ეს სტატია ლიბერალში დაიბეჭდა, ბევრი უზუსტობაა, მაგრამ მაინც კარგია, რომ დაიბეჭდა
http://blogs.liberali.ge/ge/blog/1806/113353/ციური მანანა
მამუკა მაღულარია
ბიტლომანები, სკოლიდანვე ასე დავიყავით: ყველაზე მეტი გულშემატკივარი ლენონსა და მაკარტნის ჰყავდა, შემდეგ ჯორჯ ჰარისონს, დაბოლოს რინგო სტარს. პირადად მე, ჰარისონის დიდი ქომაგი ვიყავი ყოველთვის. ერთი სიტყვით მთელი ჩემი სიყმაწვილე "ბიტელსი" და ჯორჯ ჰარისონი მეკერა პირზე. ვცდილობდი მასავით დაკვრას, ვარცხნილობაც მსგავსი მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ხელმოწერის კოპირებაც კი უპრობლემოდ შემეძლო. ჩემი მშობლები ამის გამო ძალიან წუხდნენ: რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მომიტანს, ვერაფერში წამადგება და ასე შემდეგ. მე კი ჩემსას მაინც არ ვიშლიდი...
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბოლოს მამაჩემმა, როგორც იტყვიან საბოლოოდ "დამდო ბეჭებზე": ის როგორც გურული წარმოშობის ადამიანი, იუმორის ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. ჰოდა, ჰარისონის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი, გაზეთით თუ ტელევიზიით შეუტყვია და საღამოს ტელეფონით მომისამძიმრა (ისე კი დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში მართლა განიცდიდა).
ეს ამბავი გუშინ გამახსენდა, მსოფლიო მუსიკალურმა სამყარომ ამ ტრაგედიის 11 წლისთავი რომ აღნიშნა. ჯორჯ ჰარისონია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ან როგორ გასცდა როკ-მუსიკა ხელოვნების საზღვრებს და სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროში რა კვალი დატოვა (როკის, ესტრადისაგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ალბათ ესეცაა, თუმცა გემოვნებაზე დავა იქნებ არც ღირდეს)...
1971 წლის 1 აგვისტომდე, ცოტა ვინმემ თუ იცოდა პატარა აზიური სახელწიფოს – ბანგლადეშის არსებობა და მით უმეტეს ადგილობრივი მოსახლეობის შიმშილის პრობლემა თუ აღელვებდა. სწორედ ეს დღე შევიდა კაცობრიობის ისტორიაში (და არა მხოლოდ მუსიკის და მიტ უმეტეს როკის - ვიწრო გაგებით), როგორც ჰუმანიზმის ნამდვილი ნიმუში – ჯორჯ ჰარისონის ინიციატივით. ეს იყო საქველმოქმედო კონცერტის პირველი შემთხვევა, რომლის შედეგებიც ციური მანანასავით ვოევლინა, ამ ქვეყნის მოსახლეობას. მას შემდეგ კი, მსგავსი წამოწყებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ისტორიული აქცია ნიუ–იორკში შედგა. მას ორმოც ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მთელი შემოსული თანხა, დაახლოებით ორასი ათასი დოლარი ბანგლადეშელ ხალხს გადაერიცხა (თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ პროცესმა დიდი ხნით დაიგვიანა და ბიუროკრატიული მანქანებით უსამართლოდ დაიბეგრა კიდეც). ჰარისონის გარდა სცენაზე გამოვიდა ოცამდე მუსიკოსი, მათ შორის - ერიკ კლაპტონი (მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ის მკურნალობის კურსს გადიოდა და სცენის იშვიათი სტუმარი იყო), ბობ დილანი (ასევე სცენის იშვიათი სტუმარი იმ დროს, მოტო კატასტროფის გამო), ჯორჯის ძველი მეგობარი "ბიტელსიდან" - რინგო სტარი და სxვები. სხვათაშიროს, ძველ "მეგობრებს" რაც შეეხება: ჰარისონს მოწვეული ყავდა ლენონიც და მაკარტნიც. პირველს დიდხანს უყუყმანია და საბოლოო ჯამში შოუში არც გამოჩენილა. მეორეს კი, პირდაპირ უარი განუცხადებია...
ჯორჯის, პოლის, ჯონის და რინგოს ერთად თავმოყრა, უდაოდ განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა, ამ ლეგენდარული ჯგუფის დაშლიდან ორიოდე წლისთავზე, მაგრამ ეს არც მაშინ და არც არასოდეს აღარ მომხდარა სამწუხაროდ, თუმცა ეს ყოველთვის "ბიტელსის" გულშემატკივართა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ყველაზე დიდი ოცნება იყო. და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, როცა 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლეს, ჯორჯ ჰარისონის ინიციატივით მილიონების ამ ოცნებას, ნაწილობრივ მაგრამ მაინც შეესხა ხორცი: სამი, ცოცხლად დარჩენილი მუსიკოსი, მომდევნო წელს გაერთიანდა ჯორჯის სიმღერის – "მთელი ამ წლების წინ" ჩასაწერად, რომელიც ჯონ ლენონის ხსოვნას მიეძღვნა (ჰარისონის 1981 წლის ალბომი "სადღაც ინგლისში").
მილენიუმის პირველივე გაზაფხულზე, ჯორჯ ჰარისონი ისევ ნიუ-იორკში იმყოფებოდა, მაგრამ სულ სხვა მიზეზის გამო: მუსიკოსს ავთვისებიანი სივსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც მაღალი ზნეობისა და ძლიერი რწმენის ადამიანი (60-იანების ბოლოდან კრიშნას სწავლების მიმდევარი, ოჯახური ტრადიციით კი ირლანდიელი კათილიკე), ის ამ ამბავს სრული სიმშვიდით შეხვდა. მხოლოდ სინანულით უთქვამს: ამ ცხოვრებაში ვერაფერი ღირებული ვერ გავაკეთეო...
შემდეგ კი როგორც ნეკროლოგებშია ხოლმე: ექიმებმა რამოდენიმე დღის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. კლინიკაში რინგომ, შემდეგ კი მაკარტნიმ ინახულეს. დაბოლოს, ნოემბრის ერთ სუსხიან დღეს ის სამუდამოდ გამოეთხოვა სამყაროს. მეორე დილით, ინდუისტური ლოცვის შემდეგ, კრემატორიუმში გადაასვენეს. მის მშობლიურ ლივერპულში, დაშვებული იქნა ბრიტანეთის სახელმწიფო დროშა. ლონდონში კი, სამეფო სასახლის წინ მოწყობილმა ეროვნული გვარდიის ირკესტრმა, თავისი არსებობის მანძილზე პირველად შეასრულა, ჯორჯ ჰარისონის "ბიტელსის" პერიოდის კომპოზიციები.
კაცის ფერფლი, რომელმაც "ამ ცხოვრებაში ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთა", 2001 წლის 4 დეკემბრის განთიადზე, ისევ ციური მანანასავით გაიფანტა მდინარე განგის თავზე. მომავალი წლის თებერვალში, ის 70 წლის გახდებოდა...