marta007, არა აქაურები არ არიან, რავა იკადრებენ ამას აქაურები იყვნენ

დავასრულებ დაწყებულ თავს, წინა ნაწილი :
ამათი პრობლემები მოგვცა***35-Now can't help tears of grief...***
( თავი 35, დასასრული)ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვვარაუდობდით. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად მარტივად, ვიდრე მე და ალექსს ამაზე გვიასაუბრია. ადგილობრივი უშიშროების დეპარტამენტის თანამშრომლები მეტად სასდომიანი ხალხი აღმოჩნდნენ, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც მე მივაკითხე. შემომთავაზეს ბავშვების ჩამოყვანაში ხელის შეწყობაც, ფსიქოლოგიც კი მომიჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს „ნორმალურ პიროვნებად“ ქცევას...
ფული, რაც საშასგან მქონდა დატოვებული, თითქმის ფენიგიც არ გამომიყენებია ჩემი პატარა ბინის მოწყობისათვის. ვხარჯავდი ყოველდღიური ფინანსური გასავლებისთვის . ნაწილით კი მინიავტობუსები გავავსე სხვადასხვა ნივთებით და ჩემს სამშობლოში გავაგზავნე ეკლესიისთვის, ამ ნივთებს კი ღარიბებს დაურიგებდნენ... სანამ სამსახურს ვნახავდი, მანამდე კი ამ თანხას საარსებოდ ვხმარობდი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა მცირედიც კი არ გამომეყენებინა სახლის მოსაწყობად.
ერთ საღამოს გადავწყვიტე რომელიმე ბარში შევსულიყავი და საღამო იქ გამეტარებინა. ჩამოვჯექი თეკასთან და „იეგერმაისტერი“ შევუკვეთე. ვუსმენდი მუსიკას და თან ჟურნალს ვათვალიერებდი. მამაკაცის ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება:
- საღამო მშვიდობის... იმედია მაქვს უფლება თქვენს გვერდით დავჯდე, აქ მეტი სინათლეა და მეც კითხვას ვაპირებ...
გადავხედე თანამოსაუბრეს, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მანაც არ დააყოვნა, ჩამოჯდა გვერდით მაღალ სკამზე და ბარემნს ორმაგი ესპრესო შეუკვეთა, გაშალა ჟურნალი, მოიმარჯვა საწერკალამი და როგორც ჩანს კროსვორდის შევსებას შეუდგა. თვალი გავაპარე, შევნიშნე რომ რომელიღაც იუგოსლავიური ჟურნალი იყო. ის კიდევ დაფიქრებული ჩაჰკირკიტებდა და მოწადინებით წერდა კითხვებზე პასუხს.
ცოტა ხნის შემდეგ სამი მამაკაცი მოგვიახლოვდა, ორი მის უშუალო სიახლოვეს გაჩერდა, მესამე კი მე ამომიდგა გვერდით. ჟურნალს თვალი მოვაცილე და გადავხედე : ფიზიონომიაზე ეტყობოდათ, რომ ალბანელები იყვნენ. ჩემს შეხედვაზე გვერდით მდგომი საზიზღრად დაიჭყანა, უხმოდ მოვაცილე მზერა და კითხვა გავაგრძელე, თუმცა უკვე ნერვული სისტემა თავს მახსენებდა. დანარჩენ ორთაგან ერთმა კი ჩემს გვერდით მჯდომ ყმაწვილს უტიფრად გამოგლიჯა ჟურნალი ხელიდან და უტეხი მზერის მოუცილებლად დაჭმუჭნა. ამაზე სამივემ გადაიხარხარა. გვერდით მჯდომი ადგა, სწვდა მკლავზე ჟურნალის გამომრთმევს და კბილებში გამოსცრა:
- ახლავე ბოდიში მოიხადე!
