რუსთაველი
Odin is with us

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13208
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07
|
#5412962 · 23 Apr 2007, 23:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წერილები ფრონტიდან
ძვირფასო მამი და დაო რუსუდან!
დედაჩემის გამოგზავნილი ამანათი მივიღე, წერილი გავუგზავნე და არ ვიცი, თუ მანდ არის.
მე კარგად ვარ ჯარისკაცის კვალობაზე. ჩვენგან უკანასკნელი ქართველი ბიჭიც წაიყვანეს და მარტო დავრჩი. მალე მეც მომიწევს ალბათ, თუმცა, შეიძლება გაზაფხულამდე აქ დავრჩე.
ბედის საქმეა. ზოგი ჩამივიდა თუ არა, წაიყვანეს. ამ ორ თვეს მაინც აქ ვიქნები. უნდა ჩავაბარო გამოცდა შოფრობაზე, მერე კი, ომი თუ მანამდე შეწყდა, მეც წავალ. ამიტომაც მინდა კარგად მოვემზადო. წასვლა მაინც წინ არის და, თუ წასვლაა, ბარემ მომზადებული წავალ, არაფერი გამიჭირდება.
ზოგი ჭირი მარგებელიაო და, თუ კარგად დავრჩი, შოფრობაც შემრჩება და გამოცდილებაც. პირველი გამომადგება მეორე კი ცხოვრებაში ყველაფერია.
აქ ძალიან დიდი სიცივეებია, ღამით 350-მდე ადის ყინვა, დღე კი 280-მდე. საკვირველია პირდაპირ, ყველანი, რუსებიც კი, ავად დახდნენ, მე კი ჯერ სურდოც არ დამმართვნია.გვერდი მტკიოდა ოდნავ და იმანაც გაიარა. ცოტა ხანს ვწამლობდი და გაიარა. ძაღლია ამტანობისააო, რომ იტყვიან, ჩემზეა ნათქვამი.
ძალიან მასიამოვნა ამანათმა, განსაკუთრებით ჩურჩხელამ, რადგან აქ ყველაფერი იშოვება, გარდა ასეთი ხილისა.
დაო რუსუდან, თიანეთში შეიძლება იშოვებოდეს და ორი საერთო რვეული გამომიგზავნე, კონსპექტისათვის მინდა, თუ არა და, ჩვეულებრივი რვეულები იყოს. აქ არ იშოვება. თვეში ორ ცალ უბრალო რვეულს გვაძლევენ და ეს არის სულ. მე კი, გარდა კონსპექტის წერისა, ქაღალდი ისეც მინდა. მერე და რუსული შავი თუ არ გადავწერე, მე თვითონ ვერ ვიგებ ჩემს ნაწერს.
დედა რომ ჩამოვა, უთხარ, ერთი წყვილი წინდა გამომიგზავნოს, მეც და თემოსაც. თემოს ფულიც გაუგზავნეთ (თემო-მორზას ძმა)
იანვრის ნომერს ”ჩვენს თაობაში” იბეჭდება ჩემი ლექსი ”ლადო გუდიაშვილი” ახლა გიგზავნით ლექსებს, რომლებიც მოვახერხე და დავწერე, მიუხედავად ყოველდღიური საშინელი დაღლისა.
მშვიდობით იყავით. წერილს ველოდები.
გწერთ თქვენი მირზა.
08.01.40. ხარკოვი
რუსუდან!
როგორა ხარ? წერილები მომწერე, სანამ ამის საშუალება არის. პირველი მარტიდან, მგონი, აქ აღარ ვიქნები და მაშინ, ვინ იცის, როდემდე ვეღარ გამოველაპარაკებით ერთმანეთს.
გამოცდებს თებერვლის ბოლოს ვაბარებ (ჩვეულებრივ პირობებში გამოცდები გამოცდები უნდა ჩაბარებულიყო ივლისის პირველ რიცხვებში), მერე მანქანას მივიღებ და, ვინ იცის, საით გავწევ!
ეს ხუთი დღეა, აღარავის წერილი არ მომსვლია და პირდაპირ აღარ ვიცი, რა ვქნა. ძლივს ველოდები წერილების დარიგებას, დაარიგებენ და ჩემი არ არის. მე გამოგიგზავნეთ წერილი და არც კი ვიცი, მიიღეთ თუ არა. შიგ წინდების გამოგზავნას გწერდით, მაგრამ ის კი დამავიწყდა მომეწერა, წინდები ძალიან სქელი არ იყოს, თორემ ვერ ჩავიცვამ. დედას გამოგზავნილი თბილი ჩავიცვი და ძალიან მათბობს. თემოს წერილები არ მომდის.
აქ სიცივეები ახლა 500-მდე ადის. მანდ ალბათ სამოთხესავით თბილა, შედარებით. თუ თბილისში ჩახვიდე, გამომმიძახე ტელეფონზე (ლაპარაკი შეძლება), მხოლოდ ადრე მიდეპეშე რომ არ დამაგვიანდეს, ან წინასწარ გამომიძახე.
