THH
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3763
წევრი No.: 151080
რეგისტრ.: 18-June 12
|
#53644955 · 23 Oct 2018, 16:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოუქვეყნებელი ნაწყვეტიები რომანიდან "განზომილება". მათთვის ვისაც უყვარს ეს რომანი
მიმოწერა პრ. დიდებულიძესთან. პრ. დიდებულიძემ რა გაიგო, წიგნის დაწერას ვაპირებდი, ეპისტოლე მაახლა და თავაზიანად მთხოვა მისი "სამყაროული კონცეფცია" შემეტანა. მე თავიდან ვიუარე, ვინაიდან ეს მკითხველისათვის, რომელსაც სახეებით აზროვნება აინტერესებს და არა ცნებებით, თუ გაუგებარი არა, მოსაბეზრებელი მაინც იქნებოდა. პრ. დიდებულიძემ თხოვნა გაიმეორა. მე კვლავ ვიუარე. მან მესამედ გაიმეორა. მე ვეღარ ვიუარე. ვურთავ აქვე ამ კონცეფციას და ვაცხადებ, რომ მისი წაკითხვისგან მორალურად ვათავისუფლებ თვით იმ 126 მკითხველსაც კი.
* * *
წარმოდგენა პროეცირებულია ემპირიულ რეალობაზე და ამ ემპირიულ რეალობას შეესატყვისება. სხვა რეალობას წარმოდგენა არ იცნობს (ფანტაზიის საშენი მასალაც მხოლოდ ემპირიული რეალობაა). მაგრამ რეალობა, როგორც ასეთი, აღემატება წარმოდგენას. გონება, მაგალითად, უფრო ვრცელ რეალობაზეა პროეცირებული და ისეთი ცნებების შექმნა ძალუძს, რომლებსაც ემპირიულ რეალობაში შესაბამისობა არ გააჩნია. ეს, ერთის მხრივ, ნიშნავს, რომ გონება მთლიანად აღქმის მონაცემებზე არაა დამყარებული, მეორე მხრივ, რაკი დამოუკიდებლად, მონაცემების გარეშე, არაფრის შექმნა არ შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მონაცემებს სხვა წყაროდან იღებს. ეს სხვა წყარო, რომელიც ემპირიულ რეალობას სცდება, არის სული. და სულის არსებობის დამამტკიცებელი სწორედ ისაა, რომ გონებას აბსტრაჰირების უნარი აქვს, ისეთ ცნებებს ქმნის, რომლებსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შექმნიდა მხოლოდ ემპირიულ სინამდვილეზე დაყრდნობით, და საკუთარ თავს შეიმეცნებს, როგორც ობიექტს.
ემპირიული რეალობა არის მოძრაობა. იმავე დროს მოძრაობა ნიშნავს შეზღუდვას. მოძრაობა შეზღუდულია ოთხი ნიშნით, რომლებიც მისი არსებობის (ანუ ემპირიული სინამდვილის) კოორდინატებია. ესენია: დრო, სივრცე, მატერია და სიჩქარე. ეს სისტემაა და მასში ერთი შემადგენელი ნაწილის ცვლილება ავტომატურად იწვევს მთელი სისტემის ცვლილებას. მოძრაობის ანუ მატერიალური არსებობის ხასიათს აინშტაინი დამაჯერებლად ხსნის სიჩქარის ცვლილების მიხედვით. ცხადია, რომელ კოორდინატს შევცვლით, სულ ერთია, უბრალოდ სიჩქარის ცვლილება უფრო თვალნათლივია და გონებისთვის უფრო იოლი გადასამუშავებელი. აინშტაინი ლაპარაკობს სხეულის ზომების გაზრდაზე და დროის შემცირებაზე სიჩქარის ზრდისდა მიხედვით. აინშტაინისთვის ეს საკმარისი იყო იმ დასკვნების გამოსატანად, რომელიც მიზნად ჰქონდა დასახული, და იმის მათემატიკურად დასამტკიცებლად, რომ მატერიალური სხეულის სიჩქარე ზღვრული ცნებაა. აინშტაინმა დაამტკიცა, რომ მატერიალური სხეულის სიჩქარის ზღვარია 300000 კმ.წ., ვინაიდან აქ სხეულის ზომა უსასრულობას აღწევს, ხოლო დრო ნულის ტოლი ხდება. რა თქმა უნდა, ეს სწორია, თუმცა ზღვარდების ეს ფაქტი შეიძლება სხვაგვარადაც აღიწეროს. კერძოდ, ისე, რომ მოძრაობის ოთხივე კომპონენტმა, ოთხივე კოორდინატმა მიიღოს მასში მონაწილეობა. რა ხდება? რაც უფრო იზრდება სიჩქარე (აინშტაინის მიხედვით) მით უფრო იზრდება სხეულის ზომა და მით უფრო მცირდება დრო. მათემატიკის გარეშეც, წმინდა გონებრივი ჭვრეტით, შეიძლება ამ პროცესის გამო ვთქვათ: სხეულის ზომა იზრდება იგივეა, რაც სივრცე მცირდება, ისევე როგორც სიჩქარე იზრდება = დრო მცირდება. ანუ: სხეული და სივრცე, ერთის მხრივ, და სიჩქარე და დრო, მეორე მხრივ, ერთმანეთისკენ მიისწრაფიან. დროის (სივრცის) შემცირება და სიჩქარის (სხეულის) გაზრდა უბრალო პირობითობაა. ასეც შეიძლება აღწერო და ისეც. ზღვარია, როცა სიჩქარე ემთხვევა დროს, ხოლო სხეული სივრცეს. ხოლო რაკი დროცა და სივრცეც აქ ნულის ტოლია, შეგვიძლია ვილაპარაკოთ მათ დამთხვევაზეც. ანუ კომპონენტების შეერთება ხდება ნულოვან (= უსასრულო) წერტილში. მაშასადამე, ოთხივე მთგანი გაუქმებულია და ახალი რეალობა დგება, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ არამატერიალური რეალობა. ეს რეალობა ერთსა და იმავე დროს ნულოვანიც არის და უსასრულოც (რაც არსებითად ერთი და იგივეა).
