაგრამ რატომ არ განმეორდა?
რა?
შენ რომ თქვი, შენში რაღაცეები მეორდება, რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.
და თუ განმეორდა მაინც იტირებ?
არ ვიცი, მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი?
იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.
მერე აღარ იტირებს?
არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.
დაწერე რა!
რა?
მოთხრობა დაწერე ჩემზე.
შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
არა, იცი როგორ დაწერე?
ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოვებით ას წელს.
მერე?
ამ ასი წლის მანძილზე ხშირად ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.
მერე?
ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა, მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავყვე, ჩავჯექი და წავედი ცაში.
დაწერ?.................................................................................
დავწერე.

ეს მისი შემოქმედებაა, უბრალდ წაიკითხეთ .............აქ არაა საუბარი ვის პარტიაში იყო იგი, არც ის ჩანს სადმე, რომ თურმე მას წუწუნი ყვარებია და ვინმეს თავს აბეზრდებდა ოდესმე.................
აქ უბრალოდ ჩოხელის საქართველოა და ვინც ამ საქართველოს შეიცნობს , მის შემოქმედიბასაც იგრძნობს, ვინც ვერ , ის უბრალოდ გვერდს აუვლის.....................
ნუთუ ასე ძნელია ასეთი სიმარტივის აღქმა?...................ეს ხომ შენ ხარ და მისი საქართველო..................