ბოდიშს გიხდით რომ დიდხნიანი პაუზა გამომივიდა

მარიანა
კატის გადარბენა კარგად მაქვს დაცდილი, შავის განსაკუთრებით. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან, გამოცდების დროს, კედელს ამოფარებული ველოდებოდი ხოლმე კატებს. შავი კატა ხუთიანი იყო - წყალი არ გაუვიდოდა. იმ დღესაც , ლექციებიდან წამოვედი და კავსაძის ქუჩასთან, დიდმა, შავმა კატამ გადამირბინა. ორსულად იყო თუ ჭამას გაესუქებინა, აღარ დავაკვირდი. ერთს კი მივხვდი, რაღაც კარგი მელოდა. არც გამმტყუნებია იმედი - მამუკას სახლთან ბიჭები შემხვდნენ, მამუკას დაბადების დღეა და გველოდებაო. ავედით. ყველანი იქ იყვნენ თითქმის. დავიწყეთ სმა და სადღეგრძელოები. მივყევით რიგს და წესს. საქართველოსი რომ დალიეს და ნაგავში გადაგდებულ ბრილიანტს შეადარეს , მამუკას ოთახში გავედი. ბესო მოვიდა ჭიქით და მომიჯდა - ბავშვობის სადღეგრძელო დალია. ცრემლმორეულმა ყველაფერი გაიხსენა. მე და ბესო კარის მეზობლები ვიყავით და პატარაობიდანვე ერთად ვიზრდებოდით. ერთად ვამტვრევდით ფანჯრებს, ვაბარებდით მოპარულ ბოთლებს, ვკრეფდით პენსიონერი ბორიას ყურძენს, ვეწეოდით სიგარეტს და რა ვიცი კიდევ, რაც მამაძაღლობა იყო, ვსინჯავდით ყველაფერს ცოტ-ცოტას. მახსოვს, რვეული გვქონდა ასფურცლიანი, შაირებს ვიწერდით ჩუმად. ნახევრამდე რომ გავავსეთ, კლასის ხელმძღვანელმა გვიპოვნა. ერთი ამბავი დაგვაწიეს. ახალი მიღებული ვიყავით პიონერებში და გარიცხვით დაგვემუქრნენ. გადავირიეთ ორივე. ვტიროდით და ვტიროდით - მეტს აღარ ვიზამთო.
მეექვსე კლასში ვიყავით, ორთაჭალაში რომ გადავიდნენ. ბესოს კი, ისე ვენატრებით, თითქმის ყოველდღე ჩვენს უბანშია. ჰოდა , დადის აქეთ-იქით და ჩვენც წანწალა შევარქვით...
ისევ სასტუმრო ოთახში გავედი. თამრიკომ მითხრა, ვიცეკვოთო. დამეზარა. უკვე მთვრალი ვიყავი და მართლა დამეზარა. მაგრამ ერთ ადგილზეც ვერ მოვისვენე. ჯერ ფანჯარასთან მივედი, მერე როიალთან. ლამაზზე ლამაზი გოგონა იჯდა და უკრავდა. რასაც უკრავდა, მასავით მშვენიერი იყო. თვითონაც სიამოვნებდა და იმასაც გრძნობდა, სხვებს რომ მოსწონდათ, რაღაც მორიდებით ამიუხედავდა ხოლმე და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ისწორებდა შუაზე გაყოფილ თმას. თუმცა , კი არ ისწორებდა, ხელს ისვამდა მხოლოდ...