* * * სივრცე - დროის, როგორც შესაძლებლობის, გამჟღვანება, საკუთარი თავის ობიექტაცია საკუთარი თავისათვის, თვითშემეცნება. შესაძლებლობა ნიშნავს არსებობას, მაგრამ არსებობას მხოლოდ საკუთარი თავისათვის, როცა არსებობა არსებობს ისე, რომ არ შეიმეცნება. შესაძლებლობის გამოვლენა ანუ საკუთარი თავის ობიექტაცია ნიშნავს საკუთარ თავში შემმეცნებლის გამჟღავნებას და ამგვარად დამოკიდებულების შექმნას, ვინაიდან "გამოვლენა", "გამჟღავნება", "ობიექტაცია", "მატერიალურობაც" სხვა არაფერია, თუ არა დამოკიდებულების შექმნა. ამგვარად მატერიალიზაცია, შესაძლებლობის რეალიზაცია უკვე ნიშნავს თვითშემეცნებას, როცა შესამეცნებელი და შემმეცნებელი ჯერ კიდევ ერთია შემეცნებაშივე. მერე და მერე ობიექტაცია ძლიერდება და, თუმცა დღესაც ადამიანის შემეცნება პრინციპულად თვითშემეცნებაა, შესამეცნებელი და შემმეცნებელი შემეცნებაში უკვე ცალ-ცალკე აღიბეჭდება.
სივრცე, როგორც შესაძლებლობა, არის დრო, და დრო, როგორც შესაძლებლობა, არის სივრცე. ამიტომ არიან განუყოფელნი. რეალიზაცია, ობიექტაცია, გამჟღავნება, ანუ (თვით)შემეცნება ხდება სივრცეზე დროში.
* * * სივრცე არის მატერიალური სამყაროს აბსოლუტური (და ობიექტური) იდეა, ამ სამყაროს ზღვარიცა და ზღვრული, პირველადი ფორმაც, არსებობის საწყისი შესაძლებლობა, როცა შესაძლებლობაში იგულისხმება არა ჭურჭელი, რომელიც შიგთავსისაგან განსხვავებულია, დამოუკიდებელი და სრულიად "გულგრილი", რადგან სულ ერთია რა მოთავსდება მასში, არამედ არსებობის შესაძლებლობა, როგორც საკუთარი თვითშემეცნება, ობიექტაცია, თავის არსებობის შესაძლებლობა (გამჟღავნება). (როგორც ობიექტი, არსებობა "თავისთვის"). შესაძლებლობა კი უკვე ნიშნავს დუალიზმს, რაკი შესაძლებლობა არის გამოვლენის შესაძლებლობა, რაც იდეისაგან განსხვავებულია. გამოვლენის შესაძლებლობა ეს არის სიმბოლური გამოხატვის შესაძლებლობა, ან, პოსტ ფაქტუმ თუ შევხედავთ (სხვანაირად შეხედვა კი არ შეგვიძლია) სიმბოლური აღქმის შესაძლებლობა ("სიმბოლური აღქმა" ხელოვნური და, არსებითად, ტავტოლოგიური გამოთქმაა, ვინაიდან აღქმა მხოლოდ სიმბოლური არსებობს. ამას უნდა გაეწიოს ანგარიში). ეს სივრცის მეორე მხარეა, რომლის გარეშე იგი ვერ იარსებებს, სივრცე მეწყვილის გარეშე ვერ იარსებებს. რაკი მასში გამოვლენის შესაძლებლობა უკვე ჩადებულია. ეს მეწყვილე, ეს მეორე მხარე, ეს სიმბოლო არის დრო - სივრცის აბსოლუტური ფორმის აბსოლუტური შინაარსი, მედლის უკანა მხარე, აღნიშვნის საშუალება, ფიქსირების მეთოდი, შესაძლებლობის პირველადი რეალიზაცია.
