patternგააგრძელეთ რა ზღაპარი

აქ ცელქების გამო სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან მომეწონა

33-ე თავს ვაგრძელებ, წინა ნაწილი იხ.
ამათი პრობლემები მოგვცა***33-The lilac flowers at our porch... and you know, Sash, I don't pluck these Lilac...***(33-ე თავი, II ნაწილი)
ინტერესი უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა, ინსტიქტურად გავუწოდე ხელი, სიგარეტი მომაწოდა, ამიკიდა კიდეც და გააგრძელა:
- შენ მუდამ თვალი გეჭირა აქედან თავის დაღწევაზე, ეცდებოდი კიდეც... მე რაც შევძელი, ვფიქრობ, გავაკეთე იმისთვის, რომ ამ მცდელობას არ შესწირულიყავი. ვაკვირდებოდი მე ბევრ რაღაცას, რაც შენს შემდეგ ჩვენს ირგვლივ ხდებოდა და მივედი საბოლოო დასკვნამდე: ჩვენ , დიახ , ჩვენ, მე და შენ უნდა დავტოვოთ ეს ორგანიზაცია! უნდა დავტოვოთ რაფინირებულად, ისე, რომ ყველა სახის კომპრომატის მცდელობა ჩვენს, უფრო სწორად, შენს მიმართ უძლური აღმოჩნდეს... ამაზე მე საკმაო ხანია ვმუშაობ და გარკვეული გეგმაც მაქვს...
ყურებში წივილი მიმატებდა, გულისცემის გახშირება მთელ სხეულს მიძაგძაგებდა, ჯერ კიდევ ვერ ვათვითცნობიერებდი იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებოდი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი საშას საუბრის მიზანს, მხოლოდ გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და მისთვის ეს საკმარისი იყო მცირედი პაუზის შემდეგ საუბარი გაეგრძელებინა:
- აღარ გავაჭიანურებ, პირდაპირ და კონკრეტულად შევეხები საკითხს: მე და შენ უამრავი ოპერაცია ერთად ჩავატარეთ, თან თითქმის ყველა მათგანი დიდი წარმატებით. თავადაც იცი, რომ რამდენიმე ინფორმაცია, რაც ხელთ გაგვაჩნდა, ყველა არ მიწოდებულა ცენტრალს, ან მხოლოდ შეცვლილი სახით გადავეცით. მინდა მივამატო, რომ შენ ერთადერთი გამონაკლისი ხარ, ვისი თანდასწრებითაც მე ეს დაუფარავად გამიკეთებია, რამდენადაც მე შენში არასოდეს შემპარვია ეჭვი... რადგანაც შენ სხვანაირი ხარ... სულ სხვანაირი და ჩემი ღრმა რწმენით, ერთგულება და თავგანწირვა შენი თვისებაა დაბადებიდან, ანუ არ არის შეძენილი და იძულებითი თვისება, არამედ შენ ხარ მთლიანად ასეთი... ამიტომაც განდობ ჩემს მიზანს, რომელშიც შენც გაგაერთიანე: მე შემეძლო შენს გარეშე მემოქმედა და დამეტოვებინა ეს სამსახური, მაგრამ შენ იმსახურებ ამას, რომ შენც გაგაწევრიანო ჩემს მიზანში...
სიგარეტი აკანკალებული ხელით ვაშლის მოთლილ კანზე ჩავაფერფლე და მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე:
- საშ ?!
