PNG
-PNG- PERSONA NON GRATA
ჯგუფი: Members
წერილები: 4926
წევრი No.: 178303
რეგისტრ.: 17-December 13
|
#61040007 · 22 Feb 2024, 08:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს თანამდროვე პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი საბედისწერო მომენტი იყო ბორითის ავტოავარია. ეს შემთხვევა ჯერ კიდევ არ განხილულა ჯეროვნად, არ გაანალიზებულა. გამოძიებაც ზედაპირულად და არაობიექტურად ჩატარდა. დრო იყო ძალზე არეული. ჭირისუფლებმაც დიდი კეთილშობილება და სულგრძელობა გამოიჩინეს... არადა, ეროვნულ მოძრაობას გამოეთიშა ორი დიდი ფიგურა. ზვიად გამსახურდია, მისთვის ჩვეული მეთოდით, ავარიის მოწყობას აბრალებდა რევაზ ჩხეიძეს, ჩხეიძეების ოჯახს (მამა-შვილს), რომლებმაც, მისი თქმით, „სუკ-ის დავალებით“ მოაწყვეს ეს ავარია. ზვიადის მიმდევარი „კარვის ქალები“ პირდაპირ თამარ ჩხეიძეს სდებდნენ ბრალს ავარიის სპეციალურად მოხდენაში. ეს ბრალდებები, ცხადია, ყოვლად აბსურდული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იყო, იმდენად აბსურდული, რომ თამარ ჩხეიძეს საშუალება მისცა, სრულიად ადვილად ემტკიცებინა, რომ მის მიმართ არაობიექტურ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი, რომ ავარიის გამოძიებას ტენდენციურად წარმართავდნენ და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოიყენებდნენ. ამდენად, ზვიად გამსახურდიას ცილისმწამებლურმა, აბსურდულმა გამოხდომებმა, ფაქტობრივად, იხსნა თამარ ჩხეიძე. მან ადვილად შეძლო ავარიის საკითხისათვის პოლიტიკური ელფერი მიეცა, პოლიტიკური დევნის დამაჯერებელი სურათი დაეხატა. თამარ ჩხეიძეც სუკ-ს აბრალებდა ავარიის მოწყობას, ოღონდ ზვიად გამსახურდიას უშუალო ჩარევით თუ მის სასარგებლოდ. ასეა თუ ისე, რაც მთავარია, ავარიები მხოლოდ ვინმეს მოწყობით არ ხდება. ავარიები უმეტესად შემთხვევით ხდება, მეტწილად გაუთვალისწინებელი საავარიო სიტუაციის მიზეზით. რა თქმა უნდა, უაღრესად პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ბორითის ავარია მოწყობილი იყო თუ შემთხვევითი. წინასწარ ვიტყვი: ბორითის ავარია მოწყობილი არ იყო. იგი სხვა მიზეზით მოხდა. წინასწარ ვიტყვი იმასაც, რომ შემთხვევითი ავარიის შედეგად, როდესაც მძღოლს ახლობელი ადამიანები ეღუპება, სრულიად არ მიმაჩნია, რომ მძღოლი უნდა დაისაჯოს. არც ერთ მძღოლს არ სურს ავარია, მით უფრო ახლობლების დაღუპვა. ეს ყოველი მძღოლისათვის ენითაუწერელი ტრაგედიაა. არ ვიცი და არც მაინტერესებს, როგორ სჯიან, ან საერთოდ სჯიან თუ არა ასეთ მძღოლებს. მე ამის მორალური მხარე მაინტერესებს მხოლოდ. ახლობლების დაღუპვაზე მეტი სასჯელი არ არსებობს იმ მძღოლისათვის, რომლის მიზეზითაც ისინი დაიღუპნენ. ცხადია, მძღოლის დანაშაული (და, ალბათ, სასჯელი) იმის მიხედვით განისაზღვრება, რა წესები დაარღვია მან, ჰქონდა თუ არა იმ მომენტში მართვის უნარი, იყო თუ არა ნასვამი, დაარღვია თუ არა მოძრაობის წესები, წესრიგში ჰქონდა თუ არა მანქანა და ა.