სივრცე-დრო - ნებისა და რიცხვის ურთიერთმოქმედების ნაყოფი - ჯერ კიდევ იდეაა, რომელშიც ჩადებულია შესაძლებლობათა ჯაჭვი. ეს ჯაჭვი საფეხურებად ვლინდება. პირველი გამოვლენაა სუფთა ფორმა - მატერია-მოძრაობა, რაც სინამდვილეში არც მატერიაა (ტრადიციული გაგებით) და არც მოძრაობა, ვინაიდან აქ მატერია-მოძრაობა თანაბრად ხასიათდება საპირისპირო ცნებებით "ყველგან" და "არსად", ანუ არსი აქ ჯერ კიდევ არაარსს უდრის და მოძრაობა - უძრაობას. მაგრამ ამ პირველ გამოვლენაში ჩადებულია შემდეგი საფეხურის იმპულსი. ეს არის საწყისი, გეომეტრიული წერტილი, რომელიც მატერიალურად ნულის ტოლია, ანუ არსებობს როგორც თეორიული მოდელი, მხოლოდ საკუთარ თავში. ეს არის მატერია-მოძრაობის "ძილის წერტილი", რომელსაც გაღვიძების ძალა აქვს. "გაღვიძება" ნიშნავს შინაარსად გამოვლენას, მატერიალური სახით რეალიზაციას, სიმბოლოთქმედითობას, რაც გაანგარიშებულია ცნობიერებისათვის და ამიტომ ზომები უნდა შეიძინოს. ახლა აქედან შევხედოთ, ცნობიერებიდან. ცნობიერების აღქმის ობიექტი არის სხეული-სიჩქარე-მატერია-მოძრაობის სიმბოლო და შინაარსი, რომლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ზომა, ანუ ის, რომ რეალური რიცხვი მიესადაგება. რას გვაძლევს ეს ზომები? რაც უფრო დიდია სიჩქარე, ვამბობთ ჩვენ, მით უფრო მცირდება (ნელდება) დრო. მაგრამ სიჩქარეს დროსთან არაფერი აქვს საერთო იმ გაგებით, რომ ეს ზემოქმედებად ჩაითვალოს. სინამდვილეში, რაც უფრო დიდია სიჩქარე, ის მით უფრო უახლოვდება დროს, ანუ თავისსავე საწყის წერტილს. იმიტომ რომ იგი სასრულოვანია და ჩარჩოშია მოქცეული. ასევე, როცა ვამბობთ, რომ, რაც უფრო დიდია სიჩქარე, მით უფრო იზრდება სხეულის სიგრძე, იგულისხმება - სხეული უახლოვდება მატერიას, ანუ თავის საწყის წერტილს.
* * * არაფერს არ შეუძლია იარსებოს რიცხვის გარეშე, რიცხვს შეუძლია იარსებოს ყველაფრის გარეშე. სივრცე და დრო (აღარაფერს ვიტყვით უფრო დაბალხარისხოვან კატეგორიებზე) ვერ მოიაზრება რიცხვის გარეშე. რიცხვი მოიაზრება სივრცისა და დროის გარეშე.
რიცხვი წმინდა იდეაა, მაგრამ იდეათა კატეგორიებში იგი უფრო ქვედა საფეხურზე დგას, ვიდრე ღმერთი (ნება). ღმერთი ნებაა, რიცხვი - შესაძლებლობა. ამდენად რიცხვი ღმერთის იარაღია, რომლის მეშვეობითაც ნება აქტიურია.
გონება თავისი ბუნებით დუალისტურია. ამიტომ მას არ ძალუძს მოიაზროს ერთი, აბსოლუტი, საწყისი. აზროვნების ზღვარი გადის იქ, სადაც არის "ორი": ღმერთი (ნება) და რიცხვი.
ანუ: გონებას არ შეუძლია მოიაზროს ისეთი "ერთი", რასაც არ ახლავს შესაძლებლობა, როგორც "მეორე".
