„აბდუშაჰილის ეფექტი“ და ლუდით დასალევი სადღეგრძელოები
შესავლის მაგივრად:
ჩემი თხოვნა იქნება, ეს წერილი განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხონ მათ, ვისაც ჯერ კიდევ, ცოტათი მაინც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოს კანონიერი პრეზიდენტია და მას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა სურს.
ბოლო დროს სატელევიზიო სივრცეში ხშირად ნახავთ ასეთი შინაარსის სიუჟეტებს: „თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეხვდნენ ამა და ამ რაიონის პედაგოგებს ამა და ამ რესტორანში. შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს (!!!). ვანო მერაბიშვილმა შეხვედრა რამდენიმე წუთში დატოვა. შეხვედრიდან გამოსულმა უგულავამ აღნიშნა, რომ მთავრობის წევრებმა პედაგოგებთან ისაუბრეს გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე“.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ „ნაციონალებმა“ წინასაარჩევნო კამპანიაში ახალი ფორმები შემოიღეს: რესტორანში დაპატიჟება, უგულავასა და მერაბიშვილის ერთად მისვლა პედაგოგებთან შეხვედრაზე, შეხვედრის დახურულ კარს მიღმა ჩატარება. ეს ყოველივე გვაგონებს ეპიზოდს კინოფილმიდან, „ბაში-აჩუკი“: აბდუშაჰილი მიმართავს მელანოს - დედაკაცო, აი, ხომ ხედავ, ერთ ხელში ხმალი მიჭირავს, მეორეში - ოქრო. აირჩიე, რომელიც გინდა. ან სიმართლე მითხარი, ან მოკვდებიო.
დიმიტრი შაშკინის პედაგოგებთან შეხვედრა კიდევ გასაგებია, მაგრამ უგულავა და მერაბიშვილი რაღა შუაშია? ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ სააკაშვილის ხელში უგულავა „ოქროა“, მერაბიშვილი - „ხმალი“. შესაძლოა, ისედაც გვარიანად დაშინებულ მასწავლებლებს უგულავა შეღავათებსა და დახმარებას სთავაზობს, ვანიჩკა კი აფრთხილებთ: ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩვენს ინსტრუქციებს არჩევნების პერიოდში არ გადაუხვიოთო. შეხვედრებიდან გამოსული პედაგოგები კი ჟურნალისტებთან ისეთი დათრგუნული სახით აკეთებენ კომენტარებს, რომ თავისი ნათქვამისა თვითონაც არ სჯერათ. არადა, რა ქნან, შეეკამათებიან რამეზე თუ რა? არ დაუჯერებენ გიგი და ვანიჩკა ბიძიებს და მათი აჯობებს!
პედაგოგები ვახსენე და აქვე ერთ ასეთ საინტერესო ისტორიულ ფაქტს გავიხსენებ: როგორც ცნობილია, 1866 წელს პრუსიის არმიამ, ოტო ფონ ბისმარკის მეთაურობით, დაამარცხა ავსტრია. ომის დამთავრების შემდეგ, ცნობილ გერმანელ სამხედრო თეორეტიკოსს, მოლტკეს ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა: „ომი მოიგო არა პრუსიელმა ჯარისკაცმა, არამედ სკოლის მასწავლებელმაო“.
ახლა რომ „დაინტერესდა“ მთავრობა მასწავლებლების მდგომარეობით, მათი შეხედულებებით, გულწრფელად მაინტერესებს: საქართველოს როგორ უნდა მოაგებინოს ომი იმ მასწავლებელმა, რომელიც მანდატურის ტერორის ქვეშ იმყოფება? მან სრულფასოვან პიროვნებად როგორ უნდა ჩამოაყალიბოს მოსწავლე, რომელიც ასევე მანდატურის ტერორს განიცდის და სხვა, არანაკლებ სერიოზული საფრთხეები ემუქრება?!
