patriciia
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16099
წევრი No.: 35185
რეგისტრ.: 21-May 07
|
#26213872 · 29 Jun 2011, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა მე ყველა თქვენგანისა და ავტორის დიდი სიყვარულით დავდებ ჩემი ახლახანს გარდაცვლილი პოეზიისმიერი მეგობრის, გივი ტყეშელაშვილის წერილს, რომელიც მან შვილს მისწერა...ვფიქრობ, საგულისხმო შეხედულებებია წერაზე, ტექსტსა და ადამიანზე. ყვეალს წაგვადგება
გივი ტყეშელაშვილი მირანდას ნოველებისა გამო
by Tsira Kurashvili on Wednesday, June 29, 2011 at 8:25am
მაინც უნდა ვთქვათ სათქმელი, რადგან შენ უკვე რაღაც თქვი, დაწერე, დაგიბეჭდეს და ეგ სათქმელი ახლა უკვე შენი არ არის, როგორც ყველა სხვისი ნათქვამი, ის არც ქარს წაუღია, არც წყალს...შეიძლება დრომ წააფარფატოს, მაგრამ თავად დროც წაფარფატებული აღმოჩნდება სხვა დროსთან მიმართებაში, შენს მიერ სხვა დროში ,,ნათქვამებთან“ და ყოველივე ეს ლიტერატურული ტექსტის რაღაცნაირი ამოხველება იქნება, რომელიც თანდათანობით იშორებს ხრინწს, ზოგჯერ ვირუსული ეპიდემიის ნაშთს და ხმაც უფრო მჟღერი იქნება ამ მიწაზე მსმენელთათვის, ,,რო სმენად მხეცნი მოვიდიან“-... თუმცა, ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება, შენგან განფენილი ,,ნათქვამები“ თუ ოდენ ჰორიზონტალურად ვრცელდებიან, თან ხრინწიანი ხმით. ცოტ-ცოტაობით მაღლა და მაღლა უნდა მიიწევდნენ, ზესთა ხმებთან შერთება სწადდეთ, რომ მთქმელი არა მარტო თავისუფლდებოდეს ჰორიზონტალურ ლიტ.სივრცეზე მოყურადებულთაგან, არამედ საკუთარი სულის თავისუფლებად ღირდეს ეს ,,მთქმელობა!“ ბევრი ლათაიები რომ არ ავხორხლოთ, თუნდაც კოცონის დანთება გსურდეს, წმინდა კოცონის, მაინც სჯობს შენს ,,ნათქვამებს“ დავუბრუნდეთ, რადგან ის უკვე ტექსტია და უნდა განვჩხრიკოთ:
მაშ ასე და ისე: ,,იყო ხმაური“
მხოლოდ ტექნიკურ, ოდნავ გრამატიკულ და სულ ცოტა დაუდევარ მოუთმენლობაზე, რასაც მწერლობაში ,,კალმის გაქცევა“ ჰქვია...
_რაღაც მისტიკური არის პირველ სტრიქონში, მაგრამ გაუაზრებელი. შეიძლებოდა მზისთვის ,,უკანასკნელი თმის“ გატნევა ცოტა გაგეშალა და ერთი ამოსუნთქვისთვის არ გაგეტნია.
_ტავტოლოგიაა მიჯრით და თვალშისაცემად: ,,უკანასკნელი თმა“ და იქვე ,,უკანასკნელად მომიწია“.
_ასევე, შემდგომ ,,მიდიოდა“ და ,,არსად მიდიოდა“.
_ამ წინადადებაში წერ: ,,წყლის ყოველ ჩაყლაპვასთან ერთად“ და შემდეგ რატომღაც ამ მომენტს უარყოფ, უფრო სწორად, გავიწყდება, რომ ნოველის გმირმა ცურვა იცის, რადგან ის ,,წყალზე ტივტივებს“, ე.ი. კარგად ცურავს, სხეულს ფლობს და ყველა, ვინც კი ცურვა იცის, ნათქვამს დაგიჯერებს, მაგრამ შემდეგ ბოლოსკენ, გაუცნობიერებლად რომ შემოგაქვს ,,ცურვის უცოდინარობა“, წერ: ,,გარუჯული ვიწექი წყალში და მინდოდა ჩამეყლაპა წყალი“, განა ზემოთ საკმაოდ არ მიირთვით?
_ახლა ბეღურებზე. ისინი სხედან ელექტროსადენებზე და მკითხველს უკვე აქვს ცნობიერებაში მათი ეს ცოტა არ იყოს მოძველებული სცენა. მაგრამ მან ვერ დაინახა, შენმა ნათქვამმმა ვერ დაარწმუნა, როგორ ჩამოფრინდნენ ისინი ტვინის ანტენებზე. თუკი მოშივდათ და შენ თავზე პურის მარცვლები ჩაგბნეოდა, სხვა საქმეა, პურის ყანაში რომ ყოფილიყავი, დაგიჯერებდი, მაგრამ შენ ხომ მდინარეზე ტივტივებ?!