უკიდურესი, რაც გონებას შეუძლია მოიაზროს, არის ნება (ღმერთი) და რიცხვი. გონება, რომელიც, როგორც ითქვა, გაცილებით უფრო ვრცელ რეალობაზეა პროეცირებული, ვიდრე წარმოსახვა, ამ რეალობის საზღვარს ხედავს ნებისა (ღმერთისა) და რიცხვის სახით. ამას იქით გონება ვერ მიდის. გონებას არ შეუძლია წარმოიდგინოს ისეთი რამ, რაც ნებაზე მაღალია და რასაც რიცხვი არ მიესადაგება. ამიტომ, როგორც ჩანს, გონების შესაძლებლობისათვის სამყაროს საწყისი არის არა "ერთი", არამედ "ორი". "ერთი" მიუწვდომელია, თუ ვიგულისხმებთ, რომ ის ამავე დროს არ უნდა იყოს "ერთი", რადგან თუ ის არის და ამავე დროს არის "ერთი", ის უკვე აღარ არის ერთი, რადგან რიცხვით გამოიხატება. ნება და რიცხვი - ფორმის იდეა-შესაძლებლობა. სივრცე და დრო - "რეალობის" ფორმა-შესაძლებლობა. აქტიური რომ გახდეს, ღმერთი იშლება ნებად და რიცხვად: სხვაგვარად ღმერთი აქტიური ვერ იქნება. თვითაქტიურობა არ არსებობს. არც თვითშემეცნება არსებობს იმ აზრით, რომ გონებამ გაიგოს. შესაძლებლობის რეალიზაცია, ანუ ნებისა და შესაძლებლობის ნაყოფი - სივრცე და დრო თავიანთი მხრივაც შესაძლებლობანი არიან, მაგრამ უკვე არა იდეის შესაძლებლობანი, არამედ ფორმის შესაძლებლობანი, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ არა იდეებს, არამედ აბსოლუტურ ფორმებს, ხოლო როგორც ასეთები, არა უბრალოდ "ორი" არამედ დუალიზმის ფუძემდებლები არიან, ასე ვთქვათ, უკანა მხარე აქვთ, მეწყვილეები; სივრცისა და დროის, როგორც შესაძლებლობათა, შესაძლებლობა მდგომარეობს მატერიალურის შესაძლებლობაში, თუმცა თავად, რა თქმა უნდა, მატერიალურნი არ არიან. ამ შესაძლებლობის გარდაუვალი რეალიზაციის საბუთია მათი დუალიზმი, დაწყვილებული არსებობა, მეორე მხარის ქონა. სივრცის მეორე მხარე მატერიაა, დროისა - მოძრაობა, რადგან მატერია არ არსებობს მოძრაობის გარეშე და მოძრაობა არ არსებობს მატერიის გარეშე (სივრცისა და დროის განუყოფლობის ერთი არაპირდაპირი საბუთი). * * *
რა არის არსებულ სამყაროში პირველადი. შეგვიძლია შევქმნათ მარტივი ჯაჭვი. ვთქვათ, ადამიანი არ არსებობს, თუ არ არსებობს ტვინი, მაგრამ არსებობს ქვა; ადამიანი და ქვა არ არსებობს, თუ არ არსებობს მოლეკულა, მაგრამ ნივთიერება არსებობს. ადამიანი, ქვა და ნივთიერება არ არსებობს, თუ არ არსებობს ატომი, მაგრამ არსებობს ატომგული... და ა.შ. რაც მიგვიყვანს (ან პირობითად მიგვიყვანს, როგორც ერთ დროს ატომამდე, მერე ელემენტარულ ნაწილაკამდე, მერე ელემენტარული ნაწილაკის ბირთვამდე) მატერიის უკანასკნელ დეფინიციამდე, ანუ ვიტყვით: არაფერი არ არსებობს მატერიისა და მოძრაობის გარეშე. მაგრამ რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მოძრაობა მატერიის თვისებაა? არა. მოძრაობა ისეთივე სრულუფლებიანი კომპონენტია არსებობისა, როგორც მატერია. მოძრაობა არ არსებობს მატერიის გარეშე და მატერია არ არსებობს მოძრაობის გარეშე. ეს ორი დებულება აბსოლუტურად თანაბარმნიშვნელოვანია. ისევე შეგვიძლია დავახასიათოთ მოძრაობა, როგორც მატერიის ფუნქცია, როგორც მატერია - მოძრაობის ფუნქცია. ორივე მათგანი ფუნქციაა და ორივე მათგანი თვისებაა. არსებობს რაღაც, რასაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ მოძრაობა-მატერია. დაახლოებით ისე, როგორც მკვლელობის აქტი არ შეიძლება გააზრებულ იქნას არც მკვლელისა და არც მოკლულის გარეშე. მკვლელი და მოკლული ერთმანეთის თვისება და ერთმანეთის ფუნქცია არ არის, არამედ ერთი აქტის ორი სახეობა, თუნდაც ორი თვისება ან ფუნქცია. მოძრაობა-მატერიის მიმართ ადამიანს ცრურწმენა განუვითარდა იმის გამო, რომ არსებობს თვალნათლივი რელატიური უძრაობა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მატერია უფრო სტაბილური და "არსებითი" რამ არის, ვიდრე მოძრაობა. ცხადია, ეს მცდარი აზრია. ყოველი უძრაობა, იმავე რელატიურობის კანონის მიხედვით, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სინათლის სხივის სიჩქარესთან მიახლოებული მოძრაობა. (ჩვენ ვმოძრაობთ. დედამიწა მოძრაობს ღერძის ირგვლივ იმავე მიმართულებით, დედამიწა მოძრაობს მზის ირგვლივ იმავე მიმართულებით, მზე მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის მიმართ იმავე მიმართულებით, გალაქტიკა მოძრაობს იმავე მიმართულებით და ა.შ.). ეს ცრურწმენა თუ დაიძლევა, ნათელი გახდება, რომ მატერია არის მოძრაობა და მოძრაობა არის მატერია. ეს ლოგიკურია, რადგან ეს თვისებები წარმოიქმნა სივრცე-დროის ბაზაზე, რომელიც აგრეთვე ერთიანია, ანუ ერთი არსის ორ მხარეს წარმოადგენს (ფურცელი, რა თხელიც არ უნდა იყოს, არ არსებობს ისე, თუ არ არსებობს მისი წინა და უკანა მხარე). თუ შევძლებთ წარმოვიდგინოთ სივრცე დროის გარეშე (რაც რეალურად აბსურდია), მაშინ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მატერია მოძრაობის გარეშე და პირიქით. სივრცე-დრო, ეს არის მოძრაობა-მატერიის ზღვარი, მისი არსებობის ფორმა და პირობა. (ფურცლის იდეა, რომელსაც წინა და უკანა მხარე აქვს). თუ ცალცალკე ვიტყვით, სივრცე არის ფორმის (მატერიის) ფორმა და პირობა, დრო - შინაარსის (მოძრაობის) ფორმა და პირობა. მაგრამ მათი ფაქტიური გაცალცალკავება ისევე შეუძლებელია, როგორც ზემოთ უკვე ნახსენები მკვლელ-მოკლულისა.
* * * სული რომ არ იღებდეს მონაწილეობას სიცოცხლეში, მაშინ სამყარო მხოლოდ წარმოდგენა იქნებოდა, ანუ მხოლოდ ემპირიული რეალობა და დუალიზმიც თავისთავად მოიხსნებოდა. დუალიზმს ქმნის ის, რომ გონება აღემატება წარმოდგენას და რეალობა მეტია, ვიდრე ემპირიული მონაცემები.
სხეული - დეტერმინირებული სივრცე. სიჩქარე - დეტერმინირებული დრო. შეიძლება ითქვას: სხეული არის სივრცის "დაბადება" და სივრცე არის სხეულის "სიკვდილი". პარალელი ცნობიერებასთან. სიცოცხლე - დეტერმინირებული სული. ცნობიერება - დეტერმინირებული გონი. სიცოცხლე - სულის დაბადება. სული - სიცოცხლის გარდაცვალება.
სული პირველადი თვითშემეცნებაა, როცა შემმეცნებელი და შესამეცნებელი ჯერ კიდევ ერთია, ამიტომ იგი საკუთარ თავს შეიმეცნებს ობიექტაციის გარეშე, ან, უფრო სწორად, ობიექტაციამდე. თუ სულისმიერმა შემეცნებამ ობიექტაცია განიცადა, ის გონებისმიერ შემეცნებად უნდა იქცეს, რადგან ობიექტაცია სხვა არაფერია, თუ არა გამოყოფა, ხოლო თუ ობიექტაცია არ განიცადა, მისი მონაცემები პირველად-სუბიექტურია და შემეცნებას არაფერში არგია; "გაზიარება" არ შეიძლება, "განზოგადება" არ შეიძლება, "კავშირის დამყარება" არ შეიძლება, ვინაიდან ყველა ხსენებული ცნება ობიექტურობას გულისხმობს, ლოგიკის ორბიტას, რომელთანაც "სულის ლოგიკას" შეხების წერტილი არ შეიძლება ჰქონდეს ("შეხების წერტილიც" ობიექტურობას გულისხმობს).
