თბილისის №5 საპყრობილეში განვითარებულ მოვლენებზე იუსტიციის მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №5 საპყრობილეში დღეს გამთენიისას განვითარებულ მოვლენებზე იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა:
„დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 02.30 საათზე სასჯელაღსრულების დაწესებულების №5 საპყრობილეში ადგილი ჰქონდა ბუნტს და გაქცევის მცდელობას.
ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ დღეს დილით ჩვენი დედაქალაქი რეალური საფრთხის წინაშე იდგა, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ადამიანები გაქცეულიყვნენ ციხიდან. ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ გაქცევის მცდელობა, რასაც წინ უძღოდა ბუნტი, იყო კარგად დაგეგმილი და კარგად მომზადებული ოპერაცია და ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი თქვენ გადმოგეცემათ.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თუკი მასობრივი გაქცევა მოხერხდებოდა №5 საპყრობილიდან, ანალოგიური მოვლენები განვითარდებოდა ყველა სხვა დაწესებულებაში.
დროულად იქნა მობილიზებული სპეციალური დანიშნულების ნაწილები, ადგილი ჰქონდა სამართალდაცავი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას. ერთი საათის განმავლობაში ჩვენი სამართალდამცველები აფრთხილებდნენ ბუნტის მონაწილეებს, რომ თუკი არ დაწყნარდებოდნენ და არ დაუბრუნდებოდნენ თავიანთ საკნებს, აუცილებლად დაიწყებოდა ოპერაცია. სამწუხაროდ, ამ გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო. დაიწყო ოპერაცია, რომელმაც დაახლოებით 2 საათს გასტანა. გულისწუხილით და შეშფოთებით მინდა ვთქვა, რომ ოპერაციის შედეგად არიან გარდაცვლილები. ასევე, დაჭრილია ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი, ხოლო 10 თანამშრომელს მიყენებული აქვს სხვადასხვა დაზიანება.
ოპერაციის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნაპოვნია ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ცალი საფანტის ტიპის იარაღი, რაც ცალკე განსჯის საგანია და გამოძიება დაადგენს, როგორ მოხვდა იარაღი ამ დაწესებულებაში.
ქართველმა სამართალდამცველებმა იმოქმედეს ჩვენი კანონების შესაბამისობად. ისინი მოიქცნენ ისე, როგორ მოიქცეოდნენ ანალოგიურ უმძიმეს შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები.
№5 საპყრობილე თავიდან ბოლომდე დანგრეულია, ამოღებულია ყველა კარი და გისოსები. ამდენად, ჩვენ დავიწყეთ იქ მოთავსებული კონტიგენტის გადანაწილება სხვა დაწესებულებებში, მანამ, სანამ არ მოხდება ამ დაწესებულების აღდგენა. ინფორმაციას, ვინ სად არის გადაყვანილი, დამატებით მოგაწვდით.
ის, რაც დღეს გამთენიისას მოხდა, კარგად ორგანიზებული პროვოკაცია იყო, თუმცა ეს ჩვენ ვერ შეგვაფერხებს. რეფორმები პენიტენციარულ სისტემაში დაიწყო, გრძელდება და მას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე - სასჯელაღსრულების სისტემაში სახელმწიფო სრულ კონტროლს და წესრიგს დაამაყარებს.
ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოფირი და სანამ კადრებს ნახავდეთ, მე გეტყვით წინაისტორიას ამასთან დაკავშირებით: 2006 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმეს საფუძვლად დაედო შემოსული ოპერატიული ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ბუნტი და გაქცევა. მოხდა ოპერატიული, ფარული ჩაწერა, რომელიც სასამართლოს ნებართვით განხორციელდა. ვიდეოფირზე ნათლად ჩანს, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებიული ე.წ. „კანონიერი ქურდები“ მალხაზ ზედელაშვილი და პაატა მამარდაშვილი ხვდებიან ავტორიტეტ ზურაბ ვიბლიანს და მოუწოდებენ ბუნტის ორგანიზებისა და უწესრიგობისაკენ. თქვენ ნახავთ, რომ პირდაპირი დავალება იყო სასჯელაღსრულების დაწესებულბებში მოთავსებულ პირებზე, რომ ვინც არ მიიღებდა მონაწილეობას არეულობაში, მათ წინააღმდეგ გატარდებოდა უმკაცრესი ზომები. თქვენ, ასევე, ნახავთ კადრებს, თუ როგორ ხდებოდა კონტიგენტის გაფრთხილება, რომ დაბრუნებოდნენ საკნებს და დაეცვათ სიმშვიდე. ნახავთ რამდენიმე კადრს, როგორ მოხდა ჩვენი თანამშროლების დაჭრა“.
http://www.justice.gov.ge/siaxle.html
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....