anamchtenochtitlan
ხო, ადვილი არ არის ესროლო ვინმეს (თან ცხოვრებაში პირველად, იზმენებია მაგ დროს) , თუ ეს უკიდურესი აუცილებლობა არ გახდება , და ასეც ჩავთვალე, რომ უამისოდაც გავიდოდი ფონს...
marta007მასეც ვიქცევი, მაგრამ ფრუსტაცია მგუდავს და ფიზიკურადაც ვერ ვარ, უდიდესს ენერგიას ითხოვს ამის დათრგუნვა. წუხელს გვიან ღამე მე და ჩემი ალექსანდრე წავედით ჩვენგან მოშორებით მთაზე, ტყეში და იქ ვიბოდიალე კარგა ხანს სიბნელეში... სროლით ვერ ვისროლე, მოტოციკლები იდგა დაბლა ახლო-მახლოს და ვერ გავბედე, როგორც ჩანს ხალხი იყო ახლოში :|
11-And do you know, that my sun lights but it does not warms me up?...***(თავი 11-ე)
არ ვიცოდი რამდენი ხანი გავიდა მანამდე, როდესაც თვალებმა სივრცეში მოცურავე ქალის სახე დააფიქსირა. ნელ-ნელა მოლივლივე ფიგურა ისევ ჩვეულ განზომილებას დაუბრუნდა და როგორც მივხვდი, მონაზონი ქალი დამცქეროდა ზემოდან : წაბლისფერი თმის მცირე ნაწილი მოუჩანდა თეთრი, უკანგაკრული თავსაფრიდან , თეთრ თავსაფარზე კი შავი გრძელი თავსაფარი ქონდა მიმაგრებული . შენიშნა რა ჩემი რეაქცია, წამოიკივლა და ხმაღალი შეძახილებით თვალს მიეფარა. არ გასულა ალბათ წუთიც და უკვე მონაზვნების მთელი დასი დამყურებდა ზემოდან. ბოლოს ორ ნაწილად გაიყვნენ და ახლა ერთი ხნიერი ქალის გოროზ სახეს ვხედავდი მხოლოდ. თვალებზე ხელის გული ამიტარ-ჩამიტარა და სახე მიაბრუნა. რაღაც ჩაილაპარაკა, ან მე ვერ ვარჩევდი სიტყვებს ან ეს ენა ჩემთვის უცნობი იყო. კიდევ დამხედა, ამჯერად მომღიმარი სახით და მის გვერდით სივრცე ისევ მოქუჩქუჩე მონაზონთა სახეებმა შეავსო: ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, ლამაზები თუ ჯმუხები, ყველანი ერთად აღებული - სითბოს აფრქვევდნენ ...
რამდენიმე დღე ლოგინად ვიყავი. ჩემი მომვლელი მონაზონი გოგონა თითქმის არ მტოვებდა, მხოლოდ ლოცვების დროს გადიოდა, დანარჩენ დროს კი ჩემს გვერდით ჩამომჯდარი ქარგვაში ატარებდა. საღამოობით კი წმინდა წერილს კითხულობდა და შიგა და შიგ გულზე დაკიდებულ ჯვარს ეამბორებოდა. შეხვეული სახე ისედაც არ მაძლევდა ლაპარაკის უფლებას, რომ ხმა ამომეღო. ჩვენი კომუნიკაცია თვალების მეტყველებით შემოსაზღვრებოდა. საკვებად ბალახების ჩაის, გახეხილ ხილს და სუფთად დაფქვილი შვრიის რძიან ფაფას მაძლევდა. რაღაც სამკურნალო მცენარის ნაყენში დასველებული ტილოთი დღეში რამდენჯერმე სახეზე საფენებს მადებდა. მარჯვენა ფეხის ტერფზე მიმაგრებულ ხის თხელ ფიცარს სიმყარეს უმოწმებდა და აუცილებლად ბოლოს ხელზე მეფერებოდა. ასეთი მზრუნველობა დიდი ხანია გაუცხოვებული იყო ჩემთვის, მის ყველა ქმედებას ისედაც სათნო და მოსიყვარულე ღიმილი უწევდა კომპონირებას.