ტახტის ქვემოდან ქვისგან გამოთლილი საფერფლე გამოიღო, მაგიდაზე დამიდო და ისევ განაგრძო:
- ფრანკფურტის ამბავი ვიცი რომ დიდი ხანია გაწვალებს და ჩემგან ელოდები ახსნას, ასევე ბელგიის ინციდენტები ან თავად უკანასკნელი მადამ ბელია... ფრანკფურტზე იმას ვიტყვი, რომ თავდამსხმელი ირინას შნირი იყო, აი, სწორედ ის, შენ რომ ჯალათად მონათლე... ყველა დანარჩენიც მისი არანჟირებული იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტაქტიკურად ცდილობდა ჩვენს მოცილებას, ოღონდ ისე რომ სხვის ხელში არ ჩავვარდნილიყავით... ვიცი, მიზეზი გაინტერესებს - რატომ? ჩვენ ხომ წარმატებულნი ვიყავით, რატომ ცდილობდა ასეთი ხერხებით ჩვენს გაფუჭებას? პასუხი ერთია და შეიძლება შენთვისაც კი გასაკვირი: შენი ერთგულება! ანუ ისინი არ მენდობოდნენ მე და აქ შენი ერთგულება მათთვის შენს ჩემდამი ერთგულებაში იგივდებოდა, რაც საშიშად მიაჩნდათ... კონტიგენტის სიმცირის გამო და ამავე დროს ჩვენი მუდმივი წარმატებების გამო ვეღარ ახერხებდნენ ჩვენს დაცილებას, სხვა პატრნიორებით ჩანაცვლებას... ასე დიდ ხანს არავის უმუშავია ერთად, როგორც ჩვენ... მოკლედ, ძირითადი მიზეზი ვარ მე და აქედან გამომდინარე შენი თავდადება...
ნერვიულობის ნიშნად ფრჩხილების კვნეტაზე რომ გადავედი, კვლავ გახსნა მისი ზურგჩანთა და ღვინით სავსე ბოთლი ამოიღო. მანიშნა დარჩენილი ჩაი ბოლომდე დამელია და უკვე ცარიელ ჩაის ჭიქებში ღვინო ჩამოასხა. არ დალოდებია არანაირ შეკითხვას, ისევ ალაპარაკდა:
- მათ არასოდეს არ აწყობთ პარტნიორების ერთმანეთის მიმართ პირადი ერთგულება, ეს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, თუ რატომ, ეს თავიდანვე აგიხსენი და ისედაც იცი. მათთვის მთავარია ცენტრალთან კუთვნილების და ერთგულების მოვლენა და არა ერთმანეთის მიმართ... კარგი, ამაზე აღარ შევჩერდები, ისედაც ცხადია...
ჩემდა გასაკვირად, მოვახერე ხმის ამოღება და ვკითხე:
- სისულელეში ჩამეთვლება იმის კვლევა რომ დავიწყო, ახლაც მცდით თუ სინამდვილესთან მაქვს საქმე. ამიტომაც ვთვლი, რომ ჩემს შემთხვევაში მაინც სულერთია ყველაფერი და ჩათვალე, რომ პირველ ვარიანტს გამოვრიცხავ... მართალიც რომ იყოს და ასეც რომ იყოს, მაინც გამოვრიცხავ...
ხელზე ხელით შემეხო, თითებით ხელის ზედაპირზე დამიკაკუნა, ოდნავ გამიღიმა კიდეც და გააგრძელა:
- გაქვს უფლება ყველაფერი იფიქრო, სხვა თუ არაფერი, მე გასწავლე მასე ფიქრი და ეგ შენი უფლებაა, სიმცდარეს თუ სიმართლეს დრო გაჩვენებს...
თვალებში სისველე ვიგრძენი, გულიც ყელში მომაწვა, თუმცა მხნედ შევეპასუხე:
- მე გისმენ, გისმენ და მჯერავს... მჯერავს, რადგან სხვა გზა არ მაქვს, დანარჩენი თავად იცი...
- რაც აქამდე გითხარი, შენთვის ვიცი გასაგებია , რაც არის უკვე მოსალოდნელი: ძალიან ახლო დროში შენც და მეც მოშორებულ-ილიმინირებული ვიქნებით, თუ თავად არ შევეცადეთ ამას ავცდეთ... თავად ამ ორგანიზაციასაც არ უწერია დიდი დღე... მოკლედ, ბევრი ფაქტორია, რაც აუცილებელს ხდის უკვე რაც შეიძლება მალე დავადგეთ გზას...
სიგარეტის კოლოფზე წაღებული ხელი მაჯაზე მსუბუქი დარტყმით უკან გამაწევინა და კოლოფი ჯიბისკენ გააქანა:
- ერთ ჯერზე ნუ მონდომე მთელი ყუთის დაცლა, კიდევ ერთი სავსე კოლოფიღა გაგვაჩნია და მთელი ღამე კიდევ წინ არის!
