
2012 წლის 25 სექტემბეტრს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ახალი ინიციატივა წარუდგინა.
მინისტრმა განაცხადა:
„საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური ფაქტების თაობაზე. სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, რომელიც საჭიროებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას. ბოლო სამი-ოთხის დღის განმავლობაში, გავრცელებული ფირების გარდა, მოპოვებულია ინფორმაცია სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის სხვა ფაქტებისა და წამების სხვადასხვა ფორმების გამოყენების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შეიქმნას დროებითი საგამოძიებო ჯგუფი.
საგამოძიებო ჯგუფი უფლებამოსილი იქნება, როგორც განცხადების საფუძველზე, ისე პროაქტიულად შეისწავლოს სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და მოამზადოს შესაბამისი დასკვნები;
საქმიანობის პროცესში ჯგუფი აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით, გამოითხოვოს ინფორმაცია, მიიღოს ახსნა-განმარტებები, როგორც სავარაუდო მსხვერპლისა და შესაბამისი მოწმეების, ისე სავარაუდო სამართალდამრღვევებისაგან;
ჯგუფს უფლება ექნება, დროებითი ღონისძიების სახით, გამოძების დასრულებამდე მოითხოვოს საჯარო მოხელის საქმიანობის უფლების შეჩერება, თუკი დაადგენს, რომ მის ქმედებებში არის დანაშაულის ნიშნები;
ჯგუფის დასკვნები დანაშაულის ნიშნების თაობაზე გადაეცემა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელიც კანონით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, განახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ჯგუფის დასკვნა საჯარო იქნება გარდა იმ შემთხვევებისა როცა ეს ეწინააღმდეგება მსხვერპლის, დაზარალებულის ინტერესებს;
მოწვეული ექსპერტების დახმარებით, მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ჯგუფის საქმიანობა განხორციელდება მსხვერპლთა იდენტიფიკაციასა და დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
ჯგუფი რეგულარულად მიაწვდის მოპოვებულ ინფორმაციას მსხვერპლს ან მისი კანონიერი წარმომადგენელს. მსხვერპლს უფლება აქვს, საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართოს საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის შესახებ (გასაჩივრება). გარდა ამისა, ჯგუფი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მომზადებული დასკვნების შესახებ.
საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა:
- პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი
- სასჯელაღსრულები მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი
- სახალხო დამცველის წარმომადგენელი
- ადვოკატი
- პროკურორი, რომლის მანდატშიც არ ყოფილა ამგვარი საქმეების წარმოება
- შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
საგამოძიებო ჯგუფში სათათბირო ხმის უფლებით, დამკვირვებლისა და კონსულტანტის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები.
ჯგუფი თავად შეიმუშავებს სამუშაო შინაგანაწესს. ჯგუფის მიერ გადაწყვეტილებები მიიღებ ასხდომაზე, შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.“
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ჯგუფი შეიქმენა 10 დღის ვადაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი მანდატის ადექვატური მატერიალური და ტექნიკური რესურსით, ყველა ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.