dato1982
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 229
წევრი No.: 55131
რეგისტრ.: 7-March 08
|
#14487436 · 29 Jun 2009, 21:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მისასფანი არასდროს ვყოფილვარ. ბევრი თქვენგანისაგან განსხვავებით, ე.წ. ვარდების რევოლუციაში მონაწილეობა არ მიმიღია. მაგრამ ის პოზიცია, რომ ამ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლის გარეშე - არასწორია მინიმუმ. და სახიფათოცაა, რადგან არასწორ სტერეოტიპს ქმნის.
პასუხად მოვიყვან სხვა ნაწილს იმავე სტატიიდან
1992 წლის 24 ივნისს, სოჭთან - დაგომისში, შევარდნაძემ და ელცინმა ხელი მოაწერეს უვადო ხელშეკრულებას «სამხრეთ ოსეთის» შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის თაობაზე. ამით კრემლმა ეს პრობლემა «გაყინული კონფლიქტის» მდგომარეობაში გადაიყვანა, ანუ საქართველოს ახლადშობილი «დამოუკიდებელი სახელმწიფოს» სხეულში ჩადო მართვადი ბომბი – იგივე «დესტაბილიზატორი», რომელსაც მდგომარეობის სამი სტადია ჰქონდა: «გაყინული კონფლიქტი» «მცირე ინტენსივობის ომი» და «სრულმაშტაბური ომი». ანუ, ბოლო სტადიაზე, ნაღმის სრული აფეთქება. ამასთანავე, ხსენებული «დესტაბილიზატორი» რუსეთისათვის იმ ერთობ საჭირო და სასარგებლო საქმესაც აკეთებდა, რომ «ერგნეთის» ხვრელიდან წამოსული კონტრაბანდის ნიაღვარი მთელი ათწლეულის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს კონსოლიდაციისა და ფეხზე დადგომის საშუალებას არ აძლევდა. ეს მრისხანე ბომბი ამ 16 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ წიკწიკებდა – მშვიდად, მეთოდურად, ყურადღების მომადუნებლად, მიმაჩვევად . . . იმავდროულად განუხრელად და უწყვეტად. ქართული საზოგადოებაც და ე.წ. «პოლიტიკური ელიტაც» (სწორედ მისი უნიჭობის, უგუნურებისა და ინფანტილიზმის გამო) ამ მშვიდ წიკწიკს მიეჩვია – ყურადღებასაც აღარ აქცევდა – ამ 16 წლის განმავლობაში იყო ეპოქები, როდესაც ეს პრობლემა საერთოდ აღარავის ახსოვდა – აღარც ვინმე საუბრობდა ამაზე და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების «დღის წესრიგში» ხომ საერთოდ აღარ იდგა. აი, წარმოიდგინეთ, სახლში რომ დიდი საათი გაქვთ და უწყვეტად წიკწიკებს, მაგრამ ყური ეჩვევა და აღარც გესმით – სწორედ ისე წიკწიკებდა. . . . და ისევე, როგორც კედლის საათის შემთხვევაში – სპეციალურად უნდა მიაყურადო, - მოინდომო გაგონება და მაშინვე გაიგონებ მიჩვეულსა და დავიწყებულ, მომაბეზრებელ წიკწიკს. «სამხრეთ ოსეთის» ბომბი წიკწიკებდა აფხაზეთის ომის დროს, ომისშემდგომ პერიოდებშიც; 1995 წლის საარჩევნო კამპანიისას, 1995-1998 წლების მშვიდ ეპოქაშიც, 1999-2000 წლების ბობოქარი საარჩევნო ციკლის დროს, შემდეგ ე.