merciamerciaარა, სამწუხაროდ : ((
დასაქოქი თოჯინა
ამათზე მეტად, ოჰ, დიახ,
ამათზე უფრო მეტად შეიძლება გაყუჩდე...
შეიძლება ხანგრძლივი საათების განმავლობაში
მიცვალებულათა მზერის მსგავსად სახე გაგეყინოს,
თვალი გაგიშტერდეს სიგარეტის კვამლზე,
თვალი გაგიშტერდეს ფინჯნის გამოსახულებაზე,
ხალიჩის უფერულ ყვავილზე,
კედელზე წარმოსახულ ხაზებზე...
შეიძლება ძალაგამოცლილი ხელებით
ფარდა გადასწიო და დაინახო:
ქუჩაში კოკისპირულად წვიმს,
პატარა ბავშვი ფერადი ფრანებით ხელში
შენობის თაღს აფარებს თავს,
ძველი, მოშლილი საზიდარი
ხმაურიანი სიჩქარით ტოვებს დაცარიელებულ მოედანს...
შეიძლება ფარდის უკან ერთ ადგილზე წუთით გაქვავდე
ისე, რომ ვერაფერს ხედავდე,
ისე,რომ არაფერი გესმოდეს...
შეიძლება იყვირო
არაბუნებრივი, მეტად უცნაური ხმით:
“მიყვარს”,
შეიძლება ერთი მამაკაცის ძლიერ მკლავებში
მშვენიერი, სრულყოფილი ქალი აღმოჩნდეს,
ტყავის სუფრის მსგავსი მოქნილი ტანით,
მკვრივი მკერდით.
შეიძლება საწოლში
ერთმა ლოთმა, გიჟმა ან მაწანწალამ
ერთი სიყვარულის უმანკოება შელახოს...
შეიძლება განზრახ აბუჩად აიგდო
ყოველი გასაოცარი ქარაგმა.
შეიძლება მარტო შეუდგე კროსვორდის ამოხსნას
და უბრალო, სულ რაღაც ხუთ-ექვს ბგერიანი
პასუხის მიგნებითაც გული გაიხალისო.
შეიძლება ერთმა სიცოცხლემ მორჩილად
მუხლი მოიდრიკოს ცივი სამარის ფერხთით,
შეიძლება ერთ უცნობ საფლავში ღმერთი აღმოაჩინო,
შეიძლება ერთი უმნიშვნელო მონეტით რწმენა იპოვო
და მეჩეთის სენაკში გაიხრწნა ლოცვისას
მოხუცი მწირის მსგავსად.
შეიძლება როგორც
ნულს, ცალკე შეკრებისას თუ გამრავლებისას
ერთნაირი შედეგი გქონდეს.
შეიძლება შენი თვალები მრისხანე ქუთუთოებს მიღმა
გაცვეთილი წაღის უსახურ ღილს მიემსგავსოს.
შეიძლება, როგორც წყალი, საკუთარ გუბეში დაშრე
და სილამაზის წუთით გაელვება
მოულოდნელად გადაღებული შავ-თეთრი სურათივით
სადღაც ყუთში გადამალო.
შეიძლება ერთი დღის ცარიელ ჩარჩოში
მსჯავრდებულის, ჯვარცმულის ან დამარცხებულის სურათი ჩამოჰკიდო,
შეიძლება ნიღბებით დაფარო კედლის ბზარები
და თვითონვე დაიკარგო მათში უაზროდ.
შეიძლება შენც დასაქოქ თოჯინებს ჰგავდე
და შუშის თვალებით საკუთარ სამყაროს ხედავდე,
შეიძლება ჩალით გატენილი ტანით
წლების განმავლობაში მაუდის ყუთში გეძინოს
ბადესა და ბრჭყვიალებს შორის
და ხელის უმნიშვნელო შეხებისას
უმიზეზოდ შეჰყვირო:
“ოჰ, მე უზომოდ ბედნიერი ვარ”…