ჩემში ახალი არაფერია. ვარ ჩვეულებრივ... ზოგჯერ გარდასულზე ვფიქრობ და მენანება - სხვა არაფერი.
კარგა ხანია ნადირობა მომინდა. დილით სიბნელეში ვდგებით და, თოფს რომ ავიღებ, ასე მგონია, მონადირეები მიცდიან და იქით წავალთ, საითაც უმრავლესობა იტყვისო.
მართლა, რუსუდან, მე მინდა ჩემი გულწრფელი მოკითხვა გადასცე მიშა ხატიაშვილს, მე ის ძალიან მიყვარს.
მამა როგორ არის? უთხარი, წერილი მომწეროს, ისევ კოლექტივში მუშაობს თუ სხვაგან სადმე არის. მოკითხვა გადაეცი ვარას დედას და ჩვენს მეზობლებს.
არ ვიცი, დედა მანდ არის თუ არა, ამიტომ არაფერს ვწერ.
იყავით კარგად.
მირზა
12.01.40. ხარკოვი
ძვირფასო დაო რუსუდან და მამი!
რამდენი ხანია ველოდები თქვენს წერილს და ვერ იქნა, ვერ მივიღე. რაშია საქმე? ხომ არაფერი შეგემთხვათ? დედა როგორ არის, ან სად არის, მანდ თუ თბილისში? იქაც და მანდაც გამოვგზავნე წერილები და პასუხი არსაიდან არ ისმის.
თემოსაც გავუგზავნე წერილი და არც ისა მპასუხიბს. თითქოს შეთქმულება მოგეწყოთ.
რაც არი არი, კარგი იყო, მოდიოდეს. ახლა მე უკვე დღეება ვითვლი ხარკოვში. ძალიან მალე წავალ, თუმცა რიცხვი არ ვიცით. ამბობენ, ამ ორ კვირას არ გადასცდებაო. შეიძლება - ადრეც; ეს სულ ნახევარი საათის ამბავია, გეტყვიან და გათავდა. ჰოდა, მე მინდა ერთხელ კიდევ შეგაწუხოთ. ვინ იცის, როგორ ვიქნები ან სად ვიქნები. მინდა ორიოდე გროში მქონდეს ჯიბეში. თუ მოახერხოთ, გამომიგზავნეთ.
დასვენების დღეები აღარ გვაქვს. თითქმის 13 საათს ვმეცადინეობთ ყოველდღე: თავი ვერ ამიღია, წერილები ვერ დამიწერია და რადგან პასუხებს ვერა ვწერ, მანდედანაც შემცირდა ბარათები.
აქ რამდენიმე წიგნი მაქვს და მიღებული წერილები. ამას ყველაფერს შევკრავ და გამოგიგზავნი, ზედმეტი ბარგია უკვე.
მშვიდობით იყავით.
თქვენი მირზა.
21.01.40. ხარკოვი
დაო რუსუდან!
კაი ხანია, ჩვენებს მივწერე წერილი. პასუხი არ არის, არც თინა მწერს, არც მარინა, აღარც სხვა ვინმე. ნუთუ ჩემი ხსოვნა ისეთი უმნიშვნელოა, რომ არავის აიძულებს სამიოდე წუთით დააფიქროს ჩემზე და მოაწერინოს თუნდაც ორიოდე სიტყვა. ამას მე შენზე და ჩვენებზე არ ვამბობ - ამას მეგობრებსა ვსაყვედურობ.
მე გამოგიგზავნე წერილი, სადაც ბესარაბეთის დღეებზე გწერდი,არ ვიცი მიიღე თუ არა _ ან თუ მოგეწონა და დასაბეჭდად მიეცი ვინმეს?... ლექსები (,,ომის ლირიკა”) გამოგზავნა მინდოდა მაგრამ აღარ მომწონს. ახლა გიგზავნი ლექსს: ,,მასკ რადი” და სცადე დააბეჭდვინო. მხოლოდ გთხოვ გადასცე, ვინც ლექსის დასტამბვას შეგპირდება, რომ შიგ არ შეცვალოს არც ეთი სიტყვა.
ხსირად მომწერე წერილები. სად მუშაობ, როგორ ცხოვრობ, რას გრძნობ. მე ხომ ძმა ვარ, გამიზიარე ყველაფერი. თუკი მე მზადვა ვარ თვით უმცირეს განცდაზეც კი მოგწერო, შენ რატომ არ უნდა მოიქცე ასე?
თუ დუმილს იმით ამართლებ, მოსაწერი არაფერი არ მაქვსო, დაფიქრდი იმ წუთს და, რანაირადაც იგრძნო შენი თავი, ის მომწერე.
ველოდები შენს წერილს.
გკოცნი შენი ძმა მირზა.
26. 1. 40. წ, ხარკოვი.
სამხედრო შოფრისა დღიურიდან
... ჩვენი ნაწილები ყველა ერთად დაიძრა სულ წინ ტანკების კოლონები მიდიოდნენ, მერე_ჩვენ. მე მყავს თანაშემწე, პატარათვალებიანი ალმა-ატელი ყაზახი. იგი ჩემზე სამი წლით უფროსია, მაგრამ ისე საოცრად ღელავს,თითქოს ბავშვი იყოს, მუხლებში შაშხანა ჩაუდია და იცქირება წინ საზღვრისაკენ.
