შოთა უტიაშვილი - გუანტანამოს ციხის პატიმრებმა საცხოვრებელ ადგილად საქართველო საკუთარი სურვილით აირჩიეს
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
24 / 03, 2010 21:07
Print
Font size:
გუანტანამოს ციხის პატიმრებმა საცხოვრებელ ადგილად საქართველო საკუთარი სურვილით აირჩიეს, - ამის შესახებ, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს რადიო "პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თემა საკმაოდ მგრძნობიარეა და ამიტომაც არ მოხდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის წინასწარ მიწოდება. "მესმის, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრების თემამ საქართველოში ბევრი ადამიანი შეაშფოთა, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს ადამიანები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ მათი დოსიეები, მათ პიროვნებები და დარწმუნებულები ვართ, ისინი არანაირ საფრთხეს არ შექმნიან. დაახლოებით 50-მდე ქვეყანამ მიიღო გუანტანამოელი პატიმრები და ჯერ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ პატიმარს მიმღები ქვეყნის კანონი დაერღვიოს", - განაცხადა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, გუანტანამოს ციხის ყოფილი ტუსაღები საქართველოში პატიმრები აღარ იქნებიან. ისინი იცხოვრებენ ქალაქში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ საქართველოს დატოვების უფლება და საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებენ.
"ისინი მიიღებენ საქართველოში ცხოვრების უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილდებიან. შეუძლიათ იშოვონ სამსახური, სატელეფონო ურთიერთობა იქონიონ თავიანთ ნათესავებთან. ამ ადამიანების შენახვაზე საქართველოს ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება. მათ უქირავეს საცხოვრებლები და უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი პირობებით. შევეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი იტეგრაცია საქართველოში, შეისწავლონ ქართული ენა და დაეუფლონ პროფესიას", - აღნიშნა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მათი დარჩენის ვადები იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ საქართველოში ინტეგრირებას და იქცევიან თუ არა კანონმორჩილ ადამიანებად. ~ეს ადამიანები თუ დაარღვევენ კანონს, პასუხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აგებენ", - განაცხადა უტიაშვილმა.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, გუანტანამოს ციხის პატიმრებს ჰქონდათ არჩევანი, ან დარჩენილიყვნენ ბანაკში ან იმ ქვეყნებიდან, რომელიც საცხოვრებლად შესთავაზეს, ერთ-ერთი აერჩიათ.
"ამ სამმა პირმა საქართველო აირჩია. მათ საქართველოში ცხოვრების უფლება ექნებათ, ეს არის ის სამართლებრივი სტატუსი, რომლითაც ისინი ისარგებლებენ. მათ საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, რომ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მიეცათ. შესაბამისად, ისინი ჩვენს ქვეყანაში თავიანთი სურვილის საფუძველზე იმყოფებიან", - განაცხადა უტიაშვილმა.
შოთა უტიაშვილისთვის გაუგებრია, საიდან ასკვნიან ოპონენტები, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ჩამოსვლას ტერორიზმის საფრთხის გაზრდა მოჰყვა. ~ეს ადამიანები ტერორისტულ სამიანობაში შემჩნეულნი არ ყოფილან. ისინი საქართველოში იმისთვის არ ჩამოსულან, რომ ტერორისტული აქტები ჩაიდინონ. ეს ადამიანები გასამართლებულებიც არ არიან. მათ იციან, რომ ნებისმიერ დარღვევაზე პასუხი საქართველოს კანონმდებლობით მოეთხოვებათ", - განაცხადა უტიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო გუანტანამოს სამ პატიმარზე მეტს არ მიიღებს. საქართველოს სახელმწიფო ასევე არ აპირებს მათთან დაკავშირებით რაიმე სახის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი მიიღოს.
"ეს გამონაკლისი შემთხვევაა და ნურავინ წარმოიდგენს, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში პატიმრებს გადმოვიყვანთ. შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოში გუანტანამოს პატიმრების ჩამოყვანა მოხდა, იყო ნოტების გაცვლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი საქართველოში 23 მარტს ჩამოიყვანეს. ყოფილ პატიმართა ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები არიან. ყოფილი პატიმრების მიღების გამო საქართველოს აშშ-ის მთავრობამ მადლობა გადაუხადა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1