ლევან კალაძის საქმეზე ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
25 / 12, 2008 09:58
Font size:
სახალხო დამცველის ოფისში დღეს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმის - „გახმაურებული გატაცების პოლიტიკური მეტასტაზები“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვახტანგ კომახიძემ განუცხადა, ჟურნალისტურ გამოძიებაში აქამდე გასაიდუმლოებული მასალებია შესული, რომლებიც ადასტურებს, თუ როგორ ხდებოდა ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმის ფალსიფიკაცია.
„ძიებისას გასაიდუმლოებული სისხლის სამართლის საქმეც ამოტივტივდა. ეს მასალები მკაფიო მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ლევან კალაძის საქმე ფალსიფიცირებულია“,- აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, მასალებიდან ირკვევა, რომ ფალსიფიკაციის „ფასადური დირიჟირი“ შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე ლევან გვაზავაა.
ფილმის საჯარო ჩვენება 16:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისში შედგება.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9504&hd_line=1 * * *
ლევან კალაძის საქმესთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა
25 / 12, 2008 18:01
სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმის ~გახმაურებული გატაცების პოლიტიკური მეტასტაზები~ პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმი კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცების საქმეზეა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გატაცებასთან კავშირზე მიანიშნებს. ფილმის მიხედვით, კახი კალაძეს ტრანსფერიდან შესული თანხიდან 600 000 ლარი საშუამავლო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა გადაეხადა, რომელიც მაშინ თბილისის დინამოს მფლობელი იყო. კალაძეს საშუამავლო არ გადაუხდია, რის შემდეგაც მისი ძმა გაიტაცეს და ზუსტად ის თანხა მოითხოვეს გამოსასყიდის სახით, 600 000 ლარი, რაც საშუამავლოს შეადგენდა.
ფილმის თანახმად, მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა აქტიურად იყო ჩართული კალაძის საქმეში. სწორედ ის ხელმძღვანელობდა სვანეთთან დაკავშირებით არსებულ ვერსიას და ოპერატიული ინფორმაციის შეგროვებას. მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა ბათალბი საღინაძე, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. ხანგრძლივი მუშაობის და ძიების შემდეგ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა საქმე გახსნილად გამოაცხადეს და პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კალაძის ძვლები ეწერში გათხრილ სამარხში იპოვეს. როგორც მერაბიშვილი აცხადებდა, საქმის გახსნაში დიდი წვლილი მისმა მოადგილე ლევან გვაზავამ შეიტანა.
როგორც ფილმშია აღნიშნული, სვანეთის მიმართულებით გამოძიება გვაზავას ხელმძღვანელობით წავიდა. პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს გვაზავას მეზობელი და კლასელის ძმა გიორგი წაქაძე, რომელიც კალაძის საქმეზე იყო დაკავებული და ბევრი მტკიცებულება არსებობდა მის კავშირზე კალაძის გატაცებასთან. წაქაძის სიმბარათის ნომერი იყო დაფიქსირებული კალაძეების ტელეფონზე, როდესაც გამოსასყიდი ითხოვეს.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=9586&hd_line=1