წ. «ვარდების რევოლუციის» მომწიფებისას, «რუსთავი ორის» ზეობისას, რევოლუციის დროსაც, შემდგომაც . . . . . მაგრამ როგორც კი ახალმა, რევოლუციურმა ხელისუფლებამ, 2004 წელს, მას ხელი შეახო (მაშინ დიდწილად მხოლოდ გამანადგურებელი კონტრაბანდის შეჩერების მოტივით) რუსეთმა მშვიდად «მოწიკწიკე» ბომბი უმალვე გადაიყვანა გამაფრთხილებელ, ანუ «მცირე ინტენსივობის ომის» სტადიაში. ხოლო 2008 წლის აგვისტოში., ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ქვეყნის სახელმწიფოებრივი სხეულიდან ამ ბომბის სრული ამოღება გადაწყვიტა (რათა მას ნატოში შესვლა ვეღარ შეეფერხებინა), - დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, საკუთარ შესაძლებლობათა გაუთვლელად, «მამაცურად», «რადიკალურად», «რევოლუციურად», ჩვეული რისკიანობით სტაცა ხელი და . . . . ბომბიც აფეთქდა. აფეთქდა გამანადგურებელი შედეგით! - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ომამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ არც ჩვენ გამოვრიცხავთ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» აღიარებას, მაგრამ არ ვაპირებთ ისევე სწორხაზოვნად ვიმოქმედოთ, როგორც დასავლეთი მოქმედებდაო კოსოვოსა და სერბეთის შემთხვევაში». საკვანძო სიტყვა აქ «სწორხაზოვნებაა». პუტინი გულისხმობდა, რომ დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა მაშინ სცნო, როდესაც ამ რეგიონში მშვიდობა სუფევდა და არანაირი ომი არ ყოფილა. რუსეთს კი სჭირდებოდა იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ წამოიწყო აგრესია და რუსეთის გადაწყვეტილება (ყოფილ ავტონომიათა დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ) იყო პასუხი ამ აგრესიაზე. ანუ კრემლს აუცილებლად სჭირდებოდა იმ რეალობის შექმნა, რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო. რუსეთის მოტივი (თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით აქვე) იმაში მდგომარეობდა, რომ მას არ აძლევდა ხელს სამხრეთ კავკასიაში (ანუ ჩრდილოეთ კავკასიის მოსაზღვრე რეგიონში) სრულფასოვანი, მთლიანობაში წარმატებული, სტაბილური, ერთიანი, «შემდგარი» სახელმწიფოს არსებობა, ვინაიდან ასეთი სახელმწიფო (მით უმეტეს, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პრეტენზიისა და შანსის მქონე) აუცილებლად შეუქმნიდა მას პრობლემებსა და მუდმივ თავის ტკივილს ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთის «მზის წნულია». ეს იყო რუსეთის სტრატეგიული მოტივი, რატომაც არ აძლევდა მას ხელს საქართველოს წარმატება და წარმატებულობა. ზესახელმწიფოს ამ მოტივს დაემთხვა ოსების «პატარა ინტერესი» (პოლიტიკა ხომ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა) – გაეწმინდათ «სამხრეთ ოსეთი» ქართული მოსახლეობისაგან და გაევრცელებინათ იურისდიქცია ახალგორის რაიონზე, რომელიც მუდამ «ოსეთის» განუყოფელ ნაწილად მიაჩნდათ. ოღონდ (ვიმეორებ) «აუცილებელი იყო» იმის დაფიქსირება, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამაში მათ ქართული გენერალიტეტის მოქმედებაც უწყობდა ხელს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ქართველმა სამხედროებმა, რომ მათ «არაფერი უღონიათ პროვოცირებისთვის» – ხომ კარგად გვახსოვს ყველას ზაფხულის მოვლენათა ჯაჭვი: ცხინვალში ქართველი ჯარისკაცების დაჩოქების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, ნოდარ ბიბილოვის აფეთქება საკუთარ ეზოში; დიმიტრი