საერთოდაც, ტოტალური ტერორი სააკაშვილისთვის საყვარელი და ჩვეული მოვლენაა. მას თანაგუნდელებიც აგრესიით გამორჩეული ხალხი ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ, ხმის ჩახრინწვამდე აგინონ ქართულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, თვით პატრიარქსაც კი, რომელიც მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ევროპელი მეუღლეც სრულად უჭერს მხარს მის აგრესიულ და ტერორისტულ პოლიტიკას. თვალებს არ დავუჯერე, როდესაც წავიკითხე ლამის ჯანმრთელობისა და მშვიდობის მტრედად შერაცხული სანდრა რულოვსის ინტერვიუ, რომელიც გავლენიანმა დანიურმა ჟურნალმა ჩაიწერა (სამწუხაროდ, ჟურნალის სახელწოდება აღარ მახსოვს). სანდრა დანიელ ჟურნალისტს ეუბნება, რომ თურმე ქართველები არადისციპლინირებული, მოუწესრიგებელი და დაუმორჩილებელი ხალხი ვართ და შესაბამისად, „რკინის ხელი“ გვჭირდება. აბა, ჩემო კარგებო, როგორ გინდათ? „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემსრულებელი მკაცრი და დაუნდობელი უნდა იყოს, ის ხომ სრულებით ახალ საქართველოს აშენებს.
არა, სიტყვა ნამდვილად არ შემშლია: ის მთავარი შემსრულებელი იყო და არა იდეის ავტორი, ან რევოლუციის დამგეგმავი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიშას ხასიათი და რევოლუციის რეჟისორთა ინსტრუქციების სპეციფიკა კარგად ეხამება ერთმანეთს.
სანამ ამ თემას კონკრეტულად შევეხები, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებას: ვარდი, ჯვარი, რიცხვი - 5 იმ „რეჟისორების“ საყვარელი სიმბოლოებია, რომელთაც მსოფლიო წესრიგის დამყარებასა და პატარა ქვეყნების მართვაზე აქვთ პრეტენზია. შემთხვევითი არ არის ის ფაქტები, რომ რევოლუცია 5-ჯვრიანი დროშით მოხდა 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, ხოლო 6 მაისი (ასევე - წმინდა გიორგის ხსენების დღე) პოლიციის დღედ გამოცხადდა. ვფიქრობ, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი მოვლენა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანეს და მის თავდაპირველ ადგილზე ორსაჭიანი ველოსიპედის უნიჭო, მაგრამ გარკვეული ქვეტექსტის შემცველი ქანდაკება დაიდგა. ხომ არ ნიშნავს ეს ორპირობას და ორმაგ სტანდარტებს?! ხომ არ ნიშნავს ეს, რომ „ბრაზიანი მიშა“ ამერიკელებთან ამერიკელია, ხოლო რუსებთან - რუსი?! ანდა, მოდით, წარმოვიდგინოთ რეალური ველოსიპედი - ორი საჭით, და ორივეს მიუჯდეს ადამიანი; ბუნებრივია, ველოსიპედი ვერ წავა. სწორედ ასე დაემართა საქართველოსაც, რომელსაც რამდენიმე ბატონი, ანუ მესაჭე ჰყავს.
სწორედ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიმბოლოებზე საუბრობს პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე ინტერვიუში, რომელიც საიტზე „ქართული ამერიკა“ გამოქვეყნდა სათაურით: „მასონური მონუმენტი პრეზიდენტის სასახლის ეზოში?“ (იხილეთ ლინკი:
http://georgianamerica.com/geo/news/ მასონური_მონუმენტი_პრეზიდენტის_სასახლის_ეზოში_1029)
„პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზოში მდებარე მონუმენტი, რომლის ავტორი ავსტრიის პრინცესა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგია, საზოგადოების ნაწილმა მასონურ სიმბოლოდ აღიქვა, თუმცა ავტორის თქმით, იგი „სამ ძალაუფლებას“ მიეძღვნა. 11-მეტრიანი და 25-ტონიანი მონუმენტი ავლაბრის რეზიდენციის წინ 2009 წელს დაიდგა... კითხვებზე - მართლა მასონურია მონუმენტი, თუ არიან ჩვენს ქვეყანაში მასონები და რა მიზნებს ემსახურებიან ისინი - უპასუხებს პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე:
- სააკაშვილის სასახლის ეზოში მდებარე მონუმენტში თავდაყირა დგას სამკუთხედი, რომელიც პირამიდის ასოციაციას იწვევს. პირამიდა კი მასონთა სიმბოლოა. პირამიდას გარს ორი ტრანსპორტირი აკრავს, რომლებიც მასონთა სიმბოლოს, კუთხსაზომს განასახიერებს. სააკაშვილს იმის ჭკუა არ აქვს, რომ ამ ყველაფერს ჩასწვდეს, მაგრამ მას ამ ყველაფერს კარნახობენ. ეს მონუმენტი მასონებისთვის დადგა მიშამ, ამით აჩვენებს, რომ საქართველო მათ ექვემდებარება. მასონური სიმბოლოებით არის დახუნძლული შუშის ხიდი, რომელსაც „სააკაშვილის პამპერსი“ დავარქვი. დააკვირდით ამ ხიდს, გველის ფორმა აქვს - მიგვანიშნებენ, რომ გველის სიბრძნეს უნდა ვეზიაროთ. მასონები ყველაზე მეტად მართლმადიდებლობას ებრძვიან. ამაში მათ სააკაშვილიც ეხმარება და ამიტომაც აავსეს ჩვენი ქვეყანა სექტანტებით. ჩვენს საზოგადოებაში, უმეცრებისა თუ უწიგნურობის გამო, გავრცელებულია აზრი, რომ მასონები არ არსებობენ. არადა, მასონები მსოფლიოს არიან მოდებული, ისინი ებრძვიან ეროვნულობას და წარმართავენ გლობალიზაციის პროცესს. მასონები აპირებენ, საქართველოში ნახევარ მილიონამდე ადამიანი, მომსახურე პერსონალი დარჩეს. ნათლად ჩანს, რომ საქართველოში დიდი ხნის დაწყებულია ფიზიკური და სულიერი გენოციდი. ჩვენი ხელისუფლების მიზანი, რომელიც მასონების კარნახით მოქმედებს, სწორედ ეს არის. ამიტომაც გახსნეს საზღვრები და ამიტომაც არის ამხელა ემიგრაცია.“
შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის მასონები და მათი სიმბოლოები ზღაპარი იყოს, მაგრამ ფაქტია: უამრავი ლიტერატურა და ინფორმაცია არსებობს ისეთ საიდუმლო მასონურ ორგანიზაციებზე, როგორიცაა: „ტამპლიერები“, „ილუმინატები“, „როზენკრეიზერები“, „ვარდისა და ჯვრის საძმო“ და სხვა. თუმცა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა.
ზემოთ აღვნიშნე, რომ მიშას ხასიათი და რევოლუციის რეჟისორთა ინსტრუქციების სპეციფიკა კარგად ეხამება ერთმანეთს. ბუნებრივია, ძალზე ძნელია, ნებისმიერმა, თუნდაც ყველაზე მდიდარმა და გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაამონოს, დაშალოს და გაანადგუროს თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიწრთო ათასნაირ დამპყრობელთან ბრძოლაში. ამიტომ, საჭირო იყო, უცხოელ, ფინანსურად და პოლიტიკურად ძლიერ „რეჟისორებს“ გაწონასწორებული, დაბალანსებული და მტკიცე ხასიათის მქონე შევარდნაძის ადგილზე შეერჩიათ: უკიდურესად აგრესიული, არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე, საგრძნობლად ენერგიული, ნიჰილისტი, მეტ-ნაკლებად ნიჭიერი და განათლებული, მრავალი პიროვნული ნაკლის მქონე კანდიდატურა. სწორედ ასეთი გახლავთ „ბრაზიანი მიშა“, რომელსაც მინიმუმ 7-8 წლის მანძილზე ამზადებდნენ პრეზიდენტობისთვის.