კაპიტანი ზ-ის ხელში ნაჭერმა ყვითელმა დროშამ გვანიშნა, რომ დავძრულიყავიტ. მე მოულოდნელად, უცებ აუშვი მუხრუჭს ფეხი და ისე მოვსხლიტე მანქანა, მაღლიდან უკმაყოფილო ბუზღუნი შემომესმა:
_ ეი შოფერ რას შვრები!..
აქედან იწყება ბესარაბეთის მიწა-წყალი. ჩვენს თანკებს მიულეწიათ რუმინეთ5ის სასაზღვრო სარყა. გადაუვლიათ ჩვენს მძიმე ტანკებს და მათი ნავალი ზღაპრული დევების ნამუხლარებივით ატყვია შავ მიწას. რუმინელებს თანკსაწინააღმდეგო თხრილები გაეთხარათ, მაგრამ გახურებული მანქანები ზედ ადვილად გადაახტუნეს ჩვენმა ტანკისტებმა.
ჩემს მანქანაზე ოცდაექვსი ამხანაგი ზის, მწვანე მუზარადიანი ვაჟკაცები ისე განაბულან, თითქოს არც იყვნენ, სპიდომეტრი ოცდაათს მიჩვენებს. გვხვდებიან პატარა სოფლები, ღაღიბულად ჩაცმული ადგილობრივი მცხოვრებნი ხელებს გვიქნევენ, ღიმილით გვაცილებენ. გლეხები ქუდ მოხდილნი დგანან. ყველა მათგანს ჩვენდამი თანაგრძნობის ნიშნად მკერდზე წითელი ნაჭერი მიუკრავს. აი, ცნობილი ბორჯკუის სტეპები. გზის ორივე მხარეს გაყოლებულია ბოსტნები ვენახები და ხეხილის ბაღების ქარავნები ცა სწორედ ისეტია , როგორც ბარის საქართველოში. ჰაერში დგას ზღვისა და მდინარის სურნელება.
ეს ადგილი შემაერთებელი ხიდი იყო სამხრეთ აღმოსავლეთისა ევროპასთან, შუა_ევროპისა ბალკანეთთან... ვისი უღელი არ სდგმია ამ მხარეს... ბერლინის 1878 წლის ტრაქტატი კი რუსეთსა და რუმინეთს შორის განაწილდება ბესარაბეთი.
აქედან შორს არის კარპატების მთები. ალპებიდან მომავალი დუნაი გამოივლის სამხრეთ კარპატებს. რწყავს ზემო უნგრეტს,ბავარიის ტყის გამოვლით კი შეიერთებს პრუტს და ბესარაბეთს მოსდევს საზღვრად, ვიდრე შავ ძღვამდე.
დუნაი ინტერნაციონალური მდინარეა. ვენა, ბუდაპესტი, ბელგრადი და უამრავი დიდი ტუ პატარა ქალაქი აღმოუცენებია დუნაის და დაუმშვენებია თავისი ნაპირები.
ზოგი ბესარაბეთს დუნაის წყალობით იცნობს, ზოგიც ბესარაბეთის წყალობით გაეცნო დუნაის. ბოლო დროს მის ნაპირებს აფარებდნენ თავს ყველა ქვეჱნის უსამშობლონი. აქ მოდიოდენ რუსეტიდან,პოლონეტიდან, გერმანიიდან. კიშინიოვის ახლოს ერთი ქარტველი შემხვდა. იდგა და ჩვენს ნაწილებს ათვალიერებდა, ქარტველს ეზებდა თურმე. ულვაშებზე მომაგდო გუმანი (არც მას მოუშორებია ულვასები) და რუსულად შემეკითხა:
- კავკასიელი ხარ?
- ქართველი ვარ...
გადაირია კაცი... კაბინაში მიძვრება საკოცნელად. მე გამოვკითხე ვინაობა: ,,ქუთათური” გამოდგა-ასე უწოდებს თავისთავს. 1906 წელს წამოსულა საქართველოდან. რეაქციას გამოჰქცევია. რევოლუციის დროს კოტოვსკის პარტიზანებთან ერთად უბრძოლია და როგორღაც ჩარჩენილა ბესარაბეთში. მეხვეწება, მანქანიდან გადავიდე და სახლში წავყვე. ისე მეკითხება საქართველოზე, თითქოს საქართველო ერთი მისი მეზობელი კაცი იყოს.
როგორაა საქრთველო? რას აკეთებს, მას ვენაცვალე?
ცნობისმოყვარენი შეგროვდნენ. ადგილობრივი მცხოვრები იღიმებიან, რომ მათთვის გაუგებარ ქართულ ენაზე ვლაპარაკობთ. ჩემი ამხანაგები კი კმაყოფილნი არიან, რომ მე ვიპოვნე ,,ზემლიაკი” ყველა ხელს ართმევს; თვალებში ცრემლები უბრწყინავს, ლამის მეც ამატიროს მისმა სიხარულმა.
