http://www.facebook.com/VovaArutinoviვოვა არუთინოვი - დაუსრულებელი პროექტი
ნოემბერი 14, 2011 ავტორი გიორგი ხასაია
http://shokoladi.ge/content/vova-arutinovi...ulebeli-proektiქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ ვიდექი და ანის ვუცდიდი. იქიდან სადმე უნდა წავსულვიყავით, ნივრიანი კარტოფილი გვეჭამა, ლუდი დაგველია და ბევრი მოგვეწია. ზურგზე უმწეო შეხება ვიგრძენი – ჩემს წინ პატარა ბიჭი იდგა და სანამ რამეს ვკითხავდი, თაბახის ფურცლები გამომიწოდა და ბულვარისკენ გაიქცა. იქიდან უკვე ანი მოდიოდა, არაფერი შევიმჩნიე, თამარ მეფეზე ერთ კაფეში შევედით და სანამ შევუკვეთავდით, ფურცლები გავუწოდე...
ტექსტს, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ვინმე სიდ ბარეტ ბენიჰილი აწერს ხელს. (ცხადია, ფსევდონიმია) და ეპიგრაფად ჩემი ერთი ლექსის პირველი სტროფი აქვს წამძღვარებული. ეს ლექსი ცოტა ხნის წინ ანიმ გამოაქვეყნა Facebook-ის საკუთარ გვერდზე. სხვაგან არსად გამოქვეყნებულა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანის 300-მდე მეგობრიდან რომელიმეა ამ პოემის ავტორი? იქნებ მეგობრების მეგობარი?... ვერაფერს გაიგებ. არ ვიცი ან ის ბიჭუნა ვინ იყო, ან მე რა შუაში ვარ, თუმცა პოემის(?) გამოქვეყნება საჭიროდ ჩავთვალე. თანაც, „ცხელი შოკოლადიდან“ დამირეკეს და ბლოგის განახლება შემომთავაზეს - მშვენიერი შესაძლებლობაა.
ანის მიაჩნია, რომ ირაკლი ჩარკვიანთან დაკავშირებული ეპიზოდი უნდა ამომეღო... რატომ? მე არ ვარ მემონტაჟე, შენ ეს იცი...
სიდ ბარეტ ბენიჰილი
ვოვა არუთინოვი - დაუსრულებელი პროექტი
(პოემა)
წმ. ვოვა არუთინოვი
აღებს საკნის კარს. ამაყი და სასტიკი
შეუფერხებლად მიემართება
პოლიციის მთავარი განყოფილებისკენ და ა.შ. - გიორგი ხასაია
* * *
ვოვა არუთინოვი ანგელოზია კალაშნიკოვით ხელში. დაჭრილი ანგელოზი ტერორისტის მიმიკით. პალესტინელი ბავშვია ხელში ფორთოხლით და პირში საყვედურით. ვოვა ხორცმეტია ჩვენს დონდლო სხეულზე. ვოვა ერთადერთია ვინც ლაპარაკი შეძლო - მან ილაპარაკა მოკლედ, ნათლად, ლამაზ სახეზე შეზრდილი მრისხანებით. ჩამოდით პრეზიდენტებო, უშიშრად ჩამოეთრიეთ დამპალო ნაბიჭვრებო, თქვენი მკვლელი დამწყვდეულია. მან ხელები გულზე დაიწყო და იხსენებს, როგორ ჩაძაღლდებით.
* * *
ასე წარმომიდგენია:
რეჟისორ სტურუას არმენოფობია შურისძიებაა ვოვაზე, ეთნიკურად სომეხზე. სტურუას, როგორც არტისტს, არ ეყო გამბედაობა შტოკჰაუზენის მსგავსად ეღიარებინა ტერორისტული აქტის, როგორც პერფორმანსის სიდიადე და მასშტაბურობა. გახსოვთ რა თქვა გენიალურმა კომპოზიტორმა? : ” ტერორისტები მთელი ცხოვრება გადიოდნენ რეპეტიციას ერთადერთი შესრულებისთვის!... მე მსგავსს ვერაფერს გავაკეთებ...”, აი ასე! 11 სექტემბერს ტერორისტებმა ერთადერთხელ შეასრულეს და დაიხოცნენ! სტურუამ სიმძიმის ცენტრი უინტერესო და მოსაწყენ პრეზიდენტზე გადაიტანა - იცის ცბიერმა, როგორც არტისტი აღემატება მას. პრეზიდენტი სასურველი ოპონენტია, ვოვა - ნამდვილი ოპონენტი! ვოვას არტისტულ გაქანებასთან განცდილი უმწეობით სასოწარკვეთილი სტურუა იწყებს ფიქრს სომხურ შეთქმულებაზე და ირჩევს პრეზიდენტს. ეს მისი ძველი სიმღერაა, ძალაუფლებასთან თამაში მისი დომინანტაა. ჩვეული ხერხით სტურუა არუთინოვის გადამალვას ცდილობს. გადავფხიკოთ ეს ჟესტი, ის ვოვასთან გვაგზავნის!
დაგიჭირე ბებერო მელაკუდავ?!
