ქაფქიანა
I still have a soul

        
ჯგუფი: Members
წერილები: 38894
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08
|
#43961569 · 6 Mar 2015, 22:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწილი I ლეონოვი
თავი I შეხვედრა ფოკუსში
მეტრულ ეპოქაშიც კი ტელესკოპს კვლავ ათას ფუტიანად და არა სამას მეტრიანად მოიხსენიებდნენ. მთების შუაგულში მოთავსებული თეფში ჩრდილს უკვე სანახევროდ მოეცვა, რადგან ტროპიკული მზე სწრაფად ეშვებოდა ჰორიზონტზე. მაგრამ ანტენის სამკუთხა მიმღები ბლოკი, რომელიც ცენტრიდან შედარებით მაღლა იყო განლაგებული, კვლავ ციალებდა ჩამავალი მზის სხივებში. შორს, დაბლა, ლითონის კონსტრუქციების, მზიდი კაბელების და ტალღგამტართა ლაბირინთში ორი ადამიანის ფიგურა მოსჩანდა. -დრო მოვიდა, -დოქტორი დიმიტრი მოისევიჩი მის ძველ მეგობარს, ჰეივუდ ფლოიდს მიუბრუნდა. -რომ ბევრ რამეზე ვისაუბროთ: ფეხსაცმელებზე, კოსმოსურ ხომალდებზე, ცვილის ლუქზე, მაგრამ უმეტესად მონოლითებსა და პრობლემებიან კომპიუტერებზე. -აჰა, აი თურმე რატომ გამომიყვანე კონფერენციიდან. თუმცა ისიცაა, კარლის სიტყვა SETI-ს შესახებ უკვე იმდენჯერ მოვისმინე, რომ თავადაც შევძლებდი სიტყვით გამოსვლას. თან ხედიც მართლაც არაჩვეულებრივია აქედან. რამდენჯერაც არ ჩამოვსულვარ არესიბოში, ვერა და ვერ მოვახერხე ანტენამდე ამოღწევა, იცი შენ... -სირცხვილი შენ. მე აქ სამჯერ ვარ ნამყოფი. წარმოგიდგენია, მთელ სამყაროს ვუსმენთ, აი ჩვენ კი არც არავინ. ასე რომ, მოდი, შენს პრობლემაზე დავილაპარაკოთ. -რა პრობლემაზე? -დავიწყოთ იქიდან თუ რატომ გადადექი კოსმონავტიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეობიდან? -არ გადავმდგარვარ. ჰავაის უნივერსიტეტი ბევრად უკეთ იხდის. -კარგი. არ გადამდგარხარ. თავად დაასწარი უბრალოდ. ვუდი, ამდენი წლების შემდეგ ვერ გამასულელებ. არც კი სცადო. უკან დაბრუნება რომ შემოგთავაზონ, რა, წინააღმდეგობას გაუწევ? -ჰო კარგი, კარგი ბებერო კაზაკო. მაინც რისი ცოდნა გინდა? -უპირველეს ყოვლისა, იმ ანგარიშში, ამდენი ხნის გაჯანჯვლის შემდეგ რომ წარმოადგინე, ბევრი ცარიელი ადგილია. ახლა კი იმ სასაცილო და უხეშ არაკანონიერ გასაიდუმლოებების წინაშე ვდგავართ, რომელშიც შენმა ხალხმა ტიხოს მონოლითის აღმოჩენა შეჩურთა. -ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. -მიხარია ამის მოსმენა. ის კი არადა, მჯერა კიდეც. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ახლა უკვე ყველას აძლევთ შესაძლებლობას ეს რაღაცა გამოიკვლიონ. პირველ რიგში სწორედ ეს უნდა გაგეკეთებინა. ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესს გახდის... მძიმე დუმილი ჩამოწვა. ორივე მამაკაცის ფიქრი მთვარეზე ნაპოვნ შავ საიდუმლოებას დასტრიალებდა, რომელიც თითქოს დამცინავად იგერიებდა ადამიანების მიერ მისი ამოცნობის ყოველგვარ მცდელობას. შემდეგ რუსმა მეცნიერმა გააგრძელა: -სულ ერთია, რაც არ უნდა იყოს ტიხოს მონოლითი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება იუპიტერზე. ბოლოს და ბოლოს, მონოლითი ხომ სწორედ იქ აგზავნის სიგნალს და სწორედ იქ დაიღუპა შენი ხალხი. ვწუხვარ... ფრენკ პული ერთადერთი იყო მათ შორის, რომელსაც პირადად ვიცნობდი. ოთხმოცდათვრამეტში ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე შევხვდით. კარგი ადამიანი ჩანდა. -მადლობა. ყველანი ძალიან კარგები იყვნენ. სულ ის მინდა ვიცოდე, რა მოუვიდათ. -რაც არ უნდა მომხდარიყო, მოგიწევს აღიარო რომ ეს ახლა მთელ კაცობრიობას ეხება და მხოლოდ შეერთებული შტატების საქმე არაა. აღარ შეგიძლია, რომ შენი ცოდნა მხოლოდ ეროვნული სარგებლობისთვის გამოიყენო. -დიმიტრი, შესანიშნავად იცი რომ ჩვენს ადგილზე თქვენც იმავეს იზამდით და თქვენც დაგჭირდებოდათ დახმარება. -აბსოლუტურად მართალი ხარ. მაგრამ ეს უკვე ძველი ამბავია, მთავარია რომ თქვენი ადმინისტრაცია, რომელიც მთელ ამ ქაოსზეა პასუხისმგებელი, შეიცვალა. ახალი პრეზიდენტი იმედია, ბევრად უფრო ბრძენი იქნება. -ალბათ. გაქვს რაიმე შემოთავაზება? გინდ ოფიციალური, გინდ შინაურული? -მთლიანად შინაურული ამ მომენტისთვის. გაიძვერა პოლიტიკოსები მოსამზადებელ მოლაპარაკებებს რომ უწოდებენ, რაღაც ამის მსგავსი. ვინმეს თუ რამე აინტერესებს, თავს ვიკატუნებ და არაფერს ვეუბნები. -სწორია, ჭკვიანურია. შემდეგ? -კარგი, აი როგორი სიტუაციაა. თქვენ საკმაოდ კარგად მუშაობთ ,,დისქავერ-2“-ის ორბიტაზე აწყობაზე, მაგრამ რაც არ უნდა დიდი იმედი გქონდეთ, ამას სამ წელიწადზე ადრე ვერ შეძლებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შემდეგ ასაფრენ ფანჯარას გამოტოვებთ. -არ უარვყოფ, არც ვადასტურებ. გახსოვდეს, რომ მე მხოლოდ უნივერსიტეტის მოკრძალებული კანცლერი ვარ. კოსმონავტიკის საბჭოდან სამყაროს მოპირდაპირე მხარეს. -ვაშინგტონშიც, კაცმა რომ ფიქროს, იმიტომ ჩახვედი, რომ ძველი მეგობრები გენახა. ჩვენი ,,ალექსეი ლეონოვი“... -თითქოს ,,გერმან ტიტოვი“ მახსოვდა. -ცდები კანცლერო. ძველმა კეთილმა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ კვლავ შეცდომაში შეგიყვანა. გასულ იანვარსაც ,,ლეონოვი“ ერქვა და დღესაც ,,ლეონოვია.“ არავის უთხრა, რასაც ახლა გეუბნები. იუპიტერამდე ,,ლეონოვი“ ,,დისქავერიმდე“ მინიმუმ ერთი წლით ადრე მიაღწევს. -არც შენ უთხრა ვინმეს, რომ ამის გვეშინოდა კიდეც. გააგრძელე, გააგრძელე. -იქიდან გამომდინარე რომ ჩემი უფროსობაც ისეთივე ჯიუტი და ახლომხედველია, როგორიც შენი, იუპიტერამდე მისვლა მარტო უნდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც თქვენ წაგივიდათ არასწორად, შესაძლოა ჩვენც დაგვემართოს. -შენი აზრით, რა ვერ წავიდა ისე? ჩვენც ისეთივე ჩიხში მოვექეცით, როგორშიც თქვენ. არ მითხრა ახლა, რომ დეივ ბოუმენის გადმოცემა არ დაგიჭერიათ. -რა თქმა უნდა დავიჭირეთ უკანასკნელი სიტყვების ჩათვლით: ,,ღმერთო ჩემო, ის ვარსკვლავებითაა სავსე.