საზოგადოება
10:47 / 26-10-2011
"ბიძინა ძალზე აფასებს მეგობრობას, მაგრამ სწყინს, თუ ვინმე ბოროტად იყენებს მასთან ურთიერთობას"
მუსიკალურ სამყაროსა და ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე ცნობილი მომღერალი და მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი გია ჭირაქაძე გვესაუბრება, რომელიც 50 წელზე მეტია უნიკალურ ფენომენს, ქართულ სიმღერას ემსახურება და მასთან ერთად მსოფლიო აქვს მოვლილი.
- ქართული სიმღერა, ფოლკლორი საოცარი ფენომენია. არათუ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ ზოგიერთ სოფელსაც კი აქვს თავისი "მრავალჟამიერი", "ნადური", შრომის სიმღერები, ამგვარი მრავალფეროვნება კი იშვიათია. როცა ანსამბლი "ქართული ხმები" ფოლკლორულ, უფრო საეკლესიო მუსიკის ფესტივალზე ვიყავით კუნძულ სარდინიაზე, აღმოვაჩინეთ, რომ მრავალხმიანი სიმღერა იქაურებსაც ჰქონიათ. ერთხელ რესტორანში ყოფნისას ნაცნობი ჟღერადობა შემოგვესმა და ზაურ ბოლქვაძემ ჩვეული იუმორით იკითხა: "ვინცხამ ჩამოგვასწრო აქ?" თუმცა, აღმოჩნდა, რომ სარდებს ასეთი სულ რამდენიმე, 5-6 მრავალხმიანი სიმღერა აქვთ, ქართული სიმღერის სკივრი კი ამოუწურავია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, იქ ყოფნისას, ერთი კვირის განმავლობაში, სიმღერა არ გაგვემეორებინა. წამოსვლისას ფესტივალის იმპრესარიომ, მორელიმ მკითხა: თუ გახსოვს, აქ ჩამოსვლისას პირველი რა იმღერეთ, თუ შეგიძლიათ, გაიმეოროთ, მინდა, ჩემს ძმას მოვასმენინოო. როცა პირველად ეს სიმღერა ("მრავალჟამიერი") მოვისმინე, ვიტირე და მაინტერესებს, მას რა რეაქცია ექნებაო. დამანახვა, სად იჯდა მისი ძმა ეკლესიაში... ანსამბლის სხვა წევრებს არაფერი ვუთხარი. დავიწყეთ სიმღერა და მალე დავინახე, როგორ ჩამოუგორდა ცრემლი მორელის ძმას. კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დავრწმუნდით, რომ ქართულ ხალხურ სიმღერას საოცარი ძალა და მიზიდულობა აქვს.
- ქართულ ესტრადას ტალანტები არასოდეს აკლდა, მაგრამ რამ განაპირობა ანსამბლების "რეროსა" და "ქართული ხმების", რომლის წევრიც თქვენ იყავით, ასეთი წარმატება და პოპულარობა?
- შეიძლება ითქვას, "რეროში" გავიზარდე, პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში კი ფეხი ავიდგი. "რერო" იმხანად ძალიან პოპულარული იყო, და დამსახურებულადაც. ჩვენი კომპოზიციები მრავალფეროვნებითა და შესრულების ორიგინალური მანერით გამოირჩეოდა, რაც უნიჭიერესი მუსიკოსის, კონსტანტინე პევზნერის დამსახურებაც იყო... მახსოვს, მოსკოვში ერთ-ერთი გასტროლისას ხელოვნების მუშაკთა ცენტრალურ სახლს, სადაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრის კონცერტი უნდა გამართულიყო, იმდენი ხალხი მოაწყდა, ცხენოსანი მილიცია გამოიძახეს. რაც შეეხება ანსამბლ "ქართულ ხმებს", მასში არაერთი უბრწყინვალესი მომღერალი, მართლაც ვარსკვლავი მღეროდა და მღერის. და ახლა უკვე გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ "ქართულმა ხმებმა" მსოფლიო ფენომენი - ქართული სიმღერა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.
- თავის დროზე თქვენ კონფერანსიეც იყავით. რას იტყვით წამყვანის როლსა და დღეს ესოდენ მომრავლებულ შოუმენებზე?
- როგორც კონფერანსიეს, ლიტერატურული მასალით შესანიშნავი ლიტერატორები, დრამატურგები მამარაგებდნენ - ოლეგ ლევიცკი, რიაბკინი, გინდინი, არკადი არკანოვი, მიხაილ გორინი. დღეს კი ჩემთვის მიუღებელია, როცა შოუმენი გაყვირის: "აპლოდისმენტები!" ტაში შენი სიტყვით, ორიგინალური გამოსვლით უნდა დაიმსახურო და მაყურებელს არ უნდა ეხვეწო, ტაში დამიკარითო.
- რუსული სიმღერა, ენა თანდათან იდევნება ქართული ესტრადიდან, სცენიდან, რუსული სიმღერის აკრძალვაზეც იყო ლაპარაკი.
- ვინც ამას სჩადის, უკულტუროა. ჩვენ აღშფოთებული ვართ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებით, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რუსი ერისადმი, მით უმეტეს, რუსული კულტურისადმი სიძულვილში. რუსეთი უდიდესი მუსიკალური და თეატრალური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, აღარაფერს ვამბობ რუსულ ლიტერატურაზე, მთარგმნელობით სკოლაზე. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე უარის თქმით მომავალ თაობას სულიერად გავაღარიბებთ.