შ. ალბათ, სასჯელსაც ამის მიხედვით უსადაგებენ. მაგრამ, ვიმეორებ, ვერავითარი სასჯელი ვერ შეედრება ასეთი მძღოლის სულიერ ტრავმას, პიროვნულ ტრაგედიას. ბორითის ავარია მე ამჯერად თამარ ჩხეიძის პოლიტიკური თუ სულიერი პორტრეტის წარმოსაჩენად მაინტერესებს და არა იმისათვის, რომ მისი დასჯის საკითხი დავაყენო. რას ეფუძნება ჩემი არგუმენტები, რომ ავარია შემთხვევით მოხდა? თუ იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ, სრულიად ბუნებრივია დავუშვათ, რომ მანქანაში მყოფი სამი პოლიტიკური ფიგურის თავიდან მოშორებით ნამდვილად იყვნენ დაინტერესებულნი. ამას თუნდაც ავარიისშემდგომი მოვლენები ადასტურებს (საკმაოდ დაგვიანებული რეაგირება ხელისუფლების მხრიდან დაშავებულთა გადასარჩენად; მერაბ კოსტავას გვამის ექსპერტიზაზე უარის თქმა ზვიად გამსახურდიას მიერ; ზურაბ ჭავჭავაძისათვის რეანიმაციის განყოფილებაში ბოტკინის დაავადების შეყრა სისხლის გადასხმის შედეგად და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ავარია მაინცდამაინც მოწყობილი იყო: ავარიის შემდგომი მოვლენების თავიანთ სასარგებლოდ წარმართვა გაცილებით ადვილად შეეძლოთ ამ ადამიანთა თავიდან მოშორების მსურველებს, ვიდრე თვით ავარიის მოწყობა იმ სახით, როგორც ის მოხდა. ავარია მოხდა ისეთ სიტუაციაში, რომ ავარიის შანსიც და მანქანაში მსხდომთა დაღუპვის შანსიც პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო, თუკი მძღოლს მართვის უნარი ექნებოდა. დავუკვირდეთ: ავარია მოხდა გზის სწორ მონაკვეთზე, მანქანების არაინტენსიური მოძრაობის დროს (ერთადერთი შემხვედრი მსუბუქი მანქანა). თამარ ჩხეიძეს არ ახსოვს, რამ გადაურბინა წინ მანქანას, - ძაღლმა, ხბომ თუ საბურავმა. დაჯახების თავიდან აცილების მიზნით მან მკვეთრად მოუხვია და დაამუხრუჭა, რამაც გამოიწვია მანქანის რამდენჯერმე გადაყირავება, რის შემდეგ იგი დაეჯახა შემხვედრ მსუბუქ მანქანას. ახლა განვსაჯოთ, ამგვარი საავარიო სიტუაციის შექმნაში რამდენად შესაძლებელია სუკ-ის ხელი ერიოს. სუკ-ს, ვინ იცის, რამდენი საშინელი ავარია და ტერორისტული აქტი მოუწყვია, მისი გამოცდილება უზარმაზარია, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ხელი აქ ნამდვილად არ ჩანს, იმდენად უმნიშვნელო იყო ალბათობა ავარიის „წარმატებით“ დამთავრების თვალსაზრისით. თუკი ავარია სუკ-მა მოაწყო, გამოდის, რომ სუკ-ის ვინმე წარმომადგენელი ჩასაფრებული იყო გზის პირას და მანქანის მოახლოების დროს მანქანის წინ გამოუშვა ძაღლი თუ ხბო, ან საბურავი გამოაგორა. მაგრამ აქ წამოიჭრება კითხვა: რა გარანტია იყო, რომ ძაღლი