მოვიდა ეს დრო

დავამუშავეთ ჩვენი ორდენი და წარმოგიდგენთ!

ისტორია
დაარსება
წყვდიადის მახვილები მე-13(ბნელი) დაარსების ორდენია. მათი წარმომავლობა უცნობია.
ორდენი შეიქმნა იმპერიუმისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის, წყვდიადის ვარსკვლავების რეგიონის დასაცავად. 36-ე ათასწლეულში ეს იყო სავაჭრო კვანძი, რომელშიც, ვარპის სიმშვიდის გამო, მთელი სეგმენტუმ ტემპესტუსიდან იკრიბებოდნენ თავისუფალი ვაჭრები და იმპერიუმის სხვა მოხელეები. ეს, რა თქმა უნდა, მეკობრეებსა და ქსენოსებსაც იზიდავდა, ამიტომ აუცილებელი გახდა რეგიონის გამაგრება.
ორდენის მშობლიურ პლანეტად დიაოხი(მდებარეობს აბენის სისტემაში) აირჩიეს, რადგან ეს პლანეტა რამდენიმე ათასი წლის წინ იყო აღნიშნული, როგორც მშვენიერი წყარო მომავალი მედესანტეებისა. პლანეტის მკაცრი ბუნებრივი პირობები და განვითარების დაბალი დონე განაპირობებდა დიაოხელების ბრძოლისუნარიანობას. დიაოხელებზე დაკვირვების შემდეგ გადაწყდა, რომ რეკრუტები მხოლოდ პლანეტის მთავარი კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილიდან აეყვანათ, რადგან აქ მცხოვრებები მეტი გენეტიკური სიწმინდით გამოირჩეოდნენ და, რაც მთავარია, იმპერატორს ეთაყვანებოდნენ.
დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში წყვდიადის მახვილებმა თავი ისახელეს, როგორც ძლიერმა და შეუპოვარმა მეომრებმა. მათ რამოდენიმეჯერ დაამარცხეს მეკობრე ელდარების ძლიერი ფლოტი, გაანადგურეს ორკების მოთარეშე რაზმები და ყოველ აჯანყებას სისხლიანი პასუხი გასცეს.
ორდენი აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც იმპერიუმის შიგნითა კონფლიქტებში, ასევე მისი ტერიტორიების გაფართოებაზე ზრუნავდა. მალე მათ სახელი გაითქვეს და დიდი პატივისცემა დაიმსახურეს.
ფარსმან ბრძენი
ფარსმანმა ამირსპასალარის თანამდებობდა 37-ე ათასწლეულის დასაწყისში დაიკავა და მაშინვე გაითქვა სახელი, როგორც ძლიერმა მეომარმა, რკინის ნებისყოფის მქონე პოროვნებამ და მოქნილმა პოლიტიკოსმა. მან რამდენჯერმე გაანადგურა წყვიადის ვარსკვლავებში შემოჭრილი ორკებისა და ქაოსის ფლოტები, ასევე არაერთი ახალი სექტორი შემატა იმპერიუმს. მისი მმართველობის დროს წყვიადის ვარსკვლავებში მშვიდობამ დაისადგურა, ამიტომ ორდენმა სამასკაციანი ექსპედიცია გაგზავნა ეკლეზიარქიის მხარდასაჭერად, ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფარსმანის პიროვნება სამუდამოდ დაკავშირებულია სექტორ ჰალარაქსში მომხდარი ამბოხების შემდეგ წყვიადის მახვილებში გამჩდარი დაპირისპირების განეიტრალებასთან.
კომპანია ათ წელიწადს გაგრძელდა. გრიოლი(ექსპედიციის ძველი მეთაური) ბრძოლაში დაეცა, დაბრუნებულმა, ეკლეზიარქიის ზეგავნელით სარწმუნოებაშეცვლილმა არდენოსმა(ექსპედიციის ახალმა მეთაურმა) კი იმპერატორი ღმერთად აღიარა და მთელი ორდენისგან იგივე მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადატრიალებით იმუქრებოდა. მის მხარეს საბრძოლოდ წასული სამი ასეულის ნარჩენებიც დადგნენ და კაპელანებიც დაეთანხმენ ასისთავს (ისინი ამაში თავიანთი გავნლენის გაფართოების გზას ხედავდნენ).
ფარსმანს არ სურდა ორდენის შიგნით რელიგიური ომი დაწყებულიყო და არდენოსს თავის განზრახვაზე ხელის აღება უბრძანა. ამ უკანასკნელმა ამირსპასალარის ბრძანებას ყურადღება არ მიაქცია და ომით დაიმუქრა. ფარსმანმა ორდენის საერთო კრების შეკრება ბრძანა. როდესაც ყველა შეიკრიბა მან თავის თავზე თავდასხმა გაათამაშა და არდენოსს დასდო ბრალი. არდენოსი შეიპყრეს და თავი მოკვეთეს. თუმცა აჯანყების ბელადის სიკვდილით არაფერი დასრულებულა.
