merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#28033772 · 27 Oct 2011, 11:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გია ხუხაშვილი - "ივანიშვილს შეცდომა დღემდე არ დაუშვია და არც მომავალში დაუშვებს. 7 ნოემბერს დაგეგმილი შალვა ნათელაშვილის აქცია ეს არის კლასიკური პოლიტიკური პროვოკაცია"
"დიდი კითხვის ნიშანი არ უნდა იმას, რამდენად სამართლებრივია ის გზები, რომლებითაც ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან. ნამდვილად ვერ ვხედავ მოვლენების სამართლებრივ განვითარებას. მე ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ამას ძალიან სახიფათო ფორმები ჰქონდა. რაც პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც არ უნდა ყოფილიყო მომგებიანი, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდან ცხელი გადაწყვეტილებების მიღება იქნა ინიცირებული. სწორედ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ რამდენიმე შეცდომის დაშვება უკვე მოასწრო. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ეს პროცესი მეტნაკლებად შეჩერდა, რაც უდავოდ მისასალმებელია", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: "ივანიშვილი ჯერჯერობით უშეცდომოდ მოქმედებს".
"ბუნებრივია, მოქალქეობის ჩამორთმევა არათუ შეცდომა იყო, ეს იყო საკუთარი სისუსტის პირდაპირი გამოვლინება ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია მიზეზი, რისთვისაც ჩამოართვა პრეზიდენტმა ივანიშვილს მოქალაქეობა. რაც არ უნდა სამართლებრივი კაზუისტიკით შეიფუთოს ეს ყველაფერი, ამის მიუხედავად, ეს ფაქტი ცალსახად როგორც დასავლეთის, ისე საქართველოს მოსახლეობის თვალში, ჩემი აზრით, პოლიტიკური მოწინააღმდეგის ოდიოზური ჩამოშორების მცდელობაა. რაც არ უნდა გვესაუბრონ რაღაც ნიუანსებზე, ეს თემა პოლიტიკურად უკვე წაგებულია - მათი აშკარა ფანებიც კი რუსულ საექსპერტო წრეებში ნოვოდვორსკაიას და ბაროვოის სახით, გაოცებული არიან სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერენ დღევანდელ ხელისუფლებას, ისინიც კი უკვე საქართველოს პუტინიზაციაზე ალაპარკდნენ. ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან ცუდი სიმპტომია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"ენდიაის" კვლევებს რაც შეეხება, მე მინდა მივუსამძიმრო ამ კვლევების დამკვეთს. იმიტომ, რომ მან უბრალოდ ფული წყალში გადაყარა - გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის გამოჩენის წინ იქნა ეს კვლევები ჩატარებული და შესაბამისად, ამ კვლევების შედეგები შეუძლიათ პირდაპირ ნაგავში გადაყარონ, რადგან სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი და ამ კვლევებს უკვე აზრი აქვს დაკარგული. ფაქტია, რომ უკვე ყველაფერი შეიცვალა და ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, დღეს ძნელი სათქმელია. იმიტომ, რომ თუ ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში, ცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის ფარგლებში ჩაეტია, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს უზარმაზარი, შეიძლება ითქვას გადაულახავი პრობლემა. მაგრამ თუ სპეცმეთოდები იქნა გამოყენებული, რომელიც ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება მოვლენები ძალიან რთულად განვითარდეს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის იყოს საზიანო, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კარგი გამოცდილება არ გვაქვს, ეს ეჭვი, რა თქმა უნდა, ძალიან რეალურია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ხელისუფლება დგამს იმ ნაბიჯებს, რისი გამოცდილებაც აქვს. ის მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტება მოახდინოს და მის იმიჯს ზიანი მიაყენოს. ანუ, სანამ ადამიანი ლოიალურია ამ ხელისუფლების მიმართ, ანუ ბუჩქებში ზის და ასრულებს ხელისუფლების სასურველ როლს, კარგია. როგორც კი მას უჩნდება სურვილი, რომ რაღაც შეცვალოს და ამაში მონაწილეობა მიიღოს - ეს მაშინვე ცხადდება რუსულ ინტერესად და ყველა შესაძლო მეთოდით იწყება მის წინააღმდეგ ბრძოლა - თანაც ბრძოლა იწყება ყველა მიმართულებით, რაც ძალიან სამწუხაროა. ფაქტია, რომ ივანიშვილი ამ ხელისუფლებისთვის იყო ძალიან კარგი, სანამ ის ხელისუფლების ფინანსისტი იყო. მაშინ ფულის წარმომავლობასთან ამ ხელისუფლებას პრეტენზიები არ ჰქონდა. როგორც კი რაღაც თქვა, მაშინვე ყველას გაახსენდა, რომ თურმე ის ქართველიც არ ყოფილა, რუსი ყოფილა. ეს ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, დარწმუნებული ვარ - ვინც ამას ლაპარაკობს, თვითონ არ სჯერა", - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "თქვენ ხელისუფლების შეცდომები გამოყავით. ივანიშვილს არ დაუშვია ამ დროისთვის შეცდომა?" პასუხობს:
"ბიძინა ივანიშვილის შეცდომები არ დამინახავს. ვფიქრობ, რომ დღემდე, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ყველაფერი სწორია. გამომდინარე იქიდან, რომ ის ცალსახად უწერს მხარს ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლას და პოლიტიკურ ბრძოლას კონსტიტუციურ ფარგლებში აპირებს, რაც უდავოდ მისასალმებელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო უკვე დღემდე და ალბათ ასეთი მცდელობები ნელ-ნელა გაიზრდება, ეცდებიან, პროცესები ქუჩის დაპირისპირებამდე გადაიყვანონ. ყოველ შემთხვევაში, მე ივანიშვილს ვთხოვდი, ამ მოედანზე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სხვა პოლიტიკურ პროვოკატორებსაც არ გაჰყოლოდა. დავუშვათ ლეიბორისტების 7 ნოემბრის აქცია, რომელიც შალვა ნათელაშვილს აქვს დაგეგმილი, პოლიტიკური პროვოკაციაა. ეს არის კლასიკური პროვოკაცია არსებულ რეალობაში. მე ვფიქრობ, ივანიშვილს შეცდომა დღემდე არ დაუშვია და არც მომავალში დაუშვებს. თუ ვერ მოხერხდა მისი, ასე ვთქვათ, კანონის ზღვარზე დაყენება, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოახერხოს ხელისუფლებამ მისი ლეგიტიმურად გაყვანა პოლიტიკური ასპარეზიდან".
|