ერეკლე კოდუას ცოლისძმა ცოლის ფეხმძიმობის მოტივით გაათავისუფლეს, მასთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ დოლიძეს კი 10 წელი მიუსაჯეს
13:00 10.01.2011
კრიმინალური პოლიციის შეფის ერეკლე კოდუას ცოლისძმასთან მიშა ჟორჟოლიანთან ერთად დაკავებულ ვლადიმერ დოლიძეს საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმე ცალკე წარმოებაშია და მათ მიმართ განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.
ვლადიმერ დოლიძის ადვოკატი მამუკა ნოზაძე განაჩენს უსამართლოს უწოდებს და არგუმენტად "საქმეში დაშვებული იურიდიული ნონსენსები" მოჰყავს.
როგორც დოლიძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც ჟორჟოლიანისა და მასთან ერთად დაკავებული დავით ბენიძის, კონსტანტინე ჩაჩავას და ირაკლი ღლონტის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, აღნიშნული პირები დოლიძის საქმეში მოწმეებად იქცნენ, თუმცა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე ღლონტის გარდა, ყველამ უარი განაცხადა, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
"მოწმედ გამოცხადების შემდეგ მიშა ჟორჟოლიანმა, დავით ბენიძემ და კონსტანტინე ჩაჩავამ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. დაიკითხა მხოლოდ ირაკლი ღლონტი, რომელმაც მათი დაპატიმრების დროს სამართალდამცველთა მხრიდან დაშვებულ კანონდარღვევებზე ისაუბრა. პირს, რომელსაც სასამართლო მოწმედ იძახებს, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ აქვს. ამის გამო ადამიანებს იჭერენ, აღნიშნული პირებისთვის კი რატომღაც მორიგი გამონაკლისი იქნა დაშვებული",- განაცხადა ნოზაძემ.
მისივე თქმით, "დოლიძის საქმეში დაკავების დღიდან უამრავი სხვა უხეში კანონდარღვევაა დაშვებული, რომელიც არანაირ სამართლებრივ ნორმებში არ ჯდება".
"თავად ის ფაქტი, რომ დოლიძის გარდა, იგივე ბრალდებით - 353-ე მუხლის მეორე პუნქტით დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, უსამართლობაა, რადგან სასამართო სამედიცინო დასკვნა მხოლოდ დოლიძეს გააჩნდა, ჟორჟოლიანის გათავისუფლების მოტივად კი მართლმსაჯულების ისტორიაში კიდევ ერთი უპრეცედენტო მოტივი - მეუღლის ფეხმძიმობა დასახელდა. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული ოთხი პირის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა მოსთხოვა, მოტივად კი კიდევ ერთი ძალზე უცნაური გარემოება დაასახელა - ის, რომ "დასაკითხია პატიმრები და საქმე შესაძლოა, გაჭიანურდეს". რეალურად ყველა მოწმე უკვე დაკითხული იყო, სასამართლო გამოძიება კი - დასრულებული. შესაბამისად, პროკურატურის მხრიდან აღნიშნული მოტივაციის დაფიქსირება აბსოლუტურად ალოგიკური გახლდათ და დოლიძის პატიმრობაში დატოვებას ისახავდა მიზნად. რაც შეეხება დანარჩენ ეჭვმიტანილებს, ვვარაუდობთ, რომ დოლიძის მოშორების შემდეგ მათთან საპროცესო გარიგება გაუხმაურებლად გაფორმდება", - განმარტავს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ აპრილის შუა რიცხვებში პოლიციამ ვლადიმერ დოლიძე, მიშა ჟორჟოლიანი და დავით ბენიძე ქუჩური გარჩევის დროს დააკავა. მათთან ერთად აიყვანეს კიდევ ორი მეგობარი - კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი. ხუთივეს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოგვიანებით დოლიძის გარდა, ყველა დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თუმცა ადვოკატის მტკიცებით, ვლადიმერ დოლიძე პატიმრობისთვის "წინასწარ იყო განწირული და რეალურად მისი დისკრიმინაცია იმ კიდევ ერთი საქმის გამო ხორციელდება, რომელიც სტრასბურგმა უკვე განიხილა და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს".
საქმე ეხება რამდენიმე წლის წინანდელ ინციდენტს, როდესაც ვლადიმერ დოლიძე და მისი მამა შალვა დოლიძე ბახმაროს ტყეში იარაღის გასროლის გამო ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება და პარალელურად საქმის სტასბურგის სასამართლოსათვის მომზადების პროცესიც დაიწყება.http://www.presage.tv/?m=news&NID=4137
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?