ფარსმანის ბრძანებით ორდენში მყოფი ყველა რწმენაგამოცვლილი სიკვდილით დაისაჯა, კაპელანებს უფლებები და ყოველნაირი პრივილეგია ჩამოერთვათ. ასეთი შემთხვევის გამეორების არდასაშვებად ფარსმანმა მკაცრი კანონები შემოიღო, შემდეგ კი თავი ძმების მკვლელად გამოაცხადა, მემკვიდრე აირჩია და თავი ორდენიდან გაიძევა.
ფარსმანს ბრძენი უწოდეს.
ბელზებუბის ლაშქრობა
37-ე ათასწლეული წყვდიადის ვარსკვლავების ოქროს ხანა იყო. იმპერიუმმა შეძლო მეკობრეების აქტივობა მოესპო, ხოლო ორკების მზარდი ძალები მიწასთან გაესწორებინა მათსავე სისტემაში. წყვდიადის მახვილების შიშით ბნელი ელდარები ფართომასშტაბიან თავდასხმებს ვერ ბედავდნენ, პლანეტების გენერალ-გუბერნატორებმა კი იცოდნენ რა ელოდათ სეპარატიზმის შემთხვევაში.
ამ დროს რეგიონს თავს დაატყდა დემონ-პრინცი ბელზებუბის არმია. ჯადოქრობით მან შეძლო თავისი ურდო დაემალა იმპერიუმისგან და სრულიად მოულოდნელად შეიჭრა წყვდიადის ვარსკვლავებში. რამდენიმე პლანეტა ათ დღეზე ნაკლებ დროში დაეცა ქაოსის უთვალავი მიმდევრის წინაშე. წყვდიადის მახვილების ორმა ასეულმა ბელზებუბის მიმდევრების მოულოდნელი თავდასხმით დამარცხება განიზრახა, მაგრამ დემონმა მათი გეგმები ვარპის დახმარებით გაიგო და დიაოხელები უთანასწორო ბრძოლაში დაიხოცნენ.
რამდენიმე თვეში ომის ცეცხლი მთელ რეგიონს მოედო. ბელზებუბის ურდო დაიყო და ცალ-ცალკე იპყრობდა იმპერატორის ერთგულ პლანეტებს. თუმცა ის მარტო პირდაპირ არ ებრძოდა იმპერიუმს. შეპირებებით და თავისუფლების იდეით დაბრმავებული ასობით გენერალ-გუბერნატორი მიემხრო ქაოსს. ბელზებუბი ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯით მიიწევდა რეგიონის სრული დამორჩილებისკენ.
თუმცა არ უნდა დავივიწყოთ იმპერიელების გმირობაც. წყვდიადის მახვილები თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სტრატეგიულ წერტილებს, ხოლო გვარდია და იმპერიული ფლოტი შეუჩერებლად ებრძოდა მტერს. მათი დამარცხება გარდაუვალი იყო, მაგრამ არავინ ფიქრობდა ბრძოლის ველიდან გაქცევაზე და ამით დროს იგებდა იმპერიუმის შურისძიების ფლოტის შეკრებისთვის.
რამდენიმე თვეში ფრონტის ხაზი ზედმეტად გაიწელა. ბრძოლები ერთდროულად რამდენიმე სისტემაში მიმდინარეობდა და ვერცერთი არმია ვერ ახერხებდა გადამწყვეტი დარტყმის მიყენებას მტრისთვის. ბელზებუბმა მრავალი სამრეწველო და სამჭედლო პლანეტა ჩაიგდო ხელში, მაგრამ მათგან უმნიშვნელოვანესს წყვდიადის მახვილებმა მოხსნეს ალყა. ბრძოლა მიმდინარეობდა ყველაფრისთვის, მაგრამ უმთავრესში, ხალხისთვის ბრძოლაში, ბელზებუბი იმარჯვებდა. დაპყრობილ პლანეტების მოსახლეობას ის საცეცხლე ხორცად იყენებდა და ნელ-ნელა ფიტავდა იმპერიუმის ძალებს.
წარმატებების მიუხედავად, ბელზებუბის მთავარ მოწინააღმდეგეებად დიაოხელები რჩებოდნენ. ისინი რეგიონის საკვანძო წერტილებს იცავდნენ და დიდ ბრძოლებშიც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას. ამირსპასალარის ბრძანებით ისინი,რაოდენობრივი სიმცირის გამო, მტრის ელიტურ ძალებს გაურბოდნენ და მხოლოდ ციხესიმაგრეების კედლებიდან უპირისპირდებოდნენ, ხოლო კულტისტებისა და უბრალოდ მოღალატეების წინააღმდეგ გვარდიის გვერდით იბრძოდნენ, რითაც მოკავშირეების მორალურ განწყობას აუმჯობესებდნენ და მათ გამარჯვებაში რწმენას უნერგავდნენ.
