სოფო ქავთარაძე! კუმ ფეხი გამოყოო ამაზეა, უყურეთ ერთი ამ საცოდავს რა სტატია გაუშანშალებია
http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=9642 ფულის ტომრები და მარიონეტები
[ფულის ტომრები და მარიონეტები]
გაცვეთილი რიტორიკა და დემაგოგია
13:42 07.10.2011
[სოფო ქავთარაძე]
ქართულ პოლიტიკაში მორიგი „ქარიშხალი ჭიქაში“ დაიწყო. ასპარეზზე „ფულის ტომრის“ გამოჩენამ, ძველი ფირფიტით და უკვე წლების წინ გაცვეთილი რიტორიკით, ქართველ პოლიტიკურ მარგინალებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წითელი ინტელიგენციის ნარჩენები, პოლიტიკის მწვერვალების დაპყრობაზე უკვე დიდი ხნის წინ ხელჩაქნეული უიღბლოთა დაჯგუფებები, უბრალოდ, ფულის სუნზე დახარბებული ცალკეული პერსონებიც უმალ სიახლოვეს გაჩნდნენ.
ივანაშვილის წინასწარ დაანონსებულმა და დღეს გავრცელებულმა განცხადებამ კი, ყველა მოლოდინი გაამართლა. განცხადების ძირითადი ლაიტმოტივი უკვე კარგად გაცვეთილი რიტორიკა და დემაგოგიაა, რომელიც ქართული ყველაზე ურეიტინგო „ოპოზიციური“ სპექტრის ყველა სეგმენტმა, უკვე წლებია გაიარა.
სცენარიც კვლავ ძველი და გაცვეთილია. რუსეთიდან ჩამოსულ–წარმოგზავნილი ოლიგარქი, რომელიც ფიქრობს, რომ მილიარდებით ყველაფერს იყიდის, დემოკრატიასა და კანონიერებაზე საუბრობს. ეს მით უმეტეს, კურიოზულია იმ ფონზე, რომ ამის პარალელურად, სასწრაფო წესით, ტელევიზიის ყიდვის სურვილზე აკეთებს განცხადებას.
ივანაშვილის განცხადების მთლიანი ტექსტი, სხვა არაფერია, თუ არა ირინა სარიშვილის, ალექსანდრე ებრალიძის, იგორ გიორგაძის ან მოგვიანებით პრივილეგიებდაკარგული და გამწარებული ნინო ბურჯანაძის განწირული, ცნობილი ტექსტების სრული ასლი. ცნობილია, რომ კრემლი კრეატივით არასდროს გამოირჩეოდა. გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება და ეს უკვე დასაწყისიდანვე ჩანს.
ივანაშვილის განცხადების შემქმნელების და ზოგადად, ამ მდუმარე და „მისტიური“ მილიარდერის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის დამგეგმავების და ინიციატორების ბანალურობაზე, თუნდაც მიმართვის ის ეპიზოდი მეტყველებს, სადაც დღევანდელი მედიის „ტყუილებზეა“ საუბარი.
საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ის გზა, თუ კერძო ბიზნესმენის ფინანსების ქვეშ მოქცეულმა „დამოუკიდებელმა“ მედიასაშუალებებმა, როგორ შეინარჩუნეს „მიუკერძოებლობა“. ამჟამად, მეწარმე რომელიც პირველივე განცხადებად ტელევიზიის შეძენის სურვილს გამოთქვამს, საზოგადოების იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ მის პირად მფლობელობაში მყოფი ტელევიზია, სრულად მიუკერძოებელ–თავისუფალი იქნება.
ამ დროს კი, მსგავს ვარიანტს, უკვე მისი განცხადება, სადაც „საწყისი მუხტის შექმნაზეა“ საუბარი (ანუ კვლავ მეორდება „თბილისის აგდების“ გეგმის ცნობილი პასაჟები) თავიდანვე გამორიცხავს. შესაბამისად, თუნდაც ეს კონკრეტული ეპიზოდი ბიზნესმენის განცხადებაში, სრული დემაგოგია რომ არის, ცხადია და გასაგები.
რუსეთში „დერჟავას“, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხაზით, ოლიგარქები აკონტროლებენ, რომელთაც კრემლთან და მაფიასთან თანაბრად კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ. მართვის ამ სტილმა სადამდე მიიყვანა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, დიდი ხანია ვიცით.
დღეს რუსეთი კრიმინალურ–მაფიოზური სახელმწიფოა, სადაც ფაქტობრივად, სრული დიქტატურა ბატონობს. როგორც ჩანს, ხელისუფლების სადავეების ხელში აღების მსგავსი მეთოდები, სრულიად მისაღები, მეტიც, ერთდაერთი გზაა რუსეთში მილიარდებნაშოვი ქართველი ბიზნესმენებისათვის, რომელთა უკანაც ფე-ეს-ბე-ს და კრემლის ბნელი აჩრდილია გაწოლილი, თავისი წლობით ნაზარდი და ჩამოყალიბებული გეგმებით.
ივანაშვილისნაირი პერსონები, რომელნიც მენტალიტეტით, როგორც წესი, კრიმინალური ავტორიტარები არიან, დღეს ელიტარულ კორუფციაზე საუბრობენ და დემოკრატიის მანტიას ეფარებიან. ყველა მათგანისთვის კი, ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება, დემოკრატიასა და ევროინტეგრაციას შორის მორცხვად ჩაკვეხებული ფრაზა: „დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“...
საქართველოს კი უკვე საკმარისად სოლიდური გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ ხვდებოდეს, თუ რა რეალური შინაარსი იმალება ამ კონკრეტული, მოკლე და „უწყინარი“ ფრაზის უკან. უკვე იმაზე ალაპარკდნენ, რომ პირველივე განცხადებაში ივანაშვილმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის პოლიტიკურ ამბიციებს და პერსპექტივებს საქართველოში არც ისე დიდი ასპარეზი და გასაქანი ექნება, როგორც, სავარაუდოდ, ეს ფე–ეს–ბეს და მათ თანამდგომებს ეჩვენებათ.