MasterJC
♐+♑

       
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 25409
წევრი No.: 86754
რეგისტრ.: 16-March 09
|
#59329722 · 18 Jun 2022, 07:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარი მეთოთხმეტე სიყვარულისათვის შვილო ჩემო! ვინც სათუთი ბუნების არ არის, ვერავის შეიყვარებს. სიყვარულის ბუნების სინატიფეზეა დამოკიდებული. ის, რაც ნაზი ბუნებიდან მომდინარეობს, სათუთია და ამიტომ ნაზ ბუნებას ეძიებს. ახალგაზრდები მოხუცებზე უფრო ხშირად იმიტომ მიჯნურდებიან, რომ ჭაბუკთა ბუნება მოხუცთა ბუნებაზე სათუთია. მძიმე ხასიათისა და უხეში ბუნების ადამიანი ვერასოდეს გამიჯნურდება. სიყვარული ავადმყოფობაა, რომლითაც ხალასი სულის ადამიანები ავადდებიან. ეცადე, არ გამიჯნურდე. სიყვარულს ერიდე, რადგან სიყვარული საჭოჭმანო საქმეა, განსაკუთრებით სიღარიბის დროს. ღარიბი აშიკი სურვილს ვერ მიაღწევს, მით უმეტეს თუ მოხუცია, და რაკი უფულოდ საწადელს ვერ აისრულებს, სიმწრით საკუთარი სისხლის სმას დაიწყებს. ამის თაობაზე მIთქვამს: ნ ა ზ მ ი არა მაქვს ვერცხლი, ჩემი დარდი სწორედ ეს არის, ვერცხლის გარეშე შენი სახე მიმეფარება, ერთი ანდაზა ჩემზე არის ზედგამოჭრილი: უფულო კაცი ცარიელი მოდის ბაზრიდან. შემთხვევით თუ ვინმესთან კარგ დროს გაატარებ, გულით ნუ ემონები და გულს გამუდმებით არშიყობას ნუ მიაჩვევ. გრძნობას ნუ აჰყვები, რადგან ეს გონიერთა საქმე არ არის. შეყვარებული ადამიანი ან სატრფოს გვერდითაა, ან ეულად. მთელი წელი სატრფოსთან ნეტარება ერთი დღის განშორების ტანჯვად არა ღირს. სიყვარული ტანჯვა, გულისწუხილი და განსაცდელია, თუმცა კი სანეტარო ტანჯვაა. თუ მარტო ხარ, იტანჯები, ხოლო თუ სატრფოს გვერდით ხარ და სატრფომ შენი გულისნადები იცის, იგი ნაზობას დაიწყებს. როცა მის ცუდ თვისებებს დაინახავ, მასთან სიახლოვით სიამეს ვეღარ იგრძნობ, თუ სატრფოსთან ენტარებას განშორება მოსდევს, ასეთი ნეტარება განშორებაზე უარესია. შენი სატრფო უებროც რომ იყოს, ხალხის მითქმა-მოთქმისაგან მოსვენებას მაინც ვერ ჰპოვებ, რადგან ხალხს ასეთი რამ სჩვევია. ამიტომ, ვიდრე შეგიძლია, თავს გაუფრთხილდი და სიყვარულს ერიდე. გონიერთა გარდა სიყვარულისათვის ზურგის შექცევა არავის ძალუძს. შეუძლებელია ვინმეს ერთი ნახვით გაუმიჯნურდე. ჯერ თვალი შეხედავს, მერე გული უფიქრდება; გულს რომ მოეწონება, მთელი არსება მისკენ გადაიხრება და კვლავ თვალის შევლების სურვილი გაგიჩნდება. თუ გრძნობებს გულს დაუმორჩილებ და გულის კარნახს აყვები, ფიქრს დაიწყებ, ერთხელ კდიევ როგორ ნახო. როცა მეორეჯერ ნახავ, მისკენ სწრაფვა უფრო გაიზრდება და გულსი წადილიც მომძლავდება. მაშინ მესამედ ნახვის სურვილიც გაგიჩნდება და გამოესაუბრები. თუ სიტყვას ეტყვი და გიპასუხებს, მორჩა და გათავდა, ციბრუტივით დაგატრიალებს. მთელი შენი გრძნობა-გონება მისი ტყვე გახდება და ყველა საქმეს ჩამორჩები. ამის შემდეგ, კიდეც რომ ეცადო, თავის მოთოკვას ვერ შეძლებ და საქმე უკუღმა