სამწუხაროდ, ყველა წყვდიადის მახვილი აცნობიერებდა, რომ მათ გამარჯვება არ ეწერათ, მხოლოდ თავგანწირვა და მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება შეეძლოთ.
ბელზებუბი უკმაყოფილო იყო ასეთი ნელი წინსვლით, ამიტომ თავის საუკეთესო ნაწილებს(სულ ასამდე ვეტერან მედესანტეს) დიაოხის დალაშქვრა უბრძანა. ორდენმა ეს შეიტყო და უმალვე ექვსასამდე ასტარტესი სამშობლოს დასაცავად გაემართა. მტერი ორ ფლოტს შორის მოექცა და დამარცხდა. ბელზებუბი ამ ამბავმა განარისხა და დიაოხისკენ პირადად გაუძღვა ფლოტის მთავარ ნაწილს, რათა ორდენისთვის ბოლო მოეღო, ხოლო წყვდიადის მახვილების დაცვის გარეშე დარჩენილ პლანეტებს თავისი არმიის სარეზერვო ნაწილები შეუსია.
აბენის სისტემაში კოსმოსური ბრძოლა მძიმე და სისხლიანი იყო. ორივე მხარემ უამრავი ხომალდი დაკარგა, მაგრამ გამარჯვება ბელზებუბმა მოიპოვა. წყვდიადის მახვილების დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა დიაოხის მეზობელი პლანეტა-სამჭედლოს მექანიკუმების უმოქმედობამ. ომნისიას მსახურები აცნობიერებდნენ, რომ იმპერიუმის მხარდაჭერის შემთხვევაში ბელზებუბის რისხვას გამოიწვევდნენ და მასთან მოლაპარაკების საშუალება აღარ ექნებოდათ, ხოლო ქაოსისტებს იმიტომ არ ემხრობოდნენ, რომ ჯერ არ იყო გარკვეული, ვინ გაიმარჯვებდა.
გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ იმპერიული ფლოტი სისტემიდან გაქცევას და მობილიზებას გეგმავდა, მაგრამ წყვდიადის მახვილებმა ეს არ დაანებეს. ისინი დაიმუქრნენ, რომ უკან დახევის შემთხვევაში თვითონ გაანადგურებდნენ და აიძულეს მოკავშირეები დიაოხისთვის ბოლომდე ებრძოლათ, რათა სისტემიდან გაქცევამდე(დიაოხელები აცნობიერებდნენ, რომ პლანეტას მთელ ფლოტს ვერ შეაკლავდნენ) მტრისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ.
რამდენიმე მძიმე დარტყმის მიღების შემდეგ წყვდიადის მახვილებმა იმპერიულ ფლოტს სისტემიდან გაქცევა უბრძანა და თან თავისი ფლოტის უმეტესი ნაწილი გაატანა, რათა, ორდენის განადგურების შემთხვევაში, ხომალდები იმპერიუმს დარჩენოდა. პლანეტასთან მხოლოდ ერთი საბრძოლო ბარჟა დარჩა, ორდენის წევრები კი დიაოხის ციხესიმაგრეში გამაგრდნენ. მათ პლანეტის მიტოვება და თავის გადარჩენა შესთავაზეს. წყვდიადის მახვილებმა უბრალოდ გაიცინეს ამ სისულელეზე.
ბარჟამ თვითმკვლელურად შეუტია ბელზებუბის ფლოტს და დიდი ზიანი მიაყენა. მისმა აფეთქებამ არანაკლები მტერი იმსხვერპლა, ვიდრე ქვემეხებმა.
ომმა კოსმოსიდან მიწაზე გადაინაცვლა.
დღემდე არავინ იცის, რატომ გადაწყვიტა ბელზებუბმა არ დაებომბა დიაოხი და ამით წყვდიადის მახვილები სრულიად ამოეწყვიტა, მაგრამ მან თავისი ჯარისკაცებით ორდენის ციხესიმაგრე ალყაში მოაქცია. ორთვიანი გაუთავებელი ბრძოლის შემდეგ მთავარი კარიბჭე კხორნის ბერსერკებმა გაარღვიეს. მართალია, ისინი წყვდიადის მახვილებმა მაშინვე დაჩეხეს, მაგრამ დემონური ურდო შეუჩერებელ ტალღად შეასკდა ნაპრალს და აიძულა ორდენი, უკან დაეხია. ამ დროს ბელზებუბმა ,,იცვალა სხეული თვისი და შეიქნა ვითარცა კაცი’’ და პირადად გაუძღვა შტურმს. ამის შემტყობმა დიაოხელებმა მისი მოკვლა გაინზრახეს და ამირსპასალარს მეთაურობით დემონის რაზმს დაესხნენ თავს. ორდენის მეთაური ბელზებუბის მახვილისგან დაეცა. არ ყოფილა დრამატული ბრძოლა, სასიკვდილო ჭრილობა ან ომის გარდამტეხი გმირობა, სპასალარი უბრალოდ მოკლეს.