სანაკოევზე თავდასხმა; ოსების მიერ შემოვლით გზაზე ქართველი პოლიციელების მანქანის აფეთქება; შემდეგ ექვსი ოსი «ბოევიკის» ლიკვიდაცია სნაიპერების მიერ და, ბოლოს, სარაბუკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლის დაკავება, იქ საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობა, რასაც ოსები და რუსები არაფრის დიდებით არ შეურიგდებოდნენ. . . . . . ერთადერთი მოთხოვნა, რასაც მოსკოვი კოკოითს უყენებდა, იყო შემდეგი: აუცილებლად უნდა ეცადათ დაფიქსირება, რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო! ამ მიზნით, ოსურმა მხარემ განახორციელა შემდეგი ოპერაცია: ჯერ მთლიანად გაიყვანეს ცხინვალისა და ყორნისის რაიონებიდან, აგრეთვე ქალაქ ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობა (ყველა, - «ბოევიკების» და, რასაკვირველია, ქართველების გარდა) შემდეგ კი, დაახლოებით 3-4 აგვისტოდან, დაიწყეს ქართული სოფლების მეთოდური დაბომბვა. განსაკუთრებით თვით ცხინვალში არსებული საცეცხლე წერტილებიდან. მათ იცოდნენ, რომ ქართულ მხარეს ადრე თუ გვიან «სული წასძლევდა», მოთმინება არ ეყოფოდა და აჰყვებოდა იმ ილუზიას, რომ შეძლებდა პრობლემის ძალისმიერი გზით, ერთი დარტყმით გადაჭრას. თანაც, ოსებს სჭირდებოდათ არა უბრალოდ საპასუხო ცეცხლი ქართული მხრიდან, არამედ შეტევა ცხინვალზე! რატომ? იმიტომ, რომ ომის ინიციატორად ითვლება არა ის მხარე, რომელმაც პირველმა გახსნა ცეცხლი, არამედ ის, რომელმაც პირველმა განახორციელა არსებითი მცდელობა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისა!!! თამარაშენის დაბომბვა ამგვარ მცდელობად არ აღიქმებოდა – ასეთი არსებითი მცდელობა იქნებოდა ცხინვალის აღება ქართული არმიის მიერ! სწორედ ამის დაფიქსირება სჭირდებოდათ და უნდოდათ: ვისაც არ უნდა გაეხსნა ცეცხლი პირველს, სწორედ ქართულმა მხარემ, პირველმა, განახორციელა არსებითი მცდელობა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისა, რაკი თავდაპირველად ქართულმა ჯარმა აიღო ცხინვალი და არა რუსულ-ოსურმა – თამარაშენი. ამ რეალობის დაფიქსირება, საუბედუროდ, შეძლეს არა მხოლოდ რუსულ, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ თვით ქართულ საზოგადოებაშიც კი! ასიდან 99 ქართველი გეტყოდათ იმ დღეებში: «ჩვენებმა სცადეს ქვეყნის მთლიანობა ერთი დარტყმით აღედგინათ, ცხინვალიც კი ავიღეთ, მარა მერე . . . . « თანაც დავაკვირდეთ რა გველური ეშმაკობით იყო ეს მოფიქრებული: ევროპელი და ევროამერიკელი (ან იგივე რუსი) ობივატელისთვის, რომელიც თბილ და მყუდრო ბინაში, მშვიდ ქალაქში ცხოვრობს, ხომ შემაძრწუნებელია ამის მოსმენა: «. . . . . ქალაქის დაბომბვა, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა . . .» და ა.