Ghia
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 682
წევრი No.: 17500
რეგისტრ.: 21-February 06
|
#3492233 · 24 Jul 2006, 13:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოქრუაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლო გუნდში ბრძოლა მიდის " პაატა ზაქარეიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ ოქრუაშვილის ჩაძირვა დაიწყება "
პარლამენტი დაჩქარებული ტემპით ცდილობს, ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცოს. ნოღაიდელის კაბინეტში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა - პორტფელის გარეშე მხოლოდ გოგა ხაინდრავა დატოვეს. პოსტიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ხაინდრავას მიერ მმართველი გუნდისგან განსხვავებული იდეების დაფიქსირებაა. თუმცა სახელმწიფო მინისტრი ბოლო დროს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას შეეწირა. ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრმა ხაინდრავას თავი მოითხოვა და პრეზიდენტმაც არჩევანი ოქრუაშვილის სასარგებლოდ გააკეთა.
”ახალი ვერსია” ამ საკითხებზე ესაუბრა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს.
პაატა ზაქარეიშვილი: ”ოქრუაშვილისთვის საჭიროა წარმატება, ის ემზადება არჩევნებისთვის, შეიძლება პრეზიდენტობისთვისაც კი. მას წარმატებული მინისტრის იმიჯი აქვს და ეს თავად სააკაშვილის დამსახურებაა. ოქრუაშვილი, სადაც კი მივიდა, პრეზიდენტმა ყველაფერი წარმატებად ჩაუთვალა. დღეს მისი სავიზიტო ბარათი კონფლიქტური ზონების მისამართით წარმოთქმული განცხადებებია. მას აქ თუ ვინმე უშლიდა ხელს, ეს ის ხალხი იყო, ვინც აფხაზებსა და ოსებს ელაპარაკებოდა.
პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის ძირითადი მესიჯი არის, რომ აფხაზებთან და ოსებთან საუბარი არ შეიძლება და მხოლოდ რუსებს უნდა ველაპარაკოთ. ირაკლი ალასანია და გოგა ხაინდრავა კი ამბობდნენ, რომ ამ ხალხთან საუბარი შეიძლება და რომ აფხაზები და ოსები ქართველებისგან რაღაცას ელიან, აინტერესებთ, საქართველო რა ნაბიჯებს გადადგამს და რას შესთავაზებს. აშკარა იყო, რომ ალასანიამ და ხაინდრავამ წარმატებას მიაღწიეს. ორივე რეალურ და ადეკვატურ ნაბიჯებს დგამდა. მათი პოლიტიკა ოქრუაშვილს, სააკაშვილს, თარგამაძესა და სხვებს ხელს უშლიდათ, ამიტომ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის მოსპობა გახდა საჭირო. კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა - ოქრუაშვილი ერთს ამბობდა, ხაინდრავა და ალასანია მეორეს”.
- ანუ სააკაშვილმა სამშვიდობო პროცესი ოქრუაშვილის სასარგებლოდ გაწირა?
- სააკაშვილისთვის მთავარი ხელისუფლებაში ყოფნაა და არა სამშვიდობო პროცესი. მას სამშვიდობო პროცესი მხოლოდ ფასადად სჭირდებოდა. ხაინდრავას ქმედებებმა და განცხადებებმა თავდაცვის მინისტრი გააღიზიანა, ამიტომ სააკაშვილი იძულებული გახდა, სამშვიდობო პროცესი გაეჩერებინა, ოღონდ კი ოქრუაშვილის ამბიციები დაეკმაყოფილებინა.
- ე.ი. გოგა ხაინდრავა ოქრუაშვილის კაპრიზს შეეწირა?
- სწორედ ასე გამოდის. ალასანია და ხაინდრავა ხელისუფლებაში არც ერთი გუნდის წევრები არ იყვნენ. ძალიან ადვილი იყო ამ ფიგურების გაგორება. მათ ზურგს უკან არც ”თავისუფლების ინსტიტუტი” იდგა და არც სააკაშვილის ინტერესები, ამიტომ ადვილად გაწირეს. ეს იგივეა, ცნობილ ზღაპარში ჩიტი ჩიორა მელას ბარტყებს რომ გადაუგდებს. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, ოღონდ კი ოქრუაშვილს ამბიციები დაუკმაყოფილოს და გააჩუმოს. სააკაშვილს ურჩევნია, მას თვითონ მისცეს გარკვეული ძალა, ვიდრე ოქრუაშვილმა ძალაუფლება თავად მოიპოვოს. ეს იმას ჰგავს, როცა ნარკომანის მშობლები იძულებულნი არიან, შვილს ნარკოტიკი თავად მოუტანონ, ოღონდ ის არ წავიდეს და დანაშაული არ ჩაიდინოს. ამიტომ სააკაშვილმა ოქრუაშვილს ბარტყები თავისი ხელით მიუცუნცულა, ოღონდ კი ოქრუაშვილს ამ ბარტყების შესანსვლა საკუთარი ინიციატივით არ დაეწყო. ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ოქრუაშვილს მეტი ძალა აქვს.
