ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა.
"რამ დაგაბერა,- ის მითხრა - ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა?!"
"ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა,
სამოც-სამოცჯერ მოსვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა,
ოცდაერთ ათას ცხრაასჯერ ცაზე ამოსვლამ მზისამა,
გაფრენამ სიზმარვითა შვიდასოცისა თვისამა.
ჩემზედაცა ქნა ბოინი მსაჯულმა სიცოცხლისამა,
საოცრად ადიდებამა როშკას, ფონთანას, წყლისამა,
დიდის ნიაღვრის მოსვლამა, წაღებამ წისქვილისამა.
წისქვილთან ერთად წაღებამ მამაჩემისამ, დისამა,
წყლისწაღებულის ძევამა, ვეღარ მახელვამ მკვდრისამა:
ვერ დაიჭირის სიკვდილი გზა-შარამ სიალნისამა. . .
ჩვენად წირად და ბოროტად დალოცვამ ცხენ-ოხრისამა,
ურჯულოსავით ნაქნარმა მაშინ მაშინ ჩემ დედიძმისამა.
ოფლ-შრომამ დედაცემისამ, შაძენამ მამულ-წყლისამა,
მამულ-წყლის გამოისობით გაყიდვამ ტალავრისამა.
აიმის დაფასება კი არვისგან არავისამა.
ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა,
მრავალჯერ ფეხის დადგმამა, თავისისამ და სხვისამა.
სრუ მარტუაის ყოფამა, არვისგან ჭერამ მხრისამა.
როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მაშინ სიმრავლემ მტრისამა.
მტერ-დუშმნის სახლსი შევარდნამ, დედისად მაჭრამ მხრისამა.
ვერ ვიყავ სრულიწლოვანი, ამაშინ შამბამ ხმლისამა.
გიორგიობის ღამემა, ღულს ხიდმა ჭიგანისამა.
ჩემზე ძლიერის მტრისადა ორ-სამჯერ შაკვრამ გზისამა.
შაცდომამ ჩამამაბერის, სიბრმავემ სიბალღისამა.
არაის ძალის ტანებას ერთ დროს არ ლოცვამ ჯვრისამა.
მაშინ ჩემ უწადინოდა, თან წაქეზებამ მტრისამა,
დიდგორ დღეობის ჩაშლამა, ვერ შეყრამ თემობისამა.
ჩამოხსნამ ბეღელზეითა ზარისამ სარეკლისამა.
წვერს ვეღარ წასვლამ ტოლთამა, ვერ რბოლამ ცხენებისამა,
დიდგორის გორის ატკრეცამ, ჯვარისა, ჯვარისკრისამა.
გაღმროშკას, ქარჩისკალოსა, საჯარეს მოჭრამ ხისამა,
გუდანის-ჯვრისად დახვედრამ, კინაღ ჭრამ მედროშისამა.
ამაგან ჩამამაბერა, ჯავრმ ვერა ბევრად მტრისამა.
მტერს მტრულად უსწორდებოდი, ისე წყალობამ ხთისამა.
თან გამიმრავლის დუშმანი პირში თქმამ სიმართლისამა. . . .
ერთგულის გაორგულებამ, გაყოლამ სხვადასხვისამა,
სიჭაბუკის დროს ღალატმა ქალისამ ლამაზისამა.
თავზე ასრიგის გადავლამ ჭორისამ საძრახისამა.
მეკვლეში გამასაესა ღამემა ახალწლისამა,
ცისკარგახმაის ნახვამა, ხანმა ერთ მინუტისამა.
დანატვრის ვეღარ მოსწრებამ, ჩქარად გაკურნამ ცისამა.
ზამთრის ქარ-ბუქის გუგუნმა, გრიალმა ზვავებისამა.
ზაფხულის სილამაზემა, სიმრავლემ ყვავილისამა.
მთიბელში მჯობინობასა ელვამა ცელებისამა.
ფხიტუს ფხვრიალით რბოლამა ცხენისა ნაქერლისამა,
ბექ-ბუქის გაერთფერებამ, ნათობამ ნალებისამა,
დილით შურთხების სტვენამა, ღამით ყმუილმა მგლისამა.
კლდის ეხში შამაცინებამ ჯიხვთ-მწყემსმა ქალაისამა.
ჭიუხში ღამის თევამა, მიყოლამ ჯიხვებისამა.
ზატვრის ხელფიცხად ტრიალმა, ხმარებამ შაშხანისამა.
ერცხვისად შამახეთქებამ ჩრდილისად მზისპირისამა.
შუა-ღილღომდი ჩასვლამა ხევსურის თოფის ხმლისამა.
ხარ-ლაღის გაგორებამა, ჩაჯახჯუხებამ რქისამა.
არწივის ჩამოქროლამა, წაღებამ წილკერძისამა.
მხრებამდის ტბაში შესვლამა, შაჩქვეფამ სიმურისამა.
ტბაშიით გამოტანამა მაკლულის ჯიხვ-მაზვრისამა.
ქისტეთს ოძიკში მისვლამა, ზედ მთვარის დგომამ მცხრლისამა.
ბზესავით ტყვიის მაშლამა, კივილმა ქისტებისამა.
მიმდგარმა დასწრებაზედა, ბაგბუგმა ნაგნებისამა.
წინითით გამაფშვნეტამა პირქერა წვრილმაღლისამა. . .
ჩამოამბერის ტიალმა ქროლვამ გრილ ნიავისამა,
კალატის-წვერზე შასმამა ყინულიანის წყლისამა.
თვალთა სინათლის მაკლებამ, ჩამაყრამ კბილებისამა.
ვერ ნახვამ სიკვდილის დღესა დიაკონთ გიორგისამა,
იმისგან თვალით ჭერამა ჩემ მისავალის გზისამა.
ჩემგან ვერ გამართლებამა ნაქონის იმედისამა.
ჩაქრობამ, ჩანაცრებამა ყველა ჩემ მეგობრისამა.
ჩემ დროში გადაქსაქსვამა ნარჩევის ქალ-ვაჟისამა.
ჩემ მარტუაის დარჩომამ, ჩამოთეთრებამ თმისამა.
კაი დროების წასვლამა, ვერ მოსვლამ უკეთისამა.
ჩამამაბერის ჩონგურმა გათლილმა ვერხვის ხისამა,
ნაყაჩაღარის გათლილმა, ტოლხეშათ მიხაისამა,
ერთ დროში ხელში ნაჭერმა უთურგათ ჯურხაისამა. . .
კელაპტარივით ჩაქრობამ ჭრელების თვალებისამა,
ბარუქას დაბინავებამ, გაწირვამ არხოტისამა. . . .
. . . . .
სიზმარში მკითხის ამბავი ლელამა გაბურისამა,-
მკვდარმა, ვერ დავიწყებულმა ორმოცდაორის წლისამა!
ივანე წიკლაური.
(ისე, ეს ნუგზარა რა გამოუვიდათ წიკლაურებს, რა გვარს არცხვენს

).
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/