ცაგარეიშვილმა წინა არჩევნების გაყალბების მექანიზმი წარმოადგინა
რუსიკო მაჩაიძე
(25.05.2010)
ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მოდერნიზირებულ მეთოდებზე ალაპარაკდა. აცხადებენ, რომ ე.წ. კარუსელების მეთოდები დაშინების და იძულების მეთოდებმა შეცვალა. საპარლამენტო ოპოზიცია არჩევნების გაყალბების იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის მეშვეობითაც წინა არჩევნების გაყალბების ეჭვები გააჩნიათ და შიშობენ, რომ ამ სქემას ხელისუფლება ამ არჩევნებზეც გამოიყენებს.
ამ მეთოდის შესახებ პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრიფინგს გაყალბების უშუალო თვითმხილველი თუ მონაწილე ქალბატონიც ესწრებოდა და როგორც მან განაცხადა, არსებობს დოკუმენტური მასალა იმის დასამტკიცებლად, რომ ნაციონალური მოძრაობა იყენებდა პრობაციონერებს ხმების მოსაპოვებლად და ამაში ჩართული იყო ა/ო "ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი".
ცაგარეიშვილის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია ცესკოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა სოდის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას მითითებით არჩევნების სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციად დაარეგისტრირა.
"შეგიძლიათ, შეხვიდეთ ცესკოს ვებგვერდზე და ნახოთ, ვინ აკვირდებოდა ამ არჩევნებს. ჩამოთვლილ ორგანიზაციებს შორის მოხსენიებულია ეს ორგანიზაციაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არა არჩევნებზე დაკვირვებით, არამედ იმით, თუ როგორ გაეყალბებინათ არჩევნები ხელისუფლების სასარგებლოდ," - აცხადებს ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია იმ დროს განთავსებული იყო ვაკეში, აბაშიძის #47-ში, სადაც ამავდროულად მდებარეობდა "ნაცმოძრაობის" საარჩევნო შტაბი.
ცაგარეიშვილის თქმით, ამ შენობაში მიმდინარეობდა პრობაციონერების ოჯახების წევრებისა და ნათესავების დაბარება, მათი დატერორება და იძულება, რომ მიეცათ ხმა "ნაცმოძრაობისთვის" და მოეგროვებინათ ასევე ხმები ხელისუფლების სასარგებლოდ.
"ამ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ერეკლე კოდუა, ასევე ყოფილი და მოქმედი დეპუტატები: ზაზა გამცემლიძე, კოტე და გოკა გაბაშვილები, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების მაშინდელი ხელმძღვანელი პირები, ვინმე თელია და ჭაია. ასევე მერიის მაღალჩინოსანი გიორგი ქარქაშვილი, იქ ხშირად მიდიოდა გიგი უგულავაც," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ცაგარეიშვილმა ამ ორგანიზაციის ყოფილ წევრზე ნატო ხოხიაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. ბრიფინგს თავად ხოხიაშვილიც ესწრებოდა და აღნიშნა, რომ იგი და რამდენიმე სხვა პირი, რომლებიც ასევე აპირებენ განცხადების გაკეთებას, ესწრებოდნენ აღნიშნულ თათბირებს და პირადად არიან შემსწრენი აღნიშნული ტერორისა. დოკუმენტაცია ცაგარეიშვილს სწორედ ხოხიაშვილმა გადასცა.
ნატო ხოხიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ლიგაში" მუშაობდა, რომელიც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და იმავდროულად არჩევნებზე დამკვირვებლების ტრეინინგებიც ევალებოდა. თუმცა, როგორც ამბობს, რეალურად ამ ორგანიზაციაში იბარებდნენ პრობაციონერებს და მათ ოჯახის წევრებს და მუქარით და ზეწოლის შედეგად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა სიების შეგროვებას აიძულებდნენ. ხოხიაშვილის თქმითვე, შემდგომში შესაბამის ინფორმაცის რაიონულ აგიტატორებს აწვდიდნენ, რომლებიც პრობაციონერებისა და მათი ახლობლების მუშაობას "აკონტროლებდნენ".