-ამხანაგო!... აქმხანაგო!... ამხანაგო!... - ეს სიტყვა განსაკუთრებით ისმის ბესარაბეთში. - ამხანაგო! - გეტყვის კაცი და ხედავ, თვითონვე უკვირს. როგორ ამოდის მისი პირიდან ასეთი ლამაზი ციტყვა. ამხანაგო! გრტყვის- გაჩუმდება, თითქოს ამ ერთ სიტყვაში სთქვა ყველაფერი, რის თქმასაც იგი ათასი წელი ამაოდ წვალობდა.
მე თბილისში მყავდა ერთი ნაცნობი მოხუცი, წელში ოდნავ მოხრილი შერმაზანი. საოცრად კეთილი და პატიოსანი კაცი იყო. იგი მიამბობდა როგორი ძალა აქ სიტყვას იქ, სადაც აკრძალულია იგი. თანაც წუხილით შენიშნავდა, რომ ჩვენ ახალგაზრდებს არ გვესმის ასეთი სიტყვის მნიშვნელობა, რადგან თავისუფლება ჩვენთვის ისეტივე თანდაყოლილი ბედნიერებაა, როგორც სილამაზე. ბესარაბეთში მაგონდება ახლა შერმაზანი, როცა ძონზებით შემოსილი ვინმე ბერისკაცი მოვა ჩემთან ან ჩემს ამხანაგთან, ჯოხზე დაეყრდნობა და კანკალით, სიხარულით ცრემლმორეული წამოიძახებს:
_ გამარჯობა ამხანაგო!
_ გამარჯობა, ბორჯკუის სტეპებო, გამარჯობა ათასი წლით დაძინებულო, დუნაის და პრუტის ნაპირზე დაძინებულო დებო დაძმებო!.. მე მოვედი, რათ თქვენ იყოთ ბედნიერ§ი, ახალგაზრდები და ძლიერნი. მე მყავს დედა საქარტველოში და იგი იამაყებს, როცა გაიგებს, რომ მე მოვედი თქვენთან. მე მყავს მამა, რომელიც ვაჟკაცობას დამიწუნებდა, სხვა მებრძოლთა მანქანებს რომ გაესწრო ჩვენთვის და პირველი შეგხვედროდენ თქვენ. ჩვენს ქუდზე ხუთქიმიანი ვარსკვლავია მიკრული და ელვარებს ბესარაბეთის მზეზე. ჩვენს მანქანას რადიატორის სახურავთან დაუყენე პატარა წითელი დროშა., ბესარაბეტის ქარმა იძმო იგიდა აქნავებს სწორედ ისე, როგორც თბილისის სახლებზე გადმოკიდებულინი ქანაობენ წიტელი დროშები თებერვლის თვესი.
აქ, ახლოს სადღაც უნდა იყოს სამოქალაქო ბრძოლაში დაღუპულ ძმათა სასაფლაო. ჩასხედიტ, მეგობრებო, ჩემს მანქანაში და წავიდეთ ძმათა საფლავზე. მე მინდა წითელი დროშა ბდაორიოდე ყვავილი მიუტანო გმირების ხსოვნას.
კიშინიოვი. ლამაზ შენობებს ახურავთ ცა ულამაზაესი. ქუჩებში არ ეტევა ხალხი. მანქანები ნელ-ნელა მოძრაობენ. ჩვენს წინ ტანკების კოლონა მიდიოდა და შეჩერდა. მანქანა ერთი მაღალის წინ შევაჩერე. ქალები შემოეხვივნენ მანქანას. ერთი მათგანი, ძალიან თამამი და ლამაზი შავკაბიანი შავგრემანი გოგონა მოეყუდა კაბინის კარს, ხელი ჩამომართვა და მთხოვა მიმეცა ვარსკვლავი, რომელსაც მე მკერდით ვატარებდი. უბრალო ხის ვარსკვლავი იყო, საუცხოო ნაჩუქურთმევი. ერთი წელია ეს ვარსკვლავი მკერდიდან არ მომიშორებია, ახლა კი მოდგა ეს შავი, მზისგან დამწვარი გოგონა და მთხოვს, ვაჩუქო. ჩემი სხეული გაჟღენთილია უდიდესი სიხარულით. ითხოვეთ თუნდაც ჩემი სული და მე დაგითმობტ, ოღონდ თკვენ იყავით ბედნიერნი. მე მოვიხსენი ვარსკვლავი, ორნი ვიღიმებით... თითქოს ძველმა მეგობრებმა ვიპოვეთ ერთმანეთი. . მან მომიშვირა მაღალი, სიცოცხლით სავსე მკერდი. ჩემი თითები ეხებიან მის ნაზ გულისპირს. ვგრძნობ_ვწიტლდები, თითქოს ბავშვი ვიყო. მაინც რას გადამეკიდა ეს ყაჩარი! როგორც იქნა დავამაგრე ვარსკვლავი მის მკერდზე. მადლობა გადამიხადა, ხელჩანთიდან ამოიღო ავტოკალამი და ძალით მომაჩეჩა ხელში.