წაგივა. სიყვარული ყოველდღე მოიმატებს და ძალაუნებურად გულის მორჩილი გახდები. მაგრამ თუ პირველ ნახვისთანავე თაავს შეიკავებ და სურვილის მომძლავრებისას გრძნობას გოენბას დაუმორჩილებ, რათა მისი სახელი არ ახსენოს და გულს სხვა რამეს გადააყოლებ, ჟინს სხვაგან მოიკლავ და მის ნახვას თავს აარიდებ _ ეს გულისწუხილი ერთ კვირას გასტანს და მეტად აღარც გაგახსენდება. მალე შეძლებ განსაცდელისაგან თავის დაღწევას, თუმცა ამის გაკეთება ყველას არ ძალუძს. კაცი ზედმიწევნით გონიერი უნდა იყოს, რომ ავადმყოფობისაგან განიკურნოს. სიყვარული ავადმყოფობაა. მუჰამედ იბნ ზაქარია არ-რაზი "ავადმყოფობათა დახარისხებაში" სიყვარულით დაავადების მიზეზისა და მისი მკურნალობის შესახებ ამბობს: მუდმივი მარხულობა, სიმძიმეების აწევა, გრძელი გზის გავლა და მისთანანი. მაგრამ შენ თუ ვინმე გიყვარს და მისი ნახვა და მის ახლოს ყოფნა გსიამოვნებს, ამას დასაშვებად ვთვლი. აბუ საიდ-ბუ-ლ-ხეირი ამბობს, რომ ადამიანისათვის აუცილებელია ოთხი რამ, რაც ყველას თავისი ღირსების და წოდების მიხედვით ალალად უნდა მიეზღოს: პირველი _ ლუკმა პური, მეორე _ სამოსი, მესამე _ სახლ-კარი, მეოთხე _ სიყვარული. სიყვარული ერთია და მეგობრობა მეორე. სიყვარულში ბედნიერი არავინ იქნება. შეყვარებული ადამიანი თავის შესახებ ამბობს: ბ ე ი თ ი გულწარმტაცო, შენი ტრფობის ცეცხლი მიკიდია, სად გინახავს, ცეცხლი იყოს საამო და ტკბილი! იცოდე, ადამიანი მეგობრობაში ყოველთვის ბედნიერია, სიყვარულში კი მარად გამწარებული. თუ ჭაბუკობაში ვინმეს გაუარშიყდები, ბოლოს და ბოლოს გეპატიება, ხალხიც მოგიტევებს და იტყვის, _ ახალგაზრდააო. ეცადე სიბერეში არ გამიჯნურდე, რადგან მოხუცებს ეს არ ეპატიებათ. თუ მდაბიოთაგანი იქნები, ეს შედარებით იოლია, მაგრამ თუ მეფე ხარ და ისიც მოხუცი, ფრთხილად! ასეთი ფიქრი გულში არ გაივლო და გულის წადილი აშკარად არავის მიმართ არ გამოამჟღავნო, მოხუცი მეფისათვის სიყვარულთან თამაში ძნელი საქმეა. ა რ ა კ ი: პაპაჩემის, შამს ალ-მაალის დროს ხმა დაირხა, ბუხარაში ვიღაც ვაჭარს ღოლამი ჰყავს, რომელიც ორი ათასი დინარი ღირსო. აჰმად საადმა ეს ამბავი ამირას უამბო და უთხრა: _ იმ ღოლამის საყიდლად ვინმეს გაგზავნაა საჭიროო. _ შენი წასვლა ემჯობინებაო, უთხრა ამირამ. აჰმად საადი ბუხარაში ჩავიდა, მონათვაჭარი ნახა, ღოლამი მოაყვანინა, ათას ორას დინარად იყიდა და გორგანში ჩამოიყვანა. ამირამ ნახა, მოეწონა და პირისფარეშობა უბოძა. როცა ხელს იბანდა, ღოლამი შესამშრალებლად ხელსაწმენდს აწვდიდა. რამდენიმე ხანმა განვლო. ერთხელ ამირამ ხელი დაიბანა და ამ მსახურმა ხელსაწმენდი მიართვა. ამირამ ხელი გაიმშრალა, მაგრამ მსახურს თვალს არ აშორებდა, აშკარა იყო, მისი ცქერა სიამოვნებდა. როცა ამის შემდეგ ხანმა განვლო, ამირამ აბულ-აბას ალემს უთხრა: _ ეს ღოლამი გამითავისუფლებია და ესა და ეს სოფელი მიბოძებია, სიგელი დაუწერე და თანაც ვინმე ქალაქელი თავკაცის ქალიშვილი გაურიგე. გადაეცი