ბოლომდე წაიკითხეთ და ისე შეაფასეთ
გუბაზ სანიკიძე - “ჩვენი არ არის ეს ქვეყანა და რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ?”
“პუტინის მიერ სადღეგრძელოში ნათქვამ სიტყვებთან დაკავშირებით ქართველ ხალხში არის ძალიან პოზიტიური განწყობა. ეს ასეა და თავი არავინ მოიტყუოს! პუტინის ამ სიტყვების შემდეგ გაჩნდა “პერსპექტივა”, რომ შესაძლებელია, რუსეთი საქართველოს გამთლიანებაზე წამოვიდეს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. რა არის ეს დათქმები, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინის ნათქვამი ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური მესიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. პუტინის ამ სიტყვებით პოლიტიკური ინიციატივა რუსებმა აიღეს ხელში. ახლა ჩვენი ხელისუფლება ძალიან გაურკვეველ ვითარებაშია”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: პუტინის ნათქვამ სადღეგრძელოსთან დაკავშირებით ქართველ საზოგადოებაში არის ძალიან პოზიტიური განწყობა! ცოტა ხანში ვნახავთ, მუხის კომბალი აჯობებს თუ მერაბიშვილის ხელკეტი!
“მე ღიად ვამბობ და თუ გინდათ, ეს ზოგმა რჩევად ჩათვალოს და ზოგმა გაფრთხილებად: ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დღეს არის ანტიდასავლურად განწყობილი! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აგვისტოს ომის დროს ერთი ქართველი არ დათვრა და ქვა არ ესროლა რუსის ტანკს! ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და ახალი ომი თუ დაიწყო, ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს! დიახ! თავის ქვეყნის დაცვაში ჩვენი ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს! შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. ჩვენი ხალხი არც მორალურად და არც ფიზიკურად ომისთვის მზად არ არის და ჩვენი ხალხი არ აპირებს ომს არც რუსეთთან და არც არავისთან! ეს არის შედეგი იმ 20-წლიანი ექსპერიმენტისა, რაც ხელისუფლებებმა ჩაუტარეს ქართველ ხალხს”. - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.
“სადღა აქვთ, ჩემო კარგო, ქართველებს სამშობლო? თავის სახლ-კარს იცავს ის ადამიანი, ვისაც სახლ-კარი აქვს, ქონება აქვს! ძველ სამყაროში მონა ჯარში არ მიჰყავდათ, იმიტომ რომ დასაცავი არაფერი ჰქონდა. რატომ იყვნენ ჩვენი წინაპრები უფრო მამაცი, ვიდრე ჩვენ ვართ? ამას ჰქონდა ორი მიზეზი: ისინი იყვნენ ჩვენზე მორწმუნე და სულის უკვდავებისა სჯეროდათ. დღეს ჩვენთან მრევლის რაოდენობა ძალიან გაზრდილია, მაგრამ დღეს ეკლესიაში სიარული უფრო მოდაა, ვიდრო ღვთის მოშიშობა! ჩვენს ხალხს უფლის რომ ეშინოდეს, მაშინ მერაბიშვილის ასეთი შიში არ ექნებოდა! ან ღმერთის უნდა გეშინოდეს, ან ვანო მერაბიშვილის! თუ უფლის შიში არ გაქვს და უფრო მერაბიშვილის გეშინია, ან გამგებლის, ან საგადასახადო ინსპექტორის გეშინია, ეს მორწმუნეობა არ არის, ეს წარმართობაა. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ დასაცავი ქონება და იცავდნენ! დღეს საქართველო ქართველებს არ ეკუთვნით, არაფერი ჩვენი არ არის და ამიტომ ჩვენი ხალხი არ იომებს!”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
“რასაც ახლა ვამბობ, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია. მაგრამ დღეს ქართველობა, სამწუხაროდ, თავის ქვეყანას არ იცავს და როგორც ჩანს, ვერც დაიცავს განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ აქ შიგნით არ შეიცვალა ვითარება! მე გაგახსენებთ ამხანაგ ბჟეზინსკის განცხადებასაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მან თქვა: ქართველებს რომ ეომათ რუსებთან, ნატო ამ ომში ჩაერეოდაო, ანუ ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში მეორე ავღანეთი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი იომებდა რუსის ტანკებთან! ფაქტია ისიც, რომ ჯორჯ ბუში ეუბნებოდა ნიკოლა სარკოზის, დაანებე რუსებს თავი, აცალე, შევიდნენ თბილისშიო! მე არაფერს ვამბობ - სარკოზიმ გამოაცხადა, ბუშმა დამირეკა და მითხრა, ვინ გეკითხება თბილისის ამბებში რომ ერევი, აცალე რუსებსო! ჩვენ ვართ დიდი ექსპერიმენტის მსხვერპლი, რომელსაც დასავლეთის წრეები გვიტარებენ! ჩვენ ვართ მარტო, მაგრამ თუ ჭკვიანი ხელისუფლება მოექცევა ამ ქვეყნის სათავეში, ამის გამოყენება წარმატებით შეიძლება! რუსეთმაც ნახა, რომ ქართველი ხალხი მის წინააღმდეგ არ არის განწყობილი! რუსული ტანკი აგვისტოში რომელიმე ქართულ სოფელში ან ქალაქში რომ შევიდოდა, ქართველი მოსახლეობა გამოდიოდა და საჭმელ-სასმელი გამოჰქონდა. რა, არ ვიცით, ეს რომ ასე იყო? რომ ჩვენი გუბერნატორები მძღოლებად ედგნენ რუს გენერლებს?” - დასძენს გუბაზ სანიკიძე.