ამას ალბანელთა უარესი ხარხარი მოყვა. ჩემს გვერდით მდგარმა კი ხითხითით მიუგო:
- შენს მეგობარ გოგონას იქნებ ჩვენ უფრო მოვეწონოთ... დროა ახლავე აახვიო აქედან, სანამ მთელი ხარ!
მივხვდი, რომ „მეგობარ გოგონაში“ მე მგულისხმობდა. სისხლი მომაწვა ძარღვებში, მუშტი მოვკუჭე ბრაზისგან, მაგრამ ჯერ ჩუმად ვიყავი. მის ამ უსგავსოებას კი , სავარაუდოდ იუგოსლავიელის, კროსვორდის შემვსები ვაჟის მკაცრი, მაგრამ დაბალი ხმა შეეგება:
- მოწონებას გაჩვენებ, შენ ბანძო!
თქვა ეს და მოულოდნელად მუშტიც გაუქანა ცხვირში. სანამ მუშტმოხვედრილი გაიგებდა რაც მოხდა, დანარჩენი ორნი აფართხალდნენ. მივხვდი, რომ აქ უკვე ბევრი უსიამოვნება მოხდებოდა, რისი გაფიქრებაც მოვასწარი იყო : „ახლა რა იჩხუბებს ამ იდიოტებთან“ , ჩანთა კისერზე ჩამოვიკიდე. ტიპმა, რომელსაც მუშტი პირველს მოხვდა, ჯიბიდან გასაშლელი დანა ის იყო ამოიღო, რომ მე ვუთავაზე, დანა დავაგდებინე და ფეხით კაფეს შუაგულში მდგარი მაგიდის ქვეშ შევაცურე. ჩემს მიერ მეორედ მოქნეულმა მუშტმა კი ძირს დასცა, წამოდგომა სცადა, მაგრამ ახლა ფეხით ჩარტყმით მარცხენა ყბის ძვალი ავუჭრიალე, უმწეოდ მიესვენა სკამის ფეხებთან და განძრევაც აღარ ძალუძდა... იუგოსლავიელი კი ამ დროს დარჩენილ ორს იგერიებდა. შევეშველე მეც და ხუთიოდე წუთში ორივენი თეკის მაღალ სკამებზე პირსახოცებივით გადაკიდებულნი მათ ენაზე რაღაცას ლუღლუღებდნენ, დარწმუნებული ვარ, იგინებოდნენ - სხვა რა დარჩენოდათ. კაფეშიც ჟრიამული ატყდა, სანამ პოლიცია გამოჩნდებოდა, აქედან გასვლის დრო იყო. სოლიდური რაოდენობის ლუქსემბურგული ფრანკები დავუყარე ბარმენს თეკაზე, გაოგნებულს და ამავე დროს შეშინებულს ვანიშნე, რომ ჩვენი ორივესი გადახდილია. ამ დროს იუგოსლავიელმაც ხელზე ხელი წამავლო და შემომძახა :
- გავქრით ახლა აქედან!
სწრაფად გამოვედით ლოკალიდან, ის კვლავ ხელჩაჭიდებული მიმარბენინებდა. ეზოს შემოსასვლელთან მდგარი „პეჟო“ დისტანციურად გააღო და მითხრა დავჯდარიყავი. ნერვიულად მოსწყვიტა მანქანა ადგილს და ქალაქის გაჩახჩახებულ ქუჩას შევერიეთ...
როგორც კი ქალაქის ცენტრს გასცდა, როგორც იქნა ხმა ამოიღო:
- ბოდიში მომითხოვია, ასე უნებურად უსიამოვნებას რომ გადაეყარეთ ჩემს გამო...
მეც ატკენილი ხელის თითების მასირებას შევეშვი და მივუგე:
- არა, თქვენ რა შუაში ხართ, არაფერია საბოდიშო.
გადმომხედა მზრუნველად და მკითხა:
- რაიმე ხომ არ დაგიშავდათ?