რამდენიმე დღე გაგრძელდა ბრძოლა სიმაგრის შიგნით. წყვდიადის მახვილების რაოდენობა 50-ზე ცოტა იყო. ისინი ციხესიმაგრიდან საიდუმლო გასასვლელებით გაიქცნენ. ბელზებუბმა მათ დასცინა, მაგრამ მხიარულება მრისხანებად შეეცვალა, როცა გენეტიკური მასალის სანახავი და არტეფაქტების საცავი დაცარიელებული აღმოაჩინა.
,,და განრისხდა დემონი იგი და სულმა მისმა ბნელმა დასტოვა გუამი მისი, რათა ეძებნა გაქცეულნი’’.
ბრძოლის ველიდან გაქცეული დიაოხელების გმირობამ ორდენი გადაშენებისგან იხსნა. იმ რამდენიმე დღეში, ბელზებუბი რომ მათ დაეძებდა, იმპერიუმის ფლოტი, ყორნის გვარდიის მეთაურობით, სისტემაში შემოვიდა. ბელზებუბმა ჯარი შეკრიბა და დიაოხიდან გაიქცა.
გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც იმპერიელები ელოდნენ, არ მომხდარა. ბელზებუბმა წყვდიადის ვარსკვლავების საზღვარს მიაღწია და საშინელი რიტუალით, რომელმაც მთელი მისი არმია და ძალის უმეტესობა შეიწირა, რამდენიმე სისტემა ვარპულ შტორმში ჩაძირა.
შედეგები
წყვდიადის მახვილების ორდენი თითქმის განადგურდა. რეგიონი ომის ცეცხლით იწვოდა და თავისივე სისხლში იხრჩობოდა. ყოფილმა მოკავშირეებმა ერთმანეთს ზურგი აქციეს, ორკების ურდო უროსავით დაეცა წყვიადის ვარსკვლავებს, ბნელი ელდარები კი თავისუფლად დათარეშობდნენ და ასიათასობით მიერეკებოდნენ ტყვეებს ბნელი ქალაქისკენ. თუმცა პრობლემებიდან ყველაზე საშინელი ბელზებუბის მიერ გამოწვეული შტორმი იყო. რამდენიმე ორდენის ფსაიკერებმა ძალები გააერთიანეს და რიტუალის არსს ჩასწვდნენ. ეს ერთგვარი პორტალი იყო, რომელიც მახლობელ პლანეტებს მოიცავდა და მშვიდობიან გასასვლელს და თავშესაფარს ქმნიდა მტრისთვის. ყორნის გვარდიის მაგისტრი, რომელსაც წილად ხვდა იმპერიუმის ძალების ხელმძღვანელობა, აცნობიერებდა, რომ ამ პორტალს დაცვა სჭირდებოდა, ამიტომ მან მთელი ძალისხმევა წყვდიადის მახვილების აღდგენისკენ მიმართა.
მან შეარიგა ორდენი და მექანიკუმები იმ პირობით, რომ მარსის ქურუმები დიაოხელებს ტექნიკით და ტყვია-წამლით მოამარაგებდნენ, კონფლიქტების დროს დახმარებას აღმოუჩენდნენ და ახალ ციხესიმაგრეს აუგებდნენ.
მრავალი წელი მიმდინარეობდა წყვდიადის ვარსკვლავების წმენდა, მაგრამ საბოლოოდ ეს მოხერხდა. ვარპული პორტალის ირგვლივ მდებარე პლანეტები გაამაგრეს.