მე მას ვიცნობდი. კი არ ვიცნობდი, ვიცოდი რომ მამუკას მეზობელი იყო, ასე ახლოს კი , პირველად ვხედავდი. გვერდით მივუჯექი და დაკვრა რომ დაამთავრა, სახელი ვკითხე (კარგია სიმთვრალე) , მარიანა მქვიაო, - გაიღიმა. თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი, რომ კარგი, ძალიან კარგი იყო. შერცხვა და გაწითლდა. მეც შემრცხვა, მაგრამ კარგა ხნის გაწითლებული ვიყავი და არ დამტყობია (სიფხიზლეში, ამდენი ხალხის წინ, სხვისას კი არა, საკუთარ თავს ვერ გადავუსვამ ხელს .. )
მარიანამ ისევ დაუკრა და მე, ერთხანს ჩუმად უსმინე. მერე წამოვდექი , მაგიდის კუთხეში ზურა საყვარელიძე მოვძებნე და ვსვით. ვსვით ჭიქებით და კიდევ უფრო დიდი ჭიქებით. რამდენი, არ მახსოვს. სახლში მამუკამ მიმიყვანა. ჩემით თითქმის ვეღარ დავდიოდი, მაგრამ ცუდად არ გავმხდარვარ.პირიქით, მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. ჩვენებს არ ეძინათ და ერთი მეზობელი მყავს უშანგი, როგორც ისე იქცევა , ზუსტად ისე დავიწყე სლოკინით - არ გიყვარვართ, პატივს არ მცემთ და ნერვებს მიშლით-მეთქი. მამაჩემმა ერთხანს უსმინა ჩემს ბლუყუნს , მერე როგორც იცის ხოლმე, დაიღრიალა - მანდ არ მომიყვანო, თორემ სიყვარულს და პატივისცემას მერე განახებო. გავჩუმდი და ჩემი ოთახისკენ წავლასლასდი. არც გამიხდია, ისე დავწექი. კედელს ერთი- ორჯერ მონდომებით შემოვკარი მუშტი, მერე ერთი-ორი სადღეგრძელო ვთქვი ხმამაღლა და უჭიქოდ. ცოტა ხანში ჩამეძინა კიდეც...
**
-გამარჯობა , მარიანა!
-გამარჯობათ.
- არ გახსოვარ? მე მამუკასთან ვიყავი. როიალზე რომ უკრავდი და თავზე ხელი გადაგისვი.
მარიანა გაწითლდა . მეც (ისე რა)
- დიახ, -თავი დამიქნია.
- - მე გოგა მქვია, ვამბობ და ხელს ვუწვდი. მართმევს და ისევ წითლდება (რა გრძელი და წვრილი თითები აქვს ) გაშვებას არ ვაპირებ.
- თვითონ მართმევს.
მიტრიალდა და წავიდა.
**
- გამარჯობა, მარიანა!
- -გამარჯობათ!
- მიგყვები სახლამდე.
მარიანა, როგორც ყოველთვის, წითლდება (საინტერესოა, რატომ არ ლურჯდება, ან მწვანდება. რატომ მაინცდამაინც სირცხვილი და სიწითლე?)
სახლამდე უხმოდ მივედით. სადარბაზოსთან გავუღიმე და დავემშვიდობე...
**
- გამარჯობა, მარიანა!
- გამარჯობა!
სახლამდე მივყვები. სკოლიდან ბრუნდება. სახეზე დაღლილობა ეტყობა, მაგრამ ჩანთას მაინც არ მანებებს. თავი ძირს დაუხრია და მიდის . მე ხან ვუსწრებ , ხან უკან ვრჩები.
- დღეს საღამოს პარკში წავიდეთ, მოგაკითხავ, - ვამბობ და პასუხს აღარ ვუცდი. მარიანა სადარბაზოში შედის.
**
- გამარჯობათ, თუ შეიძლება მარიანა ჩემთან ერთად პარკში გამოუშვით, ერთი საათით, გავისეირნებთ.
მარიანას დედას გაკვირვებული მიყურებს.
მე უხერხულად ვგრძნობ თავს , მაგრამ არ ვნებდები საკუთარ მორცხვობას.
- არა, მალე მოვალთ, ნუ ინერვიულებთ.
დედამისს კიდევ უფრო უფართოვდება თვალები.
მე თავს ძირს ვხრი. ფეხის ხმა მესმის. ხუთ წუთში წითელკაშნეშემოხვეული მარიანა გამოდის და კიბეზე ვეშვებით...
**
ახალ ფილმს აქებენ და კინოში შევდივართ. ქალი შესასვლელში ბილეთებს გვართმევს და მარიანას აკვირდება. მე არაფერს ვიმჩნევ.