* * * ღმერთი მხოლოდ მას შეუძლია "შეიმეცნოს", ვინც თვითონ გახდება ღმერთი. იმიტომ, რომ ღმერთი თვითშემეცნებაა
"ღმერთი" პირობითი ცნებაა და არაფერი არ არის პირობითი ცნების გარდა, რამდენადაც ადამიანის ობიექტურ არსებობას გონება განსაზღვრავს. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ და მოვიაზროთ, ვერასოდეს ვერ გასცდება ნებისა და რიცხვის მიჯნას. ღმერთის არსებობას მოწმობს სული. გონება მის მოწმობას ენდობა, თვითონ კი არც დადასტურება შეუძლია, არც უარყოფა. ამდენად ეს "არსებობაც" პირობითი ცნებაა. ჩვენ ნებისა და რიცხვის იქით აღარაფერი ვიცით. ჩვენ ვამბობთ "ღმერთი", ვამბობთ "ერთი", ვამბობთ "აბსოლუტი", მაგრამ ამ ცნებებში სინამდვილეში ვერაფერს ვერ ვდებთ, რადგან არავითარი "ერთისა" და არავითარი "აბსოლუტის" მოაზრება და ცნობიერებაში მოქცევა არ შეგვიძლია. ღმერთი ადამიანის გონების შესაძლებლობათა მიღმაა. ხოლო სული ისეთი რამ არის, რისი ობიექტაციაც არ ხდება და ამიტომ მისი ცოდნა მთლიანი ადამიანის ცოდნად, ისეთი ადამიანის ცოდნად, რომელიც ობიექტურ დეფინიციას ექვემდებარება, ვერ იქცევა. მით უფრო გულუბრყვილობაა, სრულიად პირობით ცნებებს თვისებები მივაწეროთ და ვთქვათ, რომ ღმერთი კეთილია, რომ ღმერთი ყველგანაა, რომ ღმერთი მარადია, რომ ღმერთი ყველაფერში ვლინდება და ა.შ.
ავიღოთ წინადადება: "ადამიანმა ხორბალი დათესა". ჩვენ ხელთა გვაქვს პური და გარკვეული აზრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პურში ვლინდება მთესველი. მაგრამ როგორ შეიძლება რეალურად გავიგოთ ეს ნათქვამი? "რა დონეზე" ვლინდება მთესველი? დაბეჯითებით შეგვიძლია გავიმეოროთ ამოსავალი წინადადება, რაც იმის საბუთია, რომ არსებობს მთესველი, რომელმაც ხორბალი დათესა. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გარკვეული მიახლოებით ეს მთესველი. ის ადამიანია და მასზე ჩვენი საკუთარი ადამიანობიდან გამომდინარე ზოგად რეალურ დასკვნას გამოვიტანთ. მეტს ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ პურის მიხედვით ვერ ვიტყვით როგორია იგი - ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, ლამაზი, უშნო, კეთილი, ბოროტი და ა.შ. შემდეგ: მან დათესა და ეს იყო მისი აქტიური ნების გამოვლენა. ამგვარად პროცესში ჩადებულია აქტიური ნება. მაგრამ ამის შემდეგ მას ამ პროცესთან საქმე აღარა აქვს. იგი თავისუფალია. წავიდა, დაიძინა, სხვა ხელობას მიჰყო ხელი, მოკვდა და ა.შ. გარდა ამისა მას არც ძალუძს იმ მომდევნო პროცესებზე იმოქმედოს, რომლებიც საბოლოოდ პურის არსებობით მთავრდება. მისი აქტიური ნება ამას აღარ გულისხმობს. ხორბალი დათესა და უკვე მასზე აღარაა დამოკიდებული თესლიდან რომელი დაიღუპა და რომელმა გაიხარა, რომელი აღმოცენდა და რომელი გახმა... რომელს გადაუჭრა ძირი მახრამ და რომელს არა, რომელმა გამოიღო თავთავი და რომელმა არა, რომელი გააფუჭა ქარმა და წვიმამ და რომელი გადარჩა, რომელი ჩამოცვივდა და რომელი მოიმკა, რომელი მოიხარშა და რომელი დაიფქვა, რომელი გამოცხვა და რომელი თაგვმა გააფუჭა... ასე რომ, მართალია, იმ კვერში, რომელიც ჩემს წინ დევს, გარკვეული აზრით ვლინდება მისი პირველადი შემოქმედი, მაგრამ ვლინდება სწორედ რომ მხოლოდ გარკვეული აზრით, რომელიც უფრო თეორიული ხასიათისაა, ვიდრე პრაქტიკული ზემოქმედების მქონე. (მეორე მხრივ, მთესველი პურში პირდაპირი გზით ვლინდება. პირდაპირი გზით და დიდი ძალით, იმ გაგებით, რომ მთესველის გარეშე არავითარი პური არ იქნებოდა).