თუ ხბო მაინცდამაინც მანქანას გადაურბენდა წინ და გზის გასწვრივ არ გაიქცეოდა? საბურავისათვის, ცხადია, შეიძლებოდა პირდაპირ მიეცათ გეზი. მაგრამ მოდით, დავუშვათ, რომ ძაღლი თუ ხბო გაწვრთვნილი იყო და აუცილებლად შეასრულებდა სუკ-ის დავალებას - მანქანას წინ გადაურბენდა. კი ბატონო! მაგრამ მანქანის წინ ძაღლის თუ ხბოს გადარბენა, ან საბურავის გამოგორება რა ისეთი საბედისწერო საავარიო სიტუაციის შემქმნელია? განა სუკ-ს ავარიის მოსაწყობად მეტი „არსენალი“ არ გააჩნია? ანდა, განა მძღოლმა ასეთ ელემენტარულ საავარიო სიტუაციას თავი ვერ უნდა გაართვას? ამ სიტუაციაში ავარია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუ მანქანა ძალზე დიდი, დაუშვებელი სიჩქარით მოდიოდა, ან მძღოლი იყო გამოთიშული. რაში შეიძლება გამოხატულიყო ამ ორივე შემთხვევაში სუკ-ის როლი? თუ მანქანა დიდი სიჩქარით მოდიოდა, აქ, ცხადია, სუკ-ი არაფერ შუაშია და აშკარად მძღოლია დამნაშავე. თუ მძღოლი გამოთიშული იყო, მაშინ ისაა გასარკვევი, რის გამო იყო გამოთიშული. არსებობს აზრი, რომ შეიძლებოდა მძღოლი სუკ-ს გამოეთიშა შორიდან „დასხივებით“. (ასეთი აზრი გამოთქვა იმ ხანებში გაზეთმა „მამულმა“, რომლის რედაქტორი მაშინ ტარიელ ჭანტურია იყო). ეს აზრიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მა-გრამ თუ ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ ამ შემთხვევას აქ ადგილი არ ჰქონია. ჯერ ერთი, სუკ-ს რომ შორიდან გამოთიშვის მეთოდი გამოეყენებინა, იგი ამას მოაწყობდა არა გზის სწორ მონაკვეთზე, არამედ სადმე მოსახვევში, ხრამის პირას (ასეთი ადგილი ამ გზაზე უამრავია), რათა გამოთიშულ მძღოლს მოსახვევი ვერ შეენიშნა და მანქანა პირდაპირ ხრამში გადაჩეხილიყო, რაც მანქანაში მსხდომი სამივე ადამიანის დაღუპვის რეალურ შესაძლებლობას შექმნიდა, და არც ძაღლი, ხბო თუ საბურავი იქნებოდა საჭირო საავარიო სიტუაციის შესაქმნელად. მეორეც, ავარიის მომენტში მძღოლი მთლად გამოთიშული არ ყოფილა, რადგან რაღაცის შემჩნევა, სწრაფად მოხვევა და დამუხრუჭება შეძლო. რომელ სუკ-ს შეეძლო წარმოედგინა, რომ მძღოლი მაინცდამაინც ასეთ, ყველაზე უარეს რეაქციას მისცემდა და ასეთი კატასტროფული ავარიის მოხდენას „მოახერხებდა“? მესამეც, დავუშვათ, რომ სუკ-მა ასეთი წარმოუდგენელი რამის წარმოდგენაც შეძლო, მაგრამ ის როგორღა უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ავარიის მომენტში მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე ჩაძინებულნი იქნებოდნენ? არადა, ისინი რომ ჩაძინებულნი არ ყოფილიყვნენ, მანქანის გადაყირავებისას ალბათ მოასწრებდნენ რაიმესთვის ხელის ჩაჭიდებას და მთელი სიმძიმით არ მიენარცხებოდნენ ჭერსა და იატაკს, და, შესაბამისად, არც მძიმე ტრავმებს მიიღებდნენ. ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით სრულიად დაუჯერებელია ის აზრი, რომ თამარ ჩხეიძე შორიდან „დასხივებით“ გამოთიშა სუკ-მა. არადა, ავარიის მომენტში თამარ ჩხეიძე ნამდვილად რაღაცნაირად გამოთიშული იყო. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ მას კარგად არ ახსოვს, რამ გადაურბინა წინ - ძაღლმა, ხბომ თუ საბურავმა (რომ აღარაფერი ვთქვათ მოუხერხებელ, არასწორ რეაქციაზე). რას შეეძლო, იგი ასე გამოეთიშა? ბუნებრივად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იგი შეეძლო გამოეთიშა ჩვეულებრივ, ადამიანურ, „მამა-პაპურ“ მყისიერ ჩათვლემას (ჩათვლემა ხომ სიფხიზლისა და ძილის საზღვარზეა). ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა მძღოლების პრაქტიკაში. (თამარ ჩხეიძეს შეუძლია ეს აზრი შეამოწმოს თუნდაც მისსავე თანარაზმელ, ექიმ თემურ ლომაიასთან, რომელიც ჩათვლემის თავიდან ასაცილებლად საჭესთან ჯდომისას განუწყვეტლივ ლაპარაკობს, ან, თუ მოსაუბრე არ ჰყავს, მღერის... თამარ ჩხეიძესაც იმ მომენტში მოსაუბრე არ ჰყავდა - მერაბი და ზურაბი ჩაძინებულნი იყვნენ, სიმღერა კი მან არ იცის... ეს - ხუმრობით, თუმცა რა გვეხუმრება!..) ახლა ის ვიკითხოთ, რატომ უნდა მორეოდა თამარ ჩხეიძეს თვლემა? იყო თუ არა ამისათვის რაიმე ობიექტური წინაპირობა? ვაი რომ, იყო! საქმე ის გახლავთ, რომ თამარ ჩხეიძეს წინა ღამით ერთი წუთითაც არ დაუძინია!.. ახლა ისიც ვიკითხოთ: რატომ არ დაუძინია? იქნებ რაღაც ისეთი გადაუდებელი პოლიტიკური საქმე ჰქონდა, რომ დაძინება არ შეიძლებოდა? ვაი რომ, არა! სრულიად არავითარი! აი, სწორედ აქ გახლავთ, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი დამარხული! მისი უძილობის მიზეზი გახლდათ თამარ ჩხეიძისათვის დამახასიათებელი უარყოფითი პიროვნული თვისებები - ავადმყოფური ჭირვეულობა, პატივმოყვარეობა, სიჯიუტე, თავისნათქვამობა, სხვათა სურვილების უგულებელყოფის ხარჯზე საკუთარი სურვილის შესრულების მძაფრი, ავადმყოფური მოთხოვნილება... ეს თვისებები, ცხადია, პოლიტიკოსისათვის სრულიად მიუღებელი და დამღუპველია, მაგრამ, ვაი რომ, ამ შემთხვევაში სწორედ ეს თვისებები გახდა უშუალო მიზეზი ბორითის საშინელი ტრაგედიისა. სანამ მკითხველს მოვუთხრობდე, რა მოხდა ავარიის წინა ღამეს, რა იყო მიზეზი, რომ თამარ ჩხეიძეს მთელი ღამე არ დაუძინია, წინასწარ შევნიშნავ, რომ, როგორც არ უნდა გაამართლოს თავისი იმღამინდელი უძილობა თამარ ჩხეიძემ, მას უნდა გამოეჩინა იმდენი წინდახედულება, უფრო სწორად, პასუხისმგებლობა (მაშ, რიღასი პოლიტიკოსია!), და დილით საჭესთან არ უნდა დამჯდარიყო გამოძინების, დასვენების გარეშე (მას ხომ ეროვნული მოძრაობის ორი გამოჩენილი ლიდერი მოჰყავდა!), რადგან გრძელ გზაზე შეიძლება თვლემა მოერიოს დასვენებულ, გამოცდილ მძღოლსაც, არათუ მთელი ღამის