ნაცებო წაიკითხეთ ეს ინტერვიუ, იქნებ ცოტა მაინც მიხვდეთ რამეს.
დანარჩენებმა კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ გვესხდნენ ხელისუფლებაში, რა ჭირი მოვიშორეთ და რამხელა პროგრესია ახალი ხელისუფლების მოსვლა ქვეყნისათვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ.
წაიკითხეთ (ნუ გეზარებათ კითხვა), ორი დღის წინანდელი ინტერვიუა:
გიორგი აბდალაძე: "ისეთ კადრებს დავდებთ, რასაც მერაბიშვილის დაპატიმრება და სააკაშვილის გადადგომა მოჰყვება"
2011 წლის ივლისში ფოტორეპორტიორები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა დახარჯა იმაზე, რომ მათ სამუდამოდ მიკერებოდათ იარლიყი "სამშობლოს მოღალატე", მაგრამ ქართველმა საზოგადოებამ, ისე როგორც საერთაშორისომ, თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია "ფოტოგრაფების მოღალატეობაზე" არ დაიჯერა. საბოლოოდ ფოტორეპორტიორები გირაოსა და პირობითი სასჯელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მანამდე კი ციხეში ისინი შანტაჟით "დაამუშავეს", რომ გარეთ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდათ.
"სარკე" მაშინ ციხიდან სულ რამდენიმე საათის გამოსულ გიორგი აბდალაძეს ესაუბრა, რომელმაც, მიუხედავად ზემოხსენებული შანტაჟისა, მაინც ილაპარაკა ციხეში ნანახსა და განცდილზე, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, გარკვეულ თემებზე თავი შეიკავა. ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ ფოტორეპორტიორები პროკურატურაში შესატანად უკვე ამზადებენ ერთობლივ სარჩელს და, როგორც ამბობენ, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ სერიოზულ ფაქტებსაც დადებენ, თუმცა საჯაროდ ღია და დაკონკრეტებული საუბრისგან ისევ თავს იკავებენ. მიზეზი, როგორც გიორგი აბდალაძემ "სარკეს" უთხრა, არის ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ ისევ სააკაშვილია და კუდ–სა და სხვა ძალოვან უწყებებშიც იგივე ადამიანები მუშაობენ, რომლებიც მას და მისი კოლეგებს ემუქრებოდნენ.
– გიორგი, ახლა თუ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ, თქვენი დაპატიმრების რეალური მიზეზი რა იყო?
– ახლაც არის საკითხები, რაზეც ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ. სანამ ამ ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას, არაფერი შეიცვლება. ეს ადამიანი მთელი თავისი ამალით და რეპრესიული მანქანით ამ ქვეყნის მუხრუჭია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირადად სააკაშვილის ბრძანებით დაგვაკავეს. უახლოეს მომავალში ისეთ მტკიცებულებებს დავდებთ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ თავდაყირა დადგება. რეპორტიორები პროკურატურაში სარჩელის შეტანას ვაპირებთ, ახლა ადვოკატებთან კონსულტაციებს გავდივართ. ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც ეს ბრძანება გასცა და ჩვენს დასჯაში მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგოს. ჩემ მიმართ არანაირი ფიზიკურ ზეწოლა არ ყოფილა, რასაც ჩემს კოლეგებზე ვერ ვიტყვი, დაკავებისას მათზე ფიზიკური ზეწოლა იყო. ბიჭები ჯერჯერობით თავს იკავებენ ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან. გარკვეულწილად ეშინიათ, რადგან ადამიანები, ვინც ჩვენ დაგვაკავეს, დღესაც კუდ–ში და იმ უწყებებში მუშაობენ.
– რა სახის მტკიცებულებების დადებას აპირებთ? ეს იქნება ფოტოკადრები, დოკუმენტები თუ სხვა მასალა?
– აბსოლუტურად ყველაფერი ერთად! ისეთ კადრებს დავდებთ, რაც შემსრულებლებს და ბრძანების გამცემებს შოკში ჩააგდებთ! საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალებია, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ჯერ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება მოჰყვება, შემდეგ კი სააკაშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ციხის კადრებზე უარესი იქნება. მტკიცებულებების გარკვეული ნაწილი უკვე მოძიებულია და ის ჩვენს საქმეს უკავშირდება, ციხეში თუ როგორ გვეპყრობოდნენ... თქვენთან პირველად ვამბობ ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება ჩემთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს, მაგრამ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებ.
– ეს მასალები როგორ მოიძიეთ?
– დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მათთან მივსულიყავი. საკუთარი თავი მაჩვენეს ციხეში. ეს მასალები ბოლო წლებში გახმაურებულ საქმეებსაც შეეხება.
– ციხიდან თქვენ გაავრცელეთ მიმართვა, რომ პირადად თქვენ ბრალდებას არავითარ შემთხვევაში აღიარებდით, თუმცა მერე აღიარებითი ჩვენებები ყველამ მიეცით და მალევე გაგათავისუფლეს. ახლა შეგიძლიათ თქვათ, რა პირობებში დაწერეთ აღიარებითი ჩვენება?