“ ჩვენ მისი ხმაც კი გავაანალიზეთ დაძაბულობის დონის შესამოწმებლად და სულაც არ ვფიქრობთ, რომ რაღაცეები მოეჩვენა. სწორედ იმის აღწერას ცდილობდა, რასაც სინამდვილეში ხედავდა. -და მის დოპლერისეულ წანაცვლებას რამე გაუკეთეთ? -ვერც ვერაფერი ცხადია. როდესაც სიგნალი დავკარგეთ, ბოუმენი სინათლის სიჩქარის მეათედით მიჰქროდა და სრულ სინათლის სიჩქარეს ორ წუთში აკრეფდა. ეს კი ხომ იცი რასაც ნიშნავს, მილიონის მეოთხედ G-ს. -წამიერად მოკვდებოდა. -ახლა გულუბრყვილობა არ დამიწყო ვუდი, თუ ღმერთი გწამს. თქვენი სფეისპადი რადიოგადამცემები ისეთი მასალისგან არ არიან დამზადებულნი, ასეთი აჩქარების მეასედებსაც რომ გაუძლონ და თუ მაინც გაუძლებენ, ბოუმენიც გაუძლებს. თან ჯერ ხომ კონტაქტი არც დაგვიკარგავს. -უბრალოდ შენი გამოთვლები შევამოწმე. ამიერიდან ჩვენ ისეთივე გაურკვევლობაში ვართ, როგორშიც თქვენ. თუ იქნებ თქვენ მთლად გაურკვევლობაშიც არ ხართ? -რაღაც გიჟური იდეებით ვთამაშობთ, მრცხვენია კიდეც რომ გითხრა. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ არცერთი მათგანი იმდენად გიჟური არ იქნება, რამდენადაც სიმართლე შეიძლება იყოს. სანავიგაციო გამაფრთხილებელი ჟოლოსფერი სინათლე ანტენის კომპლექსის სამფეხოვან საყრდენზე შუქურასავით მოციმციმედ აენთო ჩამობნელებული ცის ფონზე. მზის უკანასკნელი წითელი ათინათი გარემომცველ გორაკებს გამოეთხოვა. ჰეივუდ ფლოიდი მწვანე ნათებას ელოდა, რომელიც არასდროს უნახავს და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც იმედგაცრუებული დარჩა. -კარგი, დიმიტრი. -რუს მეცნიერს მიუბრუნდა. -მოდი პირდაპირ ვისაუბროთ. რისკენ მიანიშნებ? -,,დისქავერის“ მონაცემთა ბაზებში შეუფასებელი ინფორმაციის ზღვა უნდა ინახებოდეს. სავარაუდოდ, ინფორმაციის მატება ახლაც ხდება, თუნდაც ხომალდი რომც არ გადმოსცემდეს კიდეც. ჩვენ გვსურს, ამ ინფორმაციაზე ხელი მიგვიწვდებოდეს. -ეეე... კარგი. მაგრამ როდესაც ,,ლეონოვი“ მიზანს მიაღწევს, რა შეგიშლით ხელს ,,დისქავერის“ ბორტზე რომ ახვიდეთ და ინფორმაცია უბრალოდ გადმოწეროთ? -ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შენთვის იმის შეხსენება მომიწევდა, რომ ,,დისქავერი“ შეერთებული შტატების ტერიტორიაა და მასზე უნებართვო ასვლა მეკობრეობა იქნება. -სამკვდრო-სასიცოცხლო შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, რომლის მოწყობა რთული სულაც არაა. სულ რომ არაფერი, ჩვენთვის, მილიარდობით კილომეტრის გადმოღმიდან ადვილი ხომ არ იქნება შევამოწმოთ თქვენი ბიჭები მანდ რას გააკეთებენ. -მადლობა საინტერესო შემოთავაზებისთვის. ერთ ყურში შევუშვებ და მეორიდან გამოვუშვებ. ბორტზე რომც ავიდეთ, კვირეები დაგვჭირდება, თქვენი სისტემები რომ შევისწავლოთ და თქვენი მეხსიერების ბაზები წავიკითხოთ. რასაც მე გთავაზობ-ეს თანამშრომლობაა. დარწმუნებული