შ. მას არავინ ეტყოდა და ამას არც (ვერც) გაითვალისწინებდა ემოციური აღქმისას, რომ სეპარატისტებმა ქვეწარმავლური ეშმაკობით წინასწარ ის ქალაქი მთლიანად დაცალეს მშვიდობიანი მოსახლეობისაგან, რომ ნაღმსატყორცნები პირდაპირ მრავალსართულიანის სახლების სახურავზე ედგათ და ასე შემდეგ. მთავარი ისაა, რომ ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა: ომი დაიწყო ქართულმა მხარემ, რადგან განურჩევლად იმისა, თავდაპირველად ვინ გახსნა ცეცხლი, ვინ დაიწყო დაბომბვები, სწორედ ქართულმა მხარემ განახორციელა პირველმა არსებითი მცდელობა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრისა იმით, რომ აიღო ცხინვალი! ამ გეგმით ოსებს ცხინვალის დათმობა (ოღონდ დროებითი და «ბრძოლით დათმობა» რასაკვირველია) წინასწარ ჰქონდათ განზრახული. ძირითადი ძალები მათ ჯავაში ჰყავდათ კონცენტრირებული და (აქვე ვიტყვი) მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს ჩვენი ჯარი შეძლებდა (რუსული ქვედანაყოფები სახმელეთო ბრძოლებში საერთოდაც რომ არ ჩარეულიყვნენ) ჯავის აღებას და იქ კონცენტრირებული 3 000 - მდე სამხრეთელი და ჩრდილოელი ოსი ბოევიკის განადგურებას. რუსეთს ნამდვილად შეეძლო (თუმცა ეს დროში შედარებით გაიწელებოდა) თავად აშკარად არ ჩარეულიყო და, ისევე, როგორც აფხაზეთის ომის დროს, «სცენის მიღმა» ემოქმედა – შედეგი კი ანალოგიური მიეღო. მაგრამ მას ამჯერად აუცილებლად სჭირდებოდა აშკარა და პირდაპირი ჩარევა, რათა შემდეგ «სამხრეთ ოსეთისა» და «აფხაზეთის» დამოუკიდებლობა ეცნო (სამხედრო ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ამას ვერ შეძლებდა) და ამით საქართველო ექცია მუდმივ ხეიბარ, ტერიტორიებოკუპირებულ სახელმწიფოდ, რომლის ნატოში და ევროკავშირში სრულფასოვან წევრად მიღება (თუნდაც 50 წლის შემდეგ) აბსოლუტურად გამორიცხულია. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --
როდესაც საბედისწერო გადაწყვეტილების ახსნას ცდილობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ «სამხედროები სულ მთავაზობდნენ, სულ მოითხოვდნენ, მათთვის საპასუხო ცეცხლის სრული ძალით გახსნის ნებართვა მიმეცა . . . . .». როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, ოს სეპარატისტთა თავხედური მოქმედებებისა და ავნევში რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ამ მოთხოვნებმა მიზანმიმართულად დაჟინებული ხასიათი შეიძინა: «ბატონო უმაღლესო მხედართმთავარო, - როდემდე უნდა ვითმინით? ჯარისკაცები და ოფიცრები გვეღუპება!!!» ეს ზუსტად ასეც იყო გათვლილი გველური გეგმით, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს ლაბორატორიებში შეიმუშავეს საუკეთესო სამხედრო სპეციალისტთა, ანალიტიკოსთა და ეთნოფსიქოლოგთა მონაწილეობით: ქართულ მხარეს მოთმინება და კეთილგონიერება სულ რამდენიმე საათს ეყო, მაგრამ უფრო დიდხანსაც რომ ჰყოფნოდა, ცხინვალიდან ქართული სოფლების დაბომბვა გაგრძელდებოდა მეთოდურად, მიზანმიმართულად, მონოტონურად, დაჟინებით, უწყვეტად - საათების, კვირეების განმავლობაში – იმ გათვლით, რომ ბოლოს და ბოლოს, სადღაც აგვისტოს მიწურულისთვის მაინც, ემოციურ ქართველთა მოთმინების ძაფი გაწყდებოდა. არადა, იგი სულ ორიოდე საათში გაწყდა. თუ არ გაწყდებოდა – აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის შუა რიცხვებისათვის რუსები ამ «კაზუს ბელის» გარეშეც დაიწყებდნენ ომს და თავიანთ აგრესიას «საქართველოს