snegurochka 
მე-19 თავის დასაწყისი
ამათი პრობლემები მოგვცა***19-And the birds can die in the sky...***( მე-19 თავი, II ნაწილი)
მთელი დღე გაბუტული იყო ეტყობა, ერთხელაც არ შემოუხედია ჩემთან. მოწყენილობამ მომთენთა, უკეთესობამ თითქოს უფრო მომიმატა დეპრესია . წამოვდექი, გავაღე კუთხეში მდგარი ტანსაცმლის მომცრო კარადა. მამაკაცის გარდერობით იყო შევსილი. ჩამოვყარე, ავარჩიე ყველაზე მეტად გამოსადეგი და ჩავიცვი: ჩემზე მინიმუმ 3 ზომით დიდი ჯინსი, ქამრით ტომარასავით შემოვიკარი, ზემოდანაც ჩემს ხელებზე მეტი თუ არა , არანაკლებ 20 სანტიმეტრით გრძელი ჭრელი ხალათი, ავიკეცე შარვლის და ხალათის ტოტ-სახელოები და მის ოთახში აღმოვჩნდი. არც გაკვირვებია, შემომხედა, თავი ააქანქარა და ტუჩები დაჭმუჭნა:
- ვერაფერს ვიტყვი, თავისუფლად შემიძლია წარგადგინო მაგალითად... მაგალითად... საშემოდგომო მოდის პრეზენტაციაზე...
ისეც ვიცოდი რომ სასაცილო ვიყავი, მაგრამ ლოგინის პერანგით შემოსვლას ეს ვამჯობინე. მისი ნათქვამი ვითომ დავაიგნორე:
- ჩემი ხელჩანთა მჭირდება!
ხელჩანთა, რომელიც პოლიციელებმა საავადმყოფოში მომიტანეს, იმას ვითხოვდი. გადახედა მაგიდაზე გაშლილ ფურცლებს, უკმაყოფილოდ დააკაკუნა კალამი, ადგა და შემომიღრინა:
- აქ ქალის პარპაში და პრეტენზიები რომ მდომებოდა, ახლა ცოლიც მეყოლებოდა! მომინდომა ახლა... არ გაცლიან მუშაობას!
ბუზღუნით გავიდა და ხელჩანთით დაბრუნდა. გამოვართვი, გავხსენი, სასწრაფოდ გადავიანგარიშე ბელგიური ფრანკი მარკებზე და 400 მარკა ამოვიღე, მაგიდაზე დავუდე და მოთვინიერებული ხმით ვთქვი:
- ამით ტანსაცმელი მიყიდე.
ისევ ააკაკუნა კალამი მაგიდაზე. ბოლოს კი უფრო მედგრად და წამოდგა. მწყრალად გადმომხედა, ჩამოფაფხებულ ხალათზე ხლებით წელზე ჩამბღუჯა. თვალებში უტეხად ჩამხედა... სანამ გავიფიქრებდი რა მექნა, მომეშვა და დასძინა:
- 38 ზომა...
თანხისთვის ხელი არ უხლია, გაიკრა კარები და ეზოდან მანქანის ხმაც მომესმა...
როგორც ჩანს შვებულება ქონდა, შემდეგი ორი დღეც თითქმის არ გასულა სახლიდან, იჯდა თავის მაგიდასთან და წერდა. მეც ხანდახან მწვალებელივით დავადგებოდი თავზე და უსიტყვოდ დავდიოდი შორი ახლოს, ნიშნად , რომ მოწყენილობისგან ვეღარ ვისვენებ. ბოლოს ცოტა მომიშინაურდა და მეც მომიშინაურა. მელაპარაკებოდა ჩემს სპეციალობაზე და მეც დიდი აღფთოვანებით ვუყვებოდი. ინტერესით მისმენდა და კითხვებსაც მისვამდა ფიზიკის სფეროდან. უფრო და უფრო მხიბლავდა მისი განათლება. არ მიკითხავს, მაგრამ მივხვდი ისიც კვლევაში მუშაობდა, ასე თავგამოდებული, ყველაფერს რომ დაგავიწყებს კაცს, ასეთი გულმოდგინებით შრომა გამოცდილებით ვიცოდი მხოლოდ მაგ დროს ხდებოდა. ასე თუ ისე, ჩვენი საღამოები უფრო კომუნიკაციური გახდა. ჩემდა გასაკვირვად, ვიცინოდით კიდეც. ერთ საღამოს ცოტა ხნით გარეთ რომ გავიდა, უკან მობრუნებულმა შემომცინა და ხელი მომკიდა ხელზე, უთქმელად წამქაჩა სარდაფისკენ. ცდილობდა კიბეებზე ფრთხილად ჩავეყვანე.
მე რომ სარდაფი მეგონა, სულაც არ აღმოჩნდა სარდაფი - როგორც ზემო სართულზე, აქაც ისეთივე განლაგებით ჩაწყობილი ოთახები იყო, ერთ-ერთის წინ გამაჩერა, კიდევ გაიღიმა და მითხრა:
- მოგეწონება ვიცი!
ჩემზე თვალმოუცილებელი შეაღო კარები, გამოკრა ჩამრთველს ხელი და შუქი ჩართო. მომეწონა კი არა , განცვიფრებისგან ცოტა მაკლდა მეწივლა: ეს იყო არც მეტი და არც ნაკლები, იარაღის არსენალი, სხვადასხვა მოდელების ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღი, დიდი მონდომებით ჩალაგებული ვიტრინებზე, ჩემთვის აქამდე უხილავი წესრიგით დაწყობილი.
- გინდა, ხვალ წაგიყვანო ჩვენს კლუბში? ჩუბინების და მონადირეთა კლუბში ვარ. ცოტა სროლას გასწავლი, იქნება უაზროდ აღარ ატრიალო ეგ შენი საცოდავი... რა გეჭირა?
გაიცინა და თვალი ჩამიკრა. შევუბღვირე მე:
- რა აქვს საცოდავი კოლტს, იარაღების მეფეა!
ჩემს მიერ დანახულმა "არწივმა" დამავიწყა მისი ირონია და მივვარდი, თითქმის ვეფერებოდი. გადმოიღო და ხელში მომაწოდა:
- მეც მომწონს ეგ, ნადირობისას კარგია სხვათა შორის!
აციმციმებული თვალებით ვსაყვარლობდი ჩემს ნანატრს, ჩემთვის ჩავილაპარაკე თან:
- კი, ნადირობისთვის კარგია...
და წარმოვიდგინე ირინას შუბლთან მიტანილი ეს იარაღი. რახან ნადირობა იყო, ფანტაზია განვავრცე: ტყეში, სირბილით დაღლილი ირინა მუხლებზე დაჩოქილი და ჩემს მიერ მის საფეთქელთან მიტანილი არწივის ლულა..., ისე ვიხიბლებოდი ამ სურათით, რომ ნეტარების ღიმილი სახეს არ მცილდებოდა...
Barrett M82-ს მივუახლოვდი და ჩემი ბოლოდროინდელი ჰეკლერ-კოხი მართლა საცოდავად გამოჩნდა ამასთან შედარებით, თუმცა, ვფიქრობდი : „ მისი საქმე ზედმიწევნით შეასრულა რას ვერჩი, თან ამხელას იქ ვინ ათრევდა“... ანტონმა ბარეტზეც გააკეთა კომენტარები და ბოლოს ცნობილი გამოთქმაც მოაყოლა: " ნუ ეცდები გაექცე სნაიპერს - დაღლილი მოკვდები... "
რატომღაც მალევე წყვდიადმა მომიცვა ისევ, ისევ ჩამეკრა გულში ყოფილი სევდა, რომელიც მისთვის შეუმჩვნეველი არ დარჩენილა, შემატრიალა მისკენ, მკლავებზე ხელები ჩამავლო, ოდნავ შემაქანა:
- ჰეი ! აბა შემომხედე! მე შემომხედე, იქეთ ნუ იყურები...
ცხადია არ შემიხედია, უფრო მივატრიალე თავი და ქვედა ტუჩი ამითრთოლდა, როგორც ტირილის წინ მჩვევია ხოლმე. ის ისევ აგრძელებდა, ასე , მის მკლავებში მოქცეული ჩემს შეხედვას ელოდა:
- მე არ ვიცი ვინ ხარ, რას აკეთებ ესეც ვარაუდით ვიცი, მაგრამ... მაგრამ... ანა, იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე ჩანხარ...
სახე ჩემს მარჯვენა ლოყასთან მოიტანა, ოდნავ შეეხო და გამშორდა...
ვიდექი ამხელა არსენალის გარემოცვაში , ვიდექი უაზრო და უძლური... უძლური ჩემივე რეალობის წინაშე... ვიდექი, როგორც არავინ ან უკეთეს შემთხვევაში ვიღაც, ვისთვისაც "არავითარი გრძნობები, არავითარი გული" - ყოფის დევიზად ქცეულიყო... ზემოდან ანტონის ხმამ გონს მომიყვანა, უნებურად ხელი მოვისვი ლოყაზე, იმ ლოყაზე სადაც მისი მამაკაცური სახე შემახო და მივხვდი რომ გული ჯერ კიდევ მქონდა...
გავიდა ორი კვირა, წესით ამ დღეებში მე ლაბორატორიაში უნდა დავბრუნებულიყავი. ზუსტად არ ვიცოდი რა მექნა, შეტყობინება გამეგზავნა გადავადებაზე თუ მეფიქრა, ეს უჩემოდაც მოგვარდებოდა. "სად ხარ?" - სვამდი ისევ ამ კითხვას და პასუხის გამცემი არავინ მყავდა... ყოველი შემთხვევისთვის, ვთხოვე ანტონს დამხმარებოდა შეტყობინების გაგზავნაში, ვგონებდი, ამით მაინც არ დაშავდებოდა არაფერი და ასეც გავაკეთე - მივწერე ჩემს მომავალ სამეცნიერო ხელმძღვანელს, რომ ჯანმრთელობის გამო ჯერ არ შემეძლო მათ ჯგუფს შევვერთებოდი...
ჩემმა ექიმმა და მასპინძელმა როგორც ჩანს შვებულება დაასრულა, დღეგამოშვებით სამსახურში 12 საათიან ცვლაში დადიოდა, ხან დღისით, ხან ღამით. ყველაზე მეტად ეს მაწამებდა - მისი ღამის ცვლა, როდესაც სულ მარტოდ ვებრძოდი ღამის უმოწყალო თარეშს. ზეპირად შევისწავლე მისი იარაღები, უკვე ესეც მოწყენილი მქონდა... როდესაც სამსახურში არ იყო, ჩემთან ერთად იყო მუდამ, ისევ ისე ვსაუბრობდით, ვიცინოდით და მე მისგან ჩუმად ვტიროდი ხშირადაც. არ მინდოდა გულს გამეკარებინა ოდნავი შეტოკებაც, რაც მას ეხებოდა. ის უფრო ყურადღებიანი და თბილი ხდებოდა ჩემს მიმართ, დღითი დღე ემატებოდა ამას ხარისხი. მე როგორც კი განვმარტოვდებოდი, ისევ მოვუხმობდი ჩემს მეწყვილეს : " სად ხარ?" და არ ვიცოდი, როდემდე ...
ერთ საღამოსაც ანტონმა მანქანით გასეირნება შემომთავაზა. ამ ხნის მანძილზე ეს იყო ჩემი პირველი გასვლა ამ სახლიდან. მისი ნაყიდი, მისი შერჩეული ტანსაცმელებიდან ყველაზე უკეთესი ავარჩიე და ეზოში მომლოდინეს ასე წარვუდგინე თავი. სიყვარულით გაჭედილი თვალები მომავლო და ხმადაბლა, თითქოს თავისით თქვა:
- გიხდება კაბა...
გამომიწოდა ხელი და მანქანაში ჩამსვა. სოფლის მეორე მხრიდან გავედით ტრასაზე, მალე მომდევნო დასახლების ერთ კოხტა კაფეში ვიჯექით. იგივე საუბრები გვქონდა, რაც სახლში. მოულოდნელად შეცვალა თემა:
- რას აპირებ?
მაცდუნებელი შეკითხვა იყო, თითქოს იარაზე მარილს მაყრიდა. გვერდზე გავიხედე და ვუთხარი:
- შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე? რას დააპირებდი?
პასუხი რომ დააყოვნა, შევხედე, თითქოს ამას ელოდებოდაო, ენა ამოიდგა:
- არაფერსაც არ ვიზამდი... დავრჩებოდი იქ სადაც ვარ... იმასთან, ვისთანაც ახლა ვარ...
თითქოს მეორედ მომხვედროდა ტყვია, ისეთმა ტკივილმა დამიარა სხეულში. უმისამართოდ დავიწყე ხელებით სახის სრესვა... თითქოს გულსაც მირევდა, თითქოს სისხლი მდიოდა პირიდან... ყველაფერი ერთად , რაც ცუდი გამომივლია , ყველაფერი ერთად მირტყამდა გულში... მკლავები დამიჭირა და ამით მათი ცახცახის დაოკებას ცდილობდა... უსიტყვოდ, ერთი სიტყვაც რომ აღარ დასცდენია ისე. როგორც კი უკეთესობა იგრძნო, დაუძახა მიმტანს, გადაიხადა და ასევე უსიტყვოდ დავბრუნდით სახლში...
(*** გავაგრძელებ მოგვიანებით ანუ დავასრულებ ამ თავს, მადლობთ ყურადღებისთვის)