“თავი არ მოვიტყუოთ, ძვირფასო ქართველებო! ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში! არც მორალურად და არც ფიზიკურად ჩვენ დამპირისპირებლები არ ვართ არავისთან! ნებისმიერ მეზობელთან ჩვენ ომს წავაგებთ და ნებისმიერ მეზობელთან სამხედრო კონფლიქტი გამოიწვევს ჩვენთვის ახალი ტერიტორიების დაკარგვას და ახალ ლტოლვილებს! ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა! ჩვენა ვართ ავად! მარტო სააკაშვილი კი არ არის ავად! ჩვენ ყველა ვართ ავად! მოტივაცია არ გვაქვს, არ ვიცით, რა გვინდა! ეს ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის. დადის სააკაშვილი, ჩამოჰყავს არაბები და საქართველოს საზღვრისპირეთს ყიდის! ხომ ვიცით ეს ყველაფერი? ვიცით და ლამის ვზეიმობთ კიდეც. ჩვენი არ არის ეს ქვეყანა და რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ? მორჩა, დამთავრდა კინო. ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან! მე კი ვიცი, რაც არის გამოსავალი, მაგრამ ამ გამოსავლისთვის არის ერთი უმთავრესი პირობა - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს!” - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი.
“თავისით არსად არ წავა ეს ხელისუფლება, ჩვენ უნდა გავუშვათ. აქამდე იმიტომ ვერ გავუშვით, რომ არაორგანიზებული და უპრინციპო ვიყავით. ამ ქვეყენაში სააკაშვილის პრობლემა კი არ არის, ამ ქვეყანაში პირველი პრობლემა, რაც დროზე უნდა გადაწყდეს, არის უპრინციპო ოპოზიციის პრობლემა. სამწუხაროა ეს ჩემთვის, მაგრამ ეს არის ფაქტი! ოპოზიციაში მეც შევდივარ და ვაღიარებ შეცდომებს! შეცდომა ზოგმა მეტი დაუშვა, ზოგმა ნაკლები და ამიტომ ყველაფრის გადაფასება უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვატყობ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი რამის გადაფასებას აპირებდეს. “ეროვნული ფორუმის” გზა არის დაუმორჩილებლობის გზა. “ეროვნული ფორუმი” ემზადება სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მესამე რაუნდისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ქართველი ხალხის გამარჯვებით”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “დასასრულ, დადგა “ვარდების რევოლუციის” 6 წლისთავი. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?” - პასუხობს:
“როგორ უნდა შევაფასო? ძალიან ცუდად, კატასტროფულად! ვარდი სეზონური მცენარეა, მე მუხა მიყვარს! ჩვენი წინაპარი ვარდს არ ეთაყვანებოდა, ჩვენი წინაპარი მუხას ეთაყვანებოდა! ქართველები მარადიულობასთან მოთამაშე ხალხი ვართ და სეზონურობა ჩვენი საქმე არ არის! ცოტა ხანში ვნახავთ, მუხის კომბალი აჯობებს თუ მერაბიშვილის ხელკეტი! მუხის კომბლებს დაიჭერს ხელში ქართველი ხალხი და ისე გარეკავს ამ “ვარდებს”!
ბოლომდე წაიკითხეთ და ისე შეაფასეთ !
This post has been edited by Kakha55555 on 23 Nov 2009, 22:14