მაგალითად, „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე ასეთ პარალელს ავლებს:
„- სააკაშვილის რეჟიმი ყველაზე მეტად პორტუგალიურ ფაშიზმს დაემსგავსა; მკითხველებს შევახსენებთ: 1932-დან 1968 წლამდე პორტუგალიას მართავდა პრემიერ-მინისტრი ანტონიუ დი ოლივეირა სალაზარი, რომელიც აცხადებდა, რომ „ახალი ტიპის სახელმწიფოს“ ქმნიდა. ალბათ, გვეცნო ეს ფრაზა, რომელსაც „ნაც.მოძრაობა“ ხშირად იყენებს. კიდევ ერთი მსგავსება: იმ პერიოდში პორტუგალიის მმართველ პარტიას „ნაციონალური კავშირი“ ერქვა. სააკაშვილის არ იყოს, სალაზარიც გადატრიალებით მოვიდა 1928 წელს. მანაც შექმნა მრავალპარტიული პოლიტიკური გარემო, თუმცა არჩევნებს მხოლოდ ფორმალურად ატარებდა; ამასთან, ოპოზიციურ პარტიებს ძალზე ავიწროებდა. სალაზარი ეკონომიკაში უპირატესობას ანიჭებდა ერთ, გარკვეულ მიმართულებას, რამაც კატასტროფამდე მიიყვანა მთელი ქვეყანა. შედეგად, მოსახლეობა შიმშილობდა და ქვეყნიდან მასშტაბური მიგრაცია დაიწყო. შეგვიძლია, სხვა მსგავსებებიც გაგვეხსენებინა. ეს საშუალებას გვაძლევს, პროგნოზები გაკეთდეს იმის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას უახლოეს მომავალში ელის. საქმე ისაა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ: რაც დრო გავა, ესენი მით უფრო საშიშნი გახდებიან“.
ფაქტია, რომ უცხოელმა „რეჟისორებმა“ სააკაშვილს ასეთი ამოცანა დაუსვეს:
- საქართველო უნდა დაესუსტებინა ეკონომიკურად და პოლიტიკურად;
- იმპორტი მინიმუმ ათჯერ მეტი უნდა ყოფილიყო ექსპორტზე;
- ბიზნესში დაენერგა კლანური პრინციპები და შეემცირებინა სამუშაო ადგილები;
- ძირი უნდა გამოეთხარა სოფლის მეურნეობისთვის (ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გლეხებს აჩეჩებდნენ ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ წარმოებულ გენმოდიფიცირებულ სიმინდს);
- დაეწერა ისეთი კანონები, რომლებიც დაეხმარებოდა მზაკვრული გეგმების განხორციელებაში;
ეს მსჯელობა თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს როდი ეყრდნობა. ამაზე მეტყველებს შემდეგი სტატისტიკური მონაცემებიც; დავოსის ფორუმის სოციალური კვლევის ცენტრები ყოველწლიურად 60-70 კრიტერიუმის მიხედვით იკვლევენ ქვეყნებს. 2010 წელს 139 ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, საქართველო:
• კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით _ 93-ე (2009 წელს ვიყავით 90-ე ადგილზე),
• ბიზნესის დაწყების სიადვილის მხრივ _ მე-3, თუმცა
• საკუთრების დაცვის კუთხით _120-ე,
• კრედიტების აღების თვალსაზრისით _ 83-ე,
• ბიზნესის დასაწყებად, ფინანსების ადგილზე მოპოვების მხრივ _ 125-ე,
• ადგილობრივი პროდუქციის მიწოდების თვალსაზრისით _ 137-ე,
• ანტიმონოპოლიურობის მიხედვით _ 135-ე,
• სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიხედვით კი _ 114-ე ადგილზეა.
სააკაშვილმა ასევე პირნათლად გაართვა თავი ისეთი ამოცანების შესრულებას, როგორიცაა:
- სასამართლოსა და მას-მედიის მაქსიმალური უზურპაცია;
- პოლიციური სტრუქტურების გაძლიერება;
- პატიმრების რაოდენობის გაზრდა.
შეგვიძლია, ეს მსჯელობაც კონკრეტული მონაცემებით გავამყაროთ:
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მოხელეთა 77-78% ძალოვან სტრუქტურებზე (დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სამსახური, შსს, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების სისტემა) მოდის.
ტერმინ „სახელმწიფოს“ თანამედროვე განმარტება ასეთია: ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, რათა მან დაიცვას მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ლენინის განმარტებით კი, სახელმწიფო არის საზოგადოებრივი დათრგუნვის მექანიზმი. როგორც ჩანს, სააკაშვილი ლენინის განმარტებას იზიარებს, რასაც კონკრეტული ციფრებიც ამტკიცებს: შინაგან საქმეთა სამინისტროში 28500 კაცი მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში 1000 სულ მოსახლეზე 6 პოლიციელი მოდის. გერმანიაში არის 3, ავსტრიაშიც - 3, შვედეთში - 2, ისრაელში (სადაც ახლაც ომია) - 3,5 და ა.შ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ სამინისტროს თანამშრომელთა სახელფასო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს შეადგენს.
კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება: 2010 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 23.631 კაცი იხდის სასჯელს, ანუ 100 ათას კაცზე 540 პატიმარი მოდის (შედარებისთვის: 2003 წელს გვყავდა 6100 პატიმარი). ამ კრიტერიუმით, ფაქტობრივად, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში.
კატასტროფული მდგომარეობაა სასამართლო სისტემაშიც: მხოლოდ 2010 წელს, 12 ათასი საქმიდან სასამართლოებმა მხოლოდ 7 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 0,06 პროცენტს შეადგენს. მოგეხსენებათ, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ასეთ მძიმე სურათს ვერსად ნახავთ: გამამართლებელი განაჩენის სტატისტიკური მაჩვენებელი გერმანიაში 45-50%-ს, აშშ-ში 55-60%-ს შეადგენს. წარმოიდგინეთ, ავადსახესენებელი „საბჭოთა ტროიკების“ პირობებშიც კი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 7 პროცენტი, ხოლო იმდროინდელი სასამართლოებისა 17-18% იყო. ხელისუფლების მიერ ქვეყნის ძალისმიერი მეთოდებით მართვაზე 2010 წელს ჩატარებული კვლევაც მიუთითებს, რომლის სახელწოდებაა „არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსი.“ მისმა ავტორებმა 180 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის ერთ-ერთი კრიტერიუმია _ ძალისმიერი სტრუქტურების გავლენა სახელმწიფოში. აღსანიშნავია, რომ საქართველო დგას მეორე ადგილზე რეგიონში, მსოფლიოში კი _ მეათე ადგილზე. ხსენებული კრიტერიუმის პირველი მახასიათებელი: ქვეყანაში არის ელიტა, რომელიც დაუსჯელობის პრინციპით მოქმედებს. მეორე მახასიათებელი: ქვეყანაში არის ელიტა, რომელიც მხარს უჭერს რეპრესიულ მანქანას. მესამე მახასიათებელი: ქვეყანაში არსებული ელიტა ატერორებს პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ არქმევს საეჭვო სუბიექტებს და დევნის სამოქალაქო პირებს, რომლებიც ოპოზიციას თანაუგრძნობენ.
რაც შეეხება მას-მედიის უზურპაციას, ეს პირადად ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ძალიან მტკივნეული თემაა და არ შემიძლია, ცოტა ვრცლად არ შევეხო.
გთავაზობთ ამონარიდს ჩემი წერილიდან, რომელიც ფეისბუქში „სანდრო უსტიაშვილის საფიხვნოს“ რუბრიკით გამოვიტანე. სტატიაში, რომლის სათაურია „მოთვინიერებულ ბეღურებს“ დიქტატორის დავალება ჩაუვარდათ“, ვწერ:
„ყოველივე იმას, რაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში პრესკონფერენციის (იგულისხმება 2011 წლის 1 ნოემბრის პრეს-კონფერენცია) დროს ხდებოდა, საერთო არაფერი აქვს ჟურნალისტიკასთან. ეს უფრო უმწეო დებოშსა და უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, სპექტაკლს – „მოთვინიერებული ბეღურების“ შესრულებით.
ეს არაა ცინიკური გამოთქმა: აკაკი ბაქრაძეს აქვს ეპოქალური მნიშვნელობის წიგნი – „მწერლობის მოთვინიერება“, რომელშიც მოგვითხრობს მწერალთა ქედზე დადგმული ბოლშევიკური უღლის შესახებ. თავისუფლების იდეის გამომჭედავი ქართველი მწერლები მათრახითა და დახვრეტის შიშით წითელი დიქტატურის სამსახურში ჩააყენეს.
მსოფლიოს ისტორიაში ცნობილია, რომ არაერთი მეფისთვის, მონარქისთვის, დიქტატორისთვის ზედმეტი სახელი შეურქმევიათ. მაგალითად, ფრანკებს (ფრანგებში არ ავურიოთ) 751-768 წლებში ჰყავდათ მეფე პიპინ მოკლე. ინგლისს კი 1272–1307 წლებში მართავდა დაუნდობელი, ვერაგი მონარქი ედუარდ პირველი, რომელსაც "გრძელფეხას" (ინგლ.:Longshanks) ეძახდნენ.