* * * ცნობიერების ევოლუციას მე შევადარებ სიბნელის განათებას. სიბნელე, სამყაროს არსებობის პირობებში, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სინათლის დაბალი დონე, რომელიც იზომება სინათლის ერთეულით. აბსოლუტური სიბნელე, რომელსაც სინათლე არ ახლავს, არ არსებობს, თუკი არსებობს სამყარო. შედარებისთვის ტემპერატურა: მოლეკულის მოძრაობა უკვე გულისხმობს ტემპერატურას + ნიშნით. ტემპერატურა უკვე არის, ოღონდ მცირეა. ასევეა სამყაროში სინათლე, მიუხედავად იმისა რომ ის შეიძლება იყოს ძალზე მცირე. ასევეა ცოცხალ არსში ცნობიერება, თუმცაღა, რაც უფრო პრიმიტიულია სიცოცხლე, მით უფრო დაბალია, "ბნელია" ცნობიერება. მაგრამ არის. და როგორც თვალს სჭირდება სინათლის სრულიად გარკვეული ინტენსივობა იმისათვის, რომ საგანი დაინახოს, ასევე ცნობიერებას სჭირდება სრულიად გარკვეული ინტენსივობის დონე, იმისათვის, რომ "შეიმეცნოს". ამ თვალსაზრისით ითქმის, რომ სიცოცხლე ეს არის ცნობიერება. და ამ თვალსაზრისით მოექცევა იგი იმ სქემაში, სადაც ჩამოთვლილია თანმიმდევრულად: ერთ მხარეს - სივრცე, მატერია, სხეული სიცოცხლე, მეორე მხარეს - დრო, მოძრაობა, სიჩქარე, ცნობიერება.
იდეა - ფორმა - არსი - სიცოცხლე. შესაძლოა, ერთი შეხედვით, მოგვეჩვენოს, რომ ეს ხელოვნური დაკავშირებაა, რომ ასეთ სქემას, უბრალოდ, მაგალითების წყალობითა და მეშვეობით, პარალელის გზით, შედარების საშუალებით ვქმნით, რაც მხატვრულ სიმართლეს იძლევა, მაგრამ არა მეცნიერულს, რადგან შედარება ჭეშმარიტებას არ ნიშნავს. მაგრამ, რაც უფრო ღრმად ვუკვირდებით, ვამჩნევთ, რომ ამგვარი სქემები შედარებას კი არ ეფუძნება, არამედ გონების კოორდინატებია, რომელიც მას ჭეშმარიტების საზომად მიეცა. მონაცემები, ცხადია, სიმბოლოებია და არა თავად არსი, მაგრამ, რაც უფრო ლოგიკური და "ასხმულია" სიმბოლო, მით უფრო კარგად შეესაბამება არსს. ყველა ლოგიკური სქემა გონებაში დევს. ეს სქემები ერთმანეთის "მიბაძვით” არ იქმნება.
სინამდვილეში, რეალურად, სიჩქარეს არ შეუძლია მიაღწიოს აბსოლუტურ სიდიდეს. არც სხეულს. ეს გამომდინარეობს აინშტაინის თეორიიდან. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ უსასრულო სიჩქარეზე და უსასრულო სხეულზე, ამით საწყისს ვიკვლევთ და არა შედეგს. "რეალურად" სიჩქარესა და სხეულს "უკან დაბრუნება", ამოსავალ წერტილში მისვლა არ შეუძლია, პირველი იმპულსი, ნების გამოვლენა შეუქცევადია, მან უნდა გაიაროს ყველა პროცესი "წინ" და მხოლოდ "წრედის შეკვრა" შეუძლია, რაც ისეთი რამ არის, ცნობიერების შესაძლებლობის წრეში რომ არ შემოდის, ასე ვთქვათ, "მეორე მხრიდან" უნდა დაუბრუნდეს სივრცე-დროს და ნებას.
ზღვარზე სხეული-სიჩქარე კვლავ იქცევა გეომეტრიულ წერტილად, რომელიც ცნობიერების პოზიციიდან შეიძლება სხვადასხვაგვარად დახასიათდეს. ჩვენ ვამბობთ: სიჩქარემ მიაღწია აბსოლუტურ მნიშვნელობას და იგი უსასრულო გახდა და აქვე, როგორც ამ მტკიცების უნებურ გაბათილებას, ვუმატებთ, რომ დრო გაჩერდა. მეორე მხრივ შეიძლება ითქვას: სხეულმა მიაღწია აბსოლუტურ, უსასრულო სიდიდეს და დაემთხვა სივრცეს, ყველგანარსი შეიქნა. ამგვარად: სიჩქარე იქცა მარადისობად და სხეული იქცა ყველგანარსად. ანუ სხეული-სიჩქარე დაემთხვა მატერია-დროს. მაგრამ იმავე გაანგარიშებით, იმის გამო, რომ დრო სიჩქარის ზრდის კვალობაზე მცირდებოდა (ნელდებოდა), საბოლოოდ ნულის ტოლი გახდა. იგივე შეიძლება ითქვას სივრცეზეც, ვინაიდან სხეულის "ზრდა" სხვა არაფერია, თუ არა სივრცის "დაპატარავება". საბოლოოდ "ნული" და "უსასრულობა" სივრცე-დროში ერთმანეთს