ესაა სტატია, რომელიც დაკოპირებული მაქვს და ყველას ვუგზავნი, ვისაც აინტერესებს.
მე ძალიან დამეხმარა. თავადაც ვუბნრუნდები და ვკითხულობ ხოლმე.
15 წლის წინ დავიწყე მოწევა, მას მერე რამდენჯერმე გავანებე და ისევ ახლიდან დავიწყე. 3, 6, 8, 18 თვიანი შუალედებით და ისევ ვიწყებდი ხოლმე. ახლა ზუსტად 4 კვირაა არ მომიწევია და შესანიშნავად გრძნობ თავს. იმედი მაქვს აღარც მოვწევ ცხოვრებაში.
კოპირაიტი: სტატიის ავტორია ფორუმელი
ლიშტოტა, ვინც ეს სტატია თავდაპირველად თავის ბლოგზე გამოაქვეყნა. ბლოგი ამჟამად აღარ არსებობს, სამწუხაროდ, მაგრამ ტექსტი შენახული მაქვს და უცვლელად გთავაზობთ.
სტატია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორ დაგვანებებს თავს სიგარეტი
თინეიჯერობაშივე მძიმე მწეველი ვიყავი, თან მძიმე სიგარეტს ვეწეოდი, თან მძიმე ნაპასებით. სიგარეტი ნიშნავდა მოდუნების, დაწყნარების, ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნის უმთავრეს გარანტს. როცა სიგარეტს ვერ ვეწეოდი, მიხაროდა, — ბოლოს უფრო გემრიელად გავაბოლებდი. როცა ვნაყრდებოდი, ვიცოდი რომ შემდეგ სიამოვნება მელოდა (ზოგჯერ ამის ხათრითაც ვჭამდი). საზღვარგარეთ დაახლ. 10 ლარის საფასურს ვიხდიდი კოლოფში, საჭმლის ხარჯზე, ღამით კი ყინვაში გავდიოდი მოსაწევად. ყოფილ მწეველებზე ყველაზე ცუდად ვრეაგირებდი: “გავიგეთ, ნუ მჩრი ცხვირში საკუთარ არამწეველობას!”, — გულწრფელად ვღიზიანდებოდი და ცხვირში ვაბოლებდი ადამიანს.
მოგვიანებით, რა წარმოდგენებიც სიგარეტის მოწევაზე შემექმნა, ალან კარის მოწაფისგან მოვისმინე. თავად კარის ქართულად თარგმნილი წიგნი 2000-იანების შუა პერიოდში გაჩნდა საქართველოში და ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ იოგა-სახელმძღვანელოების და გივი ალაზნისპირელის ნუნისური სასწაულების არ იყოს, სწრაფადვე გაქრა. მწეველ ბებიაჩემსაც ჰქონდა; კარგად მახსოვს, რომ წიგნის კითხვა მალევე შეწყვიტა; მგონი ახლა ვხვდები, რატომ: ბოლომდე რომ წაეკითხა, ვეღარ მოწევდა.
სიგარეტის წევის სწორად გაგება და ახსნა მოწევის შეწყვეტის წინაპირობაა, მისი ვერგაგება – შეცდომა და დისკომფორტი, მიუხედავად იმისა, მწეველობას განვაგრძობთ თუ შევეშვებით.
სტატისტიკური მონაცემები არ გვჭირდება: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მთელი ქალაქი ცხიმით, შაქრით და სიგარეტით იკლავს თავს (ამის ფონზე სუფთა ჰაერისთვის ბრძოლა ცოტა კომიკურად გამოიყურება). მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაციონალური არგუმენტები ხშირად არ ეხმარება ადამიანს ამ დამოკიდებულების დაძლევაში: დაავადებების სტატისტიკა, უკვე აკიდებული ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსები, ყოფილი მწეველები გარშემო, თავმოყვარეობის გამწვავება, სიგარეტთან დაკავშირებული ყოფითი უხერხულობები… ეს ყველაფერი რIეალური გამოწვევებია, მაგრამ უვარგისი არგუმენტები.
ის, რომ სიგარეტით შეიძლება სიამოვნება მიიღო, მას ვერ შეეშვა, ან მისთვის თავის დანებების გზაზე კიდევ სხვა პროდუქტი დაგჭირდეს, კარგად გაყიდული სისულელეებია — ტვინის რეცხვის შედეგი.