ფილმი მართლაც კარგია. ბერგამანისაა და მარიანას მუსიკა მოსწონს განსაკუთრებით. ზოგჯერ ჩემსკენ გადმოიხრება და მეუბნება ხოლმე.
სახლში ფეხით ვბრუნდებით. ბევრს არ ვლაპარაკობთ. ხელს ხელზე ვუჭერ და ვემშვიდობები.
სახლში დედაჩემია. გაბრაზებულია და ვიცი, რასაც მეტყვის, ბოლო კურსზე ვარ , სადიპლომო დავიწყე და ჯერ დამჯდარი არ ვუნახივარ დედაჩემს. მეტის მოთმენა აღარ შეუძლია - ხომ უნდა ვიფიქრო მომავალზე, ცოლის დროც მოვიდა და ასე შემდეგ , და ასე შემდეგ.
მე ჩემს ოთახში შევდივარ და ვწვები, ვწვები და ვფიქრობ ...
**
ბირჟასთან გავიარე. ორი კვირაა აღარ გამოვჩენილვარ. ბიჭები გადავკოცნე.
- სად ხარ? სად დაიკარგე?
- - რა ვიცი, ვმეცადინეობ, დიპლომზე ვარ უკვე.
ვჯდები ბეტონზე, სიგარეტს ვეწევი და ვაფურთხებ..
**
- დედა , ხვალ ერთი უნდა გაგაცნო. ჩვენთან მოვიყვან.
- კარგი შვილო.
ვატყობ,უხარია.
მე მეღიმება.
**
ზარი დავრეკე, - კარი დედამ გამიღო. მარიანას ხელი მოვკიდე და ოთახში შევიყვანე. ყველაფერი დალაგებულია და გალამაზებულია.
- რა კარგი გოგოა.. რა გქვია შვილო, - თავზე ხელი გადაუსვა დედამ.
- - მარიანა.
- - რამდენი წლისა ხარ?
- ათის...
ბეთჰოვენი მეზობლის ფანჯრიდან
(ნამდვილი ამბავი)
..ქუჩას რომ ფანჯარა გადაჰყურებს, იმ ოთახში ცოლი ფირფიტას მომართავს, ხმას ბოლომდე აუწევს , ფანჯარას ფართოდ გააღებს, კარებს საგულდაგულოდ გამოიკეტავს და სამზარეულოში გადის.
- ქალო გამორთე ეგ ოხერი! -ჰყვირის ქმარი და გაზეთების მაგიდაზე აბრახუნებს.
- - რა გესმის შენ კლასიკის! -ნერვები ეშლება უფროს ქალიშვილს და ცხელ ყავას სულს უბერავს.
- - არცერთი არ უსმენთ და რა ჯანდაბა გინდათ, რომ აღრიალებთ მთელი ქუჩის გასაგონად.
- - გაჩერდი რა კაცო, არაა შენი საქმე! - ბრაზდება ცოლი.
- -თქვენი ბეთჰოვენიც და თქვენი ჭკუაც!-იგინება ოჯახის თავი და სიგარეტს უკიდებს.
ერთი სართულით ზევით კი, ქალი სარეცხს ფენს და მეორეს ეუბნება:
- ძლივს არ ვეღირსეთ წესიერ და კულტურულ ოჯახს? სიმფონიებს ვინ უსმენდა აქამდე.
- აბაა, ძლივს არ გვეშველა, თანაც მოცარტი როგორ მიყვარს, - ამბობს მეორე და ტუჩთან თითი მიაქვს : - ჩუმად მომასმენინეო...
lars von trier:E კი წავიკითხე როგორ იცის ხოლმე რა

.. არსენ ვენგერ გაუმარჯოს და იმის ფეხბურთს

თავთით მიდევს ათიანი და ნელ ნელა ვკითხულობ თან ცოტა არ მჯერა რომ გამოვიდა .. კოტეს სტატია არ იყო და გამიტყდა..
ცენტრალურ პარკში რომ ტბაა იხვები ხომ გინახავთ გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ ზამთრობით სად მიდიან? იქნებ იცოდეთ შემთხვევით ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონ მიფრინავენ სამხრეთით თ ან სხვაგან სადმე?
Я человек больной... Я злой человек. Непривлекательный я человек.