თუ გავიხსენებთ, 2004 წლიდან დღემდე საქართველოს ფსევდო–დემოკრატმა დიქტატორმა სააკაშვილმა რა დღე აწია ქართული მას–მედიის საშუალებებს, უპრიანი იქნებოდა, მისთვის მიხეილ „გრძელკლანჭა“ დაგვერქმია. მისი კლანჭების სიმწარე, სხვადასხვა დროს, არაერთმა ჟურნალისტმა იგემა. ჩვენი მას–მედიის დარბევისა და მოთვიენერების მცდელობის ეპოპეა ასე გამოიყურება (მოვიტანთ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ ციტატებს, რომ მიკერძოება არ დაგვწამონ):
„იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლება ძალიან უხეშად ცდილობდა სიტყვის თავისუფლებისთვის ლაგამის ამოდებას. ამის მაგალითი იყო 2004 წელს ფინანსური პოლიციის შევარდნა გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში“. რედაქციაში ფინანსური პოლიციის შესვლას მაშინ ერთადერთი მიზეზი ჰქონდა - გაზეთმა პროკურატურის ერთ მაღალჩინოსანზე კრიტიკული მასალა გამოაქვეყნა. სერიოზული დარღვევა იყო, როდესაც 2004 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „იბერიას“ შენობაში შეიჭრა სპეცრაზმი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. თითქოს, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში შედის დადებითი ცვლილებები - მაგალითად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. მაგრამ რომელი კანონი ითვალისწინებს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას, მაუწყებლობის გათიშვას, ტელეკომპანიის დარბევას, მისი ქონების განადგურებას, ჟურნალისტების წამებას და მათთვის შეურაცხყოფის მიყენებას? ან რომელი კანონი ითვალისწინებს რადიო „იმედის“, ტელეკომპანია „კავკასიისა“ თუ ბათუმში „25-ე არხის“ სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელ დახურვას და ამ კომპანიებში სპეცრაზმების შეჭრას? მაშ რა აზრი აქვს ლიბერალური კანონის მიღებას? კანონმდებლობა კიდეც რომ უშვებდეს რეზინის ტყვიების გამოყენებას, ძალის გადაჭარბება მაინც აშკარაა. მაგალითად, პირდაპირი დამიზნებით არაერთი ტყვია მოხვდათ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ისინი სპეცრაზმის მიერ დაპყრობილი ტელეკომპანიის შენობიდან გამოუშვეს,“– ეს არის ამონარიდი სოზარ სუბართან (როდესაც ბატონი სოზარი ჯერ კიდევ სახალხო დამცველი იყო) ჩაწერილი ინტერვიუდან.
საიტზე
http://www.polity.ge/ (/georgia/tbilisi/731-2009-06-16-05-11-27.html) შეგვიძლია ვნახოთ ასეთი ინფორმაცია:
„პოლიციის ქალაქის სამმართველოსთან მომხდარი დარბევისას სასტიკადაა ნაცემი ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი”-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. ამის შესახებ კავშირის წევრმა, ჟურნალ “ემიგრანტების” მთავარმა რედაქტორმა ნინო ცხოიძემ განაცხადა.
