[დენ ქეთჩპოული.The Christian Science Monitor]
კვირას რუსმა სამხედროებმა საქართველოში ბლოკპოსტების დაშლა დაიწყეს. ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან სამხედროების გაყვანის ბოლო ვადა პარასკევს ეწურება.
რუსმა სამხედროებმა ასევე უნდა დატოვონ ახალგორიც, პატარა ქალაქი, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან 25 მილის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთით სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. მაგრამ თუ ეს მართლა ასე უნდა მოხდეს, მაშინ რატომ აშენებენ რუსები გამალებით ახალგორი-ცხინვალის გზას? - კითხულობენ იქაური მაცხოვრებლები. ისინი ამბობენ, რომ ეს რუსეთის გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანი საქართველოში დარჩენაა, ან სულ ცოტა, უკან სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობა.
- ”ამჟამად, არავითარი გზა იქ არ არის, მაგრამ მას აშენებენ”, - ამბობს ასაკოვანი ქალბატონი ევგენია, რომელმაც მხოლოდ სახელი გვითხრა. მან და კიდევ ათეულობით იქ მაცხოვრებელმა დაადასტურეს, რომ ამჟამად იქ რუსი სამხედროები გზის მშენებლობაზე მუშაობენ. მათ ადგილობრივებს განუცხადეს, რომ გზას სამხედრო ტექნიკის გასატარებლად აგებენ.
ახალგორში მოსახვედრად რუს სამხედროებს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლა, ან ვერტმფრენის გამოყენება უხდებოდათ. მოდერნიზებული გზა ახალგორიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ, საიმედო საშუალება იქნება მომარაგების თვალსაზრისით. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსმა და ოსმა სამხედრობმა ამ გზის გამოყენება დაიწყეს, სადაც მხოლოდ სპეციალური ტიპის მანქანებს შეუძლიათ გავლა, ხოლო ზამთარში საერთოდ გაუვალია.
- ”რუსეთი გზას აშენებს, რადგან ის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება აქედან გასვლას არ აპირებს”, - ამბობს ალექსანდრე რონდელი, სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის პრეზიდენტი.
- ”ახალგორის დაკარგვა საქართველოსთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება, რადგან თბილისი მასთან ძალიან ახლოსაა,” - აცხადებს ის, ”ტანკებს ახალგორის გზით ნახევარ საათში შეუძლიათ თბილისამდე მოსვლა”.
თუ რუსეთი შეთანხმებულ ვადებში აპირებს გასვლას, მაშინ საგზაო მშენებლობის დაწყების არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომელსაც ალბათ სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება, ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
- ”მოსკოვი გეგმავს დარჩეს, რათა სამხრეთ ოსეთის პრეტენზიები დამოუკიდებლობაზე გაამყაროს,” - ამბობს წყარო.
ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის და სამხედრობის გაყვანის შეთანხმებას დაიცავს, ამბობს იური ლააი, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
მისი სიტყვებით, ევროკავშირს აქვს ინფორმაცია საგზაო სამუშაოების შესახებ, მაგრამ დამკვირვებლებს საშუალება არ მიეცათ თავად ენახათ. მისი აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ახალგორში დარჩენას აპირებს, ”ეს ცოტა უფრო გადაჭარბებაა, რამდენადაც არაფერია ცუდი გზის მშენებლობაში”.
200-მდე სამოქალაქო დამკვირვებელი გასულ ოთხშაბათს ჩამოვიდა საქართველოში. ისინი არ არიან შეიარაღებულნი. რუსმა და ოსმა სამხედროებმა მისია არ შეუშვეს ახალგორში, რომელიც ე.წ. ”ბუფერული ზონიდან” რამდენიმე მილში მდებარეობს.
მათი ამოცანა დაკვირვებაა, თუ რადენად სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მათ არ აქვთ შეთანხმების შესრულებაზე ზემოქმედების უფლებამოსილება.
კვირას ეუ-ს დამკვირვებლები იუწყებოდნენ, რომ რუსმა სამხედროებმა ნადარბაზევი დატოვეს. თუმცა გაურკვეველია, თუ რამდენი საგუშაგო ან ბაზა უნდა იყოს დემონტირებული საერთო ჯამში. ადრე რუსეთი ამბობდა, რომ თითოეულ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 18 ბაზას შექმნიდა, მაგრამ ის ასევე აცხადებდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არაუმცირეს 8 ათას სამხედრო მოსამსახურეს დატოვებდა საქართველოსგან ადგილობრივი მაცხოვრებლების დაცვის მიზნით.
აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორი ქართვლებისგან დაცარიელდა. ”ყველა ახალგაზრდა წავიდა, რადგან მათ სცემენ”, - ამბობს ახალგორელი ევგენია.
- ”ჯარისკაცები თვრებიან, შემდეგ თავიანთ იარაღს უმიზნებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ჰაერში ისვრიან. ადამიანებს ტყუილუბრალოდ სცემენ,” - ამბობს შოთა, ახალგორის მაცხოვრებელი. როგორც სხვა დანარჩენ ეთნიკურ ქართველებს, მასაც ეშინია რეპრესიების რუსების და ოსი ბანდფორნირებების მხრიდან.
- ”ჩვენ არ შეგვიძლია ძველებურად ვიცხოვროთ. ჩვენ უკვე ფსიქოლოგიურად ავად ვართ, ” - ამბობს ევგენია. ის ტირილს იწყებს, ”ჩვენ აქ ციხეში ვართ”.
მიმაგრებული სურათი