ორდენის აღდგენა
ძლიერი დარტყმისგან წყვდიადის მახვილები დიდი ხანი ვერ გამოფხიზლდნენ და ორდენმაც დიდი ცვლილება განიცადა. პირველ რიგში, რაოდენობრივი სიმცირის გამო, შეიცვალა საბრძოლო დოქტრინა. დიაოხელები აღარ ერიდებოდნენ პარტიზანულ და ტერორისტულ ტაქტიკებს, რათა გამარჯვება მოეპოვებინათ. ჩამოყალიბდა ,,მონადირეების’’ დანაყოფები, რომლებიც ბრძოლის ველზე მტრის ფსაიკერებზე ნადირობდნენ. გადაწყდა, რომ მეათე ასეულს ერთიანი არსებობა შეეწყვიტა და სკაუტები ორდენის საერთო ძალებში გაბნეულიყვნენ. პირველ ასეულს დაევალა ვარპული პორტალის მუდმივად დარაჯი. ,,გამოფხიზლების’’ პერიოდში წყვდიადის მახვილების ,,გადარჩენილების’’, იგივე ,,უხუცესების’’ საბჭო ხელმძღვანელობდა, მაგრამ მეომრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად აუცილებელი გახდა ამირსპასალარის არჩევა. ორდენი ნელი ნაბიჯით წარსულ დიდებას დაუბრუნდა, ახალი ტაქტიკების ხარჯზე, გაძლიერდა კიდეც.
ისტორია ბელზებუბის ლაშქრობიდან დღემდე
ორდენი ნელ-ნელა წელში გასწორდა, ძალა მოიკრიბა და გააქტიურდა. წყვდიადის მახვილების მთავარ მოვალეობად ბელზებუბის მიერ გახსნილი პორტალის დაცვა და მისი დახმარებით რეგიონში შემოსულ მტრებთან ბრძოლა იქცა. თუმცა ამაყი დიაოხელების გულში ძველი წყენა ჩაბუდებულიყო. ამირსპასალარი ორდენის თითქმის განადგურებას გვერდზე გამდგარ მექანიკუმებს აბრალებდა და გენერალ-ფაბრიკატორის სათანადოდ დასჯა უნდოდა. შურისძიების წყურვილმა იმდენად დააბრმავა, რომ ვერაგობის გზა აირჩია:
ის საიდუმლოდ დაუკავშირდა ლორდ-ინკვიზიტორ ,,აკრძალულია’’ და პლანეტა-სამჭედლოს მეთაურის მოშორებისთვის ჯილდოდ ორდენის ინკვიზიციასთან თანამშრომლობა აღუთქვა.
ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა.
საუკუნეების განმავლობაში წყვდიადის მახვილები ორდოსებთან თანამშრომლობდნენ და ყოველგვარ დახმარებას უწევდნენ. ნელ-ნელა ინკვიზიტორებმა ორდენში ძალაუფლების მოპოვება დაიწყეს. ისინი პირდაპირ ერეოდნენ დიაოხელების საქმეში და მათზე მბრძანებლობდნენ. ამ რეჟიმს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ მოქმედებას, იმპერიუმის უძლიერესი ორგანიზაციის შიშით, ვერავინ ბედავდა. ორდენის მდგომარეობას ასევე აფუჭებდა ინკვიზიციის მომხრეების არსებობა.
დაძაბულობამ პიკს მიაღწია 41-ე ათასწლეულში, როდესაც ამირსპასალარმა წყვდიადის მახვილების ინკვიზიციისთვის სრულიად დამორჩილება განიზრახა. ბედკრული თავისივე მრჩეველმა და ამირახორმა იოანმა მოკლა. ამირსპასალარის წოდება ელიასს მიენიჭა და ორდენის თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო.
დიაოხი
აბენის სისტემის პლანეტა დიაოხი იმპერიუმის არქივებში კლასიფიცირებულია, როგორც სიკვდილის სამყარო. გარეგნული სილამაზის მიუხედავად, დიაოხი ადამიანისთვის ძალიან საშიშია. მისი თოვლიანი მთები, ხშირი ტყეები და უდაბნოები დასახლებულია საშინელი მხეცებით, რომლებიც ადამიანებზე ნადირობასაც არ უფრთხიან.
პლანეტის მიწაც ცუდი დასამუშავებელია და ისედაც ცუდი მოსავლის მოყვანას არაადამიანური ძალისხმევა სჭირდება. ხალხი იძულებულია, ერთად იყოს, რათა გადარჩეს.
პლანეტის სიცოცხლისთვის არახელსაყრელ პირობებს ასევე აუარესებს სხვადასხვა სამეფოების დაუსრულებელი ომები.
დიაოხი ეთნიკურად მრავალფეროვანია. აქ ცხოვრობენ იდუმალი მომთაბარე უდაბნოელები, დანარჩენებზე რაოდენობით აღმატებული სამხრეთელები და მეომარი ჩრდილოელები. ორდენი წევრებს მხოლოდ ამ უკანასკნელებიდან იყვანს, რადგან ისინი სხვებზე უკეთ არიან შეჩვეულნი სასტიკ ბუნებრივ პირობებს, რაოდენობით აღმატებულ მტერთან ბრძოლას და თვითგადარჩენას.
უფრო დაწვრილებით დიაოხზე
გეოგრაფია
დიაოხზე სულ 5 კონტინენტია.
ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები დაუსახლებელია. აქ განთავსებულია ორდენის საიდუმლო ბაზები, ზოგ მათგანში წყვდიადის მახვილების პროგენოიდები და არტეფაქტები ინახება, სხვებიში- ატომური რაკეტები და ერთი ექსტერმინატუსის ბომბიც, რათა მტრის დაპყრობის შემთხვევაში პლანეტა განადგურდეს.
არკენორის კუნძულები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცივილიზებული ხალხითაა დასახლებული. ისინი ორდენის თხოვნით დაასახლეს, რადგან კუნძულებზე ეცხოვრათ და ნავთობმომპოვებლებში ემუშავათ, რათა ორდენი ძვირფასი პრომეთეუმით მოემარაგებინათ.
დარნელის კონტინენტი დასახლებულია განუვითარებელი ხალხით. ფლორა და ფაუნა აქ მთავარ კონტინენტისაზე უფრო საშიშია, ამიტომ ტერიტორია გამოიყენება ახალბედა წყვდიადის მახვილების გამოსაცდელად. კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთში ორდენის სავარჯიშო ციხესიმაგრე დგას.
დიაოხი პლანეტის მთავარ კონტინენტად ითვლება. სიდიდით და მოსახლეობის რაოდენობით ის პირველია. ის ეკვატორის ორივე მხარეს საკმაოდ დიდ მანძილზე იჭიმება, ამიტომ ძალიან მრავალფეროვანი ბუნება აქვს. აქ მრავალი ერი ცხოვრობს, მაგრამ ორდენი რეკრუტებს მხოლოდ ჩრდილოელი დიაოხელებიდან იყვანს, რადგან ისინი, მცირე რაოდენობის და მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო, მეტად არიან შეგუებული მუდმივ ბრძოლასა და თვითგადარჩენას.
დიაოხი საოცარი და, ამავდროულად, საშიში ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა, რის გამოც ის სიკვდილის პლანეტად ითვლება, იმპერიული სტანდარტების მიხედვით. მტაცებლები ხშირად არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანისთვის, ვიდრე სხვა ცხოველებისთვის, ამიტომ დიაოხელები იშვიათად რჩებიან დასახლებებიდან შორს უიარაღოდ. მშვილდი და შუბი მწყემსის სტანდარტული აღჭურვილობაა, ხოლო ნაგაზები სპეციალურად არიან ნავარჯიშები დათვებთან, ლომებთან და პანტერებთან საბრძოლველად.
გენეტიკა
წყვდიადის მახვილების გენეტიკური მამის ვინაობა უცნობია. არსებობს რამდენიმე მოსაზრება ორდენის წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ფაქტებით არცერთი არ დასტურდება. მე-40 ათსწლეულში ინკვიზიციას უნდოდა კვლევის ჩატარება ამის დასადგენად, მაგრამ ორდენმა ამის უფლება არ მისცა.
წყვდიადის მახვილებიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სრულ მედესანტედ ქცევის შემდეგ რეკრუტები თითქმის არ იცვლიან გარეგნობას(შესადარებლად, ჟილმანის შვილებს თმა უღიავდებათ და ნაკვთები უკეთილშობილდებათ, ხოლო კოსმოსურ მგლებს ეშვები ამოსდით).
წყვდიადის მახვილების გენეტიკური კოდი სრულიად სუფთაა ქაოსის ზეგავლენისგან, მაგრამ ორდენის ყოველ წევრს მუტირებული, ზემგრძნობიარე ოკულუბები აქვს. ეს მათ ცუდი განათების პირობებში ხედვის საშუალებას აძლევს.
ორდენის ფილოსოფია
ცხოვრება წყვდიადის მახვილისთვის დაუსრულებელი ომი და მსახურებაა. ორდენში იმპერატორს ღმერთად არ თვლიან, მაგრამ მისი ფანატიკურად ერთგულები არიან. ის ითვლება გალაქტიკის ერთპიროვნულ და კანონიერ მბრძანებლად, რომლის მტრებსაც სიკვდილის მეტი, არაფერი ეკუთვნით.
დიაოხელები თვლიან, რომ მშვიდობა კოსმოსში დამყარდება იმპერიუმს უკანასკნელი მტრის სიკვდილის შემდეგ, ამიტომ თითოეული წყვდიადის მახვილის მიზანია სიკვდილამდე თან რაც შეიძლება მეტი მტერი წაიყოლოს. აქედან გამომდინარე, დიაოხელები ბრძოლაში შეუდრეკელნი და უშიშრები არიან, მაგრამ უკან დახევას რაიმე ლაჩრულად არ აღიქვამენ, რადგან მომავალში მტერს შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ. ისინი ომში არ გაურბიან პარტიზანული და ტერორისტული ტაქტიკების გამოყენებას, რადგან გამარჯვება მათი უმთავრესი მიზანია.