ნელა დაიძრა ჩვენი მანქანები. მე ვხედავ მისი ხელის უნაზეს გამოსამშვიდებელ მოძრაობას. ჩემი თანაშემწე ყაზახი ეშმაკურად ოხრავს, ისედაც პატარა თვალებს უფრო ჭუტავს და სევდიანად მღერის ყაზახურად:
,,ღამით შენ გიცქერიან ჩემი თვალები,
ვარსკვლავო ჩემო,
და დღისითაც შენ დაგეძებ ამაოდ.
მოციმციმე, ლამაზი ხარ, როგორც იმედი,
შორი-როგორც გასასვლელი გზა,
და შენ ერთადერთი რომ იყო ცაზე,
უფრო ძვირფასი იქნებოდი ჩემთვის!”
მოხუცო შერმაზან! ამ წერილს ქალაქ #-ში ვწერ. შავ ზღვას აქვს დასავლეთი ნაპირი. დასავლეთიდან დუნაი ერთვის, მის მარცხენა მხარეს კი გაშენებულია ეს ქალაქი, სადაც ახლა მე ვიმყოფები და თქვენ მაგონდებით.
როცა ჩვენი არმიის განმათავისუფლებელი გუგუნი კარპატებს მიეჭრა, როცა ცა დაფარეს საბჭოთა თვითმფრინავებმა, როცა ჩემი მანქანა მოდიოდა აღტაცებული ხალხის ტალღათა შორის, ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც ალბათ ექნებოდა სააკაძეს, როცა ათავასუფლებდა საქართველოს.
ამ წერილს იმ კალმითა ვწერ, კიშინიოვში შავგვრემანმა, შავკაბიანმა გოგონამ რომ მაჩუქა და, თუმცა ჩემს სიცოცხლეში პირველად ვხედავდი ბედნიერებით სავსე მის თვალებს, იგიც ისევე ძვირფასი იყო ჩემთვის, როგორც თქვენ-თხუთმეტი წლის ნაცნობი და მეგობარი.
ამხანაგო შერმაზან! მე ბესარაბეთში ვისწავლე სიტყვის ფასი.
1940წელი,
ბესარაბია
დაო რუსუდან!
მე გამოგიგზავნე რაღაც დღიურის მსგავსი ბესარაბიაზე. მერე კი ლექსი ,,მასკარადი”. მე ძალიან მინდოდა მათი დაბეჭდვა. თუ არა ვცდები, წინათ შენდამი გამოგზავნილ ლექსებში ურევია ,,ერთადერთი ბარათი (ახლა შენამდის შორი არის გზა და მანძილი)”. და ,,მაღაროსკარი”, რომელსაც შეიძლება სამება დაერქვას. თუ მოახერხო, დააბეჭდვინე და ,,ერთადერთ ბარათს” აუცილებლად ეწეროს, რომ იგი ილო კოჭლაშვილისადმია მიძღვნილი.
ძალიან კარგს იზამდი, თუ მოახერხებდი და ყოველთვიურად ,,ლიტერატურულ საქართველოს” გამომიგზავნიდი. ამას 5 კაპიკიანი მარკა სჭირდება და მისამართი. მე ძალიან დიდი ხანია, არ მიმიღია იგი. ადრე მამა მიგზავნიდა კონვერტში ჩადებულს, რაც სულაც არაა საჭირო. გაზეთს გაჰკეცავდე, რომ დიდი არ იყოს. გადააკარი ხელის სიფართე ქაღალდის ლენტი და ხუთკაპიკიანი მარკა.
ლენტზე დააწერ მისამართს.
ნუ დაიზარებ და მომწერე ყველაფერზე. ყველაფერზე, რაც კი მოგაგონდეს წერილის წერისას.
იყავით კარგად. გკოცნით.
თქვენი მირზა.
ძველ მისამართზე ნურაფერს გამომიგზავნით, დაიკარგება. ფულიც შემთხვევით მივიღე.
აი, ახალი მისამართი: харьков 17п/ч 87 A/3
და ჩემი ბრწყინვალე გვარი.
ძვირფასო დედა!
დიდი ხანია თქვენი აღარაფერი ვიცი. ამანათი მივიღე. თბილისიდან კი კაი ხანია აღარავის წერილი მომსვლია. არც თემოს წერილი მომდის.
მე კარგად ვარ. მივლინებიდან რომ დავბრუნდი, ოდნავ გამხდარი ვიყავი, ახლა კი ისევ მოვიკეთე. მომწერეთ, ჩემი ამხანაგებიდან თუ ვინმე მოდის თქვენთან, ან თბილისში რა ამბებია, საერთოდ. თუ რამე შეიცვალა ან რამე თუა შესამჩნები ქალაქის ცხოვრებაში. თიანეთში თუ აპირებთ წასვლას ან როდის? მე ყველაფერი მაინტერესებს.