დაემთხვა. მართლაც სხეული-სიჩქარე, რომელმაც თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინა, ზღვარზე უკან დაუბრუნდა გეომეტრიულ წერტილს, რომელსაც, როგორც სივრცე-დროის მომდევნო საფეხურის საწყის ფორმას (და, როგორც, საზოგადოდ, ფორმას) ზომები არ მიესადაგება და ამიტომ ცნობიერების პოზიციიდან თანაბრად შეიძლება ეწოდოს უსასრულოც და ნულოვანიც. იგი, როგორც მატერიალიზაციის (ზომადის) შესაძლებლობა ერთსა და იმავე დროს არის "ყველგანაც" და "არსადაც". ნება და რიცხვი იარაღებია, ტრანსცენდენტული რეალობის იარაღები. თავად ეს რეალობა, როგორც ტრანსცენდენტული, ცნობიერების სარკეში არანაირად არ აირეკლება და აზროვნების კოორდინატებში არანაირი სახით არ შემოდის. ნება და რიცხვი - იარაღები - ეტყობა ან ამოქმედდებიან ან არა. ეს გონებამ არ იცის. სამაგიეროდ, თუ ამოქმედდა, წარმოიქმნება სივრცე-დრო, რომელიც აზრისთვის მისაწვდომია, რადგან უკვე გააჩნია გარკვეული დაპირისპირება. დაპირისპირება არა ანტითეზის სახით (რეალურად არაფერს უპირისპირდება და, პირობითად რომ ვთქვათ, +სივრცე-დრო და -სივრცე-დრო არ არსებობს), არამედ თავად არსებობა-არარსებობის სახით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დუალიზმს (თუ დუალიზმში არ ვიგულისხმებთ ორმაგ მახასიათებელს - "სივრცესა" და "დროს", რაც სინამდვილეში ორმაგი არ არის, თუმცა ფურცელთან შედარება შეიძლება). გარდა ამისა აქ პირველად იჩენს თავს ისეთი ცნება, როგორიცაა "თვისება" (მაგრამ ესეც უაღრესად პირობითია). სივრცე-დროის "თვისება" იმაში მდგომარეობს, რომ მას იმპულსი აქვს მინიჭებული. ბიძგი. [დამგორებელი ძალაა და, როცა დააგორა, ამ აქტში ჩაიდო. დამოუკიდებლად და გარეთ აღარ არსებობს]. ამ თვალსაზრისით იგი შეიძლება შევადაროთ ფერდობზე დაგორებულ ლოდს, რომელსაც ვერა ძალა ვეღარ შეაჩერებს, მათ შორის დამგორებელიც, რომელიც ზოგადად ალბათ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც "ყოვლისშემძლე". მეორე მხრივ სივრცე-დრო შეგვიძლია შევადაროთ სუფთა ფოტოფირს; აგრეთვე იდეას, რომელიც ადამიანს თავში უდევს. იგი შესაძლებლობაა. შემდეგი საფეხური - მატერია-მოძრაობა - ეს არის თეორიული არსებობა. მართალია ტრადიციულად ამ ცნებაში რეალურ არსებობას ვგულისხმობთ, მაგრამ ეს არ არის სწორი. ეს თეორიაა, რომელსაც ადამიანი ჩამოაყალიბებს მას შემდეგ, რაც იდეა გაუჩნდება, ან ეს არის უკვე გადაღებული, მაგრამ ჯერ გაუმჟღავნებელი ფირი. აქ მატერია არის ზოგადად მატერია და არა სხეულად გამოვლენილი მატერია, ხოლო მოძრაობა - ზოგადად მოძრაობა და არა ცვალებადობის სახით გადაადგილებად გამოვლენილი მოძრაობა. მატერია-მოძრაობა - თეორია - იმით განსხვავდება სივრცე-დროისაგან - იდეისაგან, რომ მას აქვს ანტითეზა, რეალური დაპირისპირება, რეალური დუალიზმი. მატერია - იდეა, მოძრაობა - უძრაობა. შემდეგი საფეხურია სხეული-სიჩქარე, ანუ მოდელი, ანუ სიმბოლო, ანუ გამჟღავნებული ფირი. "ფირის გასამჟღავნებლად" მატერია-მოძრაობას უნდა დაემატოს ახალი თვისება სინათლე. "ფირი უნდა განათდეს". სინათლე ერთგვარი სპერმაა, ხოლო მატერია-მოძრაობა კვერცხუჯრედი. მატერია-მოძრაობა ნაყოფიერდება სინათლით და მიიღება სხეული-სიჩქარე. ანუ ფირის გამჟღავნების შედეგად წარმოიქმნება რეალური კოორდინატები - ზომები - რაც გამოიხატება სიგრძის ერთეულებში, დროის ერთეულებში და ტემპერატურის ერთეულებში [სხეული-სიჩქარე-სინათლე - სამი განზომილების სიმბოლო].
This post has been edited by THH on 23 Oct 2018, 16:39
--------------------
ყველაფერი ქარია და ჩვენება
|