– ის აღიარებითი ჩვენებები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა დავწერეთ, სრული აბსურდი იყო. ჩემი დაჭერის შემდეგ ჩემი ძმა, რძალი სამსახურიდან გაუშვეს. მაშინ მივხვდი, 1937 წელს ოჯახებს როგორ მარტივად ანადგურებდნენ და იმას აღიარებინებდნენ, რაც არ ჰქონდათ ჩადენილი. ჩემზე ფიზიკურს – არა, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მუქარები იყო ოჯახის წევრებზე, ბავშვზე...იმედია, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა. ეს სასამართლო პროცესი საკმაოდ რეზონანსული იქნება. წინა სასამართლო პროცესის დროს არც საუბრის საშუალება გვქონდა და არც სურვილი, რადგან ასეთი რეჟიმი იყო. დღეს უკვე იმედია იმისა, რომ სამართლიანობა იზეიმებს.
– ციხიდან გამოგზავნილ წერილში თქვენი და თქვენი კოლეგების დაკავებას 26 მაისს აქციის დარბევის ფოტოკადრებს უკავშირებდით. ახლაც ასე ფიქრობთ?
– დღემდე ვეკითხები საკუთარ თავს, რის გამო დაგვიჭირეს. ჩემი ვარაუდით, ეს 26 მაისის კადრებს უკავშირდება. ამას მაშინ მივხვდი, როცა შევიტყვე, რომ ჩემი კოლეგებიც დაკავებული იყვნენ. როცა ჩვენს სასამართლო პროცესზე სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უტიაშვილი დაიკითხებიან, რეალური მიზეზი იქ გაირკვევა.
– ხალხში გავრცელებული იყო ასეთი ვერსიაც – თქვენი დაკავება უკავშირდებოდა სკანდალურ კადრებს პრეზიდენტის პირადი ცხოვრებიდან, რომლებიც ბათუმის ერთ–ერთ სასტუმროში იყო გადაღებული. ამ ვერსიას რეალური საფუძველი აქვს?
– მე პირადად იქ არ ვყოფილვარ. როგორც გაირკვა, ბათუმში ირაკლი გედენიძე იყო. ირაკლის ეს შეკითხვა ბევრჯერ დავუსვი, თუ ბათუმის კადრების გამო ვისჯებით, მითხარი, რომ ვიცოდე–მეთქი. ირაკლიმ კი მიპასუხა, ბათუმში არაფერი გადამიღიაო. ამ შემთხვევაში მის ნათქვამში ეჭვს ვერ შევიტან. როგორც ჩანს, იქ ისეთი რაღაც მოხდა, რამაც ხელისუფლება გააღიზიანა, მაგრამ, ხომ გეუბნებით, ეს ყველაფერი მეც ჭორის დონეზე ვიცი. ყოველი მეორე კაცი ამ თემაზე საუბრობს, გვეკითხებიან, ბათუმში რა გადაიღეთო. მაგრამ, დამიჯერეთ, არც მე ვყოფილვარ ბათუმში და არც – ქურციკიძე. რაც შეეხება გედენიძეებს, ვიცი, რომ ისინი იქ იყვნენ, მაგრამ ირაკლი ამბობს, რომ არაფერი გადაუღიათ. ამიტომ ჩემი ვარაუდია, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ 26 მაისის გამო დაგვსაჯა. ჩვენი თვალთვალი მას შემდეგ დაიწყეს, როცა 26 მაისის მერე ერთ–ერთი ქართველი ჩინოსანი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
– გია ბარამიძეს გულისხმობთ?
– ჭორის დონეზე ვიცი, რომ ეს ბარამიძეა, რომელსაც უცხოეთში ყოფნისას 26 მაისს გადაღებული ფოტოები აჩვენეს და საკმაოდ დიდი საყვედური უთხრეს, უფრო სწორად, თავზე დაამხეს ყველაფერი. უთხრეს, ეს რა დემოკრატიაა, ხალხს ასე როგორ უსწორდებითო...
საკუთარი თვალით მაქვს ნანახი დამწვარი სოფლები, გაუბედურებული ადამიანები, ჯარისკაცები, რომლებიც ერთ ორმოში ჩაყარეს. არასდროს დამავიწყდება, ის ქალი, რომელიც ყველა დაღუპულ ჯარისკაცს ერთად დასტიროდა, რადგან არ იცოდა, თავისი შვილი რომელი იყო. ამის კადრები არსებობს, ეს ფოტორეპორტიორების მიერ დანახული ამ ქვეყნის ისტორიაა.
– თქვენ სასჯელს გლდანის მე–8 საპყრობილეში იხდიდით. ის ცნობილი კადრები, რომლებმაც ნაციონალების მმართველობას წერტილი დაუსვა, სწორედ იქ არის გადაღებული. პირადად თქვენ თუ შესწრებიხართ ასეთ სისასტიკეს?
