Denmark
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5219
წევრი No.: 11517
რეგისტრ.: 14-July 05
|
#1663774 · 24 Jul 2005, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტრაგედია უშბაზე
21-ე საუკუნეში დაღუპული ქართველი მთამსვლელების რიცხვმა სამს მიაღწია. 2001 წლის ივლისში უშბაზე, "გაბრიელის" მარშრუტმა სამთო მეგზური და მაშველი ვანო გულედანი იმსხვერპლა. ოთხი წლის შემდეგ, კვლავ ივლისში, უშბამ მერაბ ხაბაზისა და ზაალ ქიქოძის სიცოცხლე შეიწირა. "ალექსეევკის" აეროპორტში შამილ ქორთოშიძის ვერტმფენი ჯდება. თბილისში დაღუპული ალპინისტების ცხედრებს მოასვენებენ. - ვაჟკაცურად, მთაში დაიღუპნენ, ასეთ სიკვდილს მხოლოდ ინატრებს კაცი. - ჩაილაპარაკებს აეროდრომზე მყოფი ახალგაზრდა მთამსვლელი. ექსპედიციის კიდევ ერთი ქართველი და გადარჩენილი წევრი, გელა ოთარაშვილი მესტიიდან გუშინ საღამოს რვა საათისთვის მეორე პილოტმა დათო აბალოძემ, მაშველთა მთელი შემადგენლობის თანხლებით ჩამოიყვანა. ოთარაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. რა მოხდა უშბაზე? რა მოუვიდათ, ან რა შეეშალათ გამოცდილ ქართველ მთამსვლელებს? იყო გადარჩენის შანსი? უნდა ასულიყვნენ, თუ პირველივე შეფერხებისას დაშვება უნდა დაეწყოთ? დროულად აღმოუჩინეს მაშველებმა დახმარება? 16 ივლისიდან, როცა ავარიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მართლაც ბევრი შეკითხვა დაგროვდა. დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქართველები ჯერ ერიდებიან, სამაგიეროდ საუბრობენ ჰოლანდიელები. უშბაზე მომხდარი ავარიის შესახებ პირველი ინფორმაცია თბილისში შაბათს, დაახლოებით 18 საათისთვის გავრცელდა. თბილისში ცხადდება მობილიზაცია ყველა მოქმედი მთამსვლელისა, ვისაც ოდნავი სირთულის მარშრუტი გაუვლია და პირადი აღჭურვილობა გააჩნია. სწორედ მთამსვლელების, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში სამთო-სამაშველო სამსახური აღარ არსებობს, ის უბრალოდ გააუქმეს... სხვათა შორის, პირველი, რაზედაც უშბიდან მოხსნილმა ჰოლანდიელები ალაპარაკდნენ, ეს იყო: "ჩვენ არ გვეგონა, თუ საქართველოში არ იყო პროფესიული სამთო სამაშველო სამსახური". - ამბობს ჰანსი, ჰოლანდიელი მთამსვლელი. მობილიზაციის შემდეგ ქართველი მაშველების რამდენიმე ჯგუფი (თბილისიდან - ბიძინა გუჯაბიძე, შოთა კომახიძე, გურამ სალი, გიორგი ნონიკაშვილი, ნიკა ერქომაიშვილი, გია აფაქიძე, მესტიელები - აფი გიგანი, ნუგზარ და გიორგი ნიგურიანები და სხვ.) 17 ივლისიდან მოყოლებული ცდილობდა ჯერ ხუთი, მოგვიანებით კი სამი ალპინისტის გადარჩენას. ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფი სამხრეთ უშბაზე ერთ-ერთი ურთულესი კატეგორიის, მიშლიაევის მარშრუტის გავლას ცდილობდა. სასაზღვრო ძალების ვერტმფრენმა 18 ივლისს პირველად ორი ჰოლანდიელი მთამსვლელის გადარჩენა მოახერხა - ისინი ე.წ. "წითელ კუთხეზე" მოხსნეს. სამი ქართველის ადგილსამყოფელს ვერტმფრენი პირველ ცდაზე ვერ მიუდგა, შემდეგ კი საწვავი გაუთავდა და შესავსებად ქუთაისში დაბრუნდა. ამასობაში დაღამდა და მეორე რეისი ვეღარ მოხერხდა. 