სახლშI იჯდეს, ხოლო როცა წვერ-ულვაში ამოუვა, მეახლოს. აბულ-აბას ალემი ვაზირი იყო და ჰკადრა: _ ნება თქვენია, მაგრამ თუ ბატონი საჭიროდ ჩათვლის, იქნებ მონას აუხსნას, ამას რა აზრი აქვს. ამირამ უთხრა: _ დღეს ასე და ასე მოხდა. ძალიან ცუდი იქნება, თუ სამოცდაათ წელს გადაცილებულ მეფეს ვინმე შეუყვარდება. სამოცდაათი წლის შემდეგ მე უნდა ვიზრუნომაღალი ღვთის მონების დასაცავად, ხალხის, ლაშქრისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. მე რომ გავმიჯნურდე, ვერც ღმერთთან ვიმართლებ თავს და ვერც ხალხთანო. ახალგაზრდამ რაც უნდა ჩაიდინოს, ეპატიება. საჭირო არ არის სიყვარულის ერთბაშად გამომჟღავნება. რაც უნდა ახალგაზრდა იყო, სიბრძნეს, თავაზიანობას და სიმართლეს მისდიე, რათა შენმა საქმემ არ იზარალოს. ა რ ა კ ი: ერთი დიდებულისაგან მომისმენია, რომ სულთან მასუდს სამოსისმტვირთველად საგანგებოდ ათი ღოლამი ჰყავდა განწესებული. ერთ-ერთ მათგანს ნუშთეგინი ერქვა. მასუდს ის უყვარდა. რამდენიმე წელმა ისე გაიარა, რომ არავინ იცოდა, სულთან ვინ მოსწონდა, რადგან ის ყველას ერთნაირად ასაჩუქრებდა. ხუთი წლის შემდეგ, სიმთვრალეში წამოცდა: რაც მამაჩემმა აიაზს უწყალობა, ნუშთეგინს დაუმტკიცეთო. მაშინ ნათელი გახდა, რომ მისი მისწრაფების საგანი ნუშთეგინი ყოფილა. შვილო ჩემო! თუმცა ეს გიამბე, მაგრამ თუ შემთხვევა მოგეცა, ვიცი, ჩემი დარიგებისამებრ არ მოიქცევი და მეც ჩემი ბებრული ჭკუით ვამბობ: რ ო ბ ა ი ადამიანი თუ აზროვნებს და ცოცხალია, მხოლოდ ვამეყს და მხოლოდ აზრას უნდა ემსგავსოს, ვინც ამთგან სხვაობს, იცოდე რომ ორპირობაა, ის ვინც მიჯნური არ ყოფილა, არცა კაცია! თუმცა მე ასე ვთქვი, მაგრამ შენ ჩემი დუბეითის მიხედვით ნუ მოიქცევი. ეცადე არ გამიჯნურდე, მაგრამ თუ შეგიყვარდება, ისეთი ვინემ შეიყვარე, ვიცნ სიყვარულის ღირსია. მართალია ყველა პტოლემე და პლატონი არ იქნება, მაგრამ ცოტაოდენი ჭკუა მაინც უნდა მოეძევებოდეს. ვიცი, რომ ყველა იუსეფ ბენ იაყუბი არ იქნება, მაგრამ საჭიროა მომხიბვლელობა გააჩნდეს, რათა ზოგიერთს ენა დაუდუმდეს და გაპატიოს. ხალხი არასოდეს მოეშვება ერთმანეთის გაკიცხვას და ერთმანეთის ნაკლის ძიებას. ერთს ჰკითხეს: რაიმე ნაკლი თუ გაქვსო? _ არაო, უპასუხა მან. _ სხვა შენს ნაკლს თუხ ედავსო? ჰკითხეს კვლავ. _ ძალიან ბევრსო, იყო პასუხი. იცოდე, ადამიანთაგან ყველაზე უსაძაგლესი შენ ყოფილხარო. საყვარელს სტუმრად ნუ წაიყვან და თუ წაიყვან, უცხოთა თვალწინ ნუ გადაყვები და ნუ მიუალერსებ; მას არავინ მოგტაცებს. ნუ გგონია ის ყველას თვალში ისეთI იყოს, როგორადაც შენ გეჩვენება. მელექსემ თქვა: ბ ე ი თ ი ვაჰ, ჩემი ბრალი, თუ სხვისი თვალი ისევე გიმზერს, ვით მე საწყალი. ვინც შენ ულამაზესად გეჩვენება, შეიძლება სხვას უმახინჯესად მოეჩვენოს. მას წამდაუწუმ ხილს ნუ შესთავაზებ, კითხვებს ნუ დააყრი, ხშირად ნუ მოიხმობ და ყურში ნუ უჩურჩულებ. მე ავსა და კარგს იმიტომ გასწავლი, რომ ხალხმა ნაკლი ვერ გიპოვოს.
|