მე ვითომც არ გამეგონოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ლექცია, დაბალი, მაგრამ შეშინებული ხმით ვკითხე:
- კარგი, მე ჯერ არ ვიცი შენი გეგმის შესახებ, მაგრამ მანამდე მინდა გკითხო: ეს ყველაფერი ჩემს შვილებს როგორ შეეხება? თუ მათ ისევ საფრთხე ემუქრებათ, მე რა ჭირად მინდა თავის დაღწევა? იცი, რომ ჩემი მთავარი მიზანი და სიცოცხლის არსი ჩემი შვილებია და არა თავად მე! მე სად ვეგდები, ეგ საერთოდ მეასე ხარისხოვანია, უპირველესია ჩემი ბავშვები და მეშინია არაფერი სისულელე არ ჩავიდინო, გამოუსწორებელი... იქნებ... იქნებ შენ იცი ზუსტად რაც უნდა ვქნა, რომ ისინი დავიხსნა?
ალბათ ჩემმა საცოდავმა გამომეტყველებამ გადააწყვეტინა სიგარეტის კოლოფის ჯიბიდან ამოღება და მომაწოდა ერთი ღერი კიდეც:
- რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი გათვალისწინებულია. აწი შენ დაელაპარაკები მათ იმავე ენით, რითაც აქამდე შენ გელაპარაკებოდნენ : შანტაჟით! აწი იმათ შეეშინდებათ შენგან, აწი შეიცვლება მუსიკალური ფირფიტის მხარე, პატარავ...
თვალიდან მოგორებული ცრემლი ხელის ზურგით ამიმშრალა და ისევ მომმართა:
- შენ გექნება ხელთ მასალა, რაც მათ მიმართ კომპრომატად გამოგადგება. ეს პერიოდი კი საკმარისი იქნება ბავშვებიანად სამშვიდობო მონახო, შემდეგ კი გონება არ გაკლია და მოხერხება, თავად იმოქმედებ საჭიროც რომ გახდეს...
- ‚იმოქმედებ‘... გამოდის რომ მე და შენ სამუდამოდ ვცილდებით?
ნაღველი ჩამისახლდა თვალებში, ისევ მომისვა ხელი სახეზე, ტუჩები მოილოკა, მოსვა ღვინო და მითხრა:
- ჩვენ შეგვიძლია არ დავცილდეთ ერთმანეთს, თუ ეს შენი სურვილი იქნება... ოღონდ ჩემთან ერთად ყოფნა შენთვის იმის ტოლფასი იქნება, რომ საუკუნოდ დაივიწყო ყველა... იცხოვრო სრულიად უცხო გარემოში, ყველასგან მოშორებულად, სრულიად სხვა პიროვნებად, ნებისმიერი ძველი კონტაქტების გარეშე და ეს საუკუნოდ, სამუდამოდ! თუ ამაზე თანახმა ხარ, ბავშვები პრობლემა არ არის, მათი თან ყოლა შეგეძლება, ოღონდ სხვა ნებისმიერი, ვინც აქამდე გცნობია, გყვარებია, გიმეგობრია სამუდამოდ უნდა მიეცეს რეალურ დავიწყებას... ჩემს გვერდით მე სხვა ცხოვრებას ვერ შემოგთავაზებ, მარტოდ კიდევ შეგიძლია შენი იდენტიტეტის შენარჩუნება, ჩემს სიახლოვეს კი ეს გამორიცხულია...
ძლიერ შემზარავად ჩამესმა საშას ეს სიტყვები, წარმოდგენაც კი თრთოლვას იწვევდა ჩემში, ამიტომ დროებით თემა შევცვალე:
- და ზუსტი გეგმა რა არის?