უძინარ და ნერვიულობით დაღლილ ცუდ მძღოლს. (ცუდი მძღოლი რომ იყო, ეს ყველასათვის ცნობილია, ვისაც მისი მძღოლობა უნახავს. ამასვე მოწმობს ის ფაქტიც, რომ მას რამდენჯერმე მოუვიდა ავარია, თუმცა ყოველთვის ადვილად გადარჩა. არ დამავიწყდება თბილისიდან ქუთაისში წასვლის წინ ზურაბ ჭავჭავაძის ნახევრად ხუმრობით ნათქვამი: თამრიკოს რომ საჭეზე ვსვამ, თვითმკვლელობაზე მივდივარო; საჭეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაჯენ, როდესაც ვერ ვხედავ, როგორ მიჰყავსო, ე.ი. ან როცა მთვრალი ვარ, ან როცა მძინავსო. ეს იყო ზურაბ ჭავჭავაძის ყველაზე დიდი შეცდომა. იგი საერთოდ თამარ ჩხეიძესთან ერთ მანქანაში არ უნდა დამჯდარიყო. ამას, ცხადია, გადატანითი მნიშვნელობითაც ვამბობ. ზურაბ ჭავჭავაძე, რა თქმა უნდა, აპირებდა ამ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა). დიახ, თამარ ჩხეიძემ ვერც წინდახედულება გამოიჩინა და ვერც პასუხისმგებლობა, როდესაც დილით საჭესთან დაჯდა გამოძინების, დასვენების გარეშე. შეიძლება ითქვას, ეს უპასუხისმგებლობაა თამარ ჩხეიძის რეალური დანაშაული, თუმცა ამჯერად მის ამ უპასუხისმგებლობას მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით ვეხები. მას, რა თქმა უნდა, გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ პიროვნული უარყოფითი თვისებები იწვევენ მის უპასუხისმგებლო ქმედებებს. ამის ნათელი დადასტურებაა ავარიის წინა ღამის მოვლენები. გადავალ მათ აღწერაზე. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრები 12 ოქტომბერს ქუთაისის საზოგადოებრიობასთან შესახვედრად იყვნენ მიწვეულნი. რადგან ასეთი შეხვედრების სული და გული ყოველთვის ზურაბ ჭავჭავაძე იყო, თამარ ჩხეიძის დაჟინებული მოთხოვნით (რბილად რომ ვთქვათ) ზურაბი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნაავადმყოფარი იყო და ჯერ კიდევ არ იყო გამოშუშებული, მაინც დათანხმდა ქუთაისში წასვლაზე. ჩვენთან ერთად ქუთაისში წამოვიდა მერაბ კოსტავა, რათა შეხვედროდა წმინდა ილია მართლის ქუთაისის განყოფილების წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში შიმშილობის აქციას მართავდნენ საბჭოთა არმიაში სამხედრო სამსახურის საპროტესტოდ. გზაში, ქუთაისამდე დაახლოებით 30 კმ დაშორებით, ბენზინი გაგვითავდა. იმ ხანებში ბენზინის შოვნა რატომღაც ჭირდა, ამიტომ მთელი საათი მოგვიწია დგომამ. ბოლოს მერაბ კოსტავას ნაცნობმა ავტოინსპექტორმა გვიშოვა ბენზინი. ქუთაისში დაგვიანებით ჩავედით. შეკრებილი ხალხი უკვე დაშლილიყო. ხელახლა შეკრებამაც კარგახანს გასტანა. შეხვედრის შემდეგ მასპინძლებმა რესტორანში მიგვიწვიეს. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ცხადია, არავითარი კრიმინალი არაა იმაში, რომ მაგიდაზე სასმელი მოიტანეს. თამარ ჩხეიძემ ზურაბ ჭავჭავაძეს ადრევე მოსთხოვა, რომ თბილისში იმ დღესვე დაბრუნებულიყვნენ. მიზეზი მეტისმეტად ბანალური იყო - თამარ ჩხეიძეს არ უყვარდა სხვის სახლში ღამის გათევა. ვერც სხვების ქეიფის ყურებას იტანდა. მაგრამ აქ საქმეში ჩაერია ობიექტური გარემოება - ბენზინი არ გვქონდა. ერთ-ერთი მასპინძელი მის საშოვნელად წავიდა, მაგრამ საკმაოდ გვიან იყო და ვერ იშოვა. თამარ ჩხეიძე ცოტათი შეზარხოშებულ ზურაბს შეუჩნდა, რომ თვითონ წასულიყო და ეშოვა ბენზინი. ზურაბმა უპასუხა, რომ რახან მასპინძლებმა ვერ იშოვეს, თვითონ მით უმეტეს ვერ იშოვიდა. თამარმა კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ერთი მისი ნაცნობი მოენახა. ზურაბმა აუხსნა, რომ ის კაცი ძალიან შორეული ნაცნობი იყო, მისამართიც კი არ იცოდა და კიდეც რომ სცოდნოდა, უხერხული იყო ასეთ უდროო დროს მისი შეწუხება, და ისიც საკითხავია, იშოვიდა თუ არა ბენზინს. თამარ ჩხეიძემ საყვედურები დაუწყო, რომ მას ქეიფი უნდოდა და ამიტომ არ ცდილობდა ბენზინის შოვნას. ამაზე საკმაოდ მძაფრად შელაპარაკდნენ. მასპინძლები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ და კვლავ გაგზავნეს კაცი ბენზინისათვის. ისიც ხელცარიელი დაბრუნდა. დაძაბულობა თანდათან იზრდებოდა. თამარი წამდაუწუმ გაანჩხლებული საყვედურობდა, რომ ბენზინი სასწრაფოდ ეშოვნა სადმე, რადგან აქ ღამის გათევა არ სურდა. სუფრაზე ყველას ხასიათი წაუხდა. მონახეს მერაბ კოსტავა და მას სთხოვეს, იქნებ მის ხალხს ეშოვა ბენზინი. მერაბმაც, როგორც იტყვიან, დაატრიალა თავისი ხალხი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თამარ ჩხეიძე სულ უფრო და უფრო ანჩხლდებოდა, ასევე სულ უფრო და უფრო ჰკარგავდა მოთმინებას ზურაბი. ღამის 2 საათისათვის ქალაქის ცენტრში თამარ ჩხეიძის გააფთრებული წივილ-კივილი და ლანძღვა-გინება ისმოდა. მას ვერაფრით აოკებდნენ. ეს იყო უაღრესად სამარცხვინო სანახაობა. მე ვეღარ ავიტანე ამ საზიზღრობის ყურება და მოშორებით მდგარ მანქანაში ჩავჯექი. ცოტა ხნის შემდეგ ზურაბიც მოვიდა და საშინლად გაღიზიანებულმა და წონასწორობიდან გამოსულმა, როგორც იტყვიან, „მრავალსართულიანი“ გინება გაუშვა, - აწი მაგასთან ერთად სადმე წამსვლელისო... მე წინადადება წამოვაყენე, იქნებ როგორმე დაგვეყოლიებინა თამარი, რომ ჩემი დის ოჯახში წამოსულიყო (ჩემს დისშვილს იცნობდა) და იქ დალოდებოდა, თუ ბენზინს იშოვიდნენ. გააფთრებული თამარი ძლივს დაითანხმეს ამაზე. მერაბ კოსტავა სადღაც იყო გასული. მის ხალხს დავუტოვეთ მისამართი და ზურაბმა თამარის მანქანით მიგვიყვანა ჩემი დის სახლთან. როგორც კი მე და თამარი ბინაში შევედით, ზურაბი უმალვე გატრიალდა უკან, მეორე მანქანაში ჩაჯდა და გიზო თავაძესთან ერთად წავიდა (გიზო თავაძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო). თამარი საწოლზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. დაწოლაზე უარი განაცხადა. იჯდა და იცდიდა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მერაბ კოსტავამ დაიძახა. თამარი სასწრაფოდ გაიჭრა გარეთ და მერაბს გაჰყვა. ღამის 4 საათი იქნებოდა. ახლა თვით თამარ ჩხეიძისა და ჩვენი ქუთაისელი მეგობრების მონათხრობის მიხედვით გავაგრძელებ ამ ამბის გადმოცემას. თამარ ჩხეიძის გასვლის შემდეგ ჩემი დის ბინიდან ის და მერაბ კოსტავა წასულან მერაბ გვაზავასთან (ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან. თამარმა იცოდა მისი მისამართი), მაგრამ იგი შინ არ დახვედრიათ. გიზო თავაძის მისამართი არ იცოდნენ. გათენებამდე უცდიათ მერაბ გვაზავას სახლთან, მის დაბრუნებამდე. აღმოჩნდა, რომ თურმე ზურაბი და მერაბ გვაზავა გიზო თავაძის ბინაში ყოფილან. თამარ ჩხეიძის ზღვარს გადასული ჭირვეულობით გაღიზიანებული და წონასწორობიდან გამოსული ზურაბი ბოღმის მოსაკლავად თურმე დილამდე სვამდა მათთან ერთად. ასე მიუგნიათ ზურაბისათვის. გაუღვიძებიათ. ზურაბს უთხოვია, მის გარეშე წასულიყვნენ თბილისში, ცოტა წაძინებისა და დასვენების შემდეგ თვითმფრინავით წამოვალო, უთქვამს. თამარი არ მოშვებია და დაახლოებით დილის 9 საათისათვის გამოსულან ქუთაისიდან. (ჩემთან არ გამოუვლიათ, რადგან იცოდნენ, რომ ქუთაისში ვრჩებოდი). ზურაბს, ცხადია, მანქანის მართვის თავი არ ჰქონდა. ის და მერაბი ჩაძინებულნიც კი ყოფილან ავარიის მომენტში. ერთი სიტყვით, თამარ ჩხეიძეს იმ ღამით ერთი წუთითაც არ დაუძინია მისივე უსაზღვრო ჭირვეულობის მიზეზით! სხვის სახლში ღამის გათევა არ სურდა, სურვილიც ვერ შეუსრულეს, თუმცა ბევრს ეცადნენ. ობიექტურ მიზეზსაც - რომ ბენზინი ვერავინ იშოვა - არ გაუწია მან არავითარი ანგარიში! ყველაზე საყურადღებო და ნიშანდობლივი ამ ამბავში მაინც ის არის, რომ თამარ ჩხეიძეს თანდაყოლილი (თუ შემდეგ შეძენილი) პატივმოყვარეობის გამო არ შეუძლია საკუთარი, თუნდაც წვრილმანი სურვილების დათმობა, თუნდაც ამან უკიდურესად მწვავე კონფლიქტის სახე მიიღოს თავისივე მეგობრებთან და თანამებრძოლებთან. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, - დაღლილ, ნაავადმყოფარ, ამდენი ცილისწამებით ნერვებდაწყვეტილ ზურაბს უნდა მიეტოვებინა სასიამოვნო სიტუაცია, ანგარიში არ გაეწია მაგიდის წევრებისათვის, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ ზურაბს, უნდა შეწუხებულიყო თვითონაც (თანაც უაზროდ) და უნდა შეეწუხებინა ისინიც, ვისაც ბენზინისათვის მიადგებოდა (ან ვის უნდა მიდგომოდა? ან თუ მიადგებოდა, უშოვნიდნენ კი?). და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თამარ ჩხეიძე არ შეწუხებულიყო სხვის ოჯახში ღამის გათევით. რა ისეთ სიძნელეს წარმოადგენდა თამარ ჩხეიძისათვის სხვის