– იქ სრული ჯოჯოხეთი იყო და ამაზე ყველა პატიმარი მიყვებოდა. მეხვეწებოდნენ, შიმშილობა არ შემეწყვიტა და ბოლომდე მებრძოლა. რამენაირად გარეთ გაიტანე ის, რაც აქ ხდებაო, მეუბნებოდნენ. ეს იყო მოკლე საუბრები, იმის საშუალება არ მქონდა, რომ ვინმესთან ხანგრძლივად მესაუბრა. პატიმრებთან ურთიერთობა ადვოკატების მოსაცდელში ხდებოდა. ერთ პატარა ოთახში დაახლოებით 50 ადამიანი კედელთან ორ რიგად ვიდექით. მერე ბადრაგი წიხლის რტყმით შემოდიოდა, გაჩუმდითო. პატიმრებთან ასეთი ურთიერთობა იყო, მათ ნახირივით ექცეოდნენ... იქ სხვა საქართველო იყო.
მთელი ღამის განმავლობაში ყველაფერი მესმოდა. შუაღამით ვიღაცას უვარდებოდნენ ბრაგაბუგით, წივილ–კივილი, ცემა და ერთი ამბავი იყო. ხუთი დღე ვშიმშილობდი და დღემდე მიკვირს, უწყლოდ და საჭმლის გარეშე როგორ გავძელი. როგორც ჩანს, ჩემს გონებაში რაღაც გადაიკეტა და საკვებსა და წყალზე არანაირი რეაქცია არ მქონდა.
– შიმშილობა საკუთარი სურვილით შეწყვიტეთ თუ შეგაწყვეტინეს?
– შიმშილობას საკუთარი ნებით არ შევწყვეტდი, ბოლომდე გავაგრძელებდი. ვანო მერაბიშვილთან ჟურნალისტების შეხვედრამდე საათნახევრით ადრე საბადრაგოს ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ კადრებში, პატიმრებს რომ სცემდნენ, იქ ამოვიცანი, სხვათა შორის, თითქმის ყველა მათგანი ამოვიცანი... მოკლედ, მან მითხრა, ცდები, თუ გგონია, შეგეხები, რომ მერე ყვირილი დაიწყოო. ახლა ამას საკმაოდ რბილად ვყვები, მაგრამ მაშინ სერიოზული, დაძაბული საუბარი გვქონდა. ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მე არ შემეხებოდნენ, მაგრამ პატიმრებს საშინელებას დამართებდნენ, მერე კი მათ საკანში შემიყვანდნენ. მოკლედ, ამაზე უარი ვთქვი, ფურცელი მოვითხოვე და შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე დავწერე. ეს ვანო მერაბიშვილს ჟურნალისტებისთვის უნდა ეჩვენებინა, აი, აბდალაძე კი არ შიმშილობს, ძალიან კარგად ჭამსო. სხვათა შორის, მან ეს ფრაზა ჟურნალისტებს უთხრა კიდეც, მოატყუა. ის სააკაშვილსაც ატყუებდა.
სამაჩაბლოშიც იგივე პროფესიით, რეპორტიორად ვიყავი. ცოტა უცნაური ისტორიაა: ჯერ იქ დამიჭირეს, მიბრაგუნეს, ტერორისტი და ჯაშუში ხარო, მერე ამათ დამიჭირეს, იმათი ჯაშუში ხარო. უკვე ყელში ამომივიდა! მაშინაც და ახლაც ჟურნალისტებმა მიხსნეს. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, ვინც გვერდით დამიდგა, დამეხმარა! მადლობა გაზეთ "ალიას" და მის რედაქტორს, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო. რომ არა, თქვენ, ჟურნალისტები, დღეს ჩვენ გარეთ არ ვიქნებოდით.
– განცხადებაში კონკრეტულად რა დაწერეთ?
– მივუთითე, რომ შიმშილობა ციხის ადმინისტრაციის რჩევის საფუძველზე შევწყვიტე, რაზეც მითხრეს, უნდა დაგეწერა, ვითომ ეს მოძღვარმა გირჩიაო. ამ განცხადების შემდეგ მითხრა საბადრაგოს ხელმძღვანელმა, უი, ორი დღეა შენს ცოლს "პერედაჩა" მოუტანიაო. მაშინ "გაახსენდა". პირველად წყალი დავლიე ორი თუ სამი ჭიქა და ცუდად გავხდი. მაშინ ვიგრძენი, რა გემრიელი ყოფილა წყალი.
– ციხიდან გამოსვლის შემდეგ გრძნობდით, რომ ისევ კონტროლის ქვეშ იყავით?
– კუდ–ის თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით დაივიწყეთ, არ გეგონოთ, რომ პრეზიდენტი, ხელისუფლება შეიცვლება და ამაზე ილაპარაკებთო. ჩვენ ყოველთვის აქ ვიქნებით და თუ რამეზე დაიწყებთ ლაპარაკს, თქვენთვის ცუდად დამთავრდებაო. თუმცა არჩევნების წინა პერიოდში გადაწყვეტილება მივიღე, რომ ეს ყველაფერი მომეყოლა. ხალხს ჩვენი ისტორია რეალურად უნდა დაენახა და დასკვნა გამოეტანა. ის განაჩენი დღემდე ჩარჩოში ჩასმული მაქვს და სამსახურში კედელზე მიკიდია. სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდება, იქ იქნება.
http://sana.ge/address/news/cat/6446/id/20...%91%E1%83%90%22