აქ ძალიან კარგი გაზაფხულია და განთიადები ხომ საოცრად მშვენიერი. საერთოდ ლამაზია უკრაინა და ქალები, ისეთი ქალები,საქართველოს არც კი დასიზმრებია, ვისაც დრო აქვს და მოქალაქეა, ცხოვერბაც მისია. ჩვენ რა? დღეები მიდიან მხოლოდ და სხვა არაფერი. დასვენების დღეებში მივდივართ ქალაქში და ეს მოკლე დროც არ მინდა ქალებს გადავაყოლო. ამიტომ დავყიალებ ქალაქში და ვათვალიერებ ქუჩებს, შენობებს, ვაკვირდები ხალხის ცხოვრებას. მიყვარს უსაქმოდ ხეტიალი.
გკოცნით. თქვენი მირზა.
7.05.40 წ.
ხარკოვი.
ძვირფასო მშობლებო, დებო!
ვიდრე რამეს მოგწერდეთ, მონდა მოგთხოვოთ პატიება ყველა მწუხარებისათვის, რომელნიც ჩემგან გრგებიათ. ყველა შეცდომისათვის, რომლებიც ასე განუყრელნი იყვნენ ჩემი ცხოვრებისაგან.
ომი დაიწყო. დიდიხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა იგი. ვგრძნობდი. თქვენც ალბათ ასევე - ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ არაფრისა გვეშინიან, ოღონდ თქვენ ნუ დაგვიღონდებით.
და მინდა ისე უყურებდეთ ამ იმს, როგორც მე ვუცქერი: უშიშრად, უმწუხაროდ.
გჯეროდეთ, ჩემო ძვირფასებო; თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მეწერება ამ ომში, ძალიან ძვირად დაუსვამ მტერს სიცოცხლეს ჩემსას. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.
მე მაქვს უდიდესი სიმშვიდე.ჩემი მთიელი ადამიანის მოუღლელი სისხლია. ჩემში ცოტნე დადიანის სულია და ნებისყოფა და თქვენ შეგიძლიათ ამაყად სთქვათ, რომ მე ვიცავ ჩემს სამშობლოს, რათა მომავალი თაობანი იყვნენ ჯანსაღნი, ბედნიერნი და ძლიერნი.
ჩემი გზა მილიონების გზას მოჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება.მე ის ზღაპრული მოყმე ვარ, ყველგან რომ იპოვნიდა საკუთარ ადგილს, და, თუმცა ჩემი ცხოვრება წიგნების გვერდით მიდიოდა, აქ, იარაღის და მანქანების ახლოს, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მათთან დავბადებულიყო.
მე ისეთი ხალისიანი ვიქნები ომში, ისეთი მშვიდი და ხელმოუცარი, როგორც იხინჭის გორაზე მონადირე ვყოფილვარ მუდამ.
როგორი მადლობელი ვარ, დედაჩემო, დედაჩემო იარღი რომ შემაყვარეთ ბავშვობიდან, იარაღი, სიმართლე და ვაჟკაცობა. ქართველო დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.
მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს.
თინასაგან იები დამრჩა სახსოვარი, - ჩემი არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს.
რამდენიმე საათის შემდეგ მივდივარ. უკვე მოასწრეს ასეულმა, ათასეულმა ვაჟკაცებმა სიკვდილი და მათისისხლი მაქეზებს ბრძოლისაკენ.
მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალებიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე.
მამაჩემო, თქვენი გულის დახურულობას არ მინდა ეკრას მწუზარების თუნდაც ნატამალი. შეხედე ყველა ჯურის თანატოლებს თუ ახალგაზრდებს ამაყად, რადგან შენმა შვილებმა არ იციან, რა არის შიში.
ძვირფასო მშობლებო, თქვენმა ვაჟკაცებმა არ იციან რა არის სიკვდილი.
კეთილო დებო, ჩემს სიმკაცრეს და გადარევას ყოველთვის ამშვიდებს უდიდესი სინაზე: თქვენი მოგონება.
თქვენი უმცროსი ძმა უკვე ფრონტზეა და ჩემს მძვინვარებას არ ექნება დასასრული, თუნდაც ხელგაკაწრული ვნახო იგი.
ჩემი სამხედრო სპეციალობა ისეთია, რომ ყველგან ვიქნები, და ეგების ფრონტზე შევხვდე თემოს.
ეს არის ყველაზე დიდი ომი, რაც კი ყოფილა კოდესმე დედამიწის ზურგზე. არც ჰანიბალის, არც მაკედონელის, არც ნაპოლეონის ომები არ შეედრებიან ამ ომის სიდიადეს.
არც სადმე ისეთი დიდი გული ყოფილა ქვეყნად, როგორც მაქვს ახლა, როგორიც აქვს ყველა ჩემს ამხანაგს.
დედაჩემო, თქვენი სურათი მიმყვება ომში, როგორც ავგაროზი.
მე მწამს გამარჯვება და სიცოცხლე.
მშვიდობით იყავით; ნუ დაღონდებით.
გკოცნით. მ ი რ ზ ა.
1941 წელი, ივნისი.
ძვირფასო რუსუდან!