– “პოლიციელებმა იცნეს იგი და უმოწყალოდ სცემეს. დაზიანებული აქვს მარჯვენა მტევანი და ფეხი. ხელკეტები ზურგსა და კისერზეც მოხვდა. პოლიციელებმა “ობიექტივის” სამივე კამერა დაამტვრიეს და კასეტები წაიღეს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ირმა უცნობმა პოლიციელმა გადაარჩინა”, – განაცხადა ნინო ცხოიძემ.“
ვებ.პორტალზე Humanrigts.ge დევს ამგვარი ინფორმაცია:
„26 მაისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. სპეცრაზმელებმა კორესპონდენტები ალყაში მოაქციეს და ხელკეტებით სცემეს, ზოგიერთმა მათგანმა რეზინის ტყვიებით სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აქციის დაშლის შედეგად 17 ქართველი ჟურნალისტი დაზარალდა.“
დავუბრუნდეთ იმ ამოცანების თემას, რომლებიც უცხოელმა „რეჟისორებმა“ სააკაშვილს დაუსვეს. ქართველი ერი რომ დაამონოს, დაშალოს და გაანადგუროს, სააკაშვილი შემდეგ ტერორისტულ მეთოდებსაც იყენებს:
- ცდილობს, ჩვენთვის, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტები და ისტორიული ღირებულებები გაანადგუროს, მოახდინოს ზოგიერთის ტრანსფორმაცია ან ახალი შემოგვთავაზოს;
- ლამის ქართული ენის ნაცვლად, ინგლისური ენა გამოაცხადონ ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფო ენად;
- ფაქტობრივად, ტელეარხები მინიმალურ ყურადღებასაც არ უთმობენ იმ ადამიანებს, რომლებიც ნაყოფიერად მოღვაწეობენ მეცნიერების, კულტურის სხვადასხვა დარგში; სამაგიეროდ, ლამის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭონ ტრანსსექსუალებს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს და საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს. ტელეეთერი გადაჭედილია მათზე მომზადებული სიუჟეტებითა და გადაცემებით;
- ცდილობენ, შექმნან ახალგაზრდების ისეთი კასტა, რომელიც ღიად საუბრობს იმაზე, რომ ქართული მენტალიტეტი, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ჩამორჩენილია, „გოიმობაა“. აგრეთვე, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ და თავისუფალი სექსი დავამკვიდროთ, „ქიის-ფართისთან“ (კონკურსი კოცნაში) ერთად;
- იქმნება გარყვნილების სახლები, სადაც ერთი სქესის ადამიანები მოიყრიან თავს და ორგიებს გამართავენ. როგორც ცნობილია, ამგვარი „უწყინარი გართობებისთვის“ შეიქმნა „ბუდა-ბარი“ იმ ადგილთან ახლოს, სადაც 100 ათასმა ქართველმა მოწამემ თავი შესწირა მართლმადიდებლობის დაცვას;
- რაც არანაკლებ სახიფათოა, ქართველი ადამიანის მენტალიტეტში ნერგავენ „დამარცხებულის სინდრომს“. მართალია, ჩვენი რაგბისტები, ან სხვა სპორტის წარმომადგენლები გვანებივრებენ და გვახარებენ წარმატებებით, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც შემდეგი ფაქტები ქმნის: 1) აი, ჩვენ დავმარცხდით რუსეთთან; 2) აგერ, ოპოზიციამ, 300 ათას ქართველთან ერთად, ხელისუფლების შეცვლა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა; 3) ქართველმა ერმა სცადა, არჩევნები არ გაყალბებულიყო, მაგრამ მიშამ მაინც გააყალბა; 4) ქართველებმა ვცადეთ პრესის ჯიხურების დაცვა, მას-მედიის არაერთი საშუალების დაცვა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა; 5) ჩვენ ვცადეთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელთა სათანადო დასჯა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შედეგად, საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მიშას გამოსდის ყველაფერი;
- მოსახლეობაში თესავენ პანიკურ შიშს. ყველას აფრთხილებენ: ღმერთი არ გაგიწყრეთ, მთავრობის საწინააღმდეგო არაფერი წამოგცდეთ, მისი საწინააღმდეგო არაფერი გააკეთოთ, თორემ - სამსახურიდან გაგათავისუფლებთ, სახლ-კარს წაგართმევთ, დიდ ჯარიმებს დაგაკისრებთ, ციხეში დაგიჭერთ, გაიძულებთ საზღვარგარეთ წასვლას და ა.შ.