* * *
ვფიქრობ ვოვას დედაზე, მის სათნო ნაკვთებზე, მის პატარა, ბეღურებივით ხელებზე. დედა ტიროდა კამერის წინ და შვილზე ყვებოდა, მის გამოსამშვიდობებელ სიტყვებს იხსენებდა, ის გავდა ღვთისმშობელს და ჯვარცმულ შვილზე საუბრობდა ლეგიონერების გარემოცვაში! ამ პატარა ხელებმა გამოზარდეს ეს ბარშამინი, ამ თბილმა ხელებმა ამოკვეთეს ეს გორელიეფი ბარელიეფთა შორის, ამ თითებმა გამოკვებეს ეს აკაჰაჰი და უჩვენეს მიმართულება. მოწიწებით გეამბორებით ხელზე დედავ, ანაიტო!
* * *
2005 წლის 10 მაისს, ორი პრეზიდენტის ზურგსუკან, შიგადაშიგ თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა ქართული ალტერნატიული მუსიკის გურუს - ირაკლი-მეფე-ჩარკვიანის პატარა თავი. დავუშვათ ხელყუმბარა რომ აფეთქებელიყო, ირაკლი ჩარკვიანი დაზიანდებოდა? პირდაპირ ვიკითხოთ - მოკვდებოდა? ირაკლი ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მაინც მოკვდა საკუთარ ლოგინში, სრულიად უფერულად. მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები, რომელთა შორისაც მეტიჩარა და ყეყეჩი ახალგაზრდები ჭარბობენ, ალბათ სხვანაირ სიკვდილს უსურვებდნენ „კანდიდას“ (ლადო ბურდულს მოუხსენებია ასე). იქნებ, მართლა ჯობდა, ვოვას მსხვერპლი გამხდარიყო? საწყალი, როგორ ღნაოდა ბოლო კონცერტზე, ხმაც დაუწვრილდა... ასეთისგან რადიკალურს რას უნდა ელოდო? დიდი– დიდი ეპატაჟისთვის ქეთათო ეცემა და მერე რომელიმე გადაცემაში პირდაპირ ეთერში შერიგებულიყვნენ... ცხადია, ქეთათო დათანხმდებოდა... თვალებჩალურჯებული ქეთათო... სიბრიყვის სუნი უდის მის ყოველ სიტყვას...
იქნებ ჯობდა, ვოვას ხელით მომკვდარიყო მეფე-ირაკლი? იქნებ ჯობდა, ვოვას, უკეთურ სტუმარს გაეცივებინა მეფე-ირაკლი მეგობრული ხელის ჩამორთმევით? ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია - უკვდავებაში შეაღწევდა ირაკლი, მის ძეგლზე ამდენს არ იქოთქოთებდნენ ყეყეჩი ახალგაზრდები...
* * *
qutaiseli teroristi :
საინტერესოა ვინ არი ეს ტიპი,ვოვა არუთინოვს ვგულისხმობ :1.მარტოხელა კაპიტალიზმის იდეური მტერი? 2.რუსეთის სპეც.სამსახურების აგენტი? 3.სომხეთის აგენტი? 4.რას ფიქრობთ იგი მარტო მოქმედებდა? 5.რას ფიქრობთ სპეც.ოპერაციაზე?
Dido :
მისი მეზობლებისგან ვიცი რო მაგრა უბერავს ეგ კაცი,ბავშვობიდან სტრანნი იყოო და არავინ ეკარებოდა თურმე, გიჟ ვოვას ეძახდნენ,ეტყობა კიდეც რო ვერაა
არა მგონია აგენტი იყოს, ალბათ უფრო ადინოჩკა უნდა იყოს რა ვიცი
Ar-Pharazôn :
მე კი მგონია , რომ ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილი ლუზერია, უბრალოდ...
Raven :
QUOTE
მარტოხელა კაპიტალიზმის იდეური მტერი?
ეგ არი და კიდე ანტიგლობალისტია მე მაგის გიჟი დედა ვატირე, რა ბიჭი შეიწირა.
და ა.შ. და ა.შ. . . .
TBILISIS FORUMI -> თემატური ფორუმი -> პოლიტიკა
ცდებით ბიჭებო, ვოვა არუთინოვი ტერორისტი-პოეტია მეტყველი თვალებით და მახვილი პროექტით - მან იერიში მიიტანა ჩვენს პოლიტიკურ და კულტურულ გმირებზე ერთდრულად. ეს იყო პოეტურ-ტერორისტული აქტი მინიმუმ ორი მიმართულებით, თავისებური Double Penetration!
* * *
რას აკეთებს ახლა? რას ფურცლავენ მისი ბალნიანი თითები? იქნებ ეწევა, იქნებ დაოსდა ძველი სიბრძნის ძიებით? იქნებ ლექსებს წერს? „როგორ მოვკლათ პრეზიდენტი“ - ხომ კარგი სათაურია მისი ლექსების კრებულისთვის, წუწკო ქართველო გამომცემლებო?
ვოვა ისვენებს, გულზე ხელებდაწყობილი წევს და იხსენებს, როდის ჩაძაღლდებიან პრეზიდენტები და სულთა მებადურები.
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
გიორგი ხასაია's blog
This post has been edited by bochormeli on 11 Nov 2012, 14:17