ძალიან დარდობ განა? მე დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე. მინდა, რომ შენც ჩვენებმაც მაპატიოთ ამდენი დუმილი.
ხდება, რომ ჩვენ განსაზღვრულები ვართ სურვილის მიუხედავად.
მე კარგად ვარ. რაც მთავარია და რაც თქვენ გაინტერესებთ, - ჯანმრთელად ვარ.
ზოგჯერ მომინდება თქვენი ნახვა ისე ძლიერ... სხვა არაფერი ჩრდილავს ჩემს განწყობილებასა და გამარჯვების იმედს.
და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ ვერასოდეს ვეღარ ვიზილავთ ერთმანეთს.
შენ როგორ ცხოვრობ, ჩემო დაო! რა არის შენს ცხოვრებაში ახალი?
მომწერე ყველაფერი, როგორც კი მიიღებ ჩემს მისამართს, ჯერჯერობით კი არა მაქვს ის.
გკოცნი უამრავს.
მოკითხვა ყველას. მ ი რ ზ ა.
17.09.42წ.
დაო რუსუდან!
გუშინ გამოვგზავნე შენთან ხუთი ლექსი და გთხოვდი დააბეჭდვინო სადმე. დღე სიმავე ლექსებს და დამატებით კიდევ ხუთს გიგზავნი ფასიანი წერილით. მჯერა, მიიღებ. დანარჩენ ლექსებსაც ამ წიგნიდან ”ომის ლირიკა”, რომელსაც ვამზადებ, როგორც გწერდი, გამოგიგზავნი შემდეგ.
მე მინდა ისინი აუცილებლად დააბეჭვდინო. მიმართე ჩემს ამხანაგებს და ისინი დაგეხმარებიან ამაში.
ვიმყოფები ფრონტზე. ვრცელ წერიოლს შემდეგ მოგწერ.
სალმით, შენი ძმა მ ი რ ზ ა.
20.04.43წ.
ძვირფასო მშობლებო!
სწორედ მეშვიდე თვეა, რაც თქვენგან წერილი არ მიმიღია. ვერ გამიგია, რაშია საქმე. ნუთუ ფოსტა არანორმალურად მუშაობს? არ ვიცი.
მე ყოველთვის გიგზავნით წერილებს. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ვერა ვწერ თავის დროზე, ასეა თუ ისე, ეს არ უნდა იყოს მიზეზი თქვენი სიჩუმისა.
ზოგჯერ ცუდი ფიქრები მაწუხებს... ათასი რამე მომელანდება. შეიძლება დამივიწყოს ყველამ. ამას მე შევეჩვია, ეს არ იქნება მოულოდნელი, მაგრამ თუ თქვენ დამივიწყეთ, ამას ვერ შევგუებივარ. ვერ შევეგუები.
მე კარგად ვარ. ძველებურად. თქვენი ნახვა მომენატრა. სხვაფრის ისე - ჩვეულებრივ ვცხოვრობ.
ფრონტმა, სადაც მე ვარ, მთავარსარდლის მადლობა მიიღო. როგორც ჩანს, ცუდად არ ვიბრძვით.
მე თქვენთან ერთი სატხოვარი მაქვს, მინდა შემისრულოთ ეს სათხოვარი. ქეთო ცოცხალაშვილს, ან იმის ძმას არჩილს, ან მშობლებს მიეცით 300 მანეთი და უთხარით, მირზამ გამოგიგზავნათ-თქო. შემატყობინეთ, როცა ამას შეასრულებთ. ნუ შეწუხდებით - ფულს, ატესტატის გარდა, მუდამ მოგაწვდით.
დღეს თებერვლის ცხრაა. მალე გაზაფხული იქნება. მეოთხე გაზაფხული, რაც თქვენგან წამოვედი.
მომწერეთ, რა ისმის ილო კოჭლაშვილის შესახებ. სად არიან კოჟია, ძმები ჯიმშიტაშვილები, ჩვენი სოფლის ბიჭები, რა ისმის მათგან.
და, თიანეთშიც უნდა იყოს ბევრი ახალი. ჩემთვის ყველაფერი ახალი იქნება, მიმწერეთ.
მალე ომი მორჩება და გნახავთ.
გკოცნით. თქვენი მ ი რ ზ ა.
9.11.43წ.
დაო რუსუდან!
მივიღე შენი წერილი - გალაკტიონი. მე ძალიან გამეხარდა ის. შენ იცი, როგორ მიყვარს გალაკტიონი, და აქ, ფრონტზე მისი სურათი მომეჩვენა თავისებურ სულისჩადგმად.
1939 წელს მე მქონდა ასეთი ღია ბარათები.
მე ის ჩემს მიწურ ქოხში გავკიდე.
ამასწინათ ლექსი გამოგიგზავნე გალაკტიონისადმი.
მე ვცხოცრობ ჩვეულებრივ. მოწყენა, თქვენი ნახვის სურვილი, დაბრუნების სიშორე და იმედი ცვლიან ერთმანეთს.