- რა არის თქვენთვის თბილისური ურთიერთობები? დღეს ხშირად ამბობენ, ეს ქუჩის, ქურდული მენტალიტეტის გადმონაშთია...
- ეს ურთიერთობები, თუნდაც ქუჩის, ნამდვილი აკადემია იყო, არავის შეეშლებოდა უფროსუმცროსობა, ეს იერარქია თაობათა შორის არსებობდა და სულაც არ იყო დამოკიდებული ყოჩობაზე, მორევაზე. ახალგაზრდები კედელს აეკვრებოდნენ და ისე გაატარებდნენ მათთვის პატივსაცემ პიროვნებას, მით უმეტეს მანდილოსანს. შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემასაც იქ ვსწავლობდით, თუმცა სისხლიან დაპირისპირებამდე, დღევანდელობისგან განსხვავებით, საქმე იშვიათად მიდიოდა. ჩხუბის შემდეგ ბიჭები ერთად ქეიფობდნენ, ესეც ერთგვარი რიტუალი იყო.. სწორედ ეს ურთიერთობები მიმაჩნია ქუჩის აკადემიად და არა ჯიბისქურდობა.
- ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. თქვენ იმ არცთუ მრავალრიცხოვან ადამიანთა წრეს ეკუთვნით, ვინც ბიძინა ივანიშვილს პირადად იცნობს. ზოგიერთი მას გრაფ მონტე-კრისტოსაც ადარებს, რომელიც ერიდება საზოგადოებაში გამოჩენას. რით ახსნით მის ამჟამინდელ გააქტიურებას?
- ჩვენი, "ქართული ხმების" წევრების ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან 1997 წელს დაიწყო და უკვე თოთხმეტი წელიწადია გრძელდება. იმხანად მას პოლიტიკისგან თავი შორს ეჭირა, ამბობდა, ეს ჩემი საქმე არ არისო, თუმცა სამთავრობო წრეებთან ურთიერთობა ჰქონდა, არაერთი წამოწყება დააფინანსა, მაგრამ მერე, მისი სიკეთე ბოროტად გამოიყენეს, ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და, ცხადია, ხელისუფლების წარმომადგენლებს რჩევასაც აძლევდა, სხვა საკითხია, ითვალისწინებდნენ თუ არა მის თვალსაზრისს. ხომ თვითონაც თქვა, იმ მომენტში გადავაფიქრებინე ცხინვალში შეჭრა, მოგვიანებით, 2008 წელს კი - ვეღარო... აი, ამის შემდეგ მან ხელისუფლებასთან თანდათან გაწყვიტა კონტაქტი. დროის უდიდეს ნაწილს უკვე ჭორვილაში ატარებდა, იშვიათად ჩამოდიოდა თბილისში. "ქართული ხმების" მომღერლები მასთან სოფელში ჩავდიოდით, ზაფხულობითაც ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისეთი ინტენსიური აღარ იყო. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა განელდა, გაცივდა... ესეც ვითარებამ განაპირობა.
- რას გამოარჩევდით ბიძინა ივანიშვილის პიროვნული თვისებებიდან?
- ბიძინა ივანიშვილი დიპლომატის ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებაა, აქვს იუმორის გრძნობა, გამორჩეული ალღო - ადრე გრძნობს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს და ახერხებს მისგან საკუთარი ბიზნესის, საქმის დაცვას. წიგნიერი ადამიანია, კარგად ითვისებს უცხო ენებს. შეისწავლა რუსული, ინგლისური, ფრანგული ენები. გულთბილია, ძალზე აფასებს მეგობრობას, მაგრამ სწყინს, თუ ვინმე ბოროტად იყენებს მასთან ურთიერთობას. უყვარს, როცა სახალისო ამბავს უყვებიან და გულიანადაც იცინის. კარგი ადამიანია, რაც უპირველესად, მის ოჯახს, შვილებს ეტყობათ: სათნო, თავმდაბალი მეუღლე ჰყავს და როცა მას კომპლიმენტს ვეუბნებით, ბიძინა იტყვის ხოლმე: აბა, რა, მე გავზარდეო! შვილებს დიდებული განათლება მისცა და რაც მთავარია, ადამიანებად აღზარდა. მარტო წიგნი, ენების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუმცა ენებიც კარგად იციან - ბერა შესანიშნავად რეპავს ფრანგულად. ბიძინა აზარტულია, უყვარს ნარდის თამაში, გრძელ ნარდს ვთამაშობთ ხოლმე, სადაც მოგება მარტო კამათლის, შაშუ-ბეშის მოსვლაზე არ არის დამოკიდებული, სხვა ალღო სჭირდება. თამაშის დროს კარგად იკვეთება ადამიანის ხასიათი, მისი სუსტი თუ ძლიერი მხარე. იმით, როგორ იქცევა მოგება-წაგებისას, ადამიანი იშიფრება.
- ვინ რჩება ხოლმე მოგებული ამ ორთაბრძოლიდან - თქვენ თუ ბატონი ბიძინა?
- ერთხელ დიდი ანგარიშით ვუგებდი, მაგრამ იმდენი ქნა, ხელი შემოატრიალა და მაინც მომიგო.
- მართლა მიგიწვიათ "ქართული ხმების" წევრები საფრანგეთში, კურორტ სენ-ტროპეში, თავის აგარაკზე და სეიშელის კუნძულებზე დასასვენებლად?
- დიახ, იქ შესანიშნავი, დაუვიწყარი დრო გავატარეთ.
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/43316-qbi...l#ixzz1bvn3KlmR
მიმაგრებული სურათი