- მოსახლეობაში ტერორისტულად ნერგავენ იმის განცდას, რომ საქართველო მისსავე მოსახლეობას კი არა, გუშინ ჩამოსულ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ეკუთვნის, რადგან ისინი ყველანაირ შეღავათს იღებენ. დაჟინებით, სხვადასხვა ფორმით, გვეუბნებიან: საქართველოს თქვენ ვერასოდეს მართავთ, თქვენი არადროს იქნება. აქ ყველაფერი წარიმართება იმის მიხედვით, როგორც თეთრ სახლში ან კრემლში გადაწყდება. ეს ხელს უწყობს ტოტალური უიმედობის სინდრომის და სულიერი იმპოტენციის ჩამოყალიბებას;
დასაწყისში აღვნიშნე: ეს წერილი განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხონ მათ, ვისაც ჯერ კიდევ, ცოტათი მაინც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოს კანონიერი პრეზიდენტია და მას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა სურს. თუ მიაქციეთ ყურადღება, წერილში არსად გამომიყენებია გამოთქმა - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ადამიანმა, რომელმაც არჩევნების გაყალბებით (2010 წელს) შეინარჩუნა პოსტი, ამდენი უბედურება დაატრიალა ჩვენს ქვეყანაში და განაგრძობს უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციების შესრულებას, რანაირად შეიძლება მოვიხსენიოთ საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად?. ანდა, როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა სურდეს ისეთ ადამიანს, რომელიც რეალურად ტერორისტული დაჯგუფების ლიდერია და მიზანმიმართულად განაგრძობს ერის დამონებას, დაშლასა და განადგურებას?!
ბოლოთქმის მაგიერ:
ქართველებს გენეტიკურად თანდაყოლილი იუმორი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც გვეხმარება. მაგალითად, ღვინით შესასმელ სადღეგრძელოებთან ერთად, გვაქვს ლუდით სათქმელი სადღეგრძელოებიც. აი, ერთ-ერთი ნიმუშიც: ამ ლუდის კათხით იმ მამამთილს „გაუმარჯოს“, რომელიც რძალს მოკლე ცოცხს გაუკეთებს, რომ კარგად გადაიხაროს და თეთრი ფეხები გამოუჩნდესო. აი, მეორე ნიმუშიც: იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც საკუთარ დედას ყოველდღე აგინებს, სიდედრთან კი ყოველთვის ყვავილების თაიგულით მიდისო.
ნება მომეცით, ამ „შესანიშნავ მარგალიტებს“ ერთი-ორი „სადღეგრძელოც“ მივუმატოთ:
1) ამ ლუდის კათხით იმ „ტერორისტ მიშას“ „გაუმარჯოს“, რომელიც საქართველოს მოამაგე ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ჩამოართმევს, ხოლო ვიღაც ყაზახ შარლატანს საქართველოს საპატიო მოქალაქეობას მიანიჭებს;
2) ამ ლუდის კათხით იმ უგულავას „გაუმარჯოს“, რომელიც თითქოსდა თბილისზე ზრუნავს და ქალაქში წამლად ერთ ხესაც არ დატოვებს, სიცხისგან გულშეღონებულმა ადამიანმა თავი შეაფაროს;
3) ამ ლუდის კათხით იმ ვანიჩკა მერაბიშვილს „გაუმარჯოს“, რომელიც გამჭვირვალე შუშის შენობებს აშენებს და უდანაშაულო ხაშურელ კაცს, სოსო ქიმერიძეს გაუმჭვირვალე ვითარებაში სასტიკი წამებით მოკლავს;
4) ამ ლუდის კათხით იმ მიტო შაშკინს „გაუმარჯოს“, რომელიც ვითომცდა განათლების რეფორმას ატარებს და სკოლის დირექტორების სისხლის დალევა უნდა;
5) ამ ლუდის კათხით იმ ტელეარხებსაც „გაუმარჯოს“, რომლებიც გარყვნილ და საეჭვო რეპუტაციის ხალხს ყოველდღე რეკლამას უკეთებენ, ხოლო „მწვანეთა პარტიის“ მიერ საქართველოს გადასარჩენად გამართული მრავალათასიანი მიტინგი (2012 წლის 22 აპრილი) ერთწუთიანი სიუჟეტითაც არ გააშუქეს.
მსგავსი „სადრეგრძელოების“ მოფიქრება შეგიძლიათ ყველას, ვისაც არ დაგეზარებათ.
P.S.
გული არ მომითმენს, კიდევ ერთი, ოღონდ ღვინით სათქმელი სადღეგრძელო არ შემოგთავაზოთ: მეძავივით ფულზე დახარბებული სააკაშვილისა და მისი ტერორისტული კლანისგან გათავისუფლებულ საქართველოს გაუმარჯოს!!!
სანდრო უსტიაშვილი