აქ ზამთარია. მანდაც ზამთარია, ალბათ. მე წარმოვიდგენ მთებს - თოვლიანებს და მედარდება, მე წარმოვიდგენ ტფილისს ზამთარში: მწვანე ხეებს თოვლში და მედარდება.
მშვიდობით იყავი ჩემი კარგო. ვკოცნი მშობლებს.
ჩემი მისამართი შეიცვალა.
მ ი რ ზ ა.
14.12.43წ.
დაო რუსუდან!
ამ ლექსის, რომელსაც ახლა გიგზავნი, მერიდება, ისინი, ჩემი ლექსები, ვერ მაკმაყოფილებენ მე და ალბათ მივატოვებ მათ წერას, ვიდრე ვერ ვიპოვნი გასაღებს, რომელიც გახსნის ჩემს მგრძნობიარე გულს და აჩვენებს მომავალ თაობებს, როგოე გარბოდნენ გულზე დღეები, ღამეები და სტოვებდნენ კვალს, მილიონებისათვის ნაცნობს.
იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში.
მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას,
რომელიც იდეს გიყვარდა ჩემში.
და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს,
ღამეში გაწვდილ ცეცხლის ენებად,
მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს,
როგორც უცოდველ მშვენიერებას.
ხანძრებს, ღამეთა კალთაზე გაშლილთ,
გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს,
მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის,
რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.
მ ი რ ზ ა.
დაო რუსუდან, როგორა ცხოვრობთ. მე კარგად ვარ. მხოლოდ ესაა: წლები გარბიან. აი, დეკემბერი თავდება და მეხუთე წელი მიდის, რაც დაგშორდით თქვენ, ტფილისს, პოეზიას. ასე მგონია ზოგჯერ: ახალგაზრდობაც გაივლის და გამოვფხიზლდები ნახევარ გზაზე ჩემი ცხოვრების და დამენანება ჩემი წლები - ჩემი დაუწერელი წიგნები, მოუცლელობით რომ ვერ დავწერე.
”ყოველთვის მოცლას ვუცდიდი, ნეტამცა არ მომეცადა”. გახსოვს გურამიშვილი?!
სალამი ჩვენებს. გკოცნით. მ ი რ ზ ა.
18.12.43წ.
ძვირფასო მშობლებო!
მივიღე თქვენი წერილები დათარიღებულნი 11.12.43წ. რა კარგი იქნებოდა, ყოველდღე რომ ვიღებდე თქვენს წერილებს.
დედა, თქვენ რომ მწერთ ჩემს რიაზანში ყოფნაზე - მართალია. ოღონდ ესაა: მე დასასვენებლად კი არა, საქმისათვის ვიყავი იქ გაგზავნილი. ფრონტზე ყოფნასთან შედარებით, მე, რა თქმა უნდა, იქ დავისვენე და ძალიან კარგადაც.
მე, როგორც მახსოვს, მოგწერეთ ამაზედ და ამანათზედაც, რომელიც ვარდომ გადმომცა. ეს იყო 1942 წელს.
შვებულებაზე ლაპარაკიც შეუძლებელია, ოღონს, როგორც იგრძნობა, ომი მალე უნდა მორჩეს და, აი, მაშინ მომცემენ შვებულებას.
მე კარგად ვარ.
გკოცნით. მ ი რ ზ ა.
12.01.44წ.
ბელორუსია.
მამაჩემო!
მივიღე თქვენი წერილები და გიპასუხეთ კიდეც. გთხოვთ, კონვერტებსა და ქაღალდს ნუ მიგზავნით. ისინი მე არა მჭირდებიან. აქ იშოვება ქაღალდი. უკეთესი იქნება, მომწერეთ ხშირად და მომწერეთ ყველაფერზე. შეიძლება იმან, რაც მოწერის ღირსად არ გეჩვენებათ, მე ყველაზე მეტა დამაინტერესოს.
ძალიან მადლობელი ვარ, რომ გაზეთი გამომიგზავნეთ. სხვას არავის არ მოსვლია ეს ფიქრად. განა არა ღირს, ყოველდღიურად ჩასდოთ კონვერტში გაზეთი და გამომიგზავნოთ. მე მეინტერესებს რა იწერება საქართველოში, ვინ წერს, როგორ წერენ.
მე ალბათ ჩამოვრჩი.
ვცხოვრობ კარგად, ჯანმრთელად ვარ.
თქვენს მოკლე წერილზე მეც მოკლედ გპასუხობთ, მხოლოდ იმისათვის, რომ დრო არ მაქვს. ვჩქარობ.
თქვენი ნახვის მონატრებული მ ი რ ზ ა.
30.02.44წ.
ბელორუსია.
დაო რუსუდან!
რამდენი ხანია ლექსი არ დამიწერია.
ომი ჰკლავს ჩემში ლექსების მწერალს, მაგრამ ზრდის პოეტს.
ჩემი მგრძნობიარე გული უცვლელია, თუმცა ნერვები ჩემი და სული გამაგრდნენ, გამოიცვალნენ
მირზა
This post has been edited by რუსთაველი on 23 Apr 2007, 23:41
|