ოჯახში ღამის გათევა? იგი ხომ ორ წელიწადს ათევდა ღამეს არათუ სხვის სახლში, არამედ ციხეშიც კი! მაგრამ მისთვის, ცხადია, მთავარი იყო არა ის, რომ სხვის ოჯახში მოუწევდა ღამის გათევა, არამედ ის, რომ სურვილს არ უსრულებდნენ!!! აი, ეს არის პატივმოყვარეობა, თორემ ნებისმიერ უცნაურ სურვილს შეიძლება გაუგოს კაცმა. თამარ ჩხეიძემ ახლა შეიძლება თქვას - არა, სხვა მიზეზი იყოო (მოიგონებს რამეს), მაგრამ სულერთია, - მეგობრებთან დამოკიდებულების პრინციპი ხომ იგივე რჩება! რა კავშირშია ყოველივე ეს პოლიტიკასთან? - შეიძლება იკითხოს ვინმემ. თუნდაც იმ კავშირშია, რომ ყოველივე ეს გახდა მიზეზი (სულერთია - პირდაპირი თუ არაპირდაპირი) ეროვნული მოძრაობის უდიდესი დანაკლისისა, ორი დიდი მამულიშვილის დაღუპვისა. მაგრამ თუნდაც ეს ტრაგიკული შემთხვევა არ მომხდარიყო, მთავარი აქ მაინც სხვაა - ესაა ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობათა მწვავე დეფიციტი ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში, ჩვენს პოლიტიკურ არენაზე, რაც „უხასიათო“ პოლიტიკოსების მიერაა შექმნილი. ცხადია, რაც უფრო „უხასიათოა“ პოლიტიკოსი, მით უფრო დიდია მისი „ღვაწლიც“ ამ თვალსაზრისით. თამარ ჩხეიძის მიერ გამოწვეული ის სკანდალი და კონფლიქტი, რაც ავარიის წინა ღამით ქუთაისში მოხდა, უბრალო ყოფითმა პრობლემამ გამოიწვია. ახლა მკითხველმა წარმოიდგინოს, რა კონფლიქტების გამოწვევა შეეძლო თამარ ჩხეიძეს პოლიტიკურ საკითხებში უთანხმოებისას (მისი ცხოვრების მთავარი მიზანი ხომ პოლიტიკაა), ეროვნული მოძრაობის ტაქტიკურ გზებში მისგან განსხვავებულ შეხედულებებთან შეჯახებისას. სწორედ ამგვარმა უგვანმა ურთიერთობებმა გამოიწვია ეროვნულ მოძრაობაში ესოდენ ტრაგიკული განხეთქილებანი, დაპი-რისპირებანი, რაც ბოლოს იარაღის გამოყენებამდე, სამოქალაქო ომამდე, სისხლისღვრამდე მივიდა. ვინ იცის, რამდენი ოჯახი გააუბედურა, რამდენი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ „უხასიათო“ პოლიტიკოსთა „ურთიერთობების გარკვევამ“. ეს ყველაფერი ძალზე მოხერხებულად და ჭკვიანურად გამოიყენა ჩვენმა სხვადასხვა ჯურის მტერმა... შესაძლოა, პოლიტიკოსს ეპატიოს, როცა ვერ განჭვრეტს, თუ რა ტრაგიკული შედეგი შეიძლება მოჰყვეს თავისივე „უხასიათობის“ გამო მთელი ღამის უძილობის შემდეგ გრძელ გზაზე მანქანის მართვას, მაგრამ ის კი ნამდვილად არ ეპატიება, როცა ვერ განჭვრეტს, თუ რამდენი მსხვერპლი და სისხლისღვრა, რამდენი ნგრევა და უბედურება შეიძლება გამოიწვიოს მის და მის მსგავსთა „უხასიათობებმა“ პოლიტიკურ ცხოვრებაში, დიდი პოლიტიკური გარდატეხების გრძელსა და რთულ გზაზე...
წერილის ავტორი ანზორ აბჟანდაძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი, შემდგომში ამ საზოგადოების გამგეობის წევრი 1993 წლამდე;
|