ხოხიაშვილის თქმით, ეს დოკუმენტაცია მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. როდესაც ინახავდა ორგანიზაციის საბუთებს და შემთხვევით ამ საბუთებთან ერთად შეინახა პრობაციონისტთა სიებიც. ამ სიაში წარმოდგენილია 1300-მდე პრობაციონერი. პრობაციონერი მამაკაცები არიან ვაკე-საბურთალოს მცხოვრებნი. ამ სიაში წარმოდგენილნია 70-მდე ქალი და ამავე რაოდენობის არასრულწოვანი, რომლებიც კაცებისგან განსხვავებით, თბილისის ყველა უბნის მცხოვრებნი არიან.
დოკუმენტებში ასახულია თითოეული პრობაციონერის პირადი ნომერი, მისი საქმის ნომერი, სასამართლოს გადაყწვეტილების გამოტანის თარიღი, სასამართლოს მისამართი და სხვა დეტალური მონაცემები.
ცაგარეიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არის საიდუმლო და მასზე ხელი თავად დეპუტატსაც კი არ მიუწვდება. ხოხიაშვილის თქმით, იგი არის უშუალო მოწმე არჩევნების გაყალბებისა და მზად არის ეს ინფორმაცია სამართალდამცავთა წინაშეც დაადასტუროს.
რაც შეეხება ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, ნატო ხოხიაშვილის განცხადებით, ის სოდ-ის ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას მიერ იყო შექმნილი და აბაშიძის ქ. 47-ში, "ნაცმოძრაობის" შტაბში იყო განთავსებული. არჩევნებზე მონიტორინგი კი "ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრს" მას შემდეგ დაემატა, რაც ხოხიაშვილის მტკიცებით, ერეკლე კოდუა ცესკოს მაშინდელ ხელმძღვანელს ლევან თარხნიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
საინტერესოა ისიც, რომ, მისი თქმით, აღნიშნული შენობა ეკუთვნის კოდუას დედას და გაფორმებულია მის კუთვნილ ორგანიზაცია შპს "ლილოსიტის" სახელზე.
ამ ორგანიზაციაში პრობაციონერებზე და მათ ახლობლებზე ზეწოლას ნატო ხოხიაშვილთან ერთად კიდევ ორი ქალბატონი ადასტურებს, რომლებიც მაშინ ასევე ამ ორგანიზაციაში მუშაობდნენ. ხოხიაშვილი ასევე აცხადებს, რომ მათთან ყოველდღე დადიოდა დედაქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა, ასევე დეპუტატი გიორგი (გოკა) გაბაშვილი, მისი მამა, კოტე გაბაშვილი და დეპუტატი ზაალ გამცემლიძე, რომელიც მაშინ ვაკეში იყრიდა კენჭს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირები ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. საინტერესო კი ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ხოხიაშვილს პარტიაზე განაწყენებულად მიიჩნევს და მის განცხადებებსაც ამ წყენას უკავშირებს.
მინაშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ხოხიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პარტიაში ჩატარდა მოკვლევა და დადგინდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება და იმის გამო მოხდა, რომ იგი პარტიაზე რაღაც მიზეზების გამო უკმაყოფილოა.
თავად ხოხიაშვილი კი მინაშვილის ამ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
"მე ნაცმოძრაობის წევრი არ ვყოფილვარ და მაინტერესებს, რა მოკვლევა ჩატარდა და როგორ დაადგინეს, ნაწყენი ვარ თუ არა? დიახ, მე ნაწყენი ვარ, მაგრამ ნაწყენი ვარ იმაზე, რომ არჩევნები გააყალბეს პატიმრების უბედურების გამოყენებით და ამაზე გაჩუმება არ შეიძლება. არ მინდა, ახლაც ასე მოხდეს. რაც შეეხება იმას, რომ მე ნოღაიდელთან წავედი, ესეც სრული სისულელეა და ამ ადამიანებს ურჩევნიათ, პასუხი იმაზე აგონ, რაც დააშავეს."
ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტაციას მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის და იმედოვნებს, რომ ფაქტზე საქმე აღიძრება. ამასთან იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს მასალა რამდენიმე დღის წინ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიას გადასცა.