ორდენის წევრები თავს იმპერატორის მონებად თვლიან, რომლებსაც ადამიანთა მოდგმის მტრების განადგურება ავალიათ. თითოეულ ქსენოსს, ქაოსისტს თუ უბრალო მოღალატეს დიაოხელები უყურებენ როგორც არსებას, რომელსაც სიცოცხლის უფლება არ აქვს. მართალია, წყვდიადის მახვილები რამდენჯერმე ქსენოსებთან თანამშრომლობდნენ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო ძლევამოსილ მტერს გამკლავებოდნენ.
დიაოხელები ვარპს და ქაოსის მიმდევრებს თავიანთ უდიდეს მტრებად თვლიან. ისინი გმობენ იმატერიუმის ყოველგვარ გამოყენებას და ფსაიკერებს არ ენდობიან, მაგრამ ხშირად მათ გვერდზე იბრძვიან. იმპერიუმზე ზრუნვა მაინც უმნიშვნელოვანესია და არცერთი წყვდიადის მახვილი პირად გრძნობებს მასზე მაღლა არ დააყენებს.
პარადოქსულია, მაგრამ ორდენი, რომელიც იმპერიუმის სხვა ძალებს ადვილად იყენებს ცოცხალ ფარად ან საცეცხლე ხორცად, საოცარი თავგანწირულობით გამოირჩევა. თუ დიაოხელი რამეს განიზრახავს, იქნება ეს მტრის ოფიცრის მოკვლა თუ მოსამარაგებელი გზის გადაკეტვა, ის ამას გააკეთებს, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ წყვდიადის მახვილები გმობენ ყოველგვარ ემოციას. მათ იდეალური მედესანტე ესახებათ გულცივ და პრაგმატულ მებრძოლად, რომელიც ყველაფერს გათვლით აკეთებს. თუმცა ეს იდეალი ძალიან შორსაა რეალობისგან.
ორდენში შესვლისას თითოეული დიაოხელი გვარს კარგავს, რადგან წინა ცხოვრებას სამუდამოდ შორდება. ყველა წყვდიადის მახვილი თანასწორია, დიაოხზე სამეფო ოჯახში დაბადებულიც კი არაფრით განსხვავდება უბრალო გლეხისგან, რომელიც საკმაოდ ძლიერი და ჭკვიანი გამოდგა, მედესანტე რომ გამხდარიყო. მხოლოდ თანასწორებმა შეიძლება შექმნან ურყევი საძმო.
საბრძოლო დოქტრინა
ხშირად რაოდენობით და საცეცხლე ძალით აღმატებულ მტრებთან ბრძოლამ წყვდიადის მახვილები ტაქტიკურ მოქნილობას და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებას მიაჩვია. ხშირად მათმა მოკავშირეებმაც კი არ იციან რას და როდის აპირებს ორდენი. მრავალჯერ მომხდარა, რომ ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას ღირსეული სიკვდილისთვის მომზადებულ იმპერიელებს დიაოხელები მიშველებოდნენ.
წყვდიადის მახვილები თითქმის არასდროს უტევენ პირდაპირ. ყურადღების მისაქცევად ისინი მოკავშირეების შენაერთებს იყენებენ, რათა მტერს სუსტი ადგილი უპოვონ და მთელი ძალით იქ დაარტყან. მათი სნაიპერები მტრის მეთაურებზე ნადირობენ, ხოლო მარბელი დანაყოფები ღრმად იჭრებიან მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და თავს ესხმიან მომარაგების გზებს და უკან დარჩენილ მოწინააღმდეგეებს. მტრის დაქსასვის მიზნით ისინი დასახლებების გადაწვასა და უდანაშაულო ხალხის კვლასაც არ ერიდებიან.
ორდენის თითოეულ წევრს ზემგრძნობიარე ოკულუბი აქვს, რის გამოც მშვენივრად იხედება სუსტი განათების პირობებში, ამიტომ წყვდიადის მახვილები, როდესაც არჩევნის უფლება აქვთ, ღამით ბრძოლას ამჯობინებენ.
ჰერალდიკა
წყვდიადის მახვილების ნიშანი დემონის თავისქალაში ჩასობილი ხმალია- ოქროსფერი შავ ფონზე. ხშირად ეს სიმბოლო სტილილიზებულია აბჯრის პატრონის სურვილისამებრ.
ნიშნის წარმომავლობაზე ბევრი მოსაზრება არსებობს: ზოგის აზრით, თავისქალა აღნიშნავს ბოროტებას, რომელსაც ხმალი, ანუ ორდენი, ანადგურებს. მეორე თეორიის მიხედვით, ორივე სიმბოლო წყვდიადის მახვილებს განასახიერებს.