19 ივლისს ვერტმფრენს კიდევ ექვსი მცდელობა ჰქონდა მთამსვლელების მოხსნისა, მაგრამ უამინდობის გამო ესეც ვერ მოხერხდა. თბილისში ჩამოსული მთამსვლელები საკმაოდ სიტყვაძუნწები გამოდგნენ. ისინი მხოლოდ კოლეგებთან საუბრობდნენ და ცდილობდნენ დაწვრილებით აეხსნათ, თუ რა მოხდა უშბაზე 14-17 ივლისს... ჩვენ ორი ჰოლანდიელი ალპინისტის, ჰანსისა და რეის ჩანაწერებს შემოგთავაზებთ. 14 ივლისი - დამაგრდა თოკის ოთხი მოაჯირი. გუნდის ყველა წევრს ღამისსათევ კარვებში, კლდის "სვეტის" ძირში ეძინა. შევთანხმდით, რომ მოძრაობა დაგვეწყო 16 ივლისს დილაადრიან, რათა მოგვეხერხებინა ჩანჩქერის 14 საათამდე გავლა, სანამ მზე კედლის ამ მონაკვეთს შეეხებოდა. მოვილაპარაკეთ, რომ ჰანსი და რეი მოძრაობას 07:00 საათზე დაიწყებენ, სხვები 07:30 საათზე. 16 ივლისი 05:00 - ჰანსი და რეი იღვიძებენ 06:00 - მერაბი, ზალიკო და გელა იღვიძებენ. 07:30 - ჰანსი და რეი დამაგრებულ თოკებზე მიცოცავენ. 09:00 - ბოლო ქართველი მთამსვლელი (მერაბი) მიცოცავს თოკზე. 10:00 - ჰანსი და რეი დამაგრებული თოკის ბოლოში არიან, ელოდებიან ახალ თოკებს, რომლებსაც ქვემოდან მიაწვდიან. 11:30 - გელა დამაგრებული თოკის ბოლოში ადის. მას მოაქვს ახალი თოკი ქვემოდან. ჰანსი აგრძელებს მარშრუტს. 12:30 - ჰანსი იწყებს "ბუხარში" მოძრაობას. ზალიკო ადის დამაგრებული თოკის ბოლოში. ჰანსი ზურგჩანთით სადგურზე რჩება. ახალი თოკი ქვემოდან ზალიკოს ამოაქვს. 13:00 - ჰანსი გადის ჩანჩქერს და ამაგრებს თოკებს. 14:00 - რეიმ გაიარა ჩანჩქერის რთული ადგილი, დაკიდული თოკები. 16:00 - ზალიკო მოძრაობს ზევით, უზურგჩანთოდ. შენიშვნა - 14 საათიდან კლდის ამ მონაკვეთს მზე ადგება. დამდნარი თოვლი იწყებს დინებას და წარმოქმნის ჩანჩქერს. 17:00 - ჰანსი გადის ბოლო თოკის მოაჯირს. ზალიკო ყვირის, რომ მერაბს პრობლემები აქვს. მერაბი შველას ითხოვს. მას ძალა გამოელია, ძალზე დაღლილია და არ შეუძლია თოკზე აძრომა. იგი ჩანჩქერის შუაში კიდია. 17:30 - ჰანსი პატარა თაროზე აკეთებს სადგურს თოვლიან-ყინულოვანი მონაკვეთის გვერდით. რეი, გელა, ზალიკო ცდილობენ მერაბის ამოყვანას სამაშველო თოკების მეშვეობით. გელას ხელჩანთა უვარდება - მასში საჭმელი და პრიმუსია. 19:30 - მერაბი პატარა ბაქანზეა. 19:30-20:00 - რეი ადის დამაგრებულ თოკზე ჰანსთან ჰანსი ამაგრებს ბოლო 10 მეტრიან თოკს თოვლის ველზე 19:45-20:30 - გელა "ჟუმარით" ადის ჰანსთან - მას მერაბის ზურგჩანთა მიაქვს 20:30-20:45 - რეი ჩადის მერაბთან და ზალიკოსთან მოსალაპარაკებლად. ჰანსი ამზადებს კარავს თაროზე. მერაბის ამოყვანა კარავში შეუძლებელია შეუძლებელია ქვევით ჩასვლა ზალიკოსა და ჰანსის ზურგჩანთების წამოსაღებადაც. გელას ტანსაცმელი სველია, ჰანსს მხოლოდ სამთო ფეხსაცმელი აქვს უკვე თბილისში დაბრუნებული ჰოლანდიელები ცდილობენ არ ისაუბრონ, თუ რა მოხდა "ეს საკმაოდ გრძელი ამბავია. მთავარია ახლა იმ ბიჭებს დაეხმაროთ. სამწუხაროდ ქართველები მარშრუტზე გვიან გამოვიდნენ. საქმე ისაა, რომ კედელი ერთ ადგილას 12 საათისთვის დასველებას იწყებს, 14 საათისთვის იქ წყალი იწყებს დინებას, 16 საათისთვის კი ჩანჩქერის სახეს იღებს. ქართველებს სწორედ ამ ჩანჩქერში მოუხდათ გავლა. ყველა დავსველდით, მაგრამ უფრო მეტად ქართველები. მერაბი საკმაოდ მძიმე ზურგჩანთას მოათრევდა. იგი შუა გზაში შეჩერდა და დახმარება ითხოვა, მას მოძრაობა აღარ შეეძლო. ქართველები ბაქანზე შეჩერდნენ. ამ თითქოს პატარა მონაკვეთის გავლას ისინი თითქმის 2 საათი მოუნდნენ. ჩვენ მერაბის აქაჩვა დავიწყეთ. ამ დროს გელას ზურგჩანთა გადავარდა. იქ კი საკვები და პრიმუსი იყო. ქართველებს შაბათს დილით დავშორდით. მერაბი ცუდად იყო. იგი ინგლისურ საუბარზე საერთოდ არ რეაგირებდა (ამ დროს მერაბი თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურად და ესპანურად - თ.