http://presa.ge/index.php?text=news&i=3267მთავრობამ ინფლაციას პამიდვრებით კუდით ქვა ასროლინა
12:03 07.08.2008
სურათზე - ესპანეთში მიმდინარე პამიდვრის ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე . ფოტო: AFP
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ეკა ბაქრაძე]
მეტი რაღა უნდა გააკეთოს მთავრობამ? ინფლაცია, მართალია ქაღალდზე, მაგრამ მაინც იკლებს, 50-თვიან პროგრამაზე მუშაობა მთავრდება, აწი ფასთა მატებას არ უნდა ველოდოთ, “იაფი კრედიტებიც” გაცემულია. მოკლედ, ტანჯულმა ქვეყანამ უნდა გაიხაროს და ისაა...
საინტერესოა, როგორი მეთოდით ახერხერბს მთავრობა ასეთი სისწრაფით ინფლაციის თუნდაც მხოლოდ ქაღალდზე შემცირებას. წინა თვეში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 11,3 პროცენტს შეადგენდა, უფრო ადრე 12%-ზე მეტს. ახლა უცებ ირკვევა, რომ ივლისის ბოლოსთვის წლიური ინფლაცია 9,8%-ს არ აღემატება.
ეს მაშინ, როდესაც გაძვირდა “მარშრუტკებით” მგზავრობა, მუდმივად მატულობს მოძრავი თუ უძრავი ქონების ფასი, ბოლო დროს ნელ-ნელა ეცემა ლარის კურსი. ამ დროს 10 თეთრით გაიაფებული კიტრი და პომიდორი წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ საზეიმოდ განაცხადა, რომ ქვეყანაში ფასების კლების მხრივ კარგი ტემპებია. თუ მაისში ფასების მატება 0,7 პროცენტით დაფიქსირდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 0,1 პროცენტი იყო, ხოლო ივლისში ფასთა კლებამ 1,2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, იგი წინა თვეში 11 პროცენტზე მეტი იყო და ახლა 9,8 პროცენტამდე შემცირდა. გურგენიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის მიზანი წლიური ინფლაციის თვალსაზრისით 8 პროცენტია, რაც საქართველოსთვის ნორმალური მაჩვენებელი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებელზე შეჩერება არ შეიძლება.
პრემიერმა ინფლაციის შემცირების მხრივ ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული ბანკის დამსახურება. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პროფესიონალიზმმა და გამბედაობამ გამოიწვია ინფლაციის ამ დონეზე კლება, ხოლო ეს არის ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების მატების შედეგი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ დეფლაციურ ფონზე უახლოეს მომავალში, შესაძლოა, გარკვეულწილად, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც, თუმცა ეს არის უკვე ეროვნული ბანკის გადასაწყვეტი.
მთავრობა იმითაც ამაყობს, რომ დსთ-ს ქვეყნებს შორის ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 6 თვის მიხედვით, საქართველოში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი - უკრაინაში. ეს მონაცემები დსთ-ს სტატისტიკურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკარაინაში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 15,5 პროცენტი შეადგინა. მას 15,2 პროცენტით ყირგიზეთი მოსდევს. სამეულში მოხვდა აზერბაიჯანიც, სადაც ფასების ზრდის მაჩენებლმა 14,1 პროცენტი შეადგინა. 6 თვის მაჩვენებლის მიხდევით, რუსეთში ინფლაცია 8,7 პროცენტია, ტაჯიკეტში - 8,3 პროცენტი, ბელორუსში - 7,3 პროცენტი, სომხეთში - 6,8 პროცენტი, მოლდოვაში - 6,2 პროცენტი, ყახაზეთში - 5,7 პროცენტი და საქართველოში - 4,5 პროცენტი.
მთავრობის სხდომის დროს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ ხელისუფლების საამაყო 50-თვიან სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს და მთავრობის მომავალ სხდომაზე თავმოყრილი იქნება ყველა შენიშვნა და მოსაზრება, რომელიც პროგრამას საბოლოო სახეს მისცემს.
“გასულ კვირას გვქონდა რამდენიმე თათბირი, რომელშიცმონაწილეობას იღებდნენ უცხოელი ექსპერტები. განვიხილეთ წყლისა და ენერგერგეტიკის საკითხი. შევხვდით სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგერნლებს. შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა 50-თვიანი პროგრამა დეტალურად იქნეს განხილული”, - აღნიშნა გურგენიძემ.
როდესაც პროგრამა საბოლოო სახეს მიიღებს, საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც 50-თვიანი პროგრამის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.