- არა, ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ უხერხულად მომიხდა მორტყმა იმ არაკაცის ნიანგის ყბაზე, ჩემი ხელი კი არა მეტალის ჯოხი გაიღუნებოდა მის რაღაც მუტანტურ ძვალზე...
ამაზე გაეცინა, თუმცა მალევე დასერიოზულდა:
- მომიტევეთ, გამეცინა შედარების გამო... მაპატიეთ... ქალაქგარეთ ჩემს მეგობარს პატარა ლოკალი აქვს, იქ მინდა რომ მივიდეთ... ხო, თუ გეჩქარებათ, მითხარით და სადაც გსურთ იქ მიგიყვანთ, თუ არა და მინდა „რევანში“ ავიღო, თქვენ ხომ, სხვა თუ არაფერი, ჩემი სასმელიც გადაიხადეთ და ამას ვერ მოვინელებ, სანამ უკან არ დაგიბრუნებთ... მოკლედ, თუ არ სადმე მიგეჩქარებათ, იქ დავჯდეთ... ჩემი მეგობრის ბარში.
ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც დავეთანხმე... მალე ხსენებულ ბარში კუთხეში ვიჯექით და უხმოდ ველოდებოდით შეკვეთილი სასმელების სერვირებას. ყმაწვილმა გაბედა სიჩუმის დამსხვრევა და მკითხა:
- თქვენ გერმანელი ხართ? რაღაც გერმანული აქცენტი გაქვთ... ადრე მე იქ ვცხოვრობდი და ნაცნობია რაღაცით ეგ დიალექტი, რომელზედაც თქვენ საუბრობთ.
მკითხა და თითქოს ახლა გაახსენდაო, შუბლზე ხელი მოირტყა, გაეცინა და ხელი გამომიწოდა:
- მე მაიკი მქვია... სულ დამავიწყდა გაცნობაც რომ საჭიროა.
მეც გამეღიმა, ხელი მივაწოდე და გავეცანი:
- ანა...
ვუპასუხე, მიმტანის მიერ ეს-ესაა ჩემს წინ დადებული კონიაკის ჭიქა ტუჩებთან მივიტანე. თავადაც ასე მოიქცა და ისევ დავდუმდით. მაიკმა ჩაცალა ლუდის კათხა, მეორე შეუკვეთა და ისევ ალაპარაკდა:
- კარგით, დღევანდელი საღამო, ვგონებ, გვაძლევს უფლებას უფრო მეტი ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ... ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ამ საღამოს, მაგრამ მეორე მხრივ მაინც მიხარია, რომ თქვენნაირი გოგონას ხილვის საშუალება მაინც მომეცა... ჩემი რესპექტი, ანა!
ნაღველი გამერია ხმაში, როცა ვუპასუხე:
- რა ვიცი, რა არის სარესპექტო... ბევრი არაფერი...
მაიკი მაინც მხიარული ტონით აგრძელებდა:
- როგორ თუ არა, მე პირველად ვნახე მსგავსი სცენა და სხვისი არ ვიცი... ისა... სპორტსმენი ხარ? მჯერავს, მჯერავს...
- არ ვარ სპორტსმენი, უბრალოდ ინტერესის გამო ნასწავლი მაქვს თავდაცვა... ესაა მხოლოდ.
ლუდის კათხიდან ქაფი მოსვა, ხელსახოცით ტუჩები მოიწმინდა და საუბარი განავრცო:
- მე ბოსნიელი სერბი ვარ ბანია ლუკადან, ომის დროს ჩამოვედით სამი პილოტი გერმანიაში: სერბი, ბოშნიაკი და ხორვატი, ერთად დაზრდილები და ერთად ნამსახურები მანამდე, გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით ერთად, ვიდრე ერთმანეთი დაგვეხოცა... შემდეგ კი აქ დავსახლდი ლუქსემბურგში, სამი წელია უკვე აქ ვარ. შენ დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა ჩემს თანამოსაუბრეს. მეც მოვსვი კონიაკი და მივუგე:
- არა, არ ვარ დიდი ხანი აქ, სხვაგან ვცხოვრობდი აქამდე, მაგრამ აქ მომწონს და აქ გადავწყიტე ყოფნა.
