ლევან ვეფხვაძე ფრაქციის აპარატის ყოფილი უფროსის მიერ ვანელებისთვის ფულის მოპარვაზე საუბრობს
14:38 27-04-2012
"ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე ფრაქციის აპარატის ყოფილი უფროსის, დავით ლორთქიფანიძის მიერ ვანელებისთვის ფულის მოპარვაზე საუბრობს.
როგორც დავით ლორთქიფანიძის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, 2008–2010 წლებში ლორთქიფანიძე ვანელებისთვის ფულის მოპარვაში იყო შემჩნეული, რაზეც ერთი თვისი წინ ლორთქიფანიძეს ესაუბრა კიდეც.
როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ლორთქიფანიძემ იცოდა, რომ "ქრისტიან-დემოკრატებისგან" მისი გაშვება ისედაც იგეგმებოდა.
ვეფხვაძის განცხადებით, 3 თვის წინ ვანელებისგან გაიგო, რომ "ქრისტიან–დემოკრატების" მიერ ვანში აგიტატორებისთვის გამოყოფილი ფული ვანელების ნაწილს არ მიუღია.
დეპუტატისთვის უცნობია, რამდენი "წაიღო" ლორთქიფანიძემ, მაგრამ ამბობს, რომ ის "ოქროსა და ვერცხლის მოყვარული კაცია და ახლაც ამან სძლია".
"ამ ადამიანისთვის არანაირ ღირებულებებს არა აქვს ფასი, მას ფული უყვარს. ღმერთმა შეარგოს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ადამიანები", – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ არ აპირებდა ლორთქიფანიძის "ბინძური საცვლების საჯაროდ გამოფენას", თუმცა ახლა ამის თქმა უწევს, რადგან საუბარი თავად ლორთქიფანიძემ წამოიწყო.
დავით ლორთქიფანიძემ "ქართული ოცნების" ოფისში დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან" "პარტიის ხელისუფლებასთან თანაცხოვრების რეჟიმში გადასვლის გამო" წამოვიდა.
დავით ლორთქიფანიძემ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 15 აპრილს დატოვა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...e-saubrobs.html