ორ-სამ დღეში უკვე ყავარჯნებით რამენიმე მეტრის გავლა დამოუკიდებლად შემეძლო, ფიცრით გაშეშებულ მარჯვენა ფეხს თუ ოდნავ წინ ავწევდი . ასე ეტაპობრივად გავერიე მათ გარემოში : სასადილოდ მათთან ერთად სატრაპეზოში დავყავდი, რაღაც დროს მონასტრის ეზოს პატარა ბაღშიც ვატარებდი ჰაერზე. ცოტა ხანში კი მცირე სამუშაოებიც შევძელი, როგორიც იყო სამზარეულოში ბოსტნეულის დარჩევა, გათლა თუ დაჭრა... როდესაც ჩემი ამ ქვეყანაზე დაბრუნებიდან 8 დღე გავიდა, შესახვევებიც მომხსნეს და მეც ბევრად ვიტალურად ვგრძნობდი თავს, რომ არა უეცარი თავბრუს ხვევები და საძაგელი ფიცარი, შემეძლო მეთქვა , რომ სრულიად გამოვჯანმრთელდი, მიუხედავად მცირეოდენი სახსრების და ძვლების ტკივილებისა, რომელთაც ჩემთვის უცნობი რეცეპტით დამზადებული ზეთის მოწოდებით მითრგუნავდნენ. მალე ავლაპარაკდი კიდეც. როგორც შევნიშნე, სლოვენიელი ქალები იყვნენ, მაგრამ ხშირ-ხშირად ზოგიერთებს შორის მიმდინარე ავსტრიულ აქცენტიანი გერმანული საუბარიც მესმოდა.
საღამოობით ჩემს ყოფილ მომვლელთან ერთად ათასი სახის თემაზე ვსაუბრობდი , იმ თემებზე, რაც ასე თუ ისე დასაშვებია კათოლიკურ მონასტერში მყოფთათვის. ამ გოგონას გერმანული არ ესმოდა, მაგრამ სერბოხორვატული იცოდა და უპრობლემოდ ვუგებდით ერთმანეთს.
კიდევ ერთი ამდენი დრო რომ გავიდა, ფიცარიც მომხსნეს. სიძნელის გარეშე შემეძლო უკვე სიარული. ერთ საღამოს მონასტრის წინამძღვარი შემოვიდა ჩემს კელიაში. გარკვეული წესის მიხედვით მისალმება-დალოცვის შემდეგ ჩემს წინ სკამზე დაჯდა და მომმართა:
- დაო, ჩვენი განშორების დრო დადგა...
ხელის გული გაშალა და ჩემი ჯვრიანი ჯაჭვი გამომიწოდა:
- ეს, რომ გიპოვეთ, მაშინ შეგხსენი... გასაწმენდად... სისხლისგან გასაწმენდად...
ამ სიტყვებზე ბევრი რამ აჩხრიალდა ტვინში, თუნდაც ჩემი დაუმსახურებლობა უფლის წინაშე... მადლიერებით გამოვართვი და ხელზე ვემთხვიე. მან კი გააგრძელა:
- მაგ ჯვრის სახეობით ჩემთვის ცხადია, რომ შენ კათოლიკე არ ხარ, მაგრამ ამას არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ... ჩვენი ხარ... ქრისტესმიერი...
გულზე დაკიდებულ უზარმაზარ ჯვარს აკოცა და განაგრძო:
- განშორების ჟამი მოვიდა... თუ სურვილი გაქვს დარჩენის, მაშინ მორჩილად უნდა დარჩე და შემდეგ მონაზვნად აღიკვეცო... თუმცა ... ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი და არც რჩევად მიიღო.
ჩემი, როგორც გულისყურად ქცეული ქანდაკების შემხედვარემ, საჭიროდ არ ჩათვალა პასუხი და დაამატა:
- ხვალ უნდა დავშორდეთ ... მე არ ვიცი ვინ ხარ და სადაური ხარ, არც ის ვიცი წასასვლელი თუ გაქვს, მაგრამ აქ დიდხანს გაჩერება აღარ შეიძლება.. თუ არ იცი სად და როგორ, მე დაგაკვალიანებ, ჩემს ნათესავებთან გაგაზავნი და სანამ შენს განსაცდელს გაითავისებ, შეგიძლია იმათთან დარჩე... ვიცი რომ განსაცდელში ხარ... ჯვარცმული ქრისტე ღმერთი იყოს შენი მფარველი!