სწრაფადვე მიპასუხა:
- ახლა უნდა მომისმინო ისე გულდასმით, როგორც არასოდეს: დღეიდან ხუთი დღის შემდეგ უკვე ჩვენს მიერ წინასწარ შეთანხმებულ ბარში შეთანხმებულ დროს მოხვალ და იქ დამელოდები. იქიდან კი წავალთ ერთად და ეს იქნება ჩვენი საბოლოო მარში. ყველაფერ დანარჩენს შემდეგ მოვილაპარაკებთ, ჯერ კიდევ დეტალები მაქვს მოსაწესრიგებელი... დეტალებში კი ის მასალები იგულისხმება, რაც კერძოდ შენ მათ „დასაპრესად“ უნდა გამოიყენო... მაგრამ, პატარავ... ახლა ემოციები და უაზრო გამეორებები არ დაიწყო, მხოლოდ მომისმინე: თუ მოხდა ისე, რომ მე ვერ დავბრუნდი დანიშნულ დროს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აიღე შენი ავსტრიული პასპორტი, ძველი არა, ახალი, რომელსაც დილით მოგცემ და გადადი ავსტრიაში. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ახვიდე იქ ალპებში, მონადირის ქოხში... ხომ გახსოვს სადაც არის?
მოვქაჩე ნაფაზი და მოჭუტული თვალებით თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. შეკითხვა გამიმეორა და სიტყვით ვუპასუხე:
- კი, მახსოვს!
- იქ, იმ ქოხში ტახტის ქვეშ შუა ფიცარი ამოიღე და იქ ნახავ რაღაცას, დანარჩენი ყველაფერს იქ გაიგებ და მოიქეცი ზუსტად ისე, რა მითითებებიც იქ იქნება. ზუსტად ისე, გესმის? არანაირი ცვლილება და თავნებური ატრიბუტები არ მიამატო, ზუსტად, ექსაქტად ისე, რასაც იქ ნახავ! ამას გააკეთებ და შენი მიზანი ამით სისრულეში მოვა. ახლავე დამპირდი, რომ ამას შეასრულებ!
ოდნავი ყოყმანის შემდეგ მივუგე:
- კარგი, რა გაეწყობა, გპირდები... მაგრამ შენ რატომ ვერ უნდა დაბრუნდე?
- დაიწყო კიდევ... პირობა პირობაა და შენს სიტყვაში ეჭვი არ შემატანინო, დანარჩენი არარელევანტურია! გამიმეორე, რომ მპირდები, მჯერავს შენი, მაგრამ მინდა კიდევ გავიგონო!
გამეღიმა, გავხალისდი თითქოს კიდეც მის ამ ბავშვურ ახირებაზე, მაგრამ არ დავაღალატე და გავუმეორე:
- გპირდები!
მასაც გაეცინა, ლოყაზე ხელი მომისვა, თმა უკან გადამიწია და მითხრა:
- კარგი, დღეს ამაზე მეტი აღარაფერია სასაუბრო, ახლა ცოტა მიალაგე ეგ ტახტი, მე ლეიბს ჩამოვიტან სხვენიდან და დავწვეთ, გვიანია, ხვალ მე უკვე თადარიგი უნდა დავიჭირო... და კიდევ, ინსბრუკში ჩვენს „საფოსტო უჯრაში“ დაგხვდება ყველა საჭირო ნივთი იარაღის ჩათვლით, აიღე და ადი იქ, სადაც შევთანმხდით...
რამდენიმე წუთში მე ტახტზე ვიწექი, თავად კი იატაკზე დაფენილ ლეიბზე... მანამდე ბუხარშიც ველური აკაციის დიდი კუნძი შეაგდო, ლამპა გამორთო და ძილი ნებისა მისურვა... უამრავი ფიქრი მიქროდა ტვინში, უამრავი ემოცია, რომელთაგან ყველაზე მძაფრი მაინც შიში იყო და მიუხედავად ჩემი მცდელობისა, საკუთარი თავისთვისაც კი დამემალა ეს, იმ დონეზე მძაფრობდა, რომ უძლური აღმოვჩნდი. ჩუმად ვასველებდი ცრემლით ბალიშს და განუსაზღვრელი მომავლის ირგვლივ გონებრივი ფუსფუსით ჩემი დაძინების მცდელობა უფრო მეტად უმწეო ხდებოდა. სუნთქვაზე ვატყობდი, რომ არც მას ეძინა, თუმცა უხმოდ იწვა...
(*** გავაგრძელებ შემდგომში

; სურათი არ მაქვს შესაბამისი)
მიმაგრებული სურათი