ნატომ შესაძლოა საქართველოს სარადარო მონაცემები გაუზიაროს / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-23 11:12:18
ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა 22 აგვისტოს საქართველოსთვის სარადარო მონაცემების შესაძლო გადაცემის საკითხი განიხილეს, იტყობინება ”როიტერი”.
განხილვას წინ უძღოდა ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩების მიერ საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის განხილვა, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
გეგმა საქართველოსთვის, ალბანეთისთვის, უკრაინისთვის, ფინეთისთვის და მაკედონიისთვის სარადარო ინფორმაციის გაზიარების თაობაზე ნატომ 2003 წელს შეიმუშავა, თუმცა კვლავ მოსაგვარებელია გეგმის ტექნიკური საკითხები, იტყობინება ”როიტერი”.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15935-----------
საქართველო საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-23 10:44:12
საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ”პრევენციული დიპლომატია” უნდა ამოქმედდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული 6 აგვისტოს მსგავსი ინციდენტები, განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 22 აგვისტოს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 6 აგვისტოს საქართველოზე განხორციელებული იერიშის დროს რუსეთს რამდენიმე მიზანი ამოძრავებდა: ”დაეშინებინა საქართველო, შეეფასებინა საქართველოს სამხედრო მზადყოფნა და გამოეცადა საერთაშორისო საზოგადოება, თუ რამდენად დაიცავდა ის საქართველოს, როგორც ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს”.
”რუსეთს ასევე უნდოდა ეჩვენებინა, ვის უკავია დომინანტური ადგილი რეგიონში,” - დასძინა მან.
პრესკონფერენციაზე საუბრისას ალასანიამ დასავლელი ექსპერტებისგან შემდგარი ორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის დასკვნები წარმოადგინა. ორივე ჯგუფმა 6 აგვისტოს ინციდენტის მტკიცებულებები შეისწავლა. მათი დასკვნებით, სულ ცოტა ერთი თვითმფრინავი შემოფრინდა რუსეთის ფედერაციიდან, რაკეტა გამოისროლა საქართველოს ტერიტორიაზე და უკანვე, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდა.
ალასანიას თქმით, რუსეთს ”სიმართლის დამალვა” სურს და ამიტომაც ბლოკავს საკითხის განხილვას გაეროს უშიშროების საბჭოში, რათა ”დამალოს მისი მონაწილეობა” ინციდენტში.
საქართველოს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ”თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით” მოეკიდა ამ საკითხს, თუმცა, რუსეთი კვლავაც განაგრძობს თავის არათანამშრომლურ პოზიციას და არ იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს ინციდენტს.
ალასანიამ რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინიც გააკრიტიკა 21 აგვისტოს გაკეთებული განცხადების გამო. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის პოზიცია, რომ საქართველომ თავად დადგა ეს ინციდენტი მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით.
”ეს ისეთი აბსურდია, რომ ამ მინდა მასზე კომენტირებისთვის თქვენი და საკუთარი დრო დავკარგო,” - განუცხადა ქართველმა დიპლომატმა ჟურნალისტებს.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15934----------------------
საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან კვლავ დაირღვა / სივილ ჯორჯია, თბილისი / 2007-08-22 18:18:47
რუსეთის ფედერაციის მხრიდან 21 აგვისტოს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიერ ორჯერ დაფიქსირდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა და საჰაერო სივრცეში შემოჭრის ფაქტი ზემო აფხაზეთში, იუწყება 22 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, სივრცის დარღვევა ზემო კოდორის ხეობის სოფელ ომარიშარასთან 18.46-18.49 საათზე მოხდა.
სამინისტრო არ აკონკრეტებს საჰაერო სივრცე ვერტმფრენმა დაარღვია, თუ თვითმფრინავმა, თუმცა ფრენის პარამეტრებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ფრენის სიმაღლე – 4000მ, სიჩქარე - 470-490 კმ/სთ, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრის სიღრმე კი 5 კმ იყო.
რუსეთმა კატეგორიულად უარყო ეს განცხადება.
”არც ერთ რუსულ საფრენ აპარატს საქართველოს საზღვრის მახლობლად, მათ შორის კოდორის ხეობის მახლობლად, ფრენა არ განუხორციელებია 21 აგვისტოს,” - განუცხადა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ ”ინტერფაქსს”.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=15933