კიდევ ერთხელ აკოცა ჯვარს და ისევ პასუხის დაულოდებლად დასძინა:
- იმ საშინელ ღამეს გალავნის კარზე დარეკეს... მაგრამ იქ შენს მეტი არავინ იყო, შენს მეტი -დამსხვრეული, სისხლად ქცეული ქალის მეტი არავინ იყო... ვინ მოგიყვანა, ვინ დაგტოვა - ეს არ ვიცი, თუმცა ვიცი , რისთვისაც დაგტოვა ... ღმერთმა დალოცოს ვინც იყო ! უფალო, ყველას მოგვიტევე უძლურებანი ჩვენნი...
ადგა, თავზე ხელი დამადო, ზედვე მაკოცა და ოთახის კარი გაიხურა...
ალიონზე ჩემმა ყოფილმა ანგელოზმა მომვლელმა მონაზონმა ფრთხილი დაკაკუნებით კარები შემოაღო. მე უკვე მეღვიძა და ლოგინზე ვიჯექი. მას კიდევ სამი სხვა მონაზონი შემოჰყვა, რაღაც სიმორცხვით რომ კედელთან აიტუზნენ. თითოეულს ხელში ერთნაირი ქაღალდის პარკები ეჭირა, ჩემს გოგონას კი მკლავზე გადაკიდებული ტანსაცმელი და ნაჭრის მომცრო ჩემოდანი. ვერცერთი ვერ იღებდა ხმას. ღიმილით ვუთხარი, რომ საწოლზე ჩამოჯდარიყვნენ და ასეც ქნეს.
- დაო...
აკანკალებული ხმით დაიწყო ჩემმა მომვლელმა:
- კარგია თუ ცუდია, ამაზე მეტი ვერ ვიშოვეთ... ვფიქრობთ, შენი ზომებია.
თქვა და ტანსაცმელი გამომიწოდა, ასევე ჩემოდანიც ფეხებთან დამიდო.
- ჩემმა ქრისტესმიერმა დებმა კი მცირედი სამახსოვრო მოიტანეს შენთვის... ვინაც რა შეძლო...
გოგონებმა სათითაოდ გამომიწოდეს აქამდე მუხლებზე დადებული ქაღალდის პარკები. ყველა მათგანს ცრემლი უკიაფებდა თვალზე...
მიმაცილეს რა გასასვლელ ჭიშკართან, ერთმა მხარზე ხელი დამადო და უკან მომახედა. მონასტრის წინამძღვარი ნელი ნაბიჯებით მოდიოდა ჩვენსკენ. თავზე ხელი დამადო და დამლოცა, სხვა არაფერი უთქვამს, კუსტარულად დამზადებული კონვერტი გამომიწოდა და ისევ მონასტრის მთავარი შენობისკენ გაემართა...
უახლოეს ქალაქამდე კერძო მანქანით ვიმგზავრე, რომელიც მონასტრის ახლოს გზაზე მონაზვნებმა გააჩერეს და მძღოლმაც თანხმობა განაცხადა დავმგზავრებოდი... წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი... არ გამაჩნდა არანაირი საბუთი, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საგონებელში მაგდებდა და თითქმის წარმოუდგენელს ხდიდა დამეტოვებინა ეს სახელმწიფო...
წინამძღვრის მოცემული კონვერტიდან გერმანულად დაწერილი ფურცელი ამოვიღე. ფურცლის გარდა შიგ გერმანული 50-მარკიანი კუპიური იდო. იმედის გამოჩენის ცდით გულდასმით ჩავიკითხე ნაწერი : " ჩემო დაო უფალ იესო ქრისტეში ! მადლიერი იყავი ღმერთისა, რომ განსაცდელი მოგევლინა ნიშნად მისი შენდამი სიყვარულისა. თუ შენთვის სხვა ყველა გზა დაკეტილია, შემდეგ მისამართზე მიდი, დროებით იქ მაინც გამოგიწვდიან დახმარების ხელს... " , - ოდნავ დახრილი ასოებით ეწერა მისამართი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ეს ქალაქი არ იყო , სადაც ვიმყოფებოდი... წერილი დალოცვით მთავრდებოდა...
მესამედ წაკითხვის შემდეგ წერილი ნაჭრის ჩემოდნის წინა ჯიბეში დავაბრუნე და გადავწყვიტე სადგური მომეძებნა...
(*** გავაგრძელებ)