პროვოკაციების» პასუხად გამოაცხადებდნენ – ცხინვალი საერთოდაც რომ არ დაბომბილიყო, ერთი-ორ რუს სამშვიდობოს მკვდრად გამოაცხადებდნენ და ასე შემდეგ; მაგრამ კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმის პროვოცირება და დაფიქსირება, რომ სწორედ ქართულმა მხარემ განახორციელა პირველმა არსებითი მცდელობა პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრისა - აიღო ცხინვალი; ან შეუტია ჯავასა და როკის გვირაბს – თუ ქართული გენერალიტეტი ამ ტაქტიკას აირჩევდა ცხინვალის აღების ნაცვლად. თუმცა, ამით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა - «არსებითი მცდელობა» მაინც არსებით მცდელობად დარჩებოდა. შედეგად კი, თვით საქართველოს ყველაზე ერთგული მეგობრების და მოკავშირეების განცხადებებშიც გაჩნდებოდა (გაჩნდა კიდეც) ფორმულირება «რუსეთის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება», «არაპროპორციული რეაქცია». არადა, რას ნიშნავს «არაპროპორციული»? ესე იგი, თვით რუსული ძალის გამოყენება გამართლებული იყო, მაგრამ «არაპროპორციული». ნიკოლა სარკოზიმ (რომელმაც, სხვათა შორის, უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენაში და ძეგლი თუ არა, ერთი ქუჩის გადარქმევა მაინც ეკუთვნის ჩვენს დედაქალაქში) პირდაპირ თქვა: რუსეთის მოქმედება იყო რეაქცია საქართველოს აქციაზე. ციტატა მისი გამოსვლიდან: «რეაქცია ნიშნავს, რომ ჯერ იყო აქცია!». რუსებისა და ოსებისათვის ამ «ძვირფასი» რეალობის დასაფიქსირებლად ისინი მზად იყვნენ მრავალკვირიანი დაბომბვებისათვის (თანაც ოლიმპიადის დღეებში, როდესაც «შემაწუხებელი», «აბეზარი» საქართველოს მოთქმა გოდებისა და საკითხში გარკვევისთვის არავის ეცალა), მაგრამ ვაი რომ ქართველებს მოთმინება (სხვათა შორის, სახელმწიფოებრივი კულტურის განუყოფელი შემადგენელი თვისებაა) სულ რამდენიმე საათს ეყოთ. ამიტომაც «. . . ბატონო უმაღლესო მხედართმთავარო, მოგვეცით ნება შეტევაზე გადავიდეთ, ბატონო უმაღლესო მხედართმთავარო., ოფიცრები გვეხოცება, ხალხი გვეხოცება, ოღონდ თქვენ გვიბრძანეთ და . . . ოღონდ თქვენ ბრძანება მოგვეცით და . . . სამ საათში როკის გვირაბთან ვიქნებით – ლომებივით ბრდღვინავენ ბიჭები ბატონო პრეზიდენტო . . .ბრდღვინავენ და ნაწყენებიც არიან, რომ ბრძანებას ვერ იღებენ თავიანთი უმაღლესი მხედართმთავრისაგან, როცა იხოცებიან ოსური საარტილერიო ცეცხლით . .» და ა.შ და ა.შ. აქ აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას, რამდენად იყო ეს მოთხოვნა ქართულ გენერალიტეტში რუსეთის სპეცსამსახურთა მიერ ჩანერგილი «გავლენის აგენტების» გველური პროვოკაცია, თუ უბრალოდ იმის შედეგი, რომ, ისევე როგორც ყველა სტრუქტურაში, რევოლუციის შედეგად, ამ სისტემის ხელმძღვანელობაშიც იოლად აღგზნებადი «ყმაწვილები» აღმოჩნდნენ; არც ისაა აქ არსებითი, იმ «მბრდღვინავი ლომებიდან» რომელი და რამდენი გაიქცა ბრძოლის ველიდან ჩაფსმული კურდღელივით. მთავარი სხვაა: მიხეილ სააკაშვილს (სწორედ ეს გახდა უეჭველად კრიტიკული ფაქტორი საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებისას) სჯეროდა