რამდენადაც ძვირფასია წყვდიადის მახვილების საცერემონიო ჯავშნები, იმდენად უბრალოა მათი საბრძოლო საჭურველი. თითბერი და ვერცხლი(მონასპელებს) ერთადერთია, რითაც ბოლოხსენებულებს აფორმებენ, რათა იმპერიუმის, ორდენის და ოფიცრების ნიშნები გამოკვეთონ.
ორდენის წევრებს წამთ, რომ ყველა წყვდიადის მახვილი თანაბარია, ამიტომ რიგით მეომრებსა და სპასპეტებსაც კი არ აქვთ პირადი ჰერალდიკის ტარების უფლება. ის მხოლოდ ორდენის უმაღლეს ოფიცრებს გააჩნიათ, მათი ძალაუფლებისა და გავლენის თვალსაზრისით.
ასევე თითოეულ ასეულს აქვს თავისი გერბი:
პირველი-მამალი გრიფონი;
მეორე-.....ხარი;
მესამე-.....მგელი;
მეოთხე-..ცეცხლოვანი დისკო;
მეხუთე-..ლომის თავი;
მეექვსე-..ქორი;
მეშვიდე-ჯიხვი;
მერვე-.....ცხენი;
მეცხრე-...გველეშაპი;
მეათე-.....ობობა.
ხშირად ათეულებსაც აქვთ გამორჩეული ნიშნები და ჯავშნის ნაწილების შეფერილობაც კი, მაგრამ ამ ზოგად მიმოხილვაში მათი ჩამოთვლა უადგილოა.
ორგანიზაცია
თავდაპირველად წყვდიადის მახვილები ‘’კოდექს ასტარტესს’’ სრულიად ემორჩილებოდნენ, მაგრამ ბელზებუბის შემოსევის შემდეგ, როდესაც ორდენი თითქმის განადგურდა, ხოლო წყვდიადის მახვილები უმძიმეს მდგომარეობაში ჩადგნენ, ყველაფრის შეცვლა გახდა საჭირო.
პირველ რიგში, ასეულებს(ბატალიონებს) აღარ ჰქონდათ ვიწრო სპეციალობა, ანუ არ იყოფოდნენ ტაქტიკურ, საიერიშო და დამხმარეებად. თითოეული იქცა დამოუკიდებელ საბრძოლო შენაერთად, რომელიც მუდამ აქტიურია. პირველ ასეულს დაევალა ბელზებუბის მიერ გახსნილი პორტალის დაცვა, ხოლო მეათის მზვერავები(სკაუტები), სხვადასხვა ასეულებში დანაწილდნენ, რათა ინფორმაციის შემგროვებლების, სნაიპერების და საიდუმლო აგენტების როლი შეესრულებინათ.
წყვდიადის მახვილებს არ ჰყავთ ბიბლიოთეკარები, ამიტომ, ბრძოლის ველზე მტრის ფსაიკერების ჩასახშობად, დაარსებული იქნა ‘’მონადირეების’’ დანაყოფი.
წყვდიადის მახვილებში იმპერიული წოდებები დიაოხურებითაა შეცვლილი:
ორდენის მაგისტრი............-ამირსპასალარი;
მაგისტრის მარჯვება ხელი-ამირახორი;
მთავარი კაპელანი..............-რეკლუზიარქი;
მთავარი აფთექარი.............-აფთექართუხუცესი;
სამჭედლოს მაგისტრი.......-მეაბჯრეთუხუცესი;
კაპიტანი..............................-სპასპეტი;
სერჟანტი.............................-ათისთავი;
ფლოტის მაგისტრი...........-ამირბარი.
სპეციალური შენაერთები:
მეციხოვნეები
ეწოდებათ დიაოხის დასაცავად ჩრდილთა სიმაგრეში დატოვებული ასეულის წევრებს. წოდება დროებითია.
ჩუხჩები
ამირსპასალარის პირად მცველებს ეწოდებათ. მბრძანებლის უსაფრთხოება მათი უმთავრესი მოვალეობაა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან საუკეთესო იარაღით და სპასალარის გარდა არავის ემორჩილებიან.
მონასპელები
პირველი ასეულის მეომრები. ყველაზე ბრძოლისუნარიანები და გამოცდილები ორდენში. მათი ნახევარი ტერმინატორის ჯავშნითაა აღჭურვილი. ბელზებუბის შემოსევის შემდეგ მათ ვარპული პორტალის მიმდებარე ტერიტორიის დაცვა ევალებათ.
მონადირეები
ფსაიკერებთან საბრძოლველად გამოყოფილ მედესანტეებს ეწოდებათ. ბრძოლის ველზე მათი მთავარი მოვალეობა მტრის ჯადოქრების განეიტრალებაა.
This post has been edited by Erickson on 6 Feb 2015, 23:50