ჯ.) ქართულად საუბარს კიდევ ახერხებდა. იჯდა მოკუნტული და გაფართოებული თვალებით იყურებოდა. ოდნავ შეუძლოდ იყო ზაალ ქიქოძე, გელა ოთარაშვილი იყო მხოლოდ კარგად". - ამბობს ჰანსი, "ალექსეევკაში" 19 ივლისს. "იყო საუბარი უკან დაბრუნებაზე?". - კითხულობს დავით ჩანტლაძე, მთამსვლელი. "კი, მაგრამ ხუთივემ გადავწყვიტეთ, რომ უფრო სწორი ჩვენ ორის ზევით ასვლა და კავშირის დამყარება იქნებოდა. გელამ სამი ტელეფონის ნომერი მოგვცა, მაგრამ ვერსად დავრეკეთ, შემდეგ შველა ჰოლანდიაში ვითხოვეთ". - ამბობს ჰანსი. ჰოლანდიელები მთიდან ორშაბათს, 18 ივლისს მოხსნეს. მათი მონათხრობიდან ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ქართველთა სამეულს დაშორდნენ, გელამ მოახერხა დაშვება და ზაალის ზურგჩანთიდან ბარგის ნაწილის ამოტანა. თავის მხრივ ჰოლანდიელებმა ჩვენებს ლიმონათი, მიუსლი და კიდევ ლიმონათის მასალა დაუტოვეს. - წყალი იქ ბევრი იყოო - დასძინეს მათ. მათივე განცხადებით, როცა სამაშველო ვერტმფრენმა ისინი მთის კალთიდან მოხსნა და შემდეგ უშბას შემოუფრინა, ვერტმფრენიდან დაინახეს, თუ როგორ უქნევდა ხელს ერთ-ერთი ქართველი. მოხერხდა იმის გარჩევაც, რომ ქართველები ყვითელი ფერის ტენტში (ეს ქიქოძის ჩანთიდან ამოღებული კარავი უნდა ყოფილიყო) იყვნენ გახვეულნი. იმედი, რომ ქართველ ალპინისთა გადარჩენის შანსი არსებობდა გაძლიერდა. 19 ივლისს ფიქრობდნენ, რომ ვერტმფრენიდან მთაზე დასმული ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი, სხვა მთამსვლელების დახმარებით მოახერხებდნენ მეგობართა ადგილსამყოფელამდე ზემოდან დაშვებას და მათთვის ელემენტარული დახმარების აღმოჩენას. ამ დროს ქვემოდანაც უნდა დაეწყო ასვლა მთამსვლელთა კიდევ ერთ ჯგუფს (თუმცა, 3900 მეტრამდე აღწევას სამი ღამისთევა დასჭირდებოდა, დრო კი არ იყო). გელას, მერაბს და ზაალს უკვე სამი ცივი ღამისთევა ჰქონდათ გადატანილი, ეს ღამე მეოთხე იქნებოდა. ამასობაში თბილისში მეორე, 12-კაციანი სამაშველო ჯგუფი (ლევ სარქისოვი, თამაზ შარაშენიძე, დავით ჩანტლაძე, იდრის ხერგიანი, ნუკრი გველებიანი, გიორგი რაჯებაშვილი, ლუკა ბაქრაძე, ლერი ნიგურიანი, ნიკა ლებანიძე, ირაკლი კორძახია, ირაკლი ჟღენტი და ექიმი ზურაბ ასტახიშვილი) მზად არის გასაფრენად, მაგრამ მესტია მაშველებს უამინდობის გამო არ იღებს. ფრენა მეორე დილამდე, 20 ივლისამდე გადაიდო. ამასობაში მაშველებს კიდევ სამი ალპინისტი დაემატათ - ზურაბ კუჭავა, გიორგი კახაბრიშვილი და ლევან თათარაშვილი - სხვათა შორის, ქართველთაგან მიშლიაევის მარშრუტზე ბოლოს, 2 წლის წინ, სწორედ სწორედ ზურაბ კუჭავას გუნდი იყო. მაშინ მთამსვლელები უამინდობის გამო უკან დაბრუნდნენ. 