- მაგრამ გამოდის, რომ ოქრუაშვილს დღესაც ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს, თუკი პრეზიდენტი მზად არის, ყველა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
- ოქრუაშვილს უაღრესად მზარდი რეიტინგი აქვს, ეს მაშინ, რომ ხელისუფლებაში ყველას რეიტინგი ეცემა, მათ შორის, სააკაშვილისაც. დღეს მხოლოდ თავდაცვის მინისტრის რეიტინგი იზრდება და ეს აძლევს ოქრუაშვილს იმის საშუალებას, რომ თავისი ამბიციები არ დამალოს. ის ფიქრობს, თუ სააკაშვილი არის პრეზიდენტი, რატომ არ შეიძლება, პრეზიდენტი თავადაც გახდეს, სააკაშვილზე რით არის ნაკლები. სააკაშვილმა ეს იცის და ცდილობს, მისი ამბიციები შეძლებისდაგვარად მართოს. სააკაშვილმა ხაინდრავას გათავისუფლებით ორი კურდღელი მოკლა: ერთი ოქრუაშვილს მოუკლა, გაუთავისუფლა რა გზა და აჩვენა, რომ მასზე ზრუნავს და მეორე კურდღელი ”თავისუფლების ინსტიტუტისთვის” მოკლა, რომლისთვისაც პარტიული დისციპლინა მნიშვნელოვანია. ხაინდრავას გათავისუფლებით ხელისუფლებაში ყველა გააფრთხილეს, რომ თუ მის მსგავსად მოიქცევიან და მმართველი გუნდისგან განსხვავებული აზრი ექნებათ, მათაც იგივე დღე დაადგებათ.
- შეიძლება ხაინდრავას გაშვებით მესიჯი საკუთარი გუნდის წევრებს გაუკეთეს, თუმცა, ხალხი ფიქრობს, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევა და რეალურად ომი დაიწყება.
- ომისთვის არავის სცალია. სამხედრო ოპერაციები არ აწყობთ. ომისთვის მზად არ არიან. კარგად იციან, რომ ომით რუსეთი სასტიკად დასჯით. საუბედუროდ, მათი დასჯით საქართველო დაისჯება.
- იციან კი, რომ დაისჯებიან?
- დარწმუნებული ვარ, ამდენს მაინც ხვდებიან. რუსეთი კბილებს ილესავს, როგორმე ცხინვალში თავი შემოაყვანინოს. პატარა პროვოკაცია სჭირდება და მაშინვე შემოგლიჯინდებიან და ყველა პოზიციას დაიკავებენ. დღეს ამერიკელები თავს უფლებას აძლევან, კოსოვოში იმოქმედონ, ავღანეთსა და ერაყში სამხედროები ჰყავდეთ. რუსებს ერთი სული აქვთ, დააფიქსირონ, რომ არც ისინი არიან სხვებზე ნაკლები.
- ალბათ, ოქრუაშვილსაც დიდი სურვილი აქვს, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს და თავისი ნაქები ჯარით ტერიტორიების დაბრუნებას შეეცადოს.