ერთგან ინტერნეტ-ნაცნობის აფდეითი წავიკითხე, მე-20 დღე გავიდა რაც არ ვეწევი, მაგრამ მინდაო. ეს არის ყველაზე მტანჯველი გზა — არამწეველ მწეველად გახდომა. პირადად მე ამას სიგარეტის წევა მირჩევნია და გარკვეული პერიოდი – რადგან მწეველობის დემისტიფიცირება ბოლომდე არ მქონდა მიყვანილი – დავუბრუნდი კიდეც მოწევას.
ყალბი წარმოდგენებისგან გათავისუფლება კი მართლაც მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რამაც შეგვიძლია სიგარეტისგან გათავისუფლებაში შეგვაფერხოს, ნებისყოფის პარადიგმაა. ნებისყოფა არ გვჭირდება, ხელს გვიშლის.
არ ვამბობ, რომ სიგარეტის გადაგდება იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე გვგონია; ვამბობ, რომ ის მწეველად ყოფნაზე გაცილებით იოლია. ნებისყოფაზე ორიენტირება უბრალოდ ზედმეტი კი არ არის, მწეველად დარჩენის მაღალი გარანტიაა: დიდი შანსია, დაიღალო უსაფუძვლო, გამოგონილი ბრძოლით და “დანებდე”. ნუ ვიქცევით „არამწეველ მწეველად“; რამდენიმე დღე, რაც ორგანიზმიდან ნიკოტინის გასვლას სჭირდება, ისევე „გვტანჯავს“, როგორც უსიგარეტობა ძილის დროს. ყველა ნაგავი წარმოსახვებშია. მოწევის გადაგდება მწეველობაზე არაკომფორტული თუ არის, ესეგი არასწორად ვანებებთ თავს (რომც აღარ მოვწიოთ, სიგარეტთან დაკავშირებული ყალბი იდეებისგან არ გავთავისუფლდებით – მარადიულად დამოკიდებულებაში დავრჩებით).
სიგარეტის მოხმარების ერთადერთი საფუძველი თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გავრცელებული მითი, ფილმებსა და სხვა სცენებში ჩასმული იმიჯია, რომელიც შემდეგ ჩვენს სოციალურ გარემოცვაში ბატონდება: ვითომ, როცა ეწევი, დუნდები, განისტრესები და ა.შ.; “გემრიელად გაბოლება”, მოდუნება, მონელების ხელშეწყობა, დროის გატარება / დროის მოკვლა, “კარგი სუნი / გემო აქვს”, “ლამაზი ბოლი აქვს”, სოციალიზაციას ხელს უწყობს, მამაკაცურია, “ზოგიერთ ქალს უხდება”, “ცხოვრებაში ესღა დამრჩენია”, ბლა ბლა ბლა. არავის ვურჩევ მოწევის გადაგდებას ამ ერთ-ერთი აბსურდით თავში. მიაღწევს თუ ვერ მიაღწევს მიზანს მწეველი, მაინც ყველა შემთხვევაში წამგებიანია — ჩნდება დანაკარგის განცდა, რომელიც უსაფუძვლოა.
არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც მწეველი სიგარეტს ეწევა: ის ნიკოტინზეა დამოკიდებული. ეს არც ისე გაყიდვადი იდეაა, პროდუქცია კი მომხიბვლელი იდეებით საღდება. ამიტომ, ასტრონომიული თანხები იხარჯება თამბაქოს კომპანიების მიერ იმაში, რომ ეს თითქოს ვიცოდეთ, მაგრამ არ გვახსოვდეს, დაგვავიწყონ. სწორედ აქედან მოდის სიგარეტის წევის “ინდივიდუალური” ინტერპრეტაციები: მე არ მინახავს სიგარეტის მწეველი, რომელიც რაღაც აბსურდს არ იგონებდეს იმის შესახებ, თუ რატომ ეწევა; ეს “ინდივიდუალური” მიზეზები არც ისე ორიგინალურია, მითებისა და ილუზიების მდიდარი ასორტიმენტიდან რომელიმეს ვირჩევთ ხოლმე. სიგარეტის წევა თუ არ “შეფუთე”, მოწევა ძალიან უსიამოვნო გახდება.
