სერგეი მარკოვი: პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სამხედრო დამნაშავეა, ქართველებს არასწორ ინფორმაციას გაწვდით
"ჯორჯიან თაიმსი": სამხედრო დამნაშავეებს თუ ეძებთ, გირჩევთ, კრემლში პუტინსა და მედვედევს მიაკითხოთ
რუსული სისხლიანი მანქანის იდეოლოგიური მეისრეები ერთი ხელით ქართველებს ხოცავენ, მეორე ხელს კი "ძმურ ქართველ ხალხს" უწვდიან. ახლა, როდესაც რუსულმა ჩექმამ ასობით ქართველი ჯარისკაცი გაჭყლიტა, მით უფრო ამაზრზენია კრემლის ერთ-ერთი პოლიტიკური ვამპირის, სერგეი მარკოვის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია.
რუსული დუმის ქართველთმოძულე დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა, თუმცა არაფერს ამბობს პუტინის მიერ ასი ათასი ჩეჩენის გაჟლეტვისა და ბესლანში სკოლის მოსწავლეების ამოწყვეტის შესახებ. ვერც მედვედევის მიერ საქართველოს აოხრების მცდელობას იხსენებს...
"ჯორჯიან თაიმსი": აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რომ აღიარეთ, იმავეს თუ გეგმავთ ინგუშეთის მიმართაც?
სერგეი მარკოვი: ინგუშეთი რა შუაშია?
_ რა, განა ისინი დამოუკიდებლობას არ მოითხოვენ?
_ არა, ასე არ არის. პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სამხედრო დამნაშავეა, ქართველებს არასწორ ინფორმაციას გაწვდით.
_ სამხედრო დამნაშავეებს თუ ეძებთ, გირჩევთ, კრემლში პუტინს და მედვედევს მიაკითხოთ. რა შუაშია აქ სააკაშვილი, როცა ინგუშეთის შესახებ ინფორმაციას თქვენივე რუსული საიტები ავრცელებენ?
_ ინგუშებს არანაირი დამოუკიდებლობა არ სურთ. იქ გვყავს ჩვენ პრეზიდენტი ზიაზიკოვი, რომელსაც ვენდობით.
_ თქვენ კი ენდობით ზიაზიკოვს, მაგრამ ინგუშები არ ენდობიან და საერთოდ, რუსეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვენ.
_ თქვენ არასწორ ინფორმაციას გაწვდიან.
_ ვინ? რუსული საიტები, რომლებიც თქვენ, იმპერიალისტებს გემსახურებათ?
_ ინგუშები არავითარ დამოუკიდებლობას არ ითხოვენ.
_ აბა, მიტინგებს რატომ მართავენ რუსეთისგან გამოყოფის მოთხოვნით? მათაც ჩეჩნებივით გადაუვლით, არა?
_ რაც შეეხება ჩეჩნეთს, თქვენ გავიწყდებათ, რომ მანდ "ალ-ქაიდას" მხარდამჭერებს ვებრძოდით და კარგადაც მივართვით. ვინც იქიდან გაგვექცა, ნაწილმა დაღესტანს შეაფარა თავი, ნაწილმა კი ინგუშეთს. ეს ერთი! მეორეც, ინგუშეთი პატარაა და საკმაოდ სუსტი ჩეჩნეთთან შედარებით.
_ სუსტი რომ არის, იმიტომ უნდა გადაუაროთ? ან ჟურნალისტი მაგომედ ევლოევი რომ მოკალით, ისიც "ალ-ქაიდას" წარმომადგენელი იყო?
_ თქვენთან ძნელია საუბარი.
_ სიმართლეს რომ გეუბნებით იმპერიალისტებს, იმიტომ? იქნებ არც ბაშკირები ითხოვენ თქვენგან დამოუკიდებლობას?
_ ალო. თქვენი ხმა ცუდად ისმის.
_ კარგით, მაშინ გაგიმეორებთ. ბაშკირებიც რომ ითხოვენ დამოუკიდებლობას, ესეც ტყუილია?
_ ეს სააკაშვილის საინფორმაციო წყაროების მიერაა მოგონილი.
_ თქვენ რა, ვერ გებულობთ რასაც გეუბნებით? ეს ინფორმაცია რუსული სააგენტოების მიერაა გავრცელებული. შემიძლია წაგიკითხოთ მათი მოთხოვნები...
_ ეს თათრეთის საზოგადოებრივმა ცენტრმა მოაწყო გამოკითხვა და მათ მოითხოვეს დამოუკიდებლობა. იცით რა, თათრეთის საზოგადოებრივი ცენტრის მხარდამჭერთა რაოდენობა მოსახლეობის მეასედსაც კი არ აღწევს.
_ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, რა რაოდენობა უჭერს მათ მხარს, მაგრამ თათრეთზე კი არა, ბაშკორტოსტანზე გეუბნებით და წაგიკითხავთ მათ მოთხოვნებს, თუ ამის სურვილი გაქვთ!
_ რამდენადაც ვიცი, ამის შანსიც კი არ არსებობს.
_ რატომ? იქაც ტანკებით შეხვალთ, როგორც ეს თავის დროზე უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ახლა კი საქართველოში ჩაიდინეთ? ასეთია თქვენი იმპერიალისტური წესრიგის დამყარება, არა?!
_ ჯერ ერთი და, უნგრეთში და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ და იქ ხელისუფლება შეცვალეს. თქვენთან კი რუსეთის ჯარები თბილისთან შეჩერდნენ და უკან მობრუნდნენ.
_ საერთოდ, რა გინდოდათ? მოგიწვიათ ვინმემ? ან რატომ არ გადიხართ აქედან? თუ დროზე "აახვევთ", მეორად უნიტაზებსა და ნახმარ კბილის ჯაგრისებს უფასოდ დაგირიგებთ!
_ (ხანგრძლივი პაუზა... ფიქრობს!) ისინი უსაფრთხოების ზონაში დგანან და იქაურობას შეთანხმების თანახმად საერთაშორისო ქვედანაყოფების შესვლის შემდეგ დატოვებენ.
_ თქვენ ყველა შეთანხმებას თქვენებურად კითხულობთ, თორემ ბუფერული ზონების შექმნა არც ერთ ხელშეკრულებაში არ წერია. აგრესორები და ოკუპანტები რომ ხართ, ესეც ამის დადასტურებაა.
_ ეს ქართველებს გაქვთ ასეთი ისტერიკა.
_ ჩვენ კი არა, თქვენ, იმპერიალისტებს გაქვთ ისტერიკა. ჯარისკაცები მშივრები დადიან და აქედან უნიტაზები და ნახმარი კბილის ჯაგრისები რომ მიაქვთ, ამით მაინც არ შეგიძლიათ ისინი უზრუნველყოთ?
_ (კიდევ პაუზა... ალბათ, იდეა მოეწონა) ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოში ეშინიათ და ამის გამო საკმაოდ დიდია ისტერიკა... რაც შეეხება უნიტაზებსა და ჯაგრისებს...
_ სასაცილოა, უბრალოდ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გვეშინია! კარგად დაიმახსოვრეთ, ბატონო მარკოვ, რომ აქედან მალე გაგაძევებთ. დიდხანს ვერ იპარპაშებთ. თქვენ ჩვენ ვერასოდეს დაგვაშინებთ!
_ იცით რა, ჩვენ არ გაშინებთ. ქართველები ჩვენი მოძმე ხალხია.
_ როგორც თქვენ მოიქეცით, ასე მხოლოდ აგრესორები და იმპერიალისტები იქცევიან. თუ თქვენ მოძმე ხალხთან ძმურად მოქცევა ასე გესმით?
_ ჩვენ ხალხს ცუდად არ მოვქცევივართ. მიგვაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა ნორმალური, მშვიდობიანი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. ეს მანამდე უნდა გაკეთებულიყო, სანამ სამხედრო დამნაშავე სააკაშვილი მოახდენდა იმას, რაც მოახდინა. ახლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძნელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველ ხალხში გონიერება გაიმარჯვებს. ქართველ ხალხს სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც მას სიკეთეს მოუტანდა.
_ ჯერ ერთი, ჩვენი მთავრობა თქვენი დასანიშნი არაა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ან ვინ მოგცათ უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის მეთაურს სამხედრო დამნაშავედ მოიხსენიებთ? თქვენგან, აგრესორებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და იქნებ თქვენებურად გაასამართლეთ კიდეც!
_ ჰიტლერი არავის გაუსამართლებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო დამნაშავე არ იყო. სააკაშვილიც ასევეა.
_ სააკაშვილი კი არა, პუტინი და მედვედევი არიან სამხედრო დამნაშავენი და გასამართლდებიან კიდეც. თუ არ იცით, გეტყვით, რომ საქმე რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოშია შეტანილი და ისინიც მის წინაშე აუცილებლად წარსდგებიან, როგორც სამხედრო დამნაშავენი. არ არის გამორიცხული, თქვენც გასამართლდეთ, როგორც მათი იდეოლოგი. ეს ისე, ცნობისათვის.
_ თქვენთან ძნელია საუბარი... მოდით, მოვრჩეთ ამით".
ფრიდონ დოჩია
http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=14460