თავისი არმიის და მისი შესაძლებლობებისა!!! არადა, ვიმეორებ კითხვას: რა არის აქ გასაკვირი? რა არის გასაკვირი და მიუღებელი იმაში, რომ ახალგაზრდა უმაღლეს მხედართმთავარს სჯეროდეს საკუთარი, შვილივით ნაზარდი და ნალოლიავები არმიის ბრძოლისუნარიანობის, ძალის და შესაძლებლობისა – რამდენიმე საათში გადაჭრას პრობლემა, სწრაფად აიღოს ცხინვალი, ჯავა, ააფეთქოს როკის გვირაბი და რუსეთი ფაქტის წინაშე დააყენოს? სწორედ ამას სთავაზობდნენ «ახალგაზრდა გენერლები» და დაბეჯითებით არწმუნებდნენ, რომ შეეძლოთ. რეალურად კი, ქართული არმია ჯავის მისადგომებსაც ვერ მიუახლოვდა სამი დღის განმავლობაში – სანამ რუსეთი ძალთა კონცენტრაციას მოახერხებდა. შედეგიც თვალნათელია. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - -
ამბობენ: „დიახ, ქართული სოფლები პროვოკაციულად იბომბებოდა, მაგრამ გამოეყვანა მოსახლეობა თამარაშენიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებიდან, გაემართა პოზიციური ბრძოლები - ოღონდ ცხინვალს ნუ დაბომბავდა მასირებულად და ნუ შეუტევდაო“. კი, როგორ არა. „გამოეყვანა მოსახლეობა“. მერედა რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას თბილისში? ხომ უეჭველად იტყოდნენ „ამ ხელისუფლებას მხოლოდ საკუთარ ხალხთან აქვს „დიდი გული“ (7 ნოემბერი და ა.შ) თორემ სხვასთან მშიშარა და მთხლეაო“. ხომ იტყოდნენ? არათუ იტყოდნენ, - ამას ზუსტად ის ხალხი იტყოდა, ვინც ახლა დემაგოგიურად წუწუნებს „გამოეყვანა ხალხი სოფლებიდან . . .ნუ შეუტევდა ცხინვალს . . .“
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - -- -
სამხედრო დამარცხების მიზეზებზე დაწვრილებით მსჯელობა, როგორც მოგახსენეთ, უსაგნოდ მიმაჩნია. თუმცა ძალიან მოკლედ მაინც: მთავარი ფაქტორი გახდა არა მტრის რაოდენობა, ტექნიკური უპირატესობა (ავიაცია, ტაქტიკური რაკეტები და ასე შემდეგ); არა რუსული გენერალური შტაბის მიერ ოპერაციის ძალზე ჭკვიანურად დაგეგმვა (შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებიდან – რისთვისაც ქართული მხარე რატომღაც არ იყო მზად); არამედ ის უდავო გარემოება, რომ, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა გახდეს სიმართლე, ქართული არმია აბსოლუტურად არაბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა! «ბრძოლისუნარიანობა» პირველ რიგში საბრძოლო სულისკვეთებით განისაზღვრება, ხოლო არმია ამ თვალსაზრისით საზოგადოების ანარეკლია. არმია ბრძოლისუნარიანია მხოლოდ იმდენად, რამდენად ბრძოლისუნარიანიცაა ერი და საზოგადოება. აქვე შევნიშნავ: რა თქმა უნდა მართებულია დებულება, რომ ნებისმიერ ომს უპირველესად სარდლობა იგებს ან აგებს; მაგრამ უდიდესი დემაგოგიაა მტკიცება, თითქოს ჯარისკაცის ვაჟკაცობაზე, მის შეუპოვრობაზე, ბრძოლისა და თავშეწირვისთვის მზადყოფნაზე არაფერია დამოკიდებული. «ასეთ» შემთხვევაში თვით ყველაზე გენიალური სარდლობა და გენერალიტეტიც კი ვერაფერს გააწყობს. ნამდვილად არ მინდა ამ სიმართლით დაღუპულთა ახლობლებს გული ვატკინო. ცნობილია, რომ წაგებულ ომში ღირსებას მხოლოდ დაღუპული მეომარი ინარჩუნებს.
|