მაშინ რატომ არის მართლაც შვების მომგვრელი და სასიამოვნო მოწევა? ამას ხომ მართლაც ყველა მწეველი გრძნობს? შეიძლება მეოცე ღერი არ გვესიამოვნოს, მაგრამ “გემრიელად გაბოლება” ხომ რეალური შეგრძნებაა?
საქმე იმაშია, რომ მოწევა მართლაც შვებაა, ოღონდ – უმდაბლესი ხარისხის:
იყო მწეველი, ნიშნავს, არამწეველთან შედარებით, სტაბილურად მასზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდე. ამ სტაბილური, ჩუმი უხარისხო მდგომარეობის მცირე გაუმჯობესებას “გაბოლება” შველის, – ის, რაც ასეთ მდგომარეობას იმთავითვე იწვევს. ესაა ნივთიერებაზე დამოკიდებულების მთელი არსი. “შველა” ყოველთვის ვადიანია; შემდეგ ვუბრუნდებით ისევ უხარისხო მდგომარეობას. სიგარეტის ჩაქრობისთანავე უკვე იწყება – თავიდან სრულიად შეუმჩნეველი – დისკომფორტი, რომელიც თანდათან ძლიერდება და ჩერდება მხოლოდ მორიგი ნიკოტინის დოზით. აი ეს არის მთელი “შვება” და “სიამოვნება”. ამრიგად, მოწევა კი არაა სიამოვნება, მწეველობაა მსუბუქი მაგრამ მუდმივად მზარდი ტანჯვა, რომელსაც – მხოლოდ ოდნავ და მხოლოდ დროებით – ისევ ტანჯვის გამომწვევი პროდუქტი აყუჩებს. უბედური – სამწუხაროდ, არაღიარებული – მდგომარეობისგან დროებითი ხსნა შვებაა, არა – სიამოვნება: თუ ვინმე დენზე აღარ შეგაერთებთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ, ეს ტანჯვისგან შვებაა და არა სიამოვნება.
თავად სიგარეტის წევის პროცესი, ცხადია, ნიშნავს შხამის დოზის მიღებას, რომელზეც ორგანიზმი ცუდად რეაგირებს. თუმცა, ორგანიზმის რეაქციებს ხშირად ყურს არ ვუგდებთ და სხვანაირად გადავფუთავთ; “პოსლე ვკუსნავა აბედა” გაბოლებაც ამიტომ ფასდება – შხამების მიღებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებები ოდნავ ასატანი ხდება. ეს სიამოვნებაა? არა, უბრალოდ, სიგარეტი ამ მომენტში შედარებით ნაკლებად უსიამოვნოა. იგივე ლოგიკით შეგვიძლია “დღის პირველი სიგარეტი” განვიხილოთ:
ღამე ის პერიოდია, როცა ადამიანი თამბაქოს პროდუქციისგან თავისუფალი ხდება და თამბაქოს ინდუსტრიისთვის არ იხრჩობს თავს. მართალია, ნიკოტინური შიმშილით გვაშინებენ, და უკვე ისეთ კრიზისში არიან, ფილმების გმირებს ტანზე ნიკოტინურ პლასტერებს აწებებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს “შიმშილი” ისეთი სუსტია, რომ ინტენსიურ მწეველსაც არ ეღვიძება ღამით.
ადამიანი თამბაქოს ბიზნესისთვის ყველაზე საშიში დილითაა, როცა ორგანიზმი შხამისგან შედარებით თავისუფალი აქვს, მეტი წილი უკვე შარდშია წასული, პირის ღრუც დასვენებულია. როგორ უნდა დაგარწმუნონ ამ დროს, რომ დილიდანვე, უზმოზე, ბოლის ყლაპვა გჭირდება და გესიამოვნება კიდეც? ამისთვის არსებობს მისი მოკავშირე – ყავის ინდუსტრია. ეს შეთქმულება არ არის, მხოლოდ – ორი ტიპის საქონლის კანონზომიერი ურთიერთგადაკვეთა.