თუ ეს ჩანახატია, მხატვრის ენით რომ ვთქვათ, აკვარელთან ფანქრის მოსმა არამოდერნისტულია, ერთი ვერ ავსებს მეორეს, და ჰარმონია მიუღწეველია, ცოტა მათემატიკა ხომ არ გამოგვივიდა? რა თქმა უნდა. სიტყვას აქვს გემო, სუნი, ფერი, განზომილება დროში და სივრცეში და მათი შერწყმა არის ლიტერატურული მათემატიკა, რასაც ტექსტი ჰქვია, ანუ ნათქვამობა.
კიბეები კორპუსიდან
_ეს ნოველა უფრო ფსიქოლოგიურია, თავისუფალი და ვატყობ, რომ ტექსტზე წაგიმუშავებია. შემდგომი დიდ მოთხრობისთვის საუკეთესო სიუჟეტია, მაგრამ მაინც ჩქარობ და კიბეებზე არბენისას, უფრო ასკინკილათი ხტომას რომ ჰგავს და არ არის, ერთი რამ გავიწყდება: კიბეებზე ასვლა ასკინკილათი ძალზე დამღლელია და თუ შენ გიჟი ხარ, ან რაიმე ახირებულობა გჭირს, კი ბატონო, მაგრამ თუ მაინც შენსაზე დგახარ, ანუ ასკინკილათი ახტიხარ მაღლა და მაღლა, თვითეულ სართულზე, თუ არა, ყოველ სართუზე მაინც შეისვენე (ეს აუცილებელია...) და მკითხველიც შეიცოდე, გაანდე ცოტა რამ იმ ფიქრებიდან, მე-2 ან მე-5 სართულზე რაც დატოვე ფიქრად. ეს ინტრიგა იმ ერთერთ სართულზე დავიწყებულ ფიქრს უფრო საინტერესოს გახდიდა.
_რაღაც დაუმათავრებლობის დაღი აზის ბოლო წინადადებას. ლოგიკურადაც ვერ ჯდება, აბა, გასინჯე: ,,მაგრამ...კითხვა, რომელიც თავში“ და ა. შ. დასრულება უნდა.
ზაფხული, ომი და მე
_თუ ზაფხულია, მაშინ ,,გარეთ გაზაფხულია“, ,,სულშიც სითბო და გაზაფხულია“ მაგონებს ნ. დუმბაძის ზურიკელას ლექსს და მის გარშემო გაშლილ კამათს, რომანის გმირები კაი კრიტიკოსებივით რომ ეწევიან.
საინტერესოა ომის წარმოებისათვის შერჩეული შენი ვარიანტი. ახირებული კრიტიკოსი შეიძლება აქაც შემოგედავოს: ზაფხულის ომს რა სჯობია, თუ გახურებული ხარ, ან ჩეროში წამოწვები ბრძოლის შემდეგ, ანდა მდინარეში შეხვალო, გეტყვის დასამუნათებლად. მაგრამ ისტორიასაც თუ გავუწევთ ანგარიშს, ქართულ სინამდვილეში უპირატესობა მაინც ზაფხულში გამართულ ომებზე მოდის. მაგრამ თუ მხედველობაში რუსები გვყავს, და ეს ასეც უნდა იყოს, მაშინ რა მეთქმის: მოენატრათ სამხრეთის მზის მცხუნვარება და შემოგრიალდნენ...
_წერ: ,,ომის იქით უაზრობაა“...ომის იქეთ და აქეთ მშვიდობა! წინ მოსალოდნელობა სისხლისღვრისა და უკან სისხლისღვრის დავიწყება, რაღაც მარქსისტული მიდგომებია შენს მსჯელობებში: ,,ომი ხალხის სასაკლაო“ ,,ოლიმპოს ღმერთები თავიანთ სურვილებს და ჟინს იკმაყოფილებენ“...გადაიკითხე ბერძნული მითები, ჰომეროსი კიდევ ერთხელ და იქნებ დაეჭვდე ამგვარი კატეგორიული გამოთქმების უადგილობაში!
_კარგია დაბოლოება და მსჯელობის ამგვარ ნოტზე დამთავრება.
მეც სხვა გამოსავალი არ მქონდა. ვიფიქრე, ჩემი ,,ნათქვამი“ რაღაც გამოსავლის მოძებნაში მოეხმარება მირანდას-მეთქი.
მართლაც, ,,ალბათ ომი იყო გამოსავალი“.
3.10.2008
P.S თუ არ ვიმსჯელეთ, კაი ,,ნათქვამობა“ არ შედგება.
--------------------
It seems in after-dinner talk Across the walnuts and the wine.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დავიყვანთ ამ თემას საყოფაცხოვრებო ტუტუცობების განხილვამდე, რაც ტონობით მოიძებნება ორივე მხრიდან; ვინაიდან ადამიანის ბუნება უნივერსალურია და პოლიტიკური პლატფორმის კუთვნილებას არ შეესაბამება. (c) ფირალი
|