ვარ, ეს საუკეთესო იდეაა. მაგრამ ორივეს მოგვიწევს მუშაობა რომ ჩვენი პატივცემული ხელმძღვანელობა ამაში დავარწმუნოთ. -შენ რა, ჩვენი ასტრონავტი გინდა ,,ლეონოვის“ ბორტზე? -დიახ და სასურველი ინჟინერი იქნებოდა, ვინც ,,დისქავერის“ სისტემებში გაერკვევა. მაგალითად ვინმე ისეთი, ჰიუსტონში რომ ავარჯიშებთ. -საიდან იცით მათ შესახებ? -ღვთის გულისთვის ვუდი. ეს ხომ ,,ევიეიშნ უიქ“-ს კასეტაზე ჩაწერეს მთელი ერთი თვის წინ. -მე ხომ საქმეში ჩახედული აღარ ვარ. კაციშვილი აღარ მატყობინებს, რა საიდუმლოვდება და რა არა. -აი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც უნდა გაატარო მეტი დრო ვაშინგტონში. დამიჭერ მხარს? -აბა რა. ასი პროცენტით გეთანხმები, მაგრამ... -მაგრამ რა? -ჩვენ ორივეს დინოზავრებთან გვექნება საქმე, რომელთაც ტვინი კუდში აქვთ. ზოგიერთი ჩემიანი იტყვის-დაე კისერიც უტეხიათ რუსებს. თუ ასე უნდათ, გაფრინდნენ იუპიტერზეო. ჩვენ მაინც მოვხვდებით იქ, თუნდაც წლების შემდეგ და რატომ ვიჩქაროთო. სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ასეულობით მეტრზე ზეცაში ატყორცნილი კონსტრუქციის საყრდენი მჭიმი ბაგირები ჭრიალებდნენ სუსტად. შემდეგ მოისევიჩი ისე წყნარად აჩურჩულდა, რომ ფლოიდს ყურთასმენის დაძაბვა მოუხდა: -ამ ბოლო დროს ,,დისქავერის“ ორბიტა ვინმეს ხომ არ შეუმოწმებია? -სიმართლე გითხრა არ ვიცი, მაგრამ ალბათ შეამოწმეს. და რა რომ? გადასარევად სტაბილური ორბიტაა. -ჭეშმარიტად. ნება მომეცი უტაქტოდ შეგახსენო ნასას ერთი, ძველთაძველი არცთუ სასიამოვნო ინციდენტი. თქვენი პირველი კოსმოსური სადგური-სქაილაბი. ვარაუდობდნენ რომ ორბიტაზე სულ მცირე ათი წელი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ თქვენი გამოანგარიშებები არასწორი აღმოჩნდა. იონოსფეროში ჰაერთან ხახუნი არასწორად შეფასდა და დაგეგმილზე წლებით ადრე გავიდა ორბიტიდან. დარწმუნებული ვარ, გემახსოვრება ეს ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა ბიჭი იყავი. -ეს ჩემი დამამთავრებელი კლასის წელი იყო და იცი ეს შენ. მაგრამ ,,დისქავერი“ იუპიტერს არ უახლოვდება. პერიგეაშიც... ეეე...პერიიოშიც კი მისი ორბიტა იუპიტერის ატმოსფეროდან ბევრად გარეთ რჩება. -ისედაც იმდენი გეყბედე უკვე, რომ თავისუფლად შეუძლიათ შინაპატიმრობაში მიკრან თავი და ამჯერად ჩემი მონახულების უფლებას ნაკლებად თუ მოგცემენ. ასე რომ სთხოვე შენს ხალხს, უფრო ყურადღებით იმუშაონ, კარგი? შეახსენე რომ იუპიტერს მთელ მზის სისტემაში უდიდესი მაგნიტოსფერო გააჩნია. -ვხვდები, რისი თქმაც გინდა. დიდი, დიდი მადლობა. რამეს ხომ არ მეტყოდი კიდევ, სანამ დავეშვებოდით? ზეზეურად ვიყინები უკვე. -ნუ შიშობ ბებერო მეგობარო. როგორც კი ეს ყველაფერი ვაშინგტონამდე მიაღწევს, ერთი კვირის ლოდინიც და დარწმუნებული ვარ, ძალიან, ძალიან დაცხება.
პირველად ქართულ ენაზე, საიფაის ჰიტი
არტურ კლარკი, ოდისეა 2.
მალე....
|