20 ივლისი. მაშველთა ეს ჯგუფი, გუშინ, დილის რვა საათისთვის როგორც იქნა გაფრინდა მესტიაში. რამდენიმე საათში პირველი საგანგაშო შეტყობინებაც გაისმა - ინფორმაცია, რომლის გავრცელებისგანაც თავდაპირველად ყველა თავს იკავებდა.... მოგვიანებით ეს უკვე დადასტურდა - ორი მთამსვლელი ზაალ ქიქოძე და მერაბ ხაბაზი უკვე გაყინულები არიან. მათი ცხედრების დაშვება მაშველთა ჯგუფებმა შემთხვევის ადგილიდან 300-350 მეტრით ქვევით მოახერხეს. იქამდე უკვე შესაძლებელი იყო ვერტმფრენით მისვლა. გელა ოთარაშვილმა, რომელმა ოთხი დღე მხოლოდ ყინულის ჭამით გაიტანა თავი, მხოლოდ რამდენიმე წინადადება უთხრა მეგობრებს. ის ცდილობდა, თავად ემოძრავა და ამით მაშველების შრომა შეემსუბუქებინა. როგორც ირკვევა, ჰოლანდილებთან დაშორების შემდეგ მერაბმა მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა. მისი დაშვება შეუძლებელი გახდა. გელამ და ზაალმა გადაწყვიტეს, დაშვება დაეწყოთ. პირველად ზაალ ქიქოძე დაეშვა, მაგრამ სამწუხაროდ ვეტერანი ალპინისტი მოწყდა და ჩანჩქერის შუაგულში დაეკიდა. გელა ოთარაშვილმა ორი დაღუპული მეგობრის გვერდით კიდევ ორი ღამე გაატარა. უფრო დაწვრილებით მომხდარს ის მოგვიყვება, ოღონდ მხოლოდ გამოჯანმრთელებისა და შოკიდან გამოსვლის შემდეგ. იდუმალი მთა, ასე ახასიათებენ უშბას ალპინისტები. ის სხვადასხვა კატეგორიის რამდენიმე ასეულ მარშრუტს ითვლის. ლეგენდარულად ითვლება ე. წ. "უშბის სარკე" ჩრდილოეთი უშბის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე, 6ბ კატეგორიისა, რომელიც პირველად ქართველმა მთამსვლელებმა გაიარეს მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით. მეორე ლეგენდარული მარშრუტია კუსტოვსკის გზა, სამხრეთი უშბის "სვეტი" - ესეც უმაღლესი, 6ბ კატეგორიის სირთულისაა. სამხრეთ უშბაზე (4710 მ), არის ურთულესი კატეგორიის მიშლიაევის მარშრუტი, რომელმაც 2005 წელს, ორი ქართველი მთამსვლელი, მერაბ ხაბაზი და ზაალ ქიქოძე შეიწირა. 57 წლის ცნობილი ქართველი მთამსვლელი და სამთო ფოტოგრაფი ზაალ ქიქოძე, რომელსაც საქართველოში თითქმის ყველა მწვერვალი ჰქონდა დალაშქრული და ტიან-შანისა და პამირის მთებსაც იცნობდა, ამ გზის გავლაზე ოცნებობდა. მერაბ ხაბაზს კი ამ ტრაგედიამდე უშბაზე სამჯერ შეემთხვა ფათერაკი...
მერაბ ხაბაზი დაიბადა 1960 წელს. 1999 წლის 26 მაისს ავიდა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ჯომოლუნგმაზე. სხვა მწვერვალები - გამარჯვების პიკი, ხან-თენგრი (ტიან შანში), კავკასიონზე - უშბა (ორჯერ), შხარა (ორჯერ), გავლილი აქვს უამრავი უმაღლესი კატეგორიის ტექნიკური მარშრუტი. პროფესიით მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. დარჩა მეუღლე და 7 წლის ქალიშვილი.
ზაალ ქიქოძე დაიბადა 1948 წელს. პროფესიით არქეოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. იყო პროფესიონალი მთამსვლელი, მაშველი და მეგზური. უმასპინძლია უამრავი უცხოელი მთამსვლელისთვის, ბევრჯერ მოუწყვია ალპინისტური ექსპედიციების ფოტოგამოფენები. იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ფონდისა - "ღია საზოგადოება-საქართველო". მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, არქეოლოგიის გარდა კითხულობდა ლექციებს ეთნიკური კონფლიქტების მოგვარებაში, ბიომრავალფეროვნებასა და უწყვეტ განვითარებაში.
თამარ ჯიშკარიანი
საგანგებოდ გაზეთ "სპორტისთვის"
This post has been edited by Denmark on 24 Jul 2005, 14:15
|