მგრძნობიარე პირის ღრუ, რომელსაც რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ ბუნებრივად ესაზიზღრება სიგარეტის “არომატი”, ნაპასიდან ნაპასამდე ყავით უნდა ჩავირეცხოთ და ასე უფრო გაგვიმარტივდება. ოღონდ ცხადია, ამ თვითდამაზიანებელ ქცევას და მდგომარეობას შეფუთვა უნდა, ამიტომ უნდა გაგვასულელონ მწეველის ჩაფიქრებული, შორს მიმავალი მზერით, რომელიც უსასრულობაში ქრება; სამომხმარებლო რიტუალი უნდა დაუკავშირონ შფოთიანი დღის დაწყებამდე მოცემულ წუთიერ სიმშვიდეს, პაუზას, მოგონებას, მელანქოლიას, მოდუნებას, ინტროსპექტიულ იმიჯებს, ქალურობას, მამაკაცურობას, დამოუკიდებლობას, სიძლიერეს, არაფორმალურ ურთიერთობებს, ან სულაც განმარტოებას.
უფრო და უფრო ხშირია პოპკულტურაში სცენები, სადაც პროტაგონისტს დილით “სასწრაფოდ ესაჭიროება” ყავა ან/და სიგარეტი, თორემ ისე… (დააკვირდით!) ვერ იფუნქციონირებს. ასე ხდება ყოფით, რუტინულ დონეზე შეუმჩნეველი პანიკის თესვა და დამოკიდებულების გაჩენა. ალბათ, არაერთი ნაცნობისგან მოგისმენიათ – არიქა, ყავა და სიგარეტი, თორემ ვერ ვფხიზლდები… ისე ვერ ვიმუშავებ… ტყუილი პანიკა და მითები კი გადამდებია. მწეველების მეშვეობითვე იდგმება უხარისხო მოდუნების და არარსებული საჭიროების სცენები ახალი თაობებისთვის.
რომ არა მწეველი, როგორც მოსიარულე რეკლამა, თამბაქოს ინდუსტრია ვეღარ იშოვიდა ახალგაზრდების სახით ახალ სამომხმარებლო ჯგუფებს, მათზე გამსვლელი სხვა გზები ძირითადად უკვე დაბლოკილია (ეკონომიკურად განვითარებულ საზოგადოებებში; მესამე სამყაროში, რა თქმა უნდა, სკოლების წინ განგებ ყიდიან თამბაქოს ნაწარმს, ან იქვე არეკლამებენ). ამრიგად, ნუ გადავაგდებთ სიგარეტს შემდეგი მითების მოუშორებლად:
სიგარეტის წევა “ინდივიდუალური პრობლემაა” - არ არის; სიგარეტის მოწევის სპეციფიკურად ინდივიდუალური მიზეზი არ არსებობს; ამის გააზრება არასასიამოვნოა, მაგრამ აუცილებელი.
“სიგარეტი განსტრესავს” – არანაირად, მსუბუქ ტანჯვას წარმოქმნის, რომელსაც დროებით აჩერებს მორიგი სიგარეტი, სამუდამოდ კი მას უმოკლეს ხანში გააქრობს სიგარეტის აღარ მოწევა. ის რაოდენობა შხამებისა, რომელიც მცირე ფიზიოლოგიურ დისკომფორტს განაპირობებს, ერთ გამოძინებასა და რამდენიმე მოშარდვაში ქრება – ისე სწრაფად, რომ ყურადღების მიქცევასაც ვერ ასწრებს ადამიანი,- სწორედ ამიტომ იგონებს ბიზნესი ამის საწინააღმდეგო მითებს, პანიკას და შემდეგ – ამის “დამძლევ” ალტერნატიულ პროდუქციას.
“სიგარეტის მწეველები უნებისყოფოები არიან, გადაგდებას კი ნებისყოფა სჭირდება” – ეს ყველაზე მავნე მითია. თამბაქოს წევას კავშირი არ აქვს უნებისყოფობასთან, და არც მისგან თავის დაღწევას სჭირდება ნებისყოფა; ნებისყოფის იდეა მწეველად დარჩენის წინაპირობაა. სიგარეტის წევა მხოლოდ ინტელექტუალური შეცდომაა.
არავის სიამოვნებს, როცა ასულელებენ, ამიტომ პირველ რიგში, ჩვენი გონებით მანიპულირებაში გამოვიჭიროთ თამბაქო. ამის დანახვის შემდეგ, სიგარეტი თავად გაგვანებებს თავს – ვეღარ მოვწევთ.