- ოქრუაშვილს ომი არ აწყობს, მხოლოდ იმას ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ ომს აპირებს. მან ამბიციები უკვე დაიკმაყოფილა. შემთხვევითი არ არის, რომ ხაინდრავას გათავისუფლება პირველი სწორედ მან გააჟღერა. ისეთი ამბიციურია, რომ ხაინდრავას პოსტიდან დათხოვნის გადაწყვეტილების გამოცხადება არავის დაანება. წინა დღით გამოვიდა და ტელევიზიით გააჟღერა, რომ სახელმწიფო მინისტრს გაუშვებდნენ. ამ დროს ”კაიფობდა”. იცოდა, რომ ხაინდრავას თავს სჭრიდა. ოქრუაშვილი სულსწრაფია და ცდილობს, ყველაფერი თავად გაახმოვანოს. მას სჭირდება რეკლამა, რენომე, რეიტინგი. სხვათა შორის, ხაინდრავაზე განცხადების გაკეთებით, მან პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ყველა, ვისაც მოსწონდა, იტყვის: აი, კაცი, რასაც ჩაიფიქრებს, იმას აკეთებს. ოქრუაშვილი ისეთ იმიჯს იქმნის, ვითომ ომს აპირებს. ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოებას ომის შიში ჰქონდეს, რეალურად კი ომს არ დაიწყებენ.
- მაგრამ ოქრუაშვილს წინ პირველი იანვარი აქვს, მისი მომავალი კარიერა იმაზეა დამოკიდებული, შეხვდება თუ არა ცხინვალში ახალ წელს.
- პირველი იანვარი მის წინააღმდეგ მხოლოდ არჩევნების შემდეგ იმუშავებს, ახლა მის სასარგებლოდ მუშაობს. იგი წააგებს, თუ არჩევნებში თავის ხალხს ვერ გაიყვანს და საზოგადოებას ვერ დაუმტკიცებს, რომ ძლიერია. ფაქტია, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლო გუნდში სერიოზული ბრძოლა მიდის. მათ ოქრუაშვილის კეთილი ნება მხოლოდ არჩევნებამდე სჭირდებათ, ამის შემდეგ კი მისი ჩაძირვა დაიწყება.დღეს ოქრუაშვილს ორი რამ სჭირდება: ან ახლა ჩაძირონ, რათა თქვას, საქმე არ გამაკეთებინესო. ასე თავხედურად იმიტომ იქცევა, რომ თავი გააგდებინოს. ამავე დროს ”კაიფობს”, იცის, რომ ამის გამკეთებელი არავინ არის. რადგან ასეთ შემთხვევაში ოპოზიციაში გადადის, თუმცა, არა რომელიმე პარტიაში - ოპოზიციას თავად შექმნის. შიდა ოპოზიცია კი სააკაშვილისთვის ძალიან საშიშია. დღეს ოქრუაშვილი მოგებულ თამაშს თამაშობს, სააკაშვილი წაგებულ თამაშს. სააკაშვილმა არჩევნებამდე რაც არ უნდა გააკეთოს, წყალს ოქრუაშვილის წისქვილზე დაასხამს, თავად ოქრუაშვილმა რაც უნდა გააკეთოს, მისთვის მომგებიანი იქნება, ხოლო სააკაშვილისთვის საზიანო. ამიტომ მმართველ გუნდში ყველა მობილიზებულია, რომ არჩევნებამდე ოქრუაშვილის გაბრაზება არ დაუშვან. სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება სჭირდება, ამიტომ ოქრუაშვილს სწორედ არჩევნებამდე ეფერებიან, როგორმე უნდა გააჩერონ. ისეთი საარჩევნო კანონი აქვთ მიღებული, რომელმაც შეიძლება მათ წინააღმდეგ იმუშაოს, თუკი პარტია გაიხლიჩება. ამიტომ ცდილობენ, არჩევნებამდე პარტიული სიმტკიცე და დისციპლინა როგორმე შეინარჩუნონ. აქედან გამომდინარე ოქრუაშვილს ყველას მსხვერპლად შესწირავენ, ვისაც კი მოითხოვს.
- ამბობენ, ოქრუაშვილი მერაბიშვილის თავსაც ითხოვსო, მაგრამ ცხადია, რომ სააკაშვილი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს...
- ოქრუაშვილი მერაბიშვილის თავსაც თუ მიღებდა, მაშინ უკვე მეფე ხდებოდა. სააკაშვილმა მერაბიშვილი იმიტომ კი არ დატოვა, რომ კარგი მინისტრია, არამედ თუ ახლა გაუშვებს, გუნდში ყველაფერი აეწეწება. ჯერ ერთი, ოქრუაშვილს მერაბიშვილით აბალანსებს, ხოლო, მეორე მხრივ, სააკაშვილის მთელი ლეგიტიმურობა მერაბიშვილის ”გალავარეზებზე” დგას. თუ პრეზიდენტი მათ გაწირავს, ესენი სააკაშვილს გაწირავენ.
"ახალი ვერსია", 24-07-2006
|