ისევ სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს შორის. ცოტა ხანში ვთხოვე სახლში მივეყვანე...
გადმომსვა სახლის წინ და სანამ დამემშვიდობებოდა, მითხრა:
- ანა, კიდევ ერთხელ პატიებას ვითხოვ უსიამოვნო საღამოს გამო. თუ ნებას მომცემ, ხანდახან მოგაკითხავ და გავიდეთ სადმე, დავჯდეთ. შეიძლება ხვალ საღამოს რომ მოგაკითხო?
ცოტა დავფიქრდი და ვუპასუხე:
- კარგი, ხვალ 19 საათზე აქ დაგელოდები, ეზოში.
კმაყოფილებით გამიღიმა, ძილი ნებისა მისურვა და მალე ქუჩის მოსახვევსაც მიეფარა...
თითქმის ყოველ დღე მაკითხავდა მაიკი, მალე დავმეგობრდით კიდეც. მეტად სასიამოვნო მოსაუბრე იყო, გარეგნულადაც საკმაოდ მოსაწონი: ჩემზე ერთი თავით მაღალი, მუქი ფერის ლამაზად შეჭრილი თმა, თეთრი პირისახის, ნაცრისფერი ფერის თვალები, ოდნავ გამრუდებული ცხვირი კი მამაკაცურ ნიუანსს ჰმატებდა. ტანად გამხდარი, მაგრამ სპორტული, ჯანმრთელი აღნაგობის. ყველაზე მეტად კი მისთვის დამახასიათებელი იყო მეტად ელეგენატური ჩაცმულობა, ცნობილი მარკის ფირმების ტანისამოსით, საოცრად კოხტად მოხდენილი და შეხამებული, თან მუდამ სხვადასხვა სტილით... ხასიათით ძლიერ კეთილი, ოდნავ თავქარიანიც, მაგრამ არა თავხედი. ჩემთვის კი ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მისი სახით მეგობარი შევიძინე, ვისთანაც ჩემს მარტოობის საათებს ხანდახან ჩავახშობდი და ასევე თავის მხიარულ ისტორიებს მოვისმენდი, მე ხომ მხიარულების მხრივ ბევრი არაფერი გამაჩნდა სალაპარაკო, ამიტომაც საუბარში ასპარეზს ძირითადად მას ვუთმობდი.
ერთ საღამოსაც სახლში შემოვიპატიჟე. სიამოვნებით დამთანმხდა. ათვალიერებდა ჩემს ახლად შეძენილ წიგნებს და დასკვნაც გამოიტანა, რომ მე სპეციალობით ფიზიკოსი უნდა ვყოფილიყავი, რაზედაც ღიმილით დავეთანხმე. ჩემი პატარების ორად ორი სურათი, რომელიც გამაჩნდა, უკვე ჩარჩოებში ჩასმული თაროზე იდო. ხშირად ხელში იღებდა და როგორც იქნა გაბედა ეკითხა:
- ეს პატარები შენი შვილები არიან? მე მგონი გგვანან კიდეც.
თავი დავუქნიე და შევეცადე თემის შეცვლა, თუმცა მას სურათების თვალიერება არ შეუწყვეტია. ბოლოს ისევ თავიანთ ადგილებზე დაალაგა და მომმართა:
- ანა, იქნებ არ უნდა ვიყო ცნობისმოყვარე, მაგრამ ვბედავ გკითხო პირდაპირ: ვინ ხარ?
ადრე თუ გვიან ველოდი ამ კითხვას, პასუხისთვის კი მზად არ ვიყავი, მაგრამ სრული სიმშვიდით ვუპასუხე:
- არც არავინ... მაიკ, არ ღირს ზედმეტი საუბრები, რასაც მხედავ ის ვარ, არც მეტი არც ნაკლები... სხვა მხრივ კი სწორედ რომ არავინ ვარ!
- ანა, სულერთია ჩემთვის ვინ ხარ, ვიცი რომ სწორედ ის არ ხარ, რასაც გხედავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს შენი ნათქვამის ჭეშმარიტებას, რომ არავინ არ ხარ! ჩემთვის სულერთია ვინც ხარ, მთავარია შენ გრძნობდე თავს კარგად.
ყავის ფინჯნები მაგიდაზე დავალაგე, ყავა ჩამოვასხი და უხმოდ მივუჩოჩე წინ. კარგა ხანს მიყურებდა, შემდეგ მოსვა ყავა და გააგრძელა:
- არც მე ვარ ის, იქნებ შენ რომ გგონია. რაღაცით ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვგავდეთ... ანა, მე არ დავმალავ და გეტყვი, რომ მთლად სუფთა ცხოვრებით არ მიცხოვრია რაც აქ ვარ... სუფთაში კანონდებლობას ვგულისხმობ... ბოლოს მეწყვილემ მიღალატა და ჩავვარდით, თუმცა არ ვჯდარვარ, მხოლოდ პირობითი სასჯელი მომცეს... მე ვალდებული ვარ იცოდე ეს, რახან დავმეგობრდით, მინდა რომ სიმართლე იცოდე, იქნებ არ გსურს ჩემნაირი მეგობარი და მე შემიძლია შენს გადაწყვეტილებას პატივი ვცე.
ყოველგვარი აღელვების გარეშე ვუთხარი:
- ჩემთვის ეგ სულერთია, მაიკ, მაგრამ შენი „აღსარება“ ნუთუ მხოლოდ იმის მისანიშნებლად თქვი, რომ ჩემგანაც იგივეს ელოდები? შენი ვარაუდი, რომ რაღაცით ვგავვართ ერთმანეთს იქნებ სიმართლეა, იქნებ მხოლოდ ვარაუდიც იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, შენი წარსული მე მეგობრობაში ხელს არ მიშლის, მაგრამ ისევ შენი სიკეთისათვის ვისურვებდი, რომ არ დაუბრუნდე მაგ წარსულ წლებს...
ეშმაკურად გამიღიმა, სიგარეტი მოჭუტული თვალებით განცხრომით გააბოლა:
- მაშ, შევთანმხდით, მივიღოთ ერთმანეთი ისე როგორიც ვართ!
მე გამეცინა:
- სხვა რა გზაა...
თემა შევცვალეთ და კვლავ მისი სახალისო ისტორიების გაცნობა მერგო ხვედრად...
***
გავიდა გარკვეული დრო და ჩემი პატარებიც ჩამომივიდნენ. აეროპორტში ჩვენი შეხვედრის სცენას იქ მყოფი ხალხი, ვისაც კამერა თან ჰქონდა, არ გადავამეტებ და ვიტყვი, რომ კამერაზე ღბეჭდავდნენ ამ სანახაობას - ეს იყო რაღაც ფაქტი, რაც ხშირად არ გვხდება ცხოვრებაში: ვტიროდით და ვწიოდით სამივენი, მერე ვიცონოდით, ისევ ვეხვეოდით ერთმანეთს და ისევ ვტიროდით...
მაიკი კი გვერდით გვედგა და იცრემლებოდა, ბოლოს მოგვხვია ხელი და ჩაგვეკრა. ამით მე ვგრძნობდი, რომ გვერდით მყავდა პიროვნება, ვისაც ჩვენზე გული შესტკივა და ვისაც არასოდეს დავუვიწყებდი მის მიერ ჩვენდამი სიყვარულს...
(*** თავის დასარული)
This post has been